წარწერა - “კატლეტი გარნირით 3,5”, სახინკლედ გადაკეთებული კინოთეატრი და ჩივილი მოსაწყენ ქალაქზე.
ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარ კინოთეატრ “დუბლს” კინოთეატრის მხოლოდ სახელწოდება შემორჩა. იქ, სადაც რამდენიმე თვის წინ კინოს აფიშა იყო, ახლა წარწერაა: “კატლეტი გარნირით 3,5”. იმ დარბაზში კი, სადაც კომფორტულ სავარძელში მჯდომს ფილმის ყურება შეგეძლო, ცხელი ხინკლის ოხშივარი, მწვადის, სიგარეტისა და არყის სუნია.
კინოთეატრი “დუბლი” ახალციხეში 2007 წლის ნოემბერში გაიხსნა. ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე კინო განთავსდა, პირველზე კი ბარი. ბარი დღესაც ფუნქციონირებს, კინოთეატრმა კი მხოლოდ ერთი წელი იარსება, 2008 წლის შემოდგომით ფილმების ჩვენება შეწყდა, მიზეზად მაყურებლის ნაკლებობა დასახელდა. დარბაზში არსებული სავარძლები ახალციხის სახელმწიფო ინსტიტუტმა იყიდა, დაქანებული იატაკი გასწორდა და რბილი სავარძლების ადგილას სასადილოს მაგიდები დაიდგა.
როგორც მენეჯერი ინგა გოგიაშვილი ამბობს, ბარს კლიენტები ყოველთვის ჰყავდა, კინოთეატრს კი იშვიათად. 85-კაციან დარბაზში ერთი რიგიც არ შევსებულა. იგი იმასაც დასძენს, რომ კინოსა და ბარში სხვადასხვა კატეგორიის ხალხი დადიოდა და ის, ვინც ბარს სტუმრობდა, კინოში არ ადიოდა.
“მინიმუმი ორი, მაქსიმუმი კი ალბათ ათი კაცი იყო სეანსზე, – ამბობს მენეჯერი და მიზეზს ვერ ხსნის - ძალიან ლამაზი და კომფორტული დარბაზი იყო, კარგი აპარატურა, საინტერესო ფილმები და ხელმისაწვდომი ფასები”.
დღის პირველ ნახევარში “დუბლში” საბავშვო მულთფილმები გადიოდა, საღამოს კი კინოფილმები. მულთფილმები 2 ლარი, კინოფილმები კი 4 ლარი ღირდა. ერთი ლარით მეტი იყო “ვიპ ადგილების” ღირებულება (ორკაციანი სავარძლები ბოლო რიგში).
“ვცდილობდით ის ფილმები გაგვეშვა, რაც რუსთაველში და დედაქალაქის სხვა კინოთეატრებში გადიოდა. ჩვენ ცოტა გვიან ჩამოგვქონდა, მაგრამ გადიოდა”, - ამბობს მენეჯერი და დასძენს, რომ მაყურებლის მისაზიდად “დუბლს” სხვადასხვა ტიპის აქციებიც ჰქონდა: “თავიდან ბავშვებს ბილეთებს ვჩუქნიდით. ზოგჯერ ორი ბილეთით სამს ვუშვებდით, ჯეოსელის ზუმ აქციაშიც ოთხიდან ერთ-ერთი ჩვენი კინოთეატრი იყო. არაფერმა გაამართლა”.
მოსაზრებას, რომ შესაძლოა პოტენციურმა მაყურებელმა არ იცოდა როდის რა ფილმი უნდა გასულიყო, მენეჯერი არ იზიარებს: “მუდამ იყო რეკლამა ადგილობრივ ტელევიზიასა და გაზეთში”.
დასაწყისში ფილმები რუსული გახმოვანებით გადიოდა. მოგვიანებით, ენის ბარიერი რომ მოხსნილიყო, ქართული გახმოვანებით გაუშვეს. თუმცა, შედეგი არც ამან გამოიღო. ქალაქი კვლავ კინოთეატრის გარეშე დარჩა, სახინკლეების ჩამონათვალს კი კიდევ ერთი შეემატა, რომელსაც კლიენტურა არ აკლია.
“თეატრში ხალხი არ დადის უფულობის გამო, სახინკლეში? იცოცხლე, დარბიან. ბილეთში 2 ლარს არ იხდიან, მაგრამ 10 ლარს იხდიან ხინკალში და 5-ს ხაშში. ხაში სჯობია სპექტაკლისა და კინოს ყურებას?! ეს დეგრადაციაა” - ამბობს ქორეოგრაფი და სახალხო მთქმელი ვასილ კვინცხაძე, რომელმაც კინოს დახურვის შესახებ ჩვენგან შეიტყო.
გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა კინოში ნამყოფი არ არის და შესაბამისად, იარსებებს თუ არა ქალაქში კინოთეატრი მათთვის სულერთია. თუმცა, როდესაც საუბარი თავისუფალი დროის გატარებას ეხება, ამბობენ, რომ ამ ქალაქში გსართობი დაწესებულება არ არის. ხოლო ის, ვინც ვინც “დუბლში” ერთხელ მაინც ყოფილა, მის დახურვას სხვადასხვა მოსაზრებით ხსნის.
23 წლის სოფიო გელაშვილი ამბობს, რომ კინოს შესახებ იცოდა, თუმცა წასვლის არც დრო ჰქონდა და არც სურვილი გასჩენია.
14 წლის ნინო სამსონიძე ამბობს, რომ “დუბლში” ფილმი “სამასი სპარტელი” ნახა: “ძალიან კომფორტული კინოთეატრი იყო”. მისი მეგობარი 16 წლის ელენე გოგოლაძე კი მიიჩნევს, რომ მაყურებლის სიმცირე კინოს ადგილმდებარეობით იყო გამოწვეული: “დუბლი” შორსაა, მახსოვს, როცა მერიის შენობაში მდებარე კინოში განაახლეს ფილმების ჩვენება, დარბაზი სავსე იყო ხოლმე”.
20 წლის გიორგი ჯავახიძე ახალციხის ინსტიტუტში აგრობიზნესის მენეჯმენტზე სწავლობს და ამბობს, რომ არც თეატრში ყოფილა არასოდეს და არც კინოში. კითხვაზე - რას აკეთებს თავისუფალ დროს, პასუხი არ აქვს.
“თუ კინო გაინტერესებს, ფასი ხელმისაწვდომი იქნება ყოველთვის, - გვეუბნება მესამეკურსელი ეკონმისტი ლევან ანძაველიძე, რომელსაც “დუბლში” ფილმი “ძმები” უნახავს – ამ ქალაქში ისედაც არაა გასართობი და ცუდია, რაც იყო ისიც რომ დაიხურა”.
მთავარი ბიბლიოთეკის მენეჯერი ზაირა კელაპტრიშვილი ფიქრობს, რომ შესაძლოა ასეთი შედეგი კინოთეატრის ადგილმდებარეობით ან ბილეთის ღირებულებით იყოს გამოწვეული - “ძვირი არ იყო, მაგრამ მარტო ხომ ვერ წახვიდოდი? ოჯახიდან სამი რომ წასულიყავი, უკვე ბევრი იყო. კულტურაც გვაკლია, ვითომ ევროპაში შევდივართ, მაგრამ ... – იგი ადრინდელ პერიოდსაც იხსენებს, - ალბათ გადაჩვევის ფაქტორიცაა. ჩემს ბავშვობაში და მერეც, კინოც და თეატრიც გადაჭედილი იყო. ეს იყო მაშინ რიტუალი, არავითარ შემთხვევაში არ მივდიოდით გამოსაშვები კაბების გარეშე”.
ვასილ კვინცხაძის თქმით, 90-იან წლებამდე ქალაქში 6 კინოთეატრი იყო, ქალაქის თითქმის ყველა დასახლებაში და მაყურებელი არცერთს არ აკლდა. თუმცა, რადიკალურად განსხვავებულია დღევანდელი ვითარება - თეატრსა და კინოში აღარავინ დადის. თეატრი სულს ღაფავს, კინოთეატრი დაიხურა, სახინკლეებისა და ლუდის ბარების რაოდენობა კი დღითიდღე იზრდება.
No comments:
Post a Comment