- ერთი მოლარეა მხოლოდ! ახლა ესეც შესვენებაზე გავა, მერე პროგრამა გაჭედავს, მერე სამუშაო საათები დამთავრდება და, ამათი... - საუბარს აღარ ამთავრებს ხანდაზმული მამაკაცი.
- აწყობთ ბატონო! ხვალ უკვე პროცენტები დაგვერიცხება. სპეციალურად აკეთებენ, – ამატებს უკან მდგომი ქალბატონი.
- ამათ რა ენაღვლებათ! ხელფასი აქვთ, თბილად ზიან და არც კრედიტი აქვთ დასაფარი, - ლაპარაკში ერთვება მეორე სალაროსთან მდგომი ქალბატონი.
- ბოლო ვინ არის? - ამაოდ ცდილობს რომელიმე სალაროსთან ადგილის პოვნას ახალგაზრდა.
- ყველანი ბოლო ვართ გენაცვალე. ამათ ხომ ვერასოდეს ნახავ ადგილზე. ერთ ადამიანს ერთი საათი აჩერებენ. ყველას რომ იღებენ სამსახურში, ამის ბრალია, – გაცხარებას ვეღარ მალავს შუახნის ქალბატონი და თან მალ-მალე საათზე იხედება. ტალახიან ფეხსაცმელზე ემჩნევა, რომ რომელიღაც სოფლიდანაა ჩამოსული.
შენობის პირველ სართულზე ოთხი სალაროა, მაგრამ ყველა მოლარე არასდროს არაა ადგილზე. როდის იწყება და როდის მთავრდება შესვენების საათები, ვერ გაარკვევ... ყველა სალაროსთან რიგია. ახალგაზრდები, ხანდაზმულები თუ შუახანს მიტანებუელები ერთნაირი, გადაქანცული სახეებით დგანან. სესხის დასაფარ თანხას გულმოდგინედ ითვლიან და ყველა ჯიბეს ამოწმებენ, სადმე ხურდა ხომ არ ჩარჩათ, თანხა ბოლომდე რომ შეაკოწიწონ. მოლარეები კი ყინულის დედოფლებივით, ნერვის შეუტოკებლად, გულისგამაწვრილებლად ნელა მუშაობენ. მონაცემები ისე შეჰყავთ კომპიუტერში, იფიქრებ კლავიატურაზე საღებავის გადაცლას ერიდებიანო.
- მომიწერეთ ხელი თუ შეიძლება! – ცარიელ ფურცელს აცურებს მინის ქვეშ მოლარე.
-სად მოვაწერო ქალბატონო, რა არის ეს! ცარიელი ფურცელი! – გაოცებულია კლიენტი.
- კარტრიჯი გაგვითავდა და.. მოაწერე ან აქ, ან აქ, არა არა, მოიცა, ცოტა ქვევით, - სავარაუდო ხელისმოსაწერ ადგილს ეძებს ცარიელ ფურცელზე მინაზე ცხვირმოჭერილი მოლარე.
- კარტრიჯი რომ გაგითავდება და ფული გამოილევა ბანკომატში, უნდა მიაწერო ბანკს რომ გაკოტრდა! – გაღიზიანებას ვეღარ მალავს კლიენტი.
ე.წ ვენტილიატორი, სკამი და ადგილი არცერთ ბანკში არ არის. უჰაერობისგან შეიძლება გული წაგივიდეს, მაგრამ ძირს დაცემის საშიშროება არ არის. ბევრი-ბევრი წინ ან გვერდზე მდგომს უღონოდ მიესვენო ან მხარზე ჩამოადო თავი. ისიც უკეთეს შემთხვევაში ნერვებდაწყვეტილი იკივლებს, თავი შეიკავეთ თუ შეიძლებაო, უარესში კი პანიკას ატეხს, ფულის ამოცლას მიპირებდაო.
ამ დროს რულმომდგარი დაცვის თანამშრომელი გამოფხიზლდება, ბოლო ყლუპ ყავას მოსვავს, მანდარინის ბოლო მარცვალს პირისკენ წაიღებს, სერიალის ბოლო სცენასაც ყურადღებით დააკვირდება და ისეთი უკმაყოფილო სახით გადმოგხედავს, თითქოს შენს ნაცვლად დგას დაუსრულებელ რიგში და შენს კრედიტს იხდის. ბანკში ვინმე მოკლე კაბიანი თუა, თავიდან ბოლომდე აათვალიერებს და მერე კარებში უტიფრად ჩადგება, ახალი კლიენტი რომ აღარ შეუშვას ისედაც “გადაძეძგილ” ბანკში.
კლიენტი კი ჯიუტად ცდილობს შესვლას - არ შეიძლება! – კარს არ აღებს “ბანკის დამცველი”, - სად მიბრძანდები ქალბატონო?
-აუზზე! – პასუხობს ქალბატონი, დამცველის დაბნეულობით სარგებლობს და შენობაში მაინც შედის.
ამასობაში სამუშაო საათები მთავრდება და დაუსრულებელი რიგები ბანკომატთან იჭიმება. სხვისი ბარათის მონაცემები და კოდი რომ არ უნდა წაიკითხო, ეს ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა ხალხმა. ამიტომ ბანკომატთან ისე დგანან, იფიქრებ, ეს ამდენი ადამიანი იმ ერთს მოჰყოლია, ეს–ესაა კოდი რომ აკრიფა მონიტორზეო.
ერთ-ორმა შეიძლება ფული აიღოს, მერე ამ “მანქანაშიც” გათავდება თანხა და მოქალაქეები ბუზღუნითა და უკმაყოფილო სახეებით დაიშლებიან.
- ამას ჰქვია ცხოვრება? ძლივს დაგერიცხება ხელფასი და ისიც ვერ აგიღია. ბანკომატია თუ ღარიბის ყულაბა? - საკრედიტო ბარათს ჯიბეში იდებენ და ცდილობენ, საძულველ ადგილს მალე გაშორდნენ. ადგილი კი მართლაც საძულველია. ძლივს დარიცხული ხელფასის ნახევარს თავად ბანკი იტოვებს სესხის სანაცვლოდ, შეიძლება ბანკომატთან მისულს უკან მევალეc ამოგიდგეს და ფქვილის ვალი როდის უნდა დამიბრუნოო, სახალხოდ გამოგიცხადოს. ბანკომატი ცარიელი თუ აღმოჩნდა, ეს ხომ “საბოლოო დაგვირგვინებაა შესაშური ცხოვრების”. . .
მომსახურების სფეროში ჯერ კიდევ ბევრი რამ რომ გვაქვს დასახვეწი, ცხადია. მთელი ცხოვრება პურის, ნავთის, ბენზინის, პროდუქტებისა და ბოლოს და ბოლოს ყოველ გაზაფხულზე არჩევნების რიგში მდგომებმა, რიგში დგომა რომ ვერ ვისწავლეთ, ესეც ცხადია.
არადა, როგორც ჩანს ეს რიგები არც მომავალში აგვცდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღითიდღე იზრდება უმუშევართა რიგები. და თანაც, ისევ არჩევნებზე ლაპარაკობენ . . .
ასეთ სურათებსა და დიალოგებს სამსახურში მიმავალი ყველდღე ვაწყდები. სამსახურისა თუ პირადი საქმეების გამო ბანკშიც თითქმის ყოველდღე მიწევს შესვლა. ვუყურებ მუდამ ერთსა და იმავე სურთებს და ვხვდები, რატომ მომენტრა გაღიმებული ადამიანების დანახვა ქუჩაში...
- ბავშვის გაჩენაზე 1000 ლარებს დაჰპირდნენ ხალხს, დააორსულებინეს ქალები და ფულების გაცემა შეწყვიტეს, – მესმის განერვიულებული ხმა მაღაზიაში შესულს.
ქუჩაში გამოსული იმ ქალის სიტყვებს ვაანალიზებ და უცნაური განცდა მეუფლება. “დაორსულებინეს ქალები” - ჩამესმის მკივანა ხმა და მეღიმება. უცნაურია, ამ ქვეყანაში შვილის გაჩენაც თითქოს ანგარებითი რომ გამხდარა. ვიცი, ახლა რომ მივიდე იმ ქალთან და ვუთხრა ჟურნალისტი ვარ-თქო, აღარაფერს იყვის. აქეთ დამდებს ბრალს, პროვოკატორი ხარ და რაღაცას მაბრალებო...
სამსახურისკენ ვაგრძელებ გზას...
- რა ხალხიცაა, ისაა მთავრობაც! – როგორც ჩანს რაღაცაზე გაცხარებით კამათობდნენ ფოსტის წინ მჯდომი მოხუცები.
“რა ხალხიცაა, ისაა მთავრობაც” - გონებაში მოხუცის ფრაზას ვიმეორებ და ვხვდები, ყველა იმ კითხვის პასუხი ვიპოვე, დილიდან რომ მაწუხებდა.
05.03.09
ახალციხე, სახლი.
02:07სთ.
No comments:
Post a Comment