სტიქიამ ახალციხესაც შეუტია

ძლიერმა ქარმა, წვიმამ და სეტყვამ ურაველის თემის გაერთიანების სოფლები – ურაველი, მუსხი და წყორძა საგრძნობლად დააზარალა. 

მოულოდნელი ძლიერი ქარი, წვიმა და სეტყვა აღნიშნულ სოფლებს 14 ივნისს დაატყდა თავს. დაზიანდა სოფლებამდე მისასვლელი და შიდა გზები; წაიქცა ელექტროგადამცემი სვეტები, რის გამოც სოფლებს დენის მიწოდება შეუწყდა; წვიმისაგან მოვარდნილმა ნიაღვრებმა დატბორა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, სარდაფები და წალეკა ნათესები; განსაკუთრებით სოფელი წყორძა დაზიანდა, სადაც ძლიერ წვიმას სეტყვაც მოჰყვა. ადიდებულმა ურავლის წყალმა დაანგრია ხეობაში მდებარე ფაცხები და გაანადგურა სამი მეწარმის საკალმახე მეურნეობა.

ურაველში მცხოვრებნი ამბობენ, რომ ზარალი დიდია. სოფელი, სადაც ძირითადად მიწათმოქმედებით ირჩენენ თავს, შესაძლოა მოსავლის გარეშე დარჩეს. წალეკილი და დატბორილი სიმინდის, კარტოფილისა და ლობიოს ნათესებიდან, ადგილობრივების თქმით, მხოლოდ სიმინდი გადარჩება.

“ყანები მდინარის პირზე გვაქვს. კარტოფილი ამოთხრილია მიწიდან, წყალმა წაიღო. იმხელა ხარჯი გვაქვს ამ ნათესებზე გაწეული, ყველაფერი განადგურდა”, - ამბობს სოფელ ურაველში მცხოვრები 60 წლის გოდერძი კაპანაძე.

ძლიერმა ქარმა ხეხილის ბაღეებიც დააზიანა. “ქარმა და სეტყვამ ხილი ძირზე ჩამოყარა. მოსავლის გარეშე დავრჩით”, - გვეუბნება ამავე სოფელში მცხოვრები 48 წლის ზურაბ ჯაოშვილი.

58 წლის გივი მოდებაძე იმედოვნებს, რომ დატბორილი ნათესები გამოშრება და მოსავლის ნაწილი გადარჩება: “სიმინდს არაფერი უშავს, კარტოფილის ის ნათესებიც გადარჩა, რომელიც გვიან დაითესა, ვფიქრობ ლობიოც გამოდგება”.

60 წლის ლუიზა ხაჭაპურიძე იხსენებს, რომ ასეთი უამინდობა დაახლოებით 10 წლის წინ იყო. მისი თქმით, წელს სოფლის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სხელმწიფოსგან სესხად ბარდის თესლი მიიღო. წვიმებმა ნათესი გაანადგურა და შესაბამისად, სესხის დაბრუნება გაუჭირდებათ: “ჩვენ დაახლოებით 7 კილოგრამი ავიღეთ, შემოდგომით უნდა დაგვებრუნებინა. მაგრამ არიან ხალხი, ვინც უფრო ბევრი აიღო. ნათესები ან წყალმა წალეკა, ან სეტყვამ გაანადგურა”.

ურაველი ფერდობზე შეფენილი სოფელია. ფერდობებიდან წამოსული ნიაღვრები ადგილობრივების სახლებშიც შევიდა. განსაკუთრებით სოფლის განაპირას მცხოვრები კაპანაძეების ექვსსულიანი ოჯახი დაზიანდა. ქარმა და ნიაღვარმა სახლის ეზოში, ფერდობის ძირში მდგარი ფარდული დაანგრია. შედეგად, სათავსოში არსებული ქილები და სხვა მინის ჭურჭელი დაიმსხვრა. დაზიანდა ის ოჯახებიც, რომლებიც ღელესთან ახლოს ცხოვრობენ.

ურაველში ამბობენ, რომ გაცილებით უარესი მდგომარეობაა სოფლებში მუსხსა და წყორძაში, რადგან იქ გაცილებით მეტ ხანს გაგრძელდა სეტყვა. დაზიანებულია სარწყავი არხი სოფელ ჭაჭარაქში.

ახალციხის მუნიციალიტეტის გამგებლის დავით ათუნაშვილის განმარტებით, გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას ითვლის: “პრაქტიკულად შეიძლება ვთქვათ, რომ ურაველი გადარჩა. გაცილებით უარესი მდგომარეობაა მუსხსა და წყორძაში”.

რაიმე ტიპის ფინანსურ დახმარებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. გამგებელი ამბობს, რომ შეძლებისდაგვარად, სამშენებლო მასალებით დაეხმარებიან იმ ოჯახებს, ვისაც სახლი ან პირუტყვის სადგომი დაუზიანდა: “კრამიტი იქნება თუ ცემენტი, მაქსიმალურად ვეცდებით მოსახლეობას დავეხმაროთ. გააჩნია ზარალს, პრაქტიკულად, ბევრი არ უნდა იყოს. მთავარი იყო სეტყვისგან მიყენებული ზიანი, ეს არის ძალიან დიდი ფართობი წყორძაში და ამ თანხის გადახდა ძალიან რთულია”.

ადიდებულმა წყალმა ურავლის ხეობაში მდებარე საკალმახეებიდან თევზი გაიტაცა.

“კერძო ბიზნესმენებს, რომელთაც საკალმახეები ჰქონდა გაკეთებული, ვეუბნებოდით, რომ დაზღვევა გაეკეთებინათ. თუმცა ჯერ არცერთი არ არის დაზღვეული. დაახლოებით სამ-სამი ტონა თევზი წაიღო თითო საკალმახედან. ზარალი დიდია”, - ამბობს გამგებელი.


უამინდობა გახშირდა, უხვი ნალექი, ჭექა და ზოგ ადგილებში სეტყვა რამდენიმე კვირაა გრძელდება. სტიქიამ სხვადასხვა დროს საქართველოს თითქმის ყველა
რეგიონს შეუტია. ეკონომიკური კრიზისის ფონზე მოსახლეობა მოუსავლიან შემოდგომას ელოდება. “რაც დავთესეთ, იმასაც ვეღარ ავიღებთ. სტიქიისგან დაცულები არ ვართ”, - ამბობენ გლეხები.

ამ დროისათვის სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმენდილია, აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდებაც. ზარალის ოდენობას ითვლიან, თუმცა გამგებლის საუბრიდან ირკვევა, რომ დაკარგული მოსავლის ფასს გლეხებს ვერ აუნაზღაურებენ.

2007 წელს საქართველოს ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის დარგების დაზღვევის ინიციატივა წამოაყენა. მთავრობის გეგმის შესწავლა პარლამენტის აგრარულმა კომიტეტმა დაიწყო. თუმცა ამ კუთხით ჯერ ძვრები არ შეინიშნება. აგრარულ სექტორს არცერთი სადაზღვევო კომაპანია არ აზღვევს და როგორც კომპანიებში აცხადებენ, ამ საკითხზე მსჯელობაც არ მიმდინარეობს.

“არ არის გამორიცხული და დიდი ალბათობაცაა, რომ წელს სტიქიური უბედურებებისგან მიყენებული ზარალი საკმაოდ გაიზარდოს. მას მარტივი ახსნა აქვს, რადგან იზრდება ზეწოლა გარემოზე, რასაც მსოფლიო გლობალური ცვლილებებიც ემატება”, - აცხადებს “მწვანე ალტერნატივას” პროგრამა ბიომრავალფეროვნების კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი.

ქართველი სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ნალექიანი ამინდი თვის ბოლომდე გაგრძელდება.

No comments: