ვალი – ტვირთი მეწარმისთვის, ბანკისთვის და სახელმწიფოსთვის
აგვისტოს შემდეგ ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა გადახდისუნარიანობა შემცირდა და, შესაბამისად, გახშირდა ბანკიდან აღებული კრედიტების გადხდის გრაფიკის დარღვევები. ამავდროულად, გაიზარდა მოთხოვნილება სესხებზე, მაგრამ გამკაცრდა ბანკის მოთხოვნები და მოიმატა საპროცენტო განაკვეთმა.
აგვისტოს ომის შემდეგ კრედიტის გადახდის ვადის დამრღვევთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, რაც გარკვეულწილად იმანაც განაპირობა, რომ ომის შემდეგ უმუშევართა რაოდენობა საქართველოში 11 პროცენტით გაიზარდა.
ურჩ გადამხდელთა ბაზაში, შპს “კრედიტ-ინფო საქართველოს” ინფორმაციით, უკვე 150 ათასზე მეტი ურჩი გადამხდელია რეგისტრირებული.
ინდმეწარმე მაია გიგოლაშვლმა ხუთი თვის წინ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კონსტანტადან”, მცირე ბიზნესის საწარმოებლად, სამიათასი დოლარი სესხად აიღო. ამბობს, რომ ბოლო თვეებში პროცენტის გადახდა უჭირს: “ვაჭრობა აღარ არის. ხან ვსესხულობ, ხან “ორენჯ ბარათებს” ვიყენებ, სულ ვცდილობ, რომ არ დავაგვიანო”.
მაია გიგოლაშვილი გამონაკლისი არ არის.
“ორი სტუდენტის დედა ვარ, საქართველოს ბანკიდან იმიტომ გამოვიტანე კრედიტი, რომ სწავლის ქირა დავფარო. ყოველთვის თავის დროზე ვიხდიდი, მაგრამ ახლა გადავაცილე”, - ამბობს მცირე მეწარმე ნათელა ინასარიძე.
ახალციხელი მოვაჭრეების უმრავლესობა ამბობს, რომ მათი ძირითადი საბრუნავი თანხა სხვადასხვა ბანკებიდან აღებული სესხია. ბოლო თვეებში ვაჭრობა შემცირდა და, შესაბამისად, პროცენტის დაფარვა ყველა მცირე მეწარმეს გაუჭირდა. თუმცა, იმის შიშით, რომ ბანკებმა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება არ გაუყიდონ, ცდილობენ, პროცენტი როგორმე დაფარონ.
“თუ არ გადავიხდით, მოვლენ და გაგვიყიდიან ნივთებს, ან იმ ოქროს, რაც ბანკში გარანტად არის ჩადებული. გარდა ამისა, მეორედ სესხს აღარც მოგვცემენ, ამის გარეშე კი ვერ ვიმუშავებთ”, - აცხადებენ ახალციხელი მოვაჭრეები.
სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებლო ბიუროს მონაცემებით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევები აგვისტოს შემდეგ განსაკუთრებით არ მომატებულა.
“2008 წლის აგვისტოდან დღემდე შემოსულია ხუთი სამოქალქო საქმე, სადაც კრედიტორები არიან ბანკები, მოვალეები ფიზიკური პირები. ეს ქონება არის იპოთეკით დატვირთული, შემდგომში რეალიზაციის მიზნით”, - განმარტავს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებლო ბიუროს აღმასრულებელი გიორგი პარუნაშვილი.
მსგავს ფაქტებს არც ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ადასტურებენ, თუმცა გადახდისუნარიანობა რომ შემცირდა, ამას ღიად აცხადებენ.
“ვითიბი ბანკი ჯორჯიას” ახალციხის ფილიალის მმართველის მოადგილე ინგა ბანკანაშვილი ამბობს, რომ დაგვიანებები და გადაუხდელობა თავიდან რომ აიცილონ, კლიენტებთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ - წინასწარ ურეკავენ და პროცენტის გადახდის თარიღს ახსენებენ: “იმ კლიენტებმა, რომლებიც უპრობლემოდ იხდიდნენ და საერთოდ არ ჰქონდათ ვადაგადაცილებები, ერთი ან ორდღიანი დაგვიანებები დაიწყეს”.
დაგვიანებები გახშირდა საქართველოს ბანკშიც და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ფინკა საქართველოშიც”.
“ისე, როგორც სხვა საკრედიტო ორგანიზაციებში, გადახდისუნარიანობა ჩვენთანაც შეიცვალა. ეს ბუნებრივიცაა კრიზისის ფონზე”, - ამბობს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ფინკა საქართველოს” ახალციხის ფილიალის მენეჯერი რამაზ კაზიშვილი.
ამ ყველაფერთან ერთად, გამკაცრდა ბანკის მოთხოვნები სესხების გაცემისას.
“სესხის აღება მინდოდა, მაგრამ საკრედიტო ოფიცერმა ასე მითხრა, ჩვენი კლიენტი არ ხარ, ჯერ არ გქონია სესხი და ვერ მოგცემთო. პირველად თუ არ მომცეს სესხი, გამოდის, რომ ვერც ვერასოდეს ავიღებ”, - გვითხრა ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა.
ბანკებში ადასტურებენ, რომ სესხებს მხოლოდ ძველ კლიენტებზე გასცემენ, გამკაცრებული პირობებითა და გაზრდილი საპროცენტო განაკვეთით.
“რისკი მაღალია, აქედან გამომდინარე ბანკის მოთხოვნებიც გამკაცრდა, ბიზნესსესხებს გავცემთ მხოლოდ ძველ კლიენტებზე. სამომხმარებლო სესხები გაიცემა მხოლოდ და მხოლოდ “ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომლებისთვის, რადგან კრიზისი არ შეხებიათ - მათზე მოთხოვნაა და თან მაღალი ანაზღაურება აქვთ”, - ამბობს საქართველოს ბანკის ახალციხის სერვის-ცენტრის მენეჯერი გივი თიგიშვილი.
ინგა ბანკანაშვილის თქმით, უძრავი ქონებით უზრუნველყოფას ახლა მცირე სესხებზეც ითხოვენ: “ადრე მხოლოდ საოჯახო ნივთებით თუ გაიცემოდა გარკვეული სესხები, ახლა უფრო დაბალ თანხებზე ვითხოვთ უძრავი ქონებით უზრუნველყოფას”.
თუმცა, ისევე როგორც საქართველოს ბანკის შემთხვევაში, სამომხმარებლო სესხები ყველა მსურველზე არ გაიცემა.
“სამომხმარებლო სესხები გაიცემა მხოლოდ იმ მომსახურე პერსონალზე, რომლებიც ფლობენ “ვითიბი ბანკი ჯორჯიას” ბარათებს და მათზე ერიცხებათ ხელფასი”, - ამბობს ინგა ბანკანაშვილი და დასძენს, რომ აგვისტოს მოვლენების შემდგომ საპროცენტო განაკვეთი არ შეცვლილა.
სამაგიეროდ საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა საქართველოს ბანკში.
“აგვისტომდე საპროცენტო განაკვეთი 16-17-18 პროცენტი იყო, სესხის ტიპის მიხედვით. აგვისტოს შემდეგ საპროცენტო განაკვეთი გაზრდილია. ბიზნეს სესხზე მიიმალური 26 პროცენტია, - აცხადებს გივი თიგიშვილი და მიზეზებსაც განმარტავს, - გაიზარდა რისკები”.
მას შემდეგ, რაც ფინანსური კრიზისი დაიწყო, შეჩერდა განვადებებიც. ბოლო დღეებში განვადებები “ტაო-პრივატ ბანკმაც” შეაჩერა. როგორია ამჟამად საკრედიტო პოლიტიკა და რატომ შეჩერდა განვადებები, “ტაო-პრივატ ბანკში” კომენტარს არ აკეთებენ.
ბანკებისგან განსხვავებით, ფინანსური კრიზისი ნაკლებად აისახა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრედოს” მუშაობაზე.
“ჩვენ სოფლის მეურნეობასა და ბიზნესზე ვმუშაობთ. ბიზნესი ისევ ფუნქციონირებს, შეიძლება იმდენი შემოსავალი არ აქვს, მაგრამ - მაინც. ყველი და კარტოფილიც ისევე იყიდება, როგორც ადრე. ამდენად, კრიზისი ჩვენს კლიენტებს არ შეხებიათ”, - ამბობს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრედოს” რეგიონული ოპერაციების მენეჯერი სამხრეთ საქართველოში დავით პარუნაშვილი.
საბანკო სისტემაში წარმოშობილი პრობლემებით ოპოზიციაც დაინტერესდა. გაერთიანებას “ალიანსი საქართველოსთვის” ხელისუფლებისა და ბანკებისთვის კონკრეტული გეგმა აქვს შემუშავებული. გეგმის მიხედვით უნდა მოხდეს საბანკო ვალების რესტრუქტურიზაცია.
“უნდა მოხდეს მოსახლეობის დავალიანების გადახდა ხელისუფლების მიერ. როდესაც მეწარმეები შეძლებენ ვალის გასტუმრებას, ხელისუფლების წინაშე იქნებიან ვალდებული, რომ ეს ვალი დაფარონ”, - განაცხადა დავით ბერძენიშილმა.
გივი თიგიშვილი ფიქრობს, რომ ეს სქემა ვერ იმუშავებს, ვიდრე მკვეთრად არ გაიმიჯნება ერთმანეთისგან არგადამხდელი და ვერგადამხდელი, მაგრამ, თავისთავად ამის გამიჯვნა ძალზე რთულია.
მცირე მეწარმეები კი, თავის მხრივ, მოითხოვენ, საბანკო სექტორმა შეინარჩუნოს შედარებით დაბალი პროცენტები, ხოლო ხელისუფლებამ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში (არა 10-15 წლით, არამედ ერთი ან ორი წლით), ისინი გაათავისუფლოს სახელმწიფო გადასახადებისგან.
No comments:
Post a Comment