სახელმძღვანელოებისა და სხვა სასკოლო ნივთების სიძვირე არაერთ ოჯახს სერიოზული პრობლემის წინაშე აყენებს. საზოგადოების ნაწილი გამოსავალს სასკოლო ნივთების ფონდის შექმნაში ხედავს.
სასწავლო წელი დაიწყო. მაღაზიებში, სადაც სასკოლო ნივთები და სახელმძღვანელოები იყიდება, ხალხმრავლობაა, თუმცა მოქალაქეების ნაწილი მაღაზიიდან ხელცარიელი გამოდის. მიზეზი – ნივთების სიძვირეა.
კაპანაძეების ხუთსულიან ოჯახში დასაქმებული მხოლოდ ოჯახის უფროსია, სხვადასხვა მშენებლობებზე მუშად მუშაობს. სამი მოსწავლისთვის სასკოლო ნივთებისა და წიგნების შესაძენად, წინასწარი გაანგარიშებით, 400-დან 500 ლარამდე სჭირდებათ.
“მარტო წიგნები ხომ არაა საჭირო? ათასი წვრილმანი სჭირდებათ მთელი წლის განმავლობაში”, - ამბობს სამი მოსწავლის დედა.
კაპანაძეების ოჯახი გამონაკლისი არაა. მსგავსი პრობლემის წინაშე არაერთი სოციალურად დაუცველი ოჯახია. არადა, სრულყოფილი განათლების მიღება თითოეული მოსწავლის უფლებაა, ისევე, როგორც თითოეული ბავშვის უფლება, იყოს სოციალურად დაცული.
ბავშვის სიღარიბეზე ფიქრი მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა როდია, საზოგადოებას, როგორც ეროვნულ ერთობას, ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. გამოსავლის ძიებამ საზოგადოება სასკოლო ნივთების ფონდის შექმნის იდეამდე მიიყვანა. მოსწავლეებისა და მშობლების ნაწილი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება შეგროვდეს ყველა სასკოლო ნივთი, სახელმძღვანელოების ჩათვლით, რომლებიც ერთ დაწესებულებაში მოიყრის თავს. ეს ნივთები უსასყიდლოდ უნდა ჩააბარონ მფლობელებმა, სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს კი ასევე უსასყიდლოდ უნდა შეეძლოთ სარგებლობა.
მეთერთმეტე კლასის მოსწავლე მაია კურტანიძეს იდეა მოსწონს: “გასულ წელს ნათესავმა მომცა წიგნები. წელს, მეთერთმეტე კლასის მხოლოდ ოთხ წიგნში 86 ლარი გადავიხადე”. მეგობარს ეთანხმება მეორე საჯარო სკოლის რუსული განყოფილების მოსწავლე იანა ნანიანიც: “სიამოვნებით ჩავაბარებდი ასეთ ფონდში ჩემს ნაქონ ნივთებს”.
ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი ფიქრობს, რომ პრობლემას გამოიწვევს სახელმძღვანელოების ხშირი შეცვლა. გარდა ამისა, ზოგიერთი სახელმძღვანელოს პრინციპი ისეთია, რომ მოსწავლეები მასშივე მუშაობენ და ფაქტობრივად, მისი გამოყენება მეორედ შეუძლებელია. რაც შეეხება სხვა სასკოლო ნივთებს, ყველა ცდილობს, რომ შვილს ასეთი ნივთები მაინც ახალი ჰქონდეს: “ალბათ, უფრო უპრიანი იქნება, რომ თვითონ სკოლამ მიაქციოს ყურადღება სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს”.
მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ზედგინიძის აზრით, ფონდში წიგნებს არ ჩააბარებენ, რადგან ნახმარ სახელმძღვანელოებს მოსწავლეები ერთმანეთში ცვლიან ან შეღავათიან ფასებში ყიდიან: “ამას სერიოზული ორგანიზება სჭირდება და არამგონია ამ ეტაპზე მოხერხდეს. ნებისმიერი იფიქრებს, კი ბატონო, მე ჩავაბარებ, მაგრამ სხვამ რომ არ ჩააბაროს და მე რომ ვერ ავიღო? რაც შეეხება ფარგალს და პენალს და ასე შემდეგ, ისე აოხრებენ ერთი წლის განმავლობაში, მეორე წელს აღარ გამოდგება”.
ამავე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ნანა გუდაძე მიიჩნევს, რომ გამოსავალი ადვილად მოიძებნებოდა შეძლებული ადამიანები რომ ეხმარებოდნენ სოციალურად დაუცველ ოჯახებს: “გაჭირვებულსაც ხომ უნდა, რომ რაღაცა ახალი ჰქონდეს და არა ვიღაცის ნახმარი და გაუბედურებული? თვითშეგნება ჯერ არ არის არც მშობლის და არც ბავშვის იმ დონეზე, რომ თქვას, აი მე ეს არ მჭირდება და სხვას ვაჩუქებ”.
ხუთი შვილის დედა, სოფელ მუსხის სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი მანანა კაველიძე კი ამბობს, რომ კარგი ორგანიზების შემთხვევაში იდეა გაამართლებს: “ხალხი შეიგნებს, რატომ უნდა ჩააბაროს წიგნი თუ სხვა ნივთები”.
ამავე სკოლის ისტორიის მასწავლებლის ციცო ნადირაძის თქმით, მსგავსი ფონდი სკოლებშივე უნდა შეიქმნას: “ჩემს ბავშვობაში ბიბლიოთეკაში იყო წიგნები და იქიდან გვაძლევდნენ. ისევ მსგავსი რაღაც უნდა იყოს”.
განათლების სამინისტროში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სკოლებმა იმ სახელმძღვანელოებით უნდა ასწავლონ, რომელთაც წელს აირჩევენ. შესაბამისად, სახელმძღვანელოების შეცვლა პრობლემას აღარ შექმნის. სასკოლო ნივთების ფონდის შექმნით კი ბავშვის სიღარიბის დაძლევაზე მიმართულ სოციალური სოლიდარობის მოძრაობაში საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლება მონაწილეობის მიღება, განურჩევლად ასაკისა და სოციალური მდგომარეობისა.
მსგავსი კამპანია, რომლის ინიცირებას საქართველოს რეგიონული მედია ახდენს, საქართველოს თერთმეტ ქალაქში მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ სასკოლო ნივთების ჩაბარების მსურველები გამოჩნდებიან, ამ ეტაპზე ორგანიზებას გაზეთი გაუწევს, შესაბამისად, მსურველებს ნივთების მოტანა გაზეთის რედაქციაში შეუძლიათ.
1 comment:
Hook up your scanner to the diagnostic data relationship.
Others, having said that, depend on their auto need to
more considerably.
Here is my webpage - obd logger
Post a Comment