წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით


პირველ ივნისს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წრეში ხულიგნობის ბრალდებით ძმები ბესიკ (ბუბა) და ბახვა კიკაბიძეები და ოთარ ფარულავა დააკავეს.

დაკავებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათ შვილებს არც რაიმე ტიპის დანაშაული ჩაუდენიათ და არც საზოგადოებრივი წესრიგი დაურღვევიათ, როგორც ეს დაკავების ოქმშია აღნიშნული.

ბესიკ და ბახვა კიკაბიძეების მამა მურად კიკაბიძე იხსენებს, რომ 1 ივნისს, დაახლოებით 19 საათსა და 30 წუთზე მისი ვაჟები შსს-ს ახალციხის სამმართველოს თანამშრომლებმა ეგრეთ წოდებულ სოფლის “ბირჟაზე” დააკავეს: “ყანიდან ერთად მოვედით, ჩამოვედით სოფლის ბირჟაზე, უცებ მოვიდნენ, დააკავეს, ჩააგდეს მანქანაში და წამოიყვანეს. არაფერი არ აგვიხსნეს, სიტყვა არ უთქვამთ ჩვენთვის”.

ძმისა და თანასოფლელების დაკავებას პოლიტიკური მოტივით ხსნის ოთარ ფარულავას და ჯუნა ფარულავა: “მამაჩემზეა ზეწოლა, რადგან ერთი თვე აქციებზე იყო, საკანში იჯდა. უნდათYჩემს ძმას ათქმევინონ, სადაა მამაჩვენი. სამი კვირაა, სახლთან გვყარაულობს პოლიცია, ფეხის გადადგმის საშუალებას არ აძლევენ”.

დაკავებულების ახლობლები კატეგორიულად გამორიცხავენ გინების ფაქტს: “თუ სოფელში იჩხუბეს, რატომ ჩამოვიდოდა მთელი სოფელი თანადგომის გამოსახატავად?”

კიკაბიძეებისა და ფარულავას დასაკავებლად ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები მას შემდეგ გავიდნენ, რაც განყოფილებაში მოქალაქემ დარეკა და სოფელში არსებული აურზაურის შესახებ აცნობა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის თანახმად, დაკავებულები იგინებოდნენ და ილანძღებოდნენ და არ დაემორჩილნენ პოლიციელების თხოვნას წესრიგის დაცვის შესახებ.

კიკაბიძეებისა და ფარულავას წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე 166-ე (წვრილმანი ულიგნობა) და 173-ე (კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით აღიძრა. დაკავებულები ჯერ ადიგენის რაიონულ სამმართველოში გადაიყვანეს, შემდეგ კი სამხარეო-სამმართველოში.

“წუხელ, ცოლი თვეების ბავშვთან ერთად სამმართველოს ცივ კიბეზე იყო და ისიც კი არ უთხრეს, რა ხდებოდა, რის გამო იყო მისი ქმარი დაკავებული”, - ამბობს ბესიკ კიკაბიძის და, რომელიც განგვიმარტავს, რომ ბესიკ (ბუბა) კიკაბიძე ადიგენში “მემარჯვენეების” ლიდერია.

კიკაბიძეებისა და ფარულავას სასამართლო პროცესები მეორე დღეს, 2 ივნისს გაიმართა. ოქმში აღნიშნული იყო, რომ სამივე განსასჯელი დაკავებისას ერთად ქეიფობდა. დაკავებულების ახლობლები და თავად დაკავებულები ამბობენ, რომ ერთად არ ყოფილან.


“ეს იყო პოლიტიკური დაკავება. მართლა რა ბრალდებაა - უმისამართოდ იგინებოდნენო - არ მესმის. ჩემს თვალწინ ვერცერთმა პოლიციელმა ვერ თქვა, რომ მე გავიგონე ეს გინებაო. უკვე დამთავრებული ყოფილა გინება რომ ავიდნენ. ვინ გაიგო მაშინ გინება? - ამბობს “ალიანსი საქართველოსთვის” ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ გოგოლაძე, რომელიც დასძენს, რომ ფარულავას პროცესი მისი დასწრების გარეშე ჩატარდა, - ძალიან საინტერესო იყო ის, რომ ორ პროცესზე გვეძახდნენ, ფარულავას პროცესზე კი არ დაგვიძახეს. როცა დავინტერესდით, გვითხრეს, რომ პროცესი უკვე დაწყებულია და რა ვიცოდით, რომ უნდა დაგვეძახეთო. არ იწვევს ეს ეჭვს? რატომღაც ორ პროცესზე გვეძახდნენ, მესამეზე აღარ. თუმცა დადგენილების გახმოვანებისას დაგვიძახეს”.

ძმებ კიკაბიძეებს სასამართლომ ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა 100 ლარის ოდენობით, ფარულავას კი 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლები “მემარჯვენეები” მანანა ნაჭყებია, ფიქრია ჩიხრაძე და “რესპუბლიკელი” სოფო ხორგუანი 3 ივნისს სახალხო დამცველს სოზარ სუბარს შეხვდნენ.

“როგორც შეხვედრაზე ითქვა, მათ აქტივისტებზე სერიოზული პოლიტიკური დევნა ხორციელდება, კერძოდ, ვინც განსხვავებულ აზრს გამოხატავს, იჭერენ, სცემენ და დევნიან. კერძოდ, „ახალი მემარჯვენეების“ ორი წევრი ბუბა და ბახვა კიკაბიძეები სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამართველოს თანამშრომლებმა დააკავეს, რადგან ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ოპოზიციის საპროტესტო აქციებში”. (წწწ.ინტერპრესსნეწს.გე)

ფარულავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეცაა აღძრული, 177-ე მუხლის II ნაწილის ა პუნქტითა (ხე-ტყის ქურდობა, რაც ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე პატიმრობას) და 362-ე მუხლის I ნაწილით (ოფიციალური დოკუმენტების განზრახ გაყალბება, რაც ითვალისწინებს 3 წლამდე პატიმრობას).

აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით 5 ივნისს ფარულავას სასამართლო პროცესი გაიმართა. თუმცა რადგან ერთ-ერთი მოწმე სასამართლოზე არ გამოცხადდა, პროცესი 9 ივნისისთვის გადაიდო.

No comments: