ორი უწყება და არცერთი პასუხი


ექვსი თვეა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანში მცხოვრები შაქრო თავაძე ავარიული სახლის შესაკეთებლად სამასალე მერქანს ითხოვს. მისი განცხადება ინსტანციიდან-ინსტანციაში გადადის, პასუხი კი დღემდე ვერ მიიღო.  

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანში მცხოვრები ცხრა შვილის მამა, 68 წლის შაქრო თავაძე, სამხარეო ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებს. განცხადებაზე პასუხს უკვე აღარ ითხოვს, რადგან როგორც ამბობს, ლოდინისა და სიარულისგან დაიღალა. იგი ამბობს, რომ საქართველოს პრესიდენტს წერილს მისწერს, მდგომარეობას აუხსნის და სთხოვს, რომ სამხარეო ადმინისტრაციას მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაავალოს.


ყველაფერი კი ავარიული სახლის შესაკეთებლად საჭირო სამასალე მერქნის მოთხოვნით დაიწყო.

სახლი, რომელშიც თავაძეების ოჯახი ცხოვრობს სოფლის შესასვლელში დგას. პატარა შენობა სიმწვანეშია ჩაფლული, უკან კარგად მოვლილი ბაღი მოსჩანს, მაგრამ თავად სახლს ერთი შეხედვით ეტყობა, რომ დიდი ხანია მზრუნველის ხელი არ შეხებია.

ეზოში რამდენიმე სათავსოა, თუმცა სათავსო რომ იყო, მასპინძელმა აგვიხსნა. შენობებს არც სახურავი აქვს, არც იატაკი და არც კარები. ასევე ძნელი მისახვედრია, რომ სახლის გვერდზე მდგარი პატარა, “ფარღალალა” ფიცრული, საქონლის სადგომია. თავაძის განმარტებით, რამდენიმე წლის წინ ხანძარი გაუჩნდათ და მას შემდეგ პირუტყვს ფიცრულში აბინავებენ.

“ზაფხულში პრობლემა არაა. ზამთარში კი შეიძლება საქონელი დაიხოცოს სიცივით, ამიტომ შიგნიდან ნაკელით ვლესავთ”, - გვიხსნის შაქრო თავაძე.

სახარბიელო მდგომარეობა არც სახლშია, კიბე და აივანი მორყეულია, ოთახების კედლები და ჭერი წვიმისგანაა აჭრელებული. სახლს მეორე აივანიც აქვს, უკანა, ბაღის მხარეს, თუმცა აივანი პირობითად, - პატარა სადგომიდან ბაღში კიბის ნაცვლად თხელი ფიცრით ჩადიხარ, რომელიც შესაძლოა ფეხქვეშ ჩაგიტყდეს.

თავაძეებმა სახლი 1969 წელს ააშენეს და როგორც ამბობენ, მას შემდეგ არ შეუკეთებიათ.

“სახურავი მწყობრიდანაა გამოსული. კოჭები დამპალია, ჭერი ხომ დამპალია და დამპალი, კაპიტალური რემონტი უნდა”, - ამბობს მასპინძელი.

თავაძეებს მეორე სახლიც აქვთ, რომელსაც არც ჭერი აქვს და არც იატაკი. მასალა ამ სახლისთვისაც სჭირდებათ.

სახლების შესაკეთებლად საჭირო მასალის მოთხოვნით შაქრო თავაძემ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზურაბ ჩილინგარაშვილს ჯერ კიდევ ზამთარში მიმართა: “რაიონის გამგეობას ვთხოვე, რომ მიჭირს და გთხოვთ შუამდგომლობა მომცეთ თბილისში, რომ ფონდი დაუშვან-მეთქი. 50-60 კუბური მეტრი მასალა მჭირდება. ზურაბ ჩილინგარაშვილმა მიპასუხა, რომ გუბერნიას მივწერთ და ისინი გაგიწევენ შუამდგომლობას თბილისთანო”.

პასუხის გასაგებად შაქრო თავაძემ სამხარეო ადმინისტრაციას მიმართა. იგი ირწმუნება, რომ პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილესთან პაპუნა ხაჩიძესთან შეხვედრა რამდენჯერმე სცადა, თუმცა მასთან საუბარი მხოლოდ მესამე მცდელობაზე შეძლო, ,,შენი განცხადება გადავაგზავნე ახალციხის გამგეობაშიო. ვუთხარი, მაგ განცხადების აზრზე არა ხარ, ეს განცხადება თბილისში უნდა გაგეგზავნათ-მეთქი. მე აზრზე არ ვარ და შენ ხარ აზრზეო და დამიწყო ლანძღვა–გინება”.

პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილის განმარტებით, შაქრო თავაძეს ორი სხვადასხვა განცხადება აქვს. ერთით ახალციხეში მიწის ნაკვეთს, მეორეთი კი სახლისთვის ხის მასალას ითხოვს. სამასალე მერქნის გამოყოფა არსებული კანონმდებლობით არ შეიძლება, მეორე განცხადება კი, რომელშიც მიწის ნაკვეთზეა საუბარი, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაშია გადაგზავნილი. ინციდენტს კი ასე იხსენებს: ,,მოსაცდელში ბევრი ადამიანი იყო. მდივანმა მითხრა, რომ მიწის თაობაზე დაწერილი განცხადების ავტორი მელოდებოდა. ვუთხარი პასუხზე გამგეობისთვის მიემართა, მაგრამ მაინც უნდოდა შემოსვლა. გავედი და ვეუბნები – ბატონო, თქვენი წერილი გამგებელთან არის, და დაიწყო: აზრზე არ ხართ რას ლაპარაკობთ და უტვინო ხართო. დავუძახე დაცვას და ვუთხარი: ასეთი ადამიანების შემოშვება აქ არ შეიძლება-მეთქი, რაც შეურაცხყოფად მიიღო”.

ინციდენტი წლის დასაწყისში მოხდა.

როგორც კანცელარიაში გავარკვიეთ, სამხარეო ადმინისტრაციაში შაქრო თავაძის მართლაც ორი სხვადასხვა განცხადებაა შესული. ერთი ახალციხეში, მდინარის ნაპირას არსებულ 100 კვადრატულ მეტრ ფართს ეხება.

შაქრო თავაძის განმარტებით, აღნიშნულ ფართზე, რომელსაც 2000 წლიდან იჯარით ფლობდა, სავაჭრო ჯიხური ჰქონდა. რომელიც წლებია დაკეტილია. წერილში ითხოვს პირდაპირი წესით გადაეცეს ეს ფართი, რათა ჯიხური აამუშავოს. დოკუმენტი გაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან და ხელს აწერს შაქრო თავაძის მეუღლე ლიანა თავაძე.

2008 წლის 16 იანვარს სამხარეო ადმინისტრაციაში შესულია წერილი პრეზიდენტის კანცელარიიდან, სადაც მითითებულია, რომ შეისწავლონ თავაძის საქმე.

მეორე წერილი, სამასალე მერქნის გამოყოფის თაობაზე, სამხარეო ადმინისტრაციაში შესულია 2008 წლის 8 თებერვალს, მისი კანცელარიაში რეგისტრაციის ნომერია 92 - ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა შუამდგომლობით მიმართავს გუბერნიას.

“გთხოვთ, გაითვალისწინოთ ლ. თავაძის მდგომარეობა და უშუამდგომლოთ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში სამასალე მერქნის გამოყოფის თაობაზე”, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც კანცელარიაში განგვიმარტეს, განცხადება დაეწერა პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილეს პაპუნა ხაჩიძეს. განცხადების პასუხი გაგზავნილია 26 თებერვალს - ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზურაბ ჩილინგარაშვილს:
“2008 წლის 4 თებერვლის ¹92 განცხადებასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სამასალე მერქნის გამოყოფა არ შედის ადმინისტრაციული ორგანოების (სამინისტროს) კომპეტენციაში”.

პასუხი მომზადებულია სამხარეო ადმინისტრაციის იურისტის სერგო ფარეიშვილის მიერ.

იურისტი ლალი ბერიძე განმარტავს, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წერილი არასწორ მისამართზე გაგზავნა, რადგან ამ შემთხვევაში ვერც გუბერნია გადაწყვეტდა საკითხს. ამიტომ, გამგეობას წერილი შესაბამის უწყებაში უნდა გადაემისამართებინა. თუმცა, დასძენს, რომ სამხარეო ადმინისტრაციის პასუხიც ზოგადი და არასრულყოფილია: “სამხარეო ადმინისტრაციას უნდა მიეთითებინა კონკრეტულად ვისთვის, რომელი უწყებისთვის მიემართა მოქალაქეს მასალის გამოყოფის თხოვნით. უნდა ეჩვენებინა გზა, როგორ მოქცეულიყვნენ”.

პასუხის მოლოდინში დრო გადის, შაქრო და ლიანა თავაძეებს მოახლოებული შემოდგომა აშინებთ, სახლშიც ისევე წვიმს, როგორც გარეთ.

ცხრა შვილიდან რვა დაოჯახებულია. მშობლებთან ერთი ვაჟი ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მუშაობა არ შეუძლია. უმცროსი ვაჟი ჯარშია, საკონტრაქტო სამსახურში. სოფელში იშვიათად, შვებულებების დროს ჩამოდის. თავად შაქრო თავაძეს სიმსივნე აქვს, მეორე ჯგუფის ინვალიდია. ჯანმრთელობის მდგომარეობას მისი მეუღლეც უჩივის. ამბობს, რომ შვიდი ვაჟის დედას წუწუნი ეთაკილება, თუმცა არსებული ვითარება აიძულებს. თავაძეების ერთადერთი იმედი უმცროსი ვაჟია.

თუმცა, არსებობს მეორე იმედიც...…

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სატყეო სამმართველოს უფროსი მალხაზ გიქოშვილი განმარტავს, რომ ერთადერთი გამოსავალია მოქალაქემ ტყის ლიცენზიანტს მიმართოს და მასალა იყიდოს. თუმცა, მზადდება კანონპროექტი, რომლის თანახმად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს მასალის გარკვეული რაოდენობა უსასყიდლოდ გადაეცემათ.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 აპრილის ¹81-ე დადგენილებით, ხე-ტყის დამზადების ერთწლიანი ლიცენზიების მფლობელებს 2008 წლის 1 ნოემბრამდე აუთვისებელი რესურსის დამზადების უფლება მიენიჭათ. ამავე დროს, ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე მათ მიერ დასამზადებელი რესურსიდან სამასალე მერქნის 25 პროცენტი, სოციალურად დაუცველი ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადასცენ.

მალხაზ გიქოშვილის განმარტებით ეს პროცესი ასპინძაში უკვე დაწყებულია. 1 აგვისტომდე მთელს რეგიონში უნდა დამთავრდეს: “სოციალურად დაუცველ ოჯახებს უსასყიდლოდ გადასცემენ დაახლოებით 5 კუბურ მეტრ სამასალე მერქანს. მიმართოს ამ მოქალაქემ ადიგენის გამგეობას, შედგება კომისია, შეისწავლიან მდგომარეობას და გამოუყოფენ გარკვეული ოდენობის მასალას”.

მისივე თქმით, რადგან თავაძეს ორი სახლი აქვს შესაკეთებელი, შესაბამისად ალბათ ორ კომლად იქნება ჩაწერილი, 50 კუბური მეტრი მერქანი ძალიან ბევრია, თუმცა ალბათ იმ ოდენობის მასლას მისცემენ, რაც ორ ოჯახს ეკუთვნის. შესაძლოა გამონაკლისიც დაიშვას, ამას მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს.

შაქრო თავაძე კი უკვე მასალას აღარ ითხოვს. “თუ დამჭირდა, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და პრეზიდენტთან მაინც მივალო”, - ამბობს იგი. პრეზიდენტთან ჩასვლამდე კი აპირებს წერილი გაუგზავნოს და შეხვედრა ითხოვოს: “მინდა რამდენიმე წუთით მიმიღოს პრეზიდენტმა. კაცი დამამცირეს, პრეზიდენტს უნდა ვუთხრა, როგორი ხალხი ჰყავს აქ”.

No comments: