სამშობიარო სახლში მშობიარე გარდაიცვალა

11 ივნისს ბორჯომის სამშობიარო სახლში 31 წლის იამზე კიპაროიძე გარდაიცვალა. ექიმები უბედურ შემთხვევაზე საუბრობენ, გარდაცვლილის ახლობლები კი ექიმების მხრიდან დაშვებულ შეცდომაზე. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის მკვიდრმა იამზე კიპაროიძე-ტაბატაძემ ბორჯომის სამშობიარო სახლს ღამის 4 საათზე მიაკითხა.
სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი ჟენარი გრიგალაშვილი ამბობს, რომ მშობიარეს მდგომარეობა გართულებული იყო: “წყლები დაღვრილი ჰქონდა, ჩაუტარდა მკურნალობა, სტიმულაცია, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ, ამიტომ საჭირო გახდა საკეისრო კვეთის გაკეთება”.

მისივე თქმით, იმ ღამით მორიგე ექიმი ზეინაბ ლეკვეიშვილი იყო, თუმცა მშობიარის ნათესავების მოთხოვნით ექიმი-გინეკოლოგი ირინა საბაშვილი გამოიძახეს. სწორედ მან ჩაუტარა ფეხმძიმეს საკეისრო კვეთა.

“საკეისრო კვეთის შემდგომი პერიოდი გართულდა. მშობიარეს ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, გამოვიძახეთ სხვა საავადმყოფოდან კარდიოლოგი, რეანიმატოლოგი, მაგრამ სამწუხაროდ, მშობიარე გარდაიცვალა. მიზეზი კი გახლდა სანაყოფე წყლებით ემბოლია, - ამბობს მთავარი ექიმი და დასძენს, რომ მას შემდეგ, რაც მდგომარეობა გართულდა, თბილისიდან კატასტროფული მედიცინის ბრიგადაც გამოიძახეს, - თუმცა მათ ვერ ჩამოასწრეს. გზიდან დაგვირეკეს და ვუთხარით, რომ მშობიარე უკვე გარდაცვლილი იყო და უკან გაბრუნდნენ”.

მშობიარის გარდაცვალების შემდგომ საავადმყოფოს ადმინისტრაციამ პოლიცია და ექსპერტი გამოიძახა.

ექიმ-გინეკოლოგ ირინა საბაშვილის განმარტებით, იამზე კიპაროიძე მასთან კონსულტაციაზე გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე მივიდა. განუმარტა, რომ კონსულტაციაზე თბილისში დადოდა, მაგრამ უნდოდა მასთან ემშობიარა: “გაცვლა-გამოცვლის ბარათი მაჩვენა, ყველაფერი ნორმაში ჰქონდა, თუმცა ბოლო კონსულტაციაზე 14 მაისს იყო ნამყოფი, მას შემდეგ კი 20 დღეზე მეტი იყო გასული. 25 კილოგრამი ჰქონდა წონაში მომატებული და შეშუპებული იყო. მითხრა, შარდის ანალიზი აღებული მაქვს, ცილები არ მაქვსო, შეშუპება ახლა დამეწყოო. ვუხარი, დიეტა დაიცავი-მეთქი, წნევა ნორმალური ჰქონდა”.

გინეკოლოგი ერთ ფაქტსაც იხსენებს, როდესაც ფეხმძიმე იამზე კიპაროიძემ დაურეკა და აცნობა, რომ წნევა ჰქონდა მომატებული: “მეორე დღეს დავიბარე, მაგრამ არ მოვიდა”.

საკეისრო კვეთა ნათესავებთან შეთანხმებით ჩატარდა. იამზე კიპაროიძეს გოგონა შეეძინა.

“ოპერაციის დროს არანაირი გართულება არ ყოფილა. საოპერაციოდან გამოვედი, ცოტა ხანში ანესთეზიოლოგმა დამიძახა, მშობიარეს წნევამ აუწია და გულის აჩქარება დაეწყოო. ზოგჯერ ნარკოზის დროს გულის აჩქარება და წნევის აწევა ხდება და მერე ყველაფერი ნორმაში დგება. ამ შემთხვევაში წინსვლა არ იყო, ყველაფერი ვიღონეთ, მაგრამ უშედეგოდ”, - ამბობს ირინა საბაშვილი.

გარდაცვლილის მეუღლის დედა, მარიამ ტაბატაძე ამბობს, რომ რძალს მშობიარობის ნიშნები ღამის სამის ნახევრიდან დაეწყო: “იამზეს თხოვნით ირინა საბაშვილი გამოვიძახეთ. დილის 8 საათზე მოვიდა, გვითხრა, საკეისრო კვეთის გაკეთებაა საჭიროო და დავთანხმდით. ოპერაციიდან 5 წუთი იქნებოდა გასული, ახალშობილი გამოიყვანეს. 20 წუთის შემდეგ გვითხრეს: იამზეს წნევამ აუწია, მერე სულ დაუვარდაო. ექიმები აღელვებულები გარბი-გამორბოდნენ. ვხვდებოდით, რომ უბედურება იყო ჩვენს თავს. ბოლოს გვითხრეს ,ემბოლია დაემართა და გარდაიცვალაო”.

გარდაცვლილის ძმა ვეფხვია კიპაროიძე ამბობს, რომ გარდაცვლილი ისე გაიყვანეს ექსპერტიზისთვის, მათთვის არაფერი უკითხავთ. გარდაცვალების მიზეზში ექიმებს ადანაშაულებს მარინა კიპაროიძეც: ,,საკეისრო კვეთას უკეთებდნენ და ანალიზი არ აუღიათ, ეს შეცდომა არაა ექიმის მხრიდან? ჩემი და რომ ცოცხალი აღარ იყო, მაშინ მიღებდნენ სისხლს. რომ ვკითხულობდი, რად გინდათ ჩემი სისხლი-თქო, მეუბნებოდნენ, სისხლის გადასხმა რომ დასჭირდეს, საჭიროა ვიცოდეთ, რა ჯგუფის სისხლი გაქვსო. დარწმუნებული ვარ, რომ ანალიზებს სათავისოდ ამზადებდნენ”.

ირინა საბაშვილი ამტკიცებს, რომ ნათესავების მოსაზრება, თითქოს ანალიზები არ აუღეს მშობიარეს, სიმართლეს არ შეესაბამება: “ღმერთის წინაშე ვფიცავ, იამზეს გარდაცვალების მიზეზი ჩემი მხრიდან დაშვებული შეცდომა არ არის”.

სამშობიარო სახლის მთავარი ექიმის განმარტებით, ირინა საბაშვილი მუშაობას განაგრძობს: “მხოლოდ იმ შემთხვევაში მაქვს მისი სამსახურიდან დათხოვნის უფლება, თუ ექსპერტიზა ექიმის მხრიდან დაშვებულ შეცდომას დაასახელებს გარდაცვალების მიზეზად”.

ექსპერტიზის პასუხი ჯერ ცნობილი არ არის. ექსპერტმა დავით მერაბიშვილმა სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ჯერ დასკვნა არ დაუწერია, რადგან თბილისიდან პასუხი არ მიუღია.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოდან გვაცნობეს, რომ იამზე კიპაროიძის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია და მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

No comments: