ხელმისაწვდომია თუ არა საჯარო ინფორმაცია მოქალაქეებისათვის; რომელი სტრუქტურაა ყველაზე მეტად დახურული; როგორ ცდილობენ ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები დასაბუთებული უარი უთხრან მოქალაქეებს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე; როგორ აისახება ეს დემოკრატიაზე; რას ამბობს ციფრები და რას ამტკიცებს ფაქტები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად (მუხლი 21 “მ”) საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე, საჯარო დაწესებულების ან მომსახურის მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი, ან გაგზავნილი ინფორმაცია.
საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, რაც საზოგადოებას საშუალებას აძლევს იქონიოს ადექვატური შეხედულება და აზრი იმ მდგომარეობაზე, რომელშიც ცხოვრობს და იმ ხელისუფლებაზე, რომელიც მას მართავს. თუმცა, როგორც სპონტანურად, ჩვენს მიერ ქუჩაში ჩატარებული გამოკითხვებით ირკვევა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი ინდიფერენტულადაა განწყობილი. შესაბამისად, ამა თუ იმ საკითხზე ინფორმაციის მოთხოვნითYსაჯარო დაწესებულებებს ან არ მიმართავს, ან ძალიან იშვიათად, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ინფორმაცია უშუალოდ მას ან მის საკუთრებას ეხება.
ახალციხეში მცხოვრები 24 წლის ხატია აბულაძე ამბობს, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით არცერთი დაწესებულებისთვის არ მიუმართავს. იგივეს გვითხრა 26 წლის მაკა გელაშვილმაც. მიზეზი მარტივია: “არ დაგვჭირვებია არასოდეს”.
ინფორმაციის მიღების მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოები არც ალინა აივაზიანს შეუწუხებია.
“მხოლოდ საჯარო რეესტრში მიწევს ხოლმე მისვლა და პრობლემები არ შემქმნია”, - ამბობს იგი.
მათგან განსხვავებით, კურორტ აბასთუმანში მცხოვრები ეთერი ბალახაძე ამბობს, რომ სხვადასხვა ადმინისტრაციულ უწყებაში სტუმრობა ინფორმაციის მისაღებად ხშირად უწევს. თუმცა მისთვის საჯარო ინფორმაცია მუდამ დახურულია. მათ შორის ისეთიც, რაც მის საკუთრებას ეხება: “საცურაო აუზი მაშინ გამიყიდეს, როცა ჩემს ხელშეკრულებას ერთი წლის ვადა კიდევ ჰქონდა. აუქციონი ისე გამოცხადდა, ჩემთვის არაფერი შეუტყობინებიათ. ორჯერ აღიძრა ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე და არცერთ პროცესს არ დამასწრეს. შეტყობინებაც კი არ მიმიღია, როგორც მოსარჩელე მხარეს. დახურულია ინფორმაცია, აბა რა!”
მისი თქმით, არაერთი საჩივარი აქვს შეტანილი საოლქო პროკურატურაში. სადაც მის კითხვაზე მუდამ ერთი პასუხი აქვთ: “მიმართეთ სასამართლოს”. თავად ინფორმაციის გარეშე, მისი განცხადებები კი რეაგირების გარეშე რჩება.
ყველაზე ხშირად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, (ზეპირად თუ წერილობით) ჟურნალისტებს უხდებათ. ადგილობრივი ტელეკომპანია მე-9 არხის ჟურნალისტი რუსუდან გვარამაძე ამბობს, რომ პრობლემები საჯარო რეესტრში შეექმნა.
მისივე თქმით, რასაც რეგიონის სხვა ჟურნალისტებიც ეთანხმებიან, ყველაზე დახურული ძალოვანი სტრუქტურებია, სადაც თითქმის არასოდეს აკეთებენ კომენტარს.
“მაინტერესებდა როგორ აკონტროლებდა პოლიცია სკლოტ-კლუბებში არასრულწლოვნების შესვლას. მაგრამ კომენტარზე უარი მითხრეს”, - ამბობს რუსუდან გვარამაძე.
ეს არის ფაქტები, თუმცა სხვა რამეს ამტკიცებს ციფრები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, ყოველი წლის 10 დეკემბერს, ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია
საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნათა დაცვის შესახებ ანგარიში წარუდგინოს.
ანგარიში უნდა წარადგინოს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანომ, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა); ნებისმიერმა სხვა ორგანომ, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებსა და სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა კერძო სამართვლის იურიდიულმა პირებმა.
საჯარო დაწესებულებების მიერ წარდგენილი ანგარიში სრულყოფილად უნდა ასახავდეს ანგარიშვალდებულ დაწესებულებაში ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნათა შესრულების მდგომარეობას.
სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წარგზავნილი ანგარიშის მონაცემები ასეთია:
“2008 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით შემოსულია მოქალაქეთა 243 განცხადება, მათ შორისაა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გადმოგზავნილი 86 განცხადება, მთავრობის კანცელარიიდან გადმოგზავნილი 6 განცხადება, საქართველოს პარლამენტიდან 2, საქართველოს უშიშროების საბჭოდან 1, ხოლო მხარის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებიდან შემოსულია 148 განცხადება. ადგილზე განხილულ იქნა 103 განცხადება, მხარის მუნიციპლიტეტებში გადაგზავნილია 140 განცხადება. მათგან დადებითად გადაწყდა 180 (74,1პროცენტი), ხოლო უარი ეთქვა 64 განმცხადებელს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს ქვემდებარე განცხადებები. შემოსული განცხადებებიდან კოლექტიური განცხადებაა 23, ხოლო საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე 3 განცხადებაა”.
რაც შეეხება ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მისი ანგარიში ასე გამოიყურება: “ახალციხის რაიონულ სასამართლოში 2008 წელს შემოვიდა 8 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. მათ შორის: 4 მოთხოვნა - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან; 2 -სახალხო დამცველი აპარატიდან; 1 - სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოებიდან, 1 - გაზეთ “სამხრეთის კარიბჭე”- დან. 5 მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, 1 მოთხოვნა ნაწილობრივ, ხოლო 2 მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, სასამართლოში ინფორმაციის არარსებობის გამო”.
კანონი ძალიან დეტალური ანგარიშის წარდგენის ვალდებულებას ითვალისწინებს. სამხარეო ადმინისტრაციისა და სასამართლოს მიერ წარდგენილი ანგარიშები დეტალურია. რასაც ვერ ვიტყვით ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მიერ წარდგენილ ანგარიშებზე.
“2008 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსულია საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 438 კორესპონდენცია. აქედან მოქლაქეთა განცხადება - 60 და მომართვა დაწესებულება-ორგანიზაციებიდან - 378. ყველა საჯარო ინფორმაცია გაცემულია კოდექსით დადგენილ ვადებში. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ არცერთი გადაწყვეტილება არაა მიღებული”, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წარგზავნილ ანგარიშში.
მხოლოდ ნახევარი გვერდის მომცველია ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ წარდგენლი ანგარიში: “ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ შემოსულია 95 კორესპონდენცია, 25 განცხადება. მათ შორის საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 10 წერილობითი, 15 ზეპირი მოთხოვნა. ყველა საჯარო ინფორმაცია გაცემულია კოდექსით დადგენილ ვადებში”
ადვოკატ ავთანდილ თელიაშვილის განმარტებით, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევები ძალზე ხშირია. თუმცა, ეს ხდება ისეთი ფორმით, რომ მოქლაქეებს პროტესტის გრძნობა არ უჩნდებათ.
“როდესაც მოქალაქე ითხოვს ისეთ ინფორმაციას, რომლიც შეიძლება შეეხოს რომელიმე თანამდებობის პირს, ან საარჩევნო სისტემას, ან არჩევნების სამართლიანობას, ან დემოკრატიული პრინციპების დარღვევის ფაქტებს, ადმინისტრაციულ ორგანოში მომუშავე პირი ცდილობს გახადოს დემაგოგიური ზოგადი ადმინისტარციული კანონი და დაუსაბუთებლად ეუბნება მოქალაქეს - ეს არის კერძო ინფორმაცია, ან ამაზე მიმართეთ სასამართლოს”, - ამბობს ადვოკატი და დასძენს, რომ ამ ეტაპზე მას და მის კოლეგებს დაახლოებით 50-მდე საქმე აქვთ, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოების გაუმართავობიდან გამომდინარეობს.
მისივე განმარტებით, ასეთ შემთხვევბში მოქალაქეების უფლებები ირღვევა: “როცა საჯარო ინფორმაციის მიღება ფერხდება, ეს მარტო მოქალაქეობრივი უფლებების კი არა, პირდაპირ კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა”.
საჭირო ინფორმაციის მისაღებად, მოქალაქეს უფლება აქვს ადმინისტრაციული ორგანოს უარი გაასაჩივროს. რაც, ადვოკატის თქმით, გარკვეულ თანხას მოითხოვს: “ამის საშუალება და დრო კი ყველას არ აქვს”.
საჯარო ინფორმაციის ხელმიუწვდომლობა კი პირდაპირ ზეგავლენას ახდენს დემოკრატიის განვითარებაზე.
“სახელმწიფო არსებობს ერთეულების დასაცავად და როცა სახელმწიფო ძალისმიერი ორგანოა და ერთეულებს იცავს, მაშინ “დემოს კრატოს” საერთოდ არ არსებობს”, - დასძენს ადვოკატი.
No comments:
Post a Comment