მოდი ახლა და წერე ფეხბურთზე
მიუხედავად იმისა, რომ გაზეთის მე-11 გვერდი კულტურასა და სპორტს ეთმობა, მკითხველები მაინც ხშირად გვსაყვედურობენ - სპორტზე არაფერს წერთო.
ვწერთ, როგორ არ ვწერთ, ვწერთ იმას, რაც ხდება. მაგრამ ბევრი რომ არაფერი ხდება?... ამიტომაცაა ამ გვერდზე კულტურა ხშირად რომ ჭარბობს სპორტს. თუმცა, ამასობაში კულტურაშიც და სპორტშიც ბევრი კურიოზი დაგვიგროვდა.
რუბრიკაზე - კულტურა, სპორტი, თავიდანვე თამუნა უჩიძემ აიღო “მონოპოლია”. მისი ყოველი დილა კულტურის სამსახურის უფროსის იური ზარიძის სატელეფონო ზარით იწყება: “თამუნა, რვა მარტს გილოცავ, მშობიარეებს ვასაჩუქრებთ და გვინდა რომ გააშუქო”, “თამუნა, გამოფენაა ახალგაზრდობის სახლში” “თამუნა, დღეს ფეხბურთის ტურნირია სკოლებს შორის”, “თამუნა, ხვალ ფინალური მატჩია ადგილობრივ ხელისუფლებასა და ასპინძის ქუჩელებს შორის”, და ასე შემდეგ.
თამუნაც მიდის, 90 წუთი მარტო ზის სპორტულ მოედანზე და ვერ ხვდება ვისი ბურთი ვის კარში გადის. მეგობრები უკვე აღარ მიყვებიან, მათ ოვაციებს თამუნას შეკითხვები რომ არ მოჰყვეს: რა მოხდა? ვინ გაიტანა გოლი? ჩვენები რომლები არიან? კუთხური რას ნიშნავს? ანუ წავაგეთ?...
ერთ დღეს ფეხბურთის გასაშუქებლად მე მომიხდა წასვლა. მახსოვს ჩვენი გუნდი თბილისის “ვიტ ჯორჯია 2-ს” ეთამაშებოდა. ვისი ბურთი ვის კარში გადიოდა, მეტ-ნაკლებად ვარჩევდი, კუთხურების, ჯარიმების, აუტებისა და წითელ-ყვითელი ბარათების დათვლა არ დამიწყია, ნიუსი უნდა გამეკეთებინა და ეს არც მჭირდებოდა. ფეხბურთი დამთავრდა, ანგარიში გავიგე, ჩავწერე გვერდზე მჯდომი ერთ-ერთი გულშემატკივარი და სირბილით ჩავირბინე კიბე, მწვრთნელი და ფეხბურთელებიც რომ ჩამეწერა.
მწვრთნელი ჩავწერე და ფოტოაპარატ და დიქტოფონ-მომარჯვებული იმ შენობისკენ გავვარდი, სადაც ფეხბურთელები შევიდნენ. ვიფიქრე ისვენებენ, მეც სადმე დავჯდები და მშვიდად ჩავიწერ რომელიმე ფეხბურთელს-მეთქი.
კარს მივუახლოვდი და უუუუუ! დავინახე როგორ გამოვიდა ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, დუშ-კაბინიდან... თავი ნუდისტურ პლაჟზე მეგონა...
იმ დღეს ფეხბურთზე ნიუსი აღარ გამიკეთებია...
ნინო ნარიმანიშვილი.
მოდელი არ ვარ, ჟურნალისტი ვარ, ჟურნალისტი!
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის, კულტურის, ძეგლთადაცვისა და ახალგაზრდული სამსახურის უფროსი იური ზარიძე ერთ-ერთია ჩვენს ენაწყლიან და მხიარულ რესპონდენტებს შორის. ამიტომ მასთან ვიზიტი არავის და არასოდეს გვეზარება. იმ დღესაც ჩვეული ღიმილით შევაღე მისი კაბინეტის კარი და “შეიძლება-თქო?” – ვიკითხე.
“რაზე შეწუხებულხარ?” - მკითხა იური ზარიძემ და მისვლის მიზეზის ახსნა დავიწყე. ვიდრე მე ვუხსნიდი რა საკითხზე ვიყავი მისული, უცნაურად მათვალიერებდა და თითქოს არ მისმენდა. უცბად, “მაიაო” - გასძახა კარებიდან. ოთახში გოგონა შემოვიდა, “მის საქართველოს” შესარჩევ ეტაპზე ახალციხის სახელით ეს გოგონა ჩაწერე”, - ჩემზე ანიშნა შემოსულს.
მოულოდნელობისგან “ენა ჩამივარდა”. აზრზე მაშინ მოვედი, ანკეტის შევსების დროს “მაიამ” სახელი და გვარი რომ მკითხა.
- მე კომენტარისთვის ვარ მოსული, ბატონო იური! – შევახსენე და დიქტოფონი მოვიმარჯვე.
- რა კომენტარი, მოიცა კაცო, შენ ახალციხის სახელით მიიღებ მონაწილეობას, გადაწყვეტილია! - მითხრა გადაჭრით.
- მოდელი არ ვარ, ჟურნალისტი ვარ, ჟურნალისტი! – დიქტოფონს ხელი დავავლე და კაბინეტიდან გამოვვარდი.
ახალციხელი გოგონები საკმაოდ ჩაკეტილები აღმოჩნდნენ. კონკურსში მონაწილეობის მსურველი მხოლოდ ერთი გოგონა აღმოჩნდა, რომელმაც ავტომატურად მოირგო “მის ახალციხის” ტიტული.
ნათია ნებიერიძე.
No comments:
Post a Comment