რამდენად იყენებს სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა კანონით მინიჭებულ უფლებას გამოხატვის თავისუფლებაზე; რატომ ამბობენ უარს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებაზე და რატომ გახშირდა საუბარი “შიშის სინდრომზე”.
1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა და გამოაცხადა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომელშიც პირველად იქნა აღიარებული გამოხატვის თავისუფლება და შესაბამისად, ინფორმაციის მიღების უფლება.
ინფორმაციის ხლმისაწვდომობა საზოგადოებას საშუალებას აძლევს იქონიოს ადექვატური შეხედულება და აზრი იმ მდგომარეობაზე, რომელშიც ის ცხოვრობს და იმ ხელისუფლებაზე, რომელიც მას მართავს.
თუმცა, რამდენად იყენებენ მოქალაქეები კანონით მინიჭებულ უფლებას გამოხატვის თავისუფლებაზე, ეს საკმაოდ საკამათო საკითხია.
ხშირია შემთხვევა, როცა მოქალაქეები ამა თუ იმ საკითხზე მოსაზრების გამოთქმას საერთოდ არიდებენ თავს. შესაძლოა კომენტარი გააკეთონ, თუმცა თავს იკავებენ ვინაობის გამჟღავნებისგან.
ამონარიდები სტატიებიდან:
25 ნოემბერს, შუადღით, ქალაქ ახალციხეში ადგილობრივებსა და ჯარისკაცებს შორის შეტაკება მოხდა. შემთხვევას არაერთი მოქალაქე შეესწრო, თუმცა პრესასთან საუბრისას ვინაობა არცერთ რესპონდენტს არ დაუსახელებია.
“მარტო ჯარისკაცს დაიგულებდნენ თუ არა უშარდებოდნენ. ფული თუ ჰქონდა, ართმევდნენ და სცემდნენ. გუშინდელი ჩხუბი იმ დღის დაწყებული არ არის, დიდი ხნის ამბავია. წინა საღამოს ადგილობრივებსა და ჯარისკაცებს შორის სერიოზული “გარჩევა” იყო სტადიონზე. ყური არავინ შეიბერტყა. რაღაცას მალავენ და რაღაცას ძალიან უფრთხილდებიან”, - გვითხრა ახალციხელმა, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა.
საკუთარი აზრის ოფიციალურად დაფიქსირებისაგან იმ შემთხვევაშიც თავს იკავებენ, როცა საუბარი არც პოლიტიკურ თემას ეხება და არც კრიმინალს.
“მთელი ღამე მანქანები “დაროხინობენ”, გასაყიდად გააქვთ ხეები. მერე იმ გაჩეხილ ადგილს ცეცხლს მოუკიდებენ, აბა თუ “გედებმა” დაიჭირეს გაყიდული ხე-ტყე არ ეყოფათ ჯარიმაში - ვინაობას არ გვიმხელს ბოგის მკვიდრი 46 წლის ქალბატონი – რა ქნას ხალხმა, რითი ირჩინოს მართლა ამ დასაწვავ სოფელში თავი?!”
,,ნახევარ სოფელს ,,ზაბორი” არ აქვს. მიცვალებულისთვის კიდე ოთხი ფიცარი ვერ გვინახია. აქამდე ვერ შევდიოდით ტყეში და აწია რა უფლება გვექნება. ჩვენც ცოდოები ვართ, გლეხებსაც ხომ გვაქვს ჩვენი უფლება?”, - კითხულობს სოფელ საყუნეთის მკვიდრი მამკაცი, რომელიც ვინაობას არ გვიმხელს.
ბოლო პერიოდში სამცხე--ჯავახეთისთვის დამახასიათებელ ტენდენციად იქცა ინკოგნიტოდ დარჩენა პედაგოგების მხრიდან. თემატიკას ამ შემთხვევაშიც არ აქვს მნიშვნელობა.
,,უკუჩვენების დროს ბავშვებს პრედნიზოლონი გაუკეთეს, - გვიამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საბაზო სკოლის მასწავლებელი - ჩემს კლასში 11 მოსწავლეა, აცრის შემდეგ ექვსი ცუდად გახდა”.
ტენდენცია მხოლოდ ახალციხისთვის დამახასიათებელი არ არის. აზრის თავისუფლად გამოხატვას ერიდებიან ნინოწმინდასა და ახალქალქში მცხოვრებნიც. მიზეზს არავინ განმარტავს, პირად საუბრებში თამამად და ხმამაღლა აცხადებენ პრეტენზიას და გამოთქვამენ უკმაყოფილებას ამა თუ იმ საკითხის გამო, თუმცა ოფიციალურად იგივეს არ იმეორებენ, ან ამბობენ, მაგრამ ვინაობას არ გვიმხელენ.
,,გვქონდა ერთი რუსული პასპორტი და შეგვეძლო სადაც გვინდა იქ წავსულიყავით, ახლა კი... რუსული პასპორტის ერთგული ვარ, არც შევცვლი“, - უკმაყოფილოა თავისუფლების ქუჩაზე მზეს მიფიცხებული მოხუცი, რომელიც გვარს და სახელს არ მეუბნება.
საუბარს თავს არიდებენ ახალგაზრდებიც.
,,რუსული პასპორტი მაქვს, - გაღიზიანებული მიცხადებს ამავე ქუჩაზე მდგომი ახალგაზრდა - ,ჩემს ოჯახს შემოსავალი რუსეთიდან აქვს და იქ ხშირად მიწევს წასვლა, ამიტომაც რუსული პასპორტი მაქვს, ახალი, ახლა ავიღე!” - მიკონკრეტებს და სწრაფადვე მშორდება.
მსგავსი ტენდენცია საკმაოდ დამაფიქრებელია იმ ფონზე, როცა ინფორმაციის თვისუფლების უფლება მრავალი საერთაშორისო აქტით არის აღიარებული.
გამოხატვის თავისუფლება და შესაბამისად, ინფორმაციის მიღების უფლება პირველად სწორედ 10 დეკემბრის “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში იქნა აღიარებული.
“ადამიანის უფლებათა საყოველთაო” დეკლარაციის მე-19 მუხლის თანახმად, “ყოველ ადამიანს აქვს აზრისა და მისი თავისუფლად გამოხატვის თავისუფლება; ეს თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი აზრი და დაუბრკოლებლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ნებისმიერი საშუალებით, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად”.
გამოხატვის თავისუფლება უფრო ფართოდაა განხილული “სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტში”, რომელიც 1966 წელს მიიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ. პაქტის მე-19 მუხლის თანახმად, “თითოეულ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვსას თავისი აზრი; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას. სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყოველგვარი ინფორმაცია ზეპირად, წერილობით ან პრესისა და გამოხატვის მხატვრული საშუალებებით, ან საკუთარი არჩევანით სხვა საშუალებებით”.
გამოხატვის თავისუფლება აღიარებულია 1950 წლის 4 ნოემბრის “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის” მე-10 მუხლით, რომელიც ადგენს: “ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიიხედავად”.
სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისთვის დამახასიათებელ ამ ტენდენციას, ისტორიკოსები და ფსიქოლოგები სხვადასხვაგვარ ახსნას უძებნიან.
ისტორიკოსი ცირა მესხიშვილი ამ ფაქტს რამდენიმე ახსნას უძებნის, მისი აზრით, ეს გარკვეულწილად სამცხე-ჯავახთის ისტორიული წარსულის გავლენაა: “ჩვენი მხარე ყოველთვის იყო ჩაგვრის ქვეშ, ვიღაცის ბატონობის ქვეშ. ამ გავლენიდან ჯერ კიდევ არ ვართ სრულად გათავისუფლებული. არის მეოპრე ფაქტორიც - მოსახლეობის ნიჰილისტური განწყობა. ფიქრობენ, რომ აზრი არ აქვს ხმის ამოღებას, ამიტომ ვიღაცის გადაკიდებას, სულ გაჩუმებას ამჯობინებენ”.
მისივე თქმით, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება – რეგიონში დემოკრატიის ხარისხი: “სამოქალაქო საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. მოსახლეობა არაა მზად იმისათვის, რომ დაიცვას საკუთარი პოზიცია. დედაქალაქში დემოკრატიული ინსტიტუტები ძლიერია, ჩვენ კი მაინც პროვინცია ვართ. აქ ცოტა უფრო მტკივნეულად აღიქმება პოზიციის დაფიქსირება და მხოლოდ მოსახლეობის 5-7 პროცენტია იმდენად ძლიერი, რომ არ უშინდება საკუთარი მოსაზრების ხმამაღლა გამოთქმას”.
მოქალაქეების მხრიდან კანონით მინიჭებული უფლების “გამოხატვის თავისუფლების” უგულებელყოფას ფსიქოლოგი გულიკო ბექაური ოთხი ფაქტორით ხსნის, მისი განმარტებით, დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი საზოგადოების ნაწილი კომფრომულია, - ერიდება მოსაზრების დაფიქსირებას. მათ აქვთ საკუთარი პოზიცია, მაგრამ სხვა რამეს ამბობენ, ეთანხმებიან ჯგუფის აზრს, იმიტომ რომ პრობლემები არ შეექმნათ: “გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი მოქალაქეების პროცენტული მაჩვენებელი მაღალია ძალიან დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი”.
მეორე ფაქტორი თვითშეფასების დაბალი დონეა.
“მიაჩნიათ, რომ მათი აზრი არ არის მისაღები, მართებული, ამიტომ იკავებენ თავს, - ამბობს ფსიქოლოგი და მესამე ფაქტორზე, “შიშის სინდრომზე” საუბრობს - “შიშის სინდრომი” ყოველთვის იყო საზოგადოებაში, მაგრამ სხვადასხვა ხარისხით. ბოლო პერიოდში კი უფრო მოიმატა. ამას ხელი შეუწყო აგვისტოში განვითარებულმა მოვლენებმაც”.
მისივე განმარტებით, აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ბევრი რამ გადაფასდა. ომმა მოქალაქეები ნევროზულ მდგომარეობამდე მიიყვანა: “მოსახლეობას კიდევ აქვს ომის მოლოდინი და ეს აძლიერებს “შიშის სინდრომს”.
მეოთხე ფაქტორი კი სოციალური აქტივობის დაბალი დონეა.
“ჩამოყალიბებული, ზრდასრული პიროვნების მაღალი მაჩვენებელი საკუთარი აზრის დაფიქსირების უნარია. დღეს ამის დეფიციტია. პროგრესი შეუძლებელია თუ ეს დეფიციტი არ დავძლიეთ და სხვაგვარად არ შევხედეთ ურთიერთობათა სისტემებს”, - დასძენს ფსიქოლოგი.
No comments:
Post a Comment