მეშახტეთა ქალაქში, მეგობრობის ქუჩაზე მცხოვრები 45 ოჯახი დახმარებას ითხოვს - სასმელი წყალი მხოლოდ ერთ ონკანში მოდის, დღეგამოშვებით, 2 ან 3 საათით და ხშირად დაბინძურებულია.
მეგობრობის ქუჩის მცხოვრებნი ამბობენ, რომ წლებია, სასმელ წყალს ასეულობით მეტრის მოშორებით მდებარე ონკანიდან ეზიდებიან. ონკანთან რიგია, წყალი ყველას უნდა, ორი ან სამი საათით გამოსული წყალი კი ყველასათვის სამყოფი არ არის.
“იმდენი არ მოდის წყალი, ყველამ რომ წაიღოს. ვდგავართ რიგში და ველოდებით. ან გვეყოფა ყველას და ან არა”, - ამბობს აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები 62 წლის მარეხ ფცქიალაძე.
მეშახტეთა ქალაქი, ეგრეთ წოდებული მეორე შახტა, 40-იანი წლებიდან არსებობს. მოძველებულ კორპუსებში საკანალიზაციო ქსელი არ არის და შესაბამისად წყალი სახლში არავის აქვს. სასმელი წყლის ეზოდან მომარაგებას ადგილობრივები თითქოს შეეჩვივნენ, თუმცა ამბობენ, რომ ერთი ონკანი საკმარისი არ არის და ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან ითხოვენ დასახლებაში კიდევ ორი ონკანი დამონტაჟდეს.
“გვინდა “კრანი” გავაკეთოთ სამ ადგილზე, ეს საკმარისი იქნება. ვუთხარით ყველას, გვითხრეს თქვენ იყიდეთ ტრუბები და ჩვენ დაგეხმარებითო. მერე აღარ გამოჩენილან”, - ამბობს 53 წლის გივი ზაზაშვილი.
ვალესა და მეორე შახტაში სასმელი წყლის ტარიფი 3 ლარს შეადგენს. თანხის 60 პროცენტს ადგილობრივი ბიუჯეტი ფარავს. ვალის კომუნალური გაერთიანების დირექტორი ზურაბ დემეტრაძე ამბობს, რომ მოსახლეობას დამატებით ონკანების გაკეთება მათ თავად შესთავაზეს. დახმარების მიზნით კი გასული წლების დავალიანების ჩამოწერას დაჰპირდნენ: “სადღაც ასე 100 თუ 200 მეტრი მილია საჭირო, მაგრამ დღემდე ვერ შეიძინეს. ორ-სამ ადგილზე ონკანის გაკეთების პრობლემა არ გვაქვს, პირიქით, თუ იქნება მასალები, ჩვენი სახსრებით დავამონტაჟებთ”.
იგი არ ეთანხმება მეგობრობის ქუჩაზე მცხოვრებთა განცხადებებს, რომ წყალი მხოლოდ 2 საათით მოდის და ამბობს, რომ ვალეში თუ 40-50 წუთი მოდის წყალი, მეორე შახტაში წყალი 5 საათის განამვლობაში მიეწოდებათ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, რწმუნებული ქალაქ ვალეში ჯუმბერ ინასარიძე ამბობს, რომ ვალე და მეორე შახტა ერთი სატუმბი სადგურით მარაგდება. მთლიანად წყალსატუმბი სადგური თუ არ ჩაირთო, მეორე შახტა წყალს ვერ მიიღებს: “დონეთა სხვაობა ქალაქსა და სატუმბ სადგურს შორის სამას მეტრზე მეტია. ამიტომ მძლავრი საქაჩი სჭირდება და შესაბამისად დენის გადასახადიც ბევრია. უფრო ხშირად რომ მივაწოდოთ, მოსახლეობა გადასახადს ვერ გადაიხდის”.
ადგილობრივები პრეტენზიას ჭუჭყიანი წყლის გამოც გამოთქვამენ. ისინი ამბობენ, რომ წყლის გამოსვლიდან ნახევარი საათის განმავლობაში ონკანში ჭუჭყიანი წყალი მოდის და სასმელად უვარგისია.
“ველოდებით როდის გასუფთავება და მერე ვიყენებთ დასალევად. მოწამვლის შემთხვევები არ ყოფილა, მაგრამ მაინც საშიშია”, - ამბობს 31 წლის ირმა ხეთაგური.
ვალიკ ვართანიანი ფიქრობს, რომ წყლის დაბინძურების მიზეზი ამორტიზებული მილებია: “ამასწინათ თითქოს შეცვალეს ტრუბები, მაგრამ არაფერი ეშველა”.
ზურაბ დემეტრაძე ამბობს, რომ დაბინძურებას ორი მიზეზი აქვს: “თხელკედლიანი მილებია, წყალი რომ წყდება, ჟანგს იკიდებს და მერე დაბინძურებული მოდის. ხშირად ავარია იმის გამოც არის, რომ სადაც მილები გადის იქ გრუნტის წყლები მარილიანია და მილები ზიანდება”.
მისი თქმით, ამ ვითარებიდან გამოსავალი პლასტმასის მილების შეძენაა. იმის გამო რომ მათ სახსრები არ აქვთ, მასალა მოსახლეობამ უნდა შეიძინოს: “მოსახლეობას თავისი ინციატივით პლასტმასის მილი უნდა ეყიდა. რადგან თანახმა იყვნენ, ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის დახმარების თხოვნით აღარ მიგვიმართავს”.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი განმარტავს, რომ ორგანული კანონით მათ წყალსა და კანალიზაციაზე ფულის ჩადება ეკრძალებათ: “ეს არის შპს-ები და მათი ვალია პრობლემის მოგვარება. რადგან ჩვენი მოსახლეობაა, წყლის გადასახადის პროგრამა ჩავდეთ, ამ თანხას სუბსიდიის სახით ვაძლევთ”.
გამგებლის თქმით, პრობლემა ადვილად მოგვარდება, თუ აღნიშნული ქუჩის, ან საერთოდ მეორე შახტის მცხოვრებნი ამხანაგობას შექმნიან: “ნებისმიერი პრობლემის მოგვარებისას ამხანაგობასთან თანადაფინანსებაში შევდივართ, მინიმუმ 85 პროცენტით. მთავარია ამხანაგობა ჩამოაყალიბონ, ამას ბევრი არაფერი უნდა, უბრალოდ ბანკში ანგარიში გახსნან, რომ დავეხმაროთ. ასე უფლება გვექნება წყალზე ფული დავხარჯოთ”.
No comments:
Post a Comment