ხევსურობიდან მესხობამდე

მსახიობობაზე მეოცნებე ხევსური გოგონას გზა არხოტიდან ახალციხემდე; სახლიდან გაპარვა უცნობ ქალაქში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად, ბიცოლას დახაზული ქალაქის რუკითა და ბატით ხელში... პირველი მარცხი, პირველი წარმატება, სტუდენტობა, სიყვარული, ოჯახი, სამსახური და კადრი ფილმიდან “რაიკომის მდივანი”.  


ჩემი რესპონდენტი ლელა ნაროზაულია, წარმოშობით ხევსური, არხოტიდან. მაღალია, გრძელი შავი თმითა და ხალისიანი თვალებით; უკრავს ხალხურ საკრავებზე და მღერის, გალობს და საფარის მონასტერთან არსებულ სასულიერო სემინარიაში სტუდენტებსაც ასწავლის გალობას. “ჩემზე არ დაწერო რა! მე რა საინტერესო ვარ?!” - მეუბნება მაგრამ საუბარზე მაინც ვითანხმებ.

1958 წელს არხოტში მცხოვრები ოჯახები კახეთში, დედოფლისწყაროში ჩაასახლეს. თუმცა კახეთამდე ნაროზაულების გზა რუსეთზე გავლით მივიდა. განათლებულ მამას სურდა, რომ შვილებიც განათლებული ჰყოლოდა, რუსულ სკოლაში ესწავლათ და ამიტომ საცხოვრებლად რუსეთში გადავიდნენ. შემდეგ ისინიც კახეთში დასახლდნენ. ლელამ ჯერ რუსულ სკოლაში გააგრძელა სწავლა, შემდეგ კი ქართული ღამის სკოლა დაამთავრა.

შვიდი და-ძმიდან ყველა მღეროდა. ნიჭი მამისგან გამოჰყვათ. ბავშვობიდან მსახიობობაზე ოცნებობდა, მაგრამ ხევსურული ოჯახის შვილს თბილისში სასწავლებლად არავინ გაუშვებდა. ამიტომ, სახლიდან გაპარვა მოუხდა: “არ გაქვს უფლება ხევსურს, რომ სხვა კუთხის შვილთან შექმნა ოჯახი, არავინ უნდა შეგიყვარდეს. ბიცოლას გავუმხილე სურვილი და მისი დახმარებით წავედი თბილისში”.

ხევსურმა გოგონამ დედაქალაქი არ იცოდა, ბიცოლამ თბილისის რუკა დაუხაზა, მისცა მამიდის მისამართი, რომელიც თბილისში ცხოვრობდა და დაარიგა, რომ რვა ნომერ ტროლეიბუსს აუცილებლად ბოლომდე გაჰყოლოდა.

“მამიდა დიმიტრი ყიფიანზე იყო გათხოვილი. რადგან იმერელს გაჰყვა ცოლად, ხევსურებმა მოიკვეთეს. მასთან კონტაქტი არ გვქონდა, მხოლოდ ბიცოლა იცნობდა, - ამბობს და დღემდე ვერ ხსნის, რატომ გააყოლა ბიცოლამ მამიდასთან საჩუქრად ცოცხალი ბატი, რომელმაც ბევრი პრობლემა შეუქმნა, - ტიპური ხევსური ვიყავი, ცოტა უხეში. არ ვიცოდი ტროლეიბუსში როგორ უნდა მოვქცეულიყავი, დავმჯდარიყავი, დავმდგარიყავი. ჩანთაში ბატი მყავდა, მგზავრებს სათამაშო ეგონათ და ეფერებოდნენ, მერე რომ ახმაურდა, ზოგი შეწუხდა, ზოგს გული წაუვიდა. ატყდა ერთი ამბავი და ჩამოვედი ტროლეიბუსიდან”.

ტრანსპორტში დარჩა ჩემოდანი, რომელშიც სხვა ნივთებთან ერთად ფული და საბუთები იყო. მეორე ტროლეიბუსში ასულს მხოლოდ ბატი ჰყავდა, ერთი მანეთი ჰქონდა და მამიდას მისამართი, რომელიც ბედად ტანისამოსის ჯიბეში ედო: “ვაგზლის მოედანზე ყველა ჩავიდა, მე ვტირივარ. მეჩხუბება გამცილებელი, ჩაბრძანდით, ქალიშვილო! გადავირიე! ვინ არის თქვენი ქალიშვილი?! იმიტომ, რომ ხევსურულად არ ნიშნავს ქალიშვილი გოგონას, ჩამოვედი და დავრბოდი ვაგზლის მოედანზე”.

ვაგზლის მოედანზე მილიციამ დააკავა, აუხსნა, რომ მამიდას მისამართი ჰქონდა და აუცილებლად უნდა გამხდარიყო მსახიობი: “მიმიყვანეს მამიდასთან. გამოვიდა ძალიან ლამაზი, მაღალი ქალი. ვუთხარი, რომ მისი ძმიშვილი ვიყავი. არ ესიამოვნა ჩემი დანახვა. ქმარმა უკეთ მიმიღო, მითხრა, წახვალ, გააკეთებ საბუთებს, კულტურის სახლიდანაც აიღებ მომართვას და დაბრუნდებიო”.

მეორედ თბილისში უპრობლემოდ ჩავიდა და მისაღებ გამოცდებზეც მარტო მივიდა. ეს მაშინ, როცა სასწავლებლის ეზო გულშემატკივრებით იყო სავსე და უცნაური გარეგნობის გოგონა ყველას ყურადღებას იპყრობდა. გამოცდაზე შესული ჯერ პიანინოსთან მივიდა, რომელიც არასოდეს ჰქონდა ნანახი, თუმცა კარგად უკრავდა გარმონზე: “მინდა გამეწელა გარმონივით, ცხრა გამომცდელი იჯდა ატეხეს ხარხარი და მკითხეს, ვინ გახლავსო. მე ჯიქურად ვუპასუხე, არხოტელი ვარ, მარტო ვარ მოსული-მეთქი”.

ლელას ფანდურზე დაკვრას სთხოვეს და არაერთი სიმღერის მოსმენის შემდეგ გამოცდის ბოლომდე ოთახში დატოვეს. შემდეგ კიდევ სამი გამოცდა ჩააბარა და სოფელში ისე დაბრუნდა, რომ ოჯახის წევრებმა არც იციოდნენ, სად იყო: “ბიცოლასთან ვეგონე”.

მისი წარმატების შესახებ ოჯახმა ტელეგრაფიდან გაიგო. გაოცებულმა მამამ გადაწყვიტა, თემი შეეკრიბა, ვაჟიშვილებისთვის, რომლებიც იმ დროს ჯარში იყვნენ, ლელას ამბავი მიეწერა და ერთობლივად გადაეწყვიტათ საკითხი: “გადაწყვიტეს, რომ გავეშვი. მაგრამ დამარიგეს: უნდა გახსოვდეს, ვინ ხარ, არ შეგვარცხვინო, არავინ შეგიყვარდესო”.

ასე ჩაირიცხა სერგო ზაქარიაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე: “მსახიობობა მინდოდა, მაგრამ მუსიკის მასწავლებელი გამოვედი”.

მერე ნელ-ნელა ხევსურმა გოგონამ ქალაქი გაიცნო და მეგობრები გაიჩინა. მის კურსზე წარმოშობით მთიული და ისიც სხვა რეგიონში გადასახლებული რუსუდან სისაური სწავლობდა.

“ასპინძაში, სოფელ სახუდაბელში იყვნენ გადმოსახლებული. დავმეგობრდით, ორივეს ჯარში გვყავდა ძმები და გადავწყვიტეთ, ერთმანეთისთვის წერილებით გაგვეცნო. ერთი წელი გაგრძელდა მიწერ-მოწერა”, - სიყვარულის ისტორიას უახლოვდება საუბარი. ლელა გვიან გაიგებს, რომ რუსუდანს სარძლოდ მოსწონდა და ძმას მის შესახებ უყვებოდა. ჯარიდან ჩამოსულ ვლადიმერ სისაურს ლელა მოეწონა. “მერე ისევ ჯარში გავაცილეთ და რომ დაბრუნდა, სახლში მოვიდნენ დასანიშნად. ერთი წელი ვიყავით დანიშნულები”. ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო ლელას ტყუპისცალი ძმა, რომელიც ჯარიდან ვიეტნამის ომში გაიწვიეს. ეს ლელასთვის დღემდე მოუნელებელი ტკივილია.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ლელა ნაროზაული ახალციხეში გამოანაწილეს. ახალდაქორწინებულებმა ნაქირავებ ბინაში ხუთი წელი იცხოვრეს: “მერე ეს ბინა მომცა რაიკომმა. ახლანდელ მეხუთე სკოლაში დავიწყე მუშაობა, მაშინ პირველი ინტერნატი ერქვა და სასოფლო ტექნიკუმში ჩამოვაყალიბე გუნდები და ვასწავლიდი ხალხურ სიმღერებს”. შემდეგ მთელი ოჯახი, მშობლები და და-ძმებიც მესხეთში ჩამოიყვანა. “ჩემი ბრალია მათი გამესხებაო”, - ამბობს ღიმილით.

1980 წლიდან, წმინდა მარინეს სახელობის ტაძარის გახსნიდან დღემდე ლელა ნაროზაული მედავითნე-რეგეტია, გალობას ასწავლის საფარის მონასტერთან არსებულ სასულიერო სასწავლებელშიც.

“იმ დროს დაიწყო ფილმის “რაიკომის მდივანი” გადაღება. დაინტერესდა რეზო ჩხეიძე და მიმიწვია. მე გახლდით “აჭარელი ქალი”, რომელიც ფანდურით ხელში სიმღერით მოუძღვის ხულოდან ხალხს”. ეს მისი პირველი ფილმი იყო. მსახიობობაზე მეოცნებე გოგონამ ბავშვობის სურვილი რეზო ჩხეიძეს გაუმხილა და შემდეგ “დონ კიხოტშიც” გადაიღეს, მაგრამ რატომღაც კადრები ამოჭრეს და ოცნება მსახიობობაზე ოცნებად დარჩა.

“40 წელია, აქ ვარ, უკვე მესხი ვარ. ორი შვილი მყავს, ხუთი შვილიშვილი და უკვე შვილთაშვილს ველოდები, - ამბობს და გვიმხელს, რომ ოჯახში ქალის და კაცის საქმე გაყოფილი არაა, - შეშაც დამიჩეხავს, თივაც მომიცელია, ქალაქში ვცხოვრობ, მაგრამ ძროხას ვინახავ. მენანება ჩემი ქმარი, ბავშვივით ვუვლი, როგორც “ოჯახის ქუდს”, - თვალები უბრწყინავს და ამატებს, - თვითონაც ასეთია!” მერე საუბარი შვილებზე გადადის და სევდიანდება: “ათი წელია, ვაჟიშვილი ესპანეთში ცხოვრობს, ხუთ წელიწადში ერთხელ ჩამოდიან. სულ მენატრებიან”...

განიცდის შვილები შორს რომ ჰყავს: “მინდა ქვეყანაში მშვიდობა იყოს, სამუშაო ადგილები იყოს, რომ შვილები გვერდში მყავდეს. იქაც მუშად მუშაობს ჩემი გოგა (ვაჟიშვილი). არ მინდა ქართული სულ დაავიწყდეთ ჩემს შვილიშვილებს, ისედაც არ იციან”...

65 წლისაა, ხევსრულ კილოზე აღარ საუბრობს, მაგრამ - “მაშ რა მექნა!” - ხევსურების დამახასიათებელი რიხით ხშირად ამბობს. კერძებშიც ხევსურულ ელემენტებს ურევს და დღემდე ქარგავს ხევსურულ ორნამენტებს.

წარსულიდან კიდევ ბევრი რამ მოსდევს. “ძალიან მიყვარს გრძელი თმა, მთელი ცხოვრება გრძელ თმას ვატარებ. ვცდილობ, ლამაზი ვიყო, - ამბობს და დედის სიტყვებს იხსენებს, – “ღიმილი დაიჭირეო”, - სულ მეუბნებოდა დედა. ვცდილობ, მისი “კურთხევა” შევასრულო. 100 წლის იყო, მაგრამ მთხოვდა, ლამაზად ჩამაცვი, მახინჯი რომ არ გამოვჩნდეო”.

ფიქრობს, რომ ახალგაზრდობის წლები სათანადოდ ვერ გამოიყენა და ამაში წარმომავლობამ და ადრე გათხოვებამ შეუშალა ხელი: “ეტყობა, რაღაც დოზით მაინც გვაკლდა ხევსურებს განათლება. რომ დავბრუნდე უკან, ბევრს ვიბრძოლებდი. ახალგაზრდებსაც ვეუბნები, რომ უნდა იბრძოლონ!”...

სურვილები ბევრი აქვს. “არ მინდა, ჩაკვდეს ხალხური შემოქმედება.
მინდა პენსია მეყოს და შვილების კმაყოფაზე არ ვიყო. არ მინდა დავბერდე”, - მეუბნება და გულისტკივილსაც მიმხელს: “ალბათ ბოლო თაობა ვარ ხევსურული ჩემს ოჯახში”.

საუბარი დასასრულს უახლოვდება: “ცხოვრება შეჯიბრია, იმან რატომ უნდა მაჯობოსო, სულ ვამბობდი და ბიჭებს ვეჯიბრებოდი. პირველი გოგო ვიყავი, ორ სალამურზე ერთდროულად რომ ვუკრავდი”, - ისევ სიხარულის სხივი უკრთება თვალებში და ამბობს, მესხებიც მოვხიბლე, უკან ამიტომ აღარ გამიშვესო.

No comments: