განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის ახალ მექანიზმებს განიხილავს. შესაძლოა ერთიანი ეროვნული გამოცდები საატესტატო გამოცდებმა ჩაანაცვლოს.
მოსალოდნელი ცვლილებების თანახმად, სკოლებში საატესტატო გამოცდები აღდგება; ეროვნული გამოცდები მოიხსნება; აბიტურიენტების უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრას კი ატესტატის ნიშანი განსაზღვრავს. ახალი ინიციატივის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 18 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა. მისი აზრით, სკოლამ დაკარგული ფუნქცია რომ დაიბრუნოს, ამისათვის სკოლებში რაღაც ფორმით გამოსაშვები გამოცდები უნდა აღდგეს. პრეზიდენტის თქმით, მოსწავლეს უნდა სჭირდებდეს სკოლაში სიარული: “ეს იქნება მისთვის საგზური უმაღლეს სასწავლებელში”. უნივერსიტეტებში აბიტურიენტები საბოლოო სასკოლო ქულის მიხედვით მოხვდებიან. ამისათვის კი სასწავლებლებმა წინასწარ უნდა გამოაქვეყნონ მოთხოვნადი ციფრი.
პროექტის მიხედვით, საატესტატო მხოლოდ ერთი გამოცდა ჩატარდება, თუმცა მასში ყველა ძირითადი საგანი შევა. განათლების სამინისტროში ფიქრობენ, რომ ცვლილება ამ დრომდე დამკვიდრებულ მავნე სისტემას მოშლის. განათლების მინისტრი ნიკა გვარამია არ უარყოფს, რომ საჯარო სკოლების უფროს კლასებში მხოლოდ იმ საგნების სწავლის პრაქტიკა, რომელიც უმაღლესში ჩასაბარებლად სჭირდებათ, უკვე კარგადაა დამკვიდრებული: “არასწორია ეს დამოკიდებულება... მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი მიდგომა არსებობს”.
საატესტატო გამოცდისას დაბალი ქულის დაგროვების შემთხვევაში აბიტურიენტი ავტომატურად ბორტს მიღმა რჩება. მშობელთა ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა, სკოლებში იმ დროის დაბრუნებას შეუწყოს ხელი, როცა მშობლები მასწავლებელთა კეთილგანწყობისა და, შესაბამისად, შვილებისთვის მაღალი ნიშნის “მოპოვებას” სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდნენ.
“მოსალოდნელია, რომ ისევ დაიწყოს “საჩუქრების” ჩუქება მასწავლებლებისთვის”, - ამბობს ანდრიაწმნიდაში მცხოვრები დალი ინასარიძე. მის მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება წნისის საბაზო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი ლაურა ივანიძე: “უმაღლეს სასწავლებელში აუცილებლად უნდა იყოს გამოცდა. სკოლაში ხომ შეიძლება ახლობლობით, ხათრით, რაღაცით ზედმეტი ქულა დაუწერონ”.
ამავე სკოლის დირექტორი ვალენტინა გოგოლაძე კი ფიქრობს, რომ უნდა შემუშავდეს რაღაც მექანიზმიც, რაც ამას გააკონტროლებს. ცვლილება კი მისაღებია, რადგან სკოლა დაკარგულ ავტორიტეტს დაიბრუნებს და “ის ბავშვიც აღარ დაიჩაგრება, რომელსაც მომზადების ფული არ აქვს”.
მოსალოდენელ ცვლილებებს არაერთგვაროვნად აფასებენ მოსწავლეები. ისინი ცვლილების ორ მხარეზე საუბრობენ. მიაჩნიათ, რომ ცვლილება კარგია, რადგან სწავლას ყველა დაიწყებს, მაგრამ, შესაძლოა, დაიწყოს მოსწავლეების გამორჩევა და არათანაბარ პირობებში ჩაყენება. “მაგალითად, გამოარჩევენ მასწავლებლების, დირექტორების შვილებს. და გარდა ამისა, ის ბავშვები დაკარგავენ სწავლის გაგრძელების შანსს, რომლებიც, ვთქვათ, ცუდად სწავლობდნენ, მაგრამ ბოლო წელს მოინდომეს”, - ამბობს კლდის საჯარო სკოლის მეთერთეტე კლასის მოსწავლე ელენე ბლუაშვილი. მისი თანატოლი, პირველი საჯარო სკოლი მოსწავლე ნია გელაშვილი ამბობს, რომ: “ჩაბარების შანსი ყველას უნდა ჰქონდეს, მათაც კი, ვისაც სკოლაში დაბალი შეფასება აქვს”.
ვალენტინა გოგოლაძე კი ფიქრობს, რომ ცვლილება სწორედ იმიტომაა კარგი, რომ მოიშლება ერთგვარი, გაიოლებული მეთოდი: “სკოლაში არ ვისწავლი, ბოლო წელს სამ-ოთხ საგანში მოვემზადები და ჩავაბარებ”.
საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელი ცვლილება ისევ აამუშავებს კორუფციულ ბერკეტებს უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად. თუმცა ამჯერად კორუფცია არა უმაღლეს სასწავლებლებში, არამედ სკოლებში დაიწყება. ამიტომ ისინი მიიჩნევენ, რომ გამოცდები რაც შეიძლება მოწესრიგებულად უნდა ჩატარდეს, არა სკოლების პერსონალის, არამედ ნეიტრალური და არაადგილობრივი კადრების მონაწილეობით. “და უნდა იყოს არა ტესტები სკოლებში, არამედ გამოცდა რაღაც სხვაგვარი ფორმით. ზოგი ალალბედზე ხაზავს იმ ტესტებს და მაინც მაღალ ქულას იღებს”, - ამბობს ლაურა ივანიძე.
იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებების შეტანისას ყველა საჭირო საფრთხეები გათვალისწინებული იქნება, მოსახლეობის აზრით, მოწესრიგდება გაკვეთილებზე დასწრება, აიწევს ზოგადი განათლების დონე და აღმოიფხვრება რეპეტიტორობის ინსტიტუტიც.
“სკოლებშიც კვალიფიციური კადრები უნდა იყოს”, - ამბობს დალი ინასარიძე, რომელსაც აბიტურიენტი შვილი ჰყავს და რეპეტიტორებთან 2000 ლარს იხდის.
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თინა გელაშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი სკოლა ვერ აკმაყფილებს იმ პირობებს, რაც ამ იდეაშია ჩადებული: “ქართველები ვართ და, ვფიქრობ, ეს ჯერ ჩვენთან ვერ გაამართლებს. მექრთამეობა შეიძლება არა, მაგრამ სუბიექტური მიდგომა რომ იქნება, ეს ფაქტია”. მაგრამ, თუ სკოლებში მდგომარეობა გამოსწორდა, რა თქმა უნდა, მისაღები სიახლეა, რადგან “ფიზიკა, ქიმია, ფაქტობრივად, ჩაკვდა სკოლებში და, შესაბამისად, ზოგადი განათლების დონე დაბალია”.
პროექტის განხორციელებას, რომელიც ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა და უკვე მოჰყვა დიდი გამოხმაურება, ნიკა გვარამიას თქმით, მინიმუმ 4-5 წელი დასჭირდება, ვინაიდან “ჯერ ამისთვის სკოლები მზად არ არიან”. თუმცა, ყველა ძირითადი საგნის შესწავლა აბიტურიენტებს წელსვე მოუწევთ. განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე საგნის დამატებაც რეფორმისთვის მოსამზადებელი ეტაპია.
No comments:
Post a Comment