რატომ ჩაინგრა ხიდი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში; როდის შეძლებს მოსახლეობა სახნავ-სათეს ნაკვეთებზე აღდგენილი ხიდით გადასვლას და მიიღებენ თუ არა დახოცილი პირუტყვის კომპენსაციას.
8 ოქტომბერს, ახალცხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში მდინარე მტკვარზე გადებული ხიდი მაშინ ჩაინგრა, როცა მასზე საძოვარზე მიმავალი პირუტყვი გადადიოდა. ნგრევას 20 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და 12 სული ცხვარი ემსხვერპლა.
1968 წელს აშენებული ხიდი ერთადერთია, რომელიც წნისის მოსახლეობას სახნავ-სათესებსა და საძოვრებთან აკავშირებდა. მიმოსვლა რომ არ შეწყვეტილიყო, შემთხვევის ადგილას იმ დღესვე გაიგზავნა ტექნიკა, რომელსაც მდინარე ისე უნდა გაეშალა, რომ ფონი დადაბლებულიყო და გადასვლა შესაძლებელი გამხდარიყო.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებული კლდის თემის დასახლებათა გაერთიანებაში ზურაბ კურტანიძე ამბობს, რომ ფონი დაწეულია: “ახლა საქონელიც გაივლის იქ და მწყემსიც”. მაგრამ ადგილობრივების ნაწილი მაინც უკმაყოფილოა: “მოსულან, ვითომ ტრაქტორით უნდა გაეწმინდათ, რომ საქონელი გაგვეყვანა, მაგრამ სახლში რომ წამოსულა ხალხი, ტრაქტორიც წასულა”.
მოსახლეობის პრეტენზია მიუღებელია ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის: “გაგზავნილი გვყავდა ტექნიკა, თანაც ორჯერ იყო ტრაქტორი. ვუთხარი, რაც უნდოდათ, ის გაეკეთებინათ”.
რკინის კონსტრუქციის ხიდის ჩანგრევა სამაგრი ტროსის გაწყვეტამ გამოიწვია. სოფლის ნათესებთან დამაკავშირებელი ერთადერთი ცენტრალური ხიდი, რომელიც 7,5 ტონა დაწოლაზე იყო გათვლილი და რომელზეც დიდი სატვირთო ავტომობილებიც ხშირად მოძრაობდნენ, აშენების მერე კაპიტალურად არ შეკეთებულა. ნგრევისას ხიდზე დაახლოებით 120 სული პირუტყვი იდგა. ერთი ძროხა საშუალოდ 300 კილოც რომ ჩავთვალოთ, მთლიანობაში 36 ტონამდე ტვირთი გამოდის. გარდა ამისა, გამგებელი ამბობს, რომ მოსახლეობამ ათეული წლების წინ თვითნებურად მოჭრა ის რკინის ხაზი, რასაც ხიდზე სატვირთო ავტომობილების გავლა უნდა შეეფერხებინა. ცხადია, ამდენი წლები ასეთ დატვირთვას ხიდი ვერ გაუძლებდა. ამასთან, მისი შეკეთება-შერემონტებისა და გამაგრების საკითხი არასოდეს დასმულა.
“მოსახლეობამ იცოდა ეს ყველაფერი, თვითონ მითხრეს. მილიციას ხომ არ დავაყენებდით? მაგის შეკეთება და ტონაჟობის გაზრდა შეუძლებელი იყო. ეგეთი ხიდი უნდა დაიშლოს და თავიდან აიგოს”, - ამბობს გამგებელი და დასძენს, რომ აქამდე არც არავის უთქვამს თუ ხიდი ამორტიზებული იყო.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის ¹35 განკარგულების საფუძველზე საქართველოში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” განხორციელდა. პროგრამის განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან 19 998 876 ლარი გამოიყო. ოფიციალურად, პროგრამის მიზანი სოფლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იყო. თანხა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. წნისს, სადაც 240 კომლი ცხოვრობს ამ პროგრამის ფარგლებში 6452 ლარი ერგო. აღნიშნული თანხით წნისში რამდენიმე პრობლემა მოგვარდა. მათ შორის ამ ხიდზე გადასასვლელიც გაკეთდა - ბეტონი დაისხა სოფლის მხარეს.
“ხიდიდან რომ გადადიხარ ფერდი ადგილი იყო და იქ ბეტონი დაასხეს. არავის არ შეუმოწმებია შიგნით რა იყო. სამაგრებით არავინ დაინტერესებულა”, - ამბობს წნისელი არჩილ კაპანაძე.
რწმუნებული და გამგებელი კი ამას იმ ფაქტით ხსნიან, რომ ავარიულობა გარეშე თვალისთვის შეუმჩნეველი იყო, რადგან სამაგრს მიწა ფარავდა. გარდა ამისა, რწმუნებულის თქმით, თანხა ისეთი მიზერული იყო რომ ხიდის გაკეთებას არც ეყოფოდა. გამგებელი კი ამბობს, რომ საკითხი რომ დაეყენებინათ, გაითვალისწინებდნენ, თუნდაც გამოყოფილი თანხა ამისთვის საკმარისი არ ყოფილიყო: “ადგილობრივი ბიუჯეტიდან დავამატებდით. ასე მოხდა სოფელ სხვილისში”.
შემთხვევიდან მეორე დღესვე ადგილობრივმა ხელისუფლებამ საპროექტო ორგანიზაცია მოიწვია. წინასწარი გაანგარიშებით ხიდის აღდგენა 350 ათასი ლარი დაჯდება. ძველ ბაგირებს ვეღარ დაეყრდნობიან და ამდენად, ყველაფერი თავიდანაა გასაკეთებელი. დრო რომ არ დაიკარგოს და ხიდის დაზამთრებამდე აღდგეს, გამგეობა მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. უკვე გამზადებულია წერილი, რომელშიც გამგეობა აღნიშნულ თანხას და შესყიდვების სამსახურისგან პირადაპირი მოლაპარაკების უფლების მინიჭებას ითხოვს. ვინ იქნება მშენებელი, ჯერ გარკვეული არ არის, ხიდებს ყველა ვერ აშენებს, ადგილზე კი ასეთი სამშენებლო კომპანია არ არსებობს.
“ტენდერი რომ გამოვაცხადოთ, მინიმუმ 24 დღე მხოლოდ ტენდერს უნდა და პლუს საპროექტო წინადადებები. ანუ, ერთი თვე უნდა ტენდერის დაწყებიდან გამარჯვებულის გამოვლენამდე”, - ამბობს გამგებელი და გვარწმუნებს, რომ ხიდი რამდენიმე თვეში აღდგება.
ხიდის აღდგენის გარდა დაზარალებული ოჯახებისთვის საკმაოდ მწვავეა კომპენსაციის საკითხიც. წნისის მოსახლეობის უმრავლეოსობისთვის მესაქონლეობა ერთადერთი შემოსავლის წყაროა. ზოგ ოჯახს ერთდროულად ორი და სამი ძროხა დაემტვრა. საქონელი, რომელიც ხიდის ჩანგრევისას დაიმტვრა, იმავე დღეს დაკლეს და ხორცი გაყიდეს. ერთი ძროხის ფასი საშუალოდ 800-900 ლარია. გაყიდულმა ხორცმა ცოცხალი პირუტყვის ღირებულება ვერ აანაზღაურა.
“დაზარალებულ ხალხს კომპენსაციას დაჰპირდნენ”, - ამბობს წნისელი ფრიდონ პაპუაშვილი.
რწმუნებული კი ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით ამ თემაზე საუბარი არ მიმდინარეობს: “გამგეობამ გამოიძახა ყასბები, დაკლეს და შეისყიდეს ეს ხორცი. აღებული თანხით იმ საქონელს ვერ იყიდიან, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერი არაა და როგორ დაეხმარებიან ამ ხალხს?!”
მოსახლეობა ჩივის, რომ ხორცი მიზერულ ფასებში გაყიდეს. დავით ათუნაშვილი კი ამბობს, რომ იგივე ფასი გადაუხადეს, რაც საერთოდ ღირს ერთი კილოგრამი ხორცი. მისივე თქმით, მოსახლეობას შეძლებისდაგვარად ზარალიც აუნაზღაურდება: “ბიუჯეტში გამოვნახავთ თანხებს. მაგრამ ჯერ არ ვიცით რამდენია ზარალი. მოსახლეობამ გაყიდა ხორცი, ამის მიხედვით უნდა დავითვალოთ. თუ ვთქვათ სამი ძროხა ყავდა და ორის ფული ხორცით აიღო, მესამესას ჩვენ დავუმატებთ, ისე რომ ზარალი არ ნახოს”.
წნისის მოსახლეობა პირუტყვს დროებით ჭალის ტყეში არსებულ საძოვარზე აბალახებს. ისინი იმედოვნებენ, რომ დაზამთრებამდე ხიდიც აღდგება და ზარალიც აუნაზღაურდებათ.
No comments:
Post a Comment