საქართველომ ევროსაბჭოში გაწევრიანებისას მაჰმადიანი მესხების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების ვალდებულება აიღო. პროცესი 2012 წლისთვის უნდა დასრულდეს. გზა გადსახლებიდან დღემდე.
მაჰმადიანი მესხი მამუკა ხუციშვილი 1997 წლიდან ოჯახთან ერთად ახალციხეში ცხოვრობს. როგორც ამბობს, ვიდრე საბოლოოდ დამკვიდრდებოდა, საკმაოდ რთული გზა განვლო.
მისი წინაპრებიც იმ 92 ათას მაჰმადიან მესხს შორის იყვნენ, XX საუკუნის 40-იან წლებში რომ გაასახლეს; მათაც რამდენჯერმე გამოიცვალეს საცხოვრებელი ადგილი; ყველგან უცხოდ მიიჩნევდნენ და ყოველი ახალი თაობის პირადობის მოწმობაში ახალი ეროვნება იწერებოდა; არ იცოდნენ ვინ იყვნენ და სად იყო მათი ადგილი; რა იყო მთავარი ფასეულობები, ვინ იყო მათი გმირი და ვისთვის უნდა ეცათ თაყვანი...
ყველაფერი კი ასე დაიწყო: 1944 წლის 14 ნოემბრის ღამეს უშიშროების სამსახურმა 92 ათასზე მეტი ადამიანი სატვირთო მატარებელში “შერეკა” და გზას გაუყენა. სტალინის ბრძანებით საბჭოთა საქართველოს საზღვრისპირა ზოლიდან, - ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის და ბოგდანოვკის რაიონების 220 სოფლიდან, მაჰმადიანი მესხები, ლაზებთან, ინგუშებთან, ჩეჩნებთან და კავკასიის მაჰმადიანური აღმსარებლობის სხვა ხალხებთან ერთად, როგორც “საეჭვო ხალხი” “პროთურქულ ორიენტაციასთან” მიმართებაში, შუა აზიის ქვეყნებში გადაასახლეს.
ამჟამად, დსთ-ს ქვეყნებსა და თურქეთში დაახლოებით 400-450 ათასი მაჰმადიანი მესხი ცხოვრობს. სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო. სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში 700 რეპატრიანტი ცხოვრობს. მათ შორის 30 ოჯახი სამცხე-ჯავახეთში.
მამუკა ხუციშვილი (მახამად სულეიმანოვი) მეუღლესა და ორ შვილთან ერთად საქართველოში 1997 წელს დაბრუნდა. ვიდრე სამშობლოში დაბრუნდებოდა, საცხოვრებელი ადგილი რამდენჯერმე გამოიცვალა. დაიბადა შუა აზიაში, სადაც მისი წინაპრები გადაასახლეს, შემდეგ რუსეთში, პეტერბურგში დაიწყო მუშაობა.
“რუსეთში მუშაობის დროს მშობლები ჩემთან ჩამოვიდნენ. მერე სტავროპოლის მხარეში გადამიყვანეს სამსახურიდან და ისინი ყაბარდოში გადავიდნენ. შემდეგ ჩეჩნეთში გადამიყვანეს”, - გვიამბობს მამუკა ხუციშვილი.
სტავროპოლში მუშაობისას დაქორწინდა. მეუღლეც საქართველოდან გადასახლებული მაჰმადიანი მესხია. მამუკა ხუციშვილი იხსენებს, რომ მთელი ცხოვრება სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობდა: “რთულია როცა არ იცი ვინ ჩათვალო გმირად, როცა არ გყავს მწერალი, მეფე... ჩვენ ყველაფერი წაგვართვეს, ფასეულობები, ისტორია. მუდმივად გვეუბნებოდნენ, რომ მაჰმადიანი ქართველები ვიყავით, ზოგი თურქებს გვეძახდა”. …
მისი თქმით, იყო მცდელობა შუა აზიაში შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა გაეხსნათ, თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ უფლება არ მისცათ: “საბჭოთა სისტემა და პოლიტიკა ყოველთვის ცდილობდა ქართული სახელმწიფოსგან დავეშორებინეთ”. გადაწყვეტილება სამშობლოში დაბრუნებაზე, სწორედ ამ ფაქტორებმა მიაღებინა: “ჩვენ დაკარგული თაობა ვართ, არ მინდოდა შვილებიც ასე გაზრდილიყვნენ”.
მამუკა ხუციშვილს ქალაქში უკვე კარგად იცნობენ. თუმცა იხსენებს, რომ ადაპტაცია და თავის დამკვიდრება საკმაოდ გაუჭირდათ: “მაშინ მაჰმადიანი მესხების შესახებ ცუდი წარმოდგენა ჰქონდათ. საზოგადოებასთან ურთიერთობა არ გვქონდა, პრესაში კი ცუდი იწერებოდა. ხალხი აგრესიულად იყო განწყობილი, ვინც მესხებს დაიცავდა, მტრად ითვლებოდა. არ იყო არანაირი ორგანიზაცია, რომელიც დახმარებას გაგვიწევდა. მხოლოდ მერაბ ბერიძისგან ვგრძნობდი მხარდაჭერას”.
როგორც ამბობს, განსაკუთრებით იდენტობის დამადასტურებელი საბუთების აღდგენა გაუჭირდათ: “თითოეულ ადამიანი 200-300 დოლარი დაგვიჯდა, მთავრობა არ დაინტერესებულა, ყველა საკითხი თავად მოვაგვარეთ, სასამართლოშიც მოგვიხდა სიარული”. ვიდრე მშობლიური გვარსა და ეროვნებას დაიბრუნებდა, პირადობის მოწმობაში სახელი და გვარი მახამად სულეიმანოვი ეწერა, ეროვნება კი თურქი.
“პაპაჩემის პირადობის მოწმობაში ეროვნება ქართველი ეწერა, მამაჩემთან - აზერბაიჯანელი, მე კი თურქი ჩამიწერეს, რადგან შუა აზიაში დავიბადე. ეს მაშინდელი პოლიტიკა იყო, სპეციალურად ხდებოდა”, - ამბობს იგი.
მესამე შვილი მამუკა ხუციშვილს ახალციხეში შეეძინა. მისი 14, 13 და 9 წლის შვილები ქართულ სკოლაში დადიან და ასოციაცია “ტოლერანტთან” არსებულ მესხ რეპატრიანტ ბავშვთა ანსამბლ “ფესვებში” მღერიან.
1999 წელს საქართველომ ევროსაბჭოში გაწევრიანებისას მესხების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების ვალდებულება აიღო. პროცესი 2012 წლისთვის უნდა დასრულდეს. “XX საუკუნის 40-იან წლებში ყოფილი საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ” კანონის თანახმად, დაბრუნების მსურველებმა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და საქართველოს უახლოეს საკონსულოებში 2009 წლის 1 იანვრამდე განაცხადები უნდა შეიტანონ.
მაჰმადიანი მესხების საკითხისადმი ამგვარ მიდგომას მამუკა ხუციშვილი არასწორად მიიჩნევს: “ვინმემ კი არ უნდა ჩაგვასახლოს, ხალხმა უნდა მიგვიღოს, თუ არა და, ისევ უცხოები აღმოვჩნდებით. ამიტომ, საჭიროა აქტიური მუშაობა ხალხთან, უნდა იმართებოდეს დებატები”.
მისი თქმით, ვიდრე დაბრუნებაზე დაიწყებენ საუბარს, ადგილზე მათი ეკონომიკური შესაძლებლობები და პერსპექტივები უნდა გამოიკვლიონ: “მესხების საკითხი მხოლოდ პოლიტიკურად არ უნდა გადაწყდეს. უნდა განიხილონ პოლიტოლოგებთან და ეკონომისტებთან ერთად. ნაწილი, ვისაც ბიზნესი აქვს, შეიძლება არ დააბრუნო, უბრალოდ დაეხმარო რომ შენი ქვეყნის სახელით აწარმოოს თავისი საქმე”.
მამუკა ხუციშვილის მოსაზრებას ეთანხმება ასოციაცია “ტოლერანტის” თავმჯდომარე ცირა მესხიშვილიც: “კანონი თავისთავად წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მეორეა, როგორ ხდება მისი შესრულება. დეპორტირებულებს არ აქვთ ინფორმაცია ამ კანონის შესახებ. მათ უამრავი საბუთი სჭირდებათ, რაც დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული”.
გარდა ამისა, იგი მიიჩნევს, რომ დაბრუნების მსურველ მაჰმადიან მესხებთან სპეციალური მუშაობაა საჭირო: “ისინი არ იცნობენ დღევანდელ საზოგადოებას. მათი ილუზიები 1944 წელშია გაჩერებული. უნდა მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია, რომ ეს არ არის აღთქმული ქვეყანა, რაზეც ისინი ოცნებობდნენ წლების განმავლობაში. მესმის, რომ აქვთ სამშობლოს ნოსტალგია, მაგრამ არის მწარე რეალობა, რასაც ისინი აუცილებლად შეხვდებიან დაბრუნების შემდეგ. ამაში პრიორიტეტი სახელმწიფოს ეკუთვნის”.
იმის გარკვევამდე, რამდენს სურს სამშობლოში დაბრუნება სულ ცოტა დრო რჩება. თუმცა, როგორც ცირა მესხიშვილი ამბობს, სურვილიდან ასრულებამდე მათ საკმაოდ რთულო გზის გავლა მოუწევთ. ასე რომ, რეალურად რამდენი ოჯახი დაბრუნდება სამშობლოში, ამის გარკვევას ალბათ კიდევ დიდი დრო დასჭირდება.
No comments:
Post a Comment