სტატიებს მიღმა დარჩენილი ფიქრები
ყველა იმ სტატიის უკან, რასაც მკითხველი ყოველკვირეულად გაზეთში კითხულობს, არის ამ ფაქტების ავტორისეული შეფასება, რომელიც მხოლოდ ჟურნალისტის დღიურში რჩება... საახალწლო განწყობის შესაქმნელად, რამდენიმე ჩანაწერმა გაზეთში გადმოინაცვლა.
ფრანგული ყველი გადაგვარჩენს?!
ამონარიდი ნათია ნებიერიძის დღიურიდან
დღეს ასპინძაში, სოფელ რუსთავში ვიყავი. რძის მიმღები პუნქტი გაიხსნა, მამაპაპური ყველი აღარ გვეყიდებაო და რუსთაველებმა ფრანგული ყველის ადგილზე წარმოება გადაწყვიტეს. ნიუსისთვის არა მაგრამ იმ ყველის სანახავად კი ღირდა იქ ასვლა.
ავედი და ვნახე კიდეც აყროლებული, ობიანი ყველი, რომლის საბაზრო ღირებულება 35 ლარიდან იწყება. მეტის ღირსი კია ზოგი, “ელიტა” რომ ჰგონია თავი, მარტო იმიტომ იყიდის და აიყროლებს პირს, რომ მოდას არ ჩამორჩეს! ის ერთი მაინც, ობისგან რომ იყო გაშავებული, რა საშინელება იყო! ჩეჩილის, გუდის ყველისა და სულგუნის “ოსტატი” ქართველი კაცი საფრანგეთში რომ წავა იმისთვის, რომ ობიანი ყველის წარმოება ისწავლოს, ყველაფრის ღირსი კია მარა, ესაა ბიზნესი და ეკონომიკა!
მოვიდნენ მერე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კი არ მოვიდნენ, მოსრიალდნენ ჯიპებით, კმაყოფილი სახეებით, ორი სიტყვის სათქმელად თბილისიდან ჩამოსვლა რომ არ დაეზარათ. მიადგნენ ამ ფრანგულ ყველს! ამაში ხედავენ ისინი თურმე საქართველოს ეკონომიკის აღმავლობას! ვაი ჩვენს პატრონს.
ეზოს შესასვლელთან ორი ფერმერი დგას. დაპატიჟეს თუ ძალით მოიყვანეს ნეტა? - ვფიქრობ ჩემთვის. უცდიათ საგარეო ტანსაცმლის ჩაცმა, წვერის გაპარსვა კი ვერ მოუსწრიათ. შრომით გაშავებულ ხელებს ჯიბეში მალავენ. ისინი “ლანჩზე” არავინ მიიპატიჟა. ერთი მაინც ისეთი თვალებით იყურებოდა, გული მომიკვდა. საცოდავი იყო, ძალიან საცოდავი, ჯიპებისა და ჰალსტუხიანი უცხოელების ფონზე!
ახლა თარჯიმან გოგოს მივაშტერდი, რომ გეთქვა დაჯექიო, ვერ დაჯდებოდა ისეთი ვიწრო შარვალი ეცვა. ვუყურებ და ვფიქრობ: სად იყიდა, სად ნახა, სად შეიკერა ნეტა?! გადახუნებულია თუ ძველი ვერაფრით გავარჩიე. მერე გულოს ნათქვამი გამახსენდა, “ეგენი რეგიონებში რომ გადიან, ჩაცმას ყურადღებას არ აქცევენ, ჰგონიათ რომ იქ მეტი დონე არ არისო”, - რაღაც ამგვარი თქვა ერთხელ, გამასენდა და უფრო მეტად გავმწარდი.
ღობის იქით გორაკზე 2-3 წლის ბავშვები შევნიშნე, ისხდნენ სველ მიწაზე და გვიყურებდნენ. ალბათ გაიგეს, რომ “ამერიკელები იყვნენ სტუმრად”. ერთმა გორაკი ჩამოირბინა, ეზოს შემოსასვლელს მოუახლოვდა, გაშლილ სუფრას წამიერად მოავლო თვალი და თანატოლებს დაუბრუნდა. შია ალბათ, “დამარტყა თავში”. - “ნამცხვარია”, - მომესმა პატარა ბიჭის ხმა და ჩამეწვა, ისე ჩამეწვა რომ...
რომ მოვდიოდი მაიკლა იყო თუ ბრაიანა ხელი ჩამომართვა, “მადლობა, კარგადო” დაგვემშვიდობა. წავა და მოხსენებას დაწერს ალბათ დღევანდელ დღეზე სამუშაოს წარმატებით შესრულების გამო, იქნებ პრემიასაც გამოკრას ხელი. ვფიქრობ, სიბრაზისა თუ სიცივისაგან ერთიანად გალურჯებული მანქანაში ვჯდები და ახალციხეში ვბრუნდები.
“პატრიოტი” რესპონდენტი
გულო კოხოძის დღიურიდან
სტატიის მოსამზადებლად ერთ-ერთი უცხოური ორგანიზაციის თავმჯდომარესთან ვიყავი. გვიყვარს ჩვენი ქვეყანაო, გვინდა აქ დაბრუნებაო. ისე ლაპარაკობდა ყველაფერი ამეწვა და შემრცხვა, - დედაა აბა მე ვარ ქართველი?! ამას როგორ ყვარებია საქართველო-თქო!
ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ქვეყნისთვისო! - აბობოქრდა ჩემი პატრიოტი რესპონდენტი, მაგრამ ერთი სიტყვაც ვერ მითხრა ქართულად, საუბარი რუსულად მიდიოდა.
ვუსმინე, ვუსმინე და წეღანდელმა სირცხვილმაც გადამიარა. დალოცვილო, ასე თუ ღაფავ სულს საქართველოზე და 2003 წლიდან აქ აფუძნებ ამ ორგანიზაციებს, ორი ღერი ქართული მაინც გესწავლა-თქო, კინაღამ მივახალე. მერე უფრო გადავირიე (კი არ გამომიმჟღავნებია, ჩემშივე მოკვდა. ეროვნება “სახლში მქონდა დატოვებული”) ჩემი ქართული გვარი არ ვიციო, რომ მითხრა. არადა მანამდე ამბობდა, ჩემს დიდ პაპას საქართველო სულ ესიზმრებოდაო და ლაპარაკში იმ დალოცვლმა თავის ქართული გვარი რავა არ თქვა ნეტა?
No comments:
Post a Comment