ახალციხის გაზიფიცირება გრძელდება; ამ დროისთვის რამდენი აბონენეტი მოიხმარს ბუნებრივ გაზს? რა ჯდება სახლში გაზის შეყვანა და როგორ შეიძლება მომსახურების საფასურის გადახდა?
თამარაშვილის ქუჩის ¹5 და ¹7, რუსთაველის ¹99ა, ¹101, ¹105, ¹124-ის I, II და III კორპუსები (ე.წ. სამხედრო დასახლება), ცხრა აპრილის ¹5 და ¹13, ასპინძის ¹126 – ეს ის მისამართებია, სადაც გაზიფიცირება დასრულდა. რუსთაველის ¹103-სა და ხაშურის ქუჩაზე სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს. ბუნებრივი აირით უკვე სარგებლობს 16 ოჯახი – ისინი, ვინც გაზის შეყვანის ღირებულება სრულად დაფარა.
კორპუსების ბინებში გაზის შეყვანა დაახლოებით 350-400 ლარი ჯდება, კერძო ბინებში კი თანხა 450-500 ლარს აღწევს. “პლიუს-მინუსებით. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა მასალაა ჩართვისთვის საჭირო”, - განმარტავს კომპანია “ელ-ენ”-ის მთავარი ინჟინერი ზაზა ზაზაშვილი.
მოსახლეობას ინვენტარის შეძენა არ სჭირდება. ამ თანხით სახლში გაზის ერთი წერტილი კეთდება, სადარბაზოებში კი ინდივიდუალური მრიცხველები მონტაჟდება. თუმცა, გაზის ონკანი იკეტება და მას მაშინ რთავენ, რაც აბონენტი მომსახურების საფასურს დაფარავს. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს გამათბობლის დამონტაჟებაც უნდა, რაც დამატებით წერტილის გაკეთებას საჭიროებს, მაშინ ჩართვის ღირებულებაც იზრდება.
ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ გაზის შეყვანა ძვირია და ამიტომ არ აპირებენ. პოტენციურ აბონენტებს გაზის ჩართვის მერყევი საფასურიც აფიქრებთ.
“გვითხრეს, რომ გაზს უფასოდ შემოგვიყვანდენ. პენსიონერმა ქალმა 500 ლარი როგორ გადავიხადო? თან ყველას სხვადასხვა თანხას გვეუბნებიან”, - ამბობს თამარაშვილის ¹9-ში მცხოვრები 70 წლის ანჟელა აივაზიანი.
მსგავსი მოსაზრება აქვს თამარაშვილის ¹13-ში მცხოვრებ სილვა აგაბაბოვას: “ერთდროულად ამხელა თანხა ძნელი გადასახდელია. უნდა მოგვცენ საშუალება, ნაწილ-ნაწილ გადავიხადოთ”.
კომპანიაში გვარწმუნებენ, რომ მოსახლეობა ჩართვის რეალური ღირებულების მხოლოდ ნაწილს იხდის. “დანარჩენს კომპანია საკუთარი სახსრებით აკეთებს”, - ამბობს ზაზა ზაზაშვილი და განმარტავს, რომ ყველაფერი ხარჯთაღრიცხვით კეთდება: “აბონენტმა იცის, რაში რას იხდის”.
გაზის შეყვანის მსურველებისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრედო” სესხებს გასცემს, თუმცა სესხის აღება ყველას არ შეუძლია. მსურველს ან მცირე ბიზნესი უნდა ჰქონდეს, ან სოფლის მეურნობას მისდევდეს. ხელფასის საფუძველზე სესხი ამ ეტაპზე არ გაიცემა. “კრედოს” განვადებით ჯერ მხოლოდ ერთმა აბონენტმა ისარგებლა.
“მცირე ბიზნესი თუ მაქვს, 400 ლარიც არ გამიჭირდება. შეღავათი გაჭირვებული ხალხისთვის უნდა გაეწიათ”, - ამბობს ახალციხეში მცხოვრები თამარ ბერიძე.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრედოს” ახალციხის ფილიალის მმართველი შალვა თედორაძე გვაიმედებს, რომ უახლოეს მომავალში გაზის შეყვანის მსურველებისთვის სახელფასო სესხების გაცემასაც დაიწყებენ: “ვგეგმავთ სახელფასო სესხიც დავუშვათ, რადგან ქალაქის მცხოვრებლები არიან და ყველას არ აქვს ბიზნესი და სოფლის მეურნეობა”.
ბინების გაზიფიცირების სამუშაოები ინდივიდუალური მოთხოვნის მიხედვით კეთდება. გაზის ჩართვის მსურველმა აბონენტებმა კომპანიას განცხადებით უნდა მიმართონ. მსურველთა შორის კი პირველ ეტაპზე ის კორპუსები დაკმაყოფილდება, სადაც ჩართვის ღირებულებას თავიდანვე გადაიხდიან, სრულად ან ნაწილობრივ.
“მთელი ახალციხე დაიქსელება, მაგრამ დაჩქარდება ის კორპუსი, სადაც იქნება მეტი მოთხოვნა და, შესაბამისად, ჩვენთვისაც მომგებიანი იქნება “, - ამბობს მთავარი ინჟინერი და განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მცხოვრებს გაზის შეყვანა არ უნდა, მისი კუთვნილი მრიცხველი სადარბაზოში მაინც მონტაჟდება, თუმცა ონკანი იკეტება და გაზის მილი მრიცხველთან ჩერდება.
აბონენტების ნაწილის უკმაყოფილება გაზის ტარიფმაც გამოიწვია. ერთი კუბური მეტრი გაზის ღირებულება 74,09 თეთრია.
“დიდი ციფრი არ არის. სემეკის 2008 წლის აგვისტოს დადგენილებაა, რომ ყველა ობიექტი უნდა ჩაირთოს ამ ტარიფზე”, - ამბობენ კომპანიაში. თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვთ პოტენციურ აბონენტებს.
“სხვა ქალაქებთან შედარებით აქ ძალიან ძვირია. რატომაა ამხელა განსხვავება? ჩვენ რა, მდიდრები ვართ?!” - ამბობს თამარაშვილის ¹3-ში მცხოვრები 63 წლის ჰასმიკ არაკიანი რომელიც ბუნებრივი გაზით უკვე სარგებლობს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალციხეში მკაცრი ზამთარია და ბინების გათბობისთვის სოლიდური თანხები დასჭირდებათ. იმაზე გაციელბით მეტი, ვიდრე ერთი ზამთრის სამყოფ შეშას სჭირდებოდა.
ასპინძა-ახალციხის გაზსადენის მშენებლობა გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. სამუშაოები, რომელიც კომპანია “ნიუ-ენერჯიმ” ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაკვეთით შეასრულა, 15 მილიონი ლარი დაჯდა.
ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში არსებული ბუნებრივი გაზის პოტენციური მომხმარებლების გაზიფიცირების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ინტერესთა გამოტახვა 2008 წლის 4 ნოემბერს გამოაცხადა. კომპანია “ელ-ენ”-ი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობდა.
ენერგეტიკის მინისტრის შესაბამის ბრძანებაში მითითებული გაზიფიცირების გეგმის თანახმად, ინვესტორმა ახალციხისა და ასპინძის გაზიფიცირება მემორანდუმის გაფორმებიდან ორი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს.
ახალციხესა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში 10 800 აბონენტის გაზიფიცირება უნდა მოხდეს. კერძოდ, ახალციხეში – 8 800 აბონენტის, ხოლო ასპინძაში – 2 000-ის.
No comments:
Post a Comment