სამცხე-ჯავახეთი 8-25 აგვისტო

სამცხე-ჯავახეთმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან იძულებით გადაადგილებულ 10 207 მოქალაქეს უმასპინძლა. ამ დროისათვის მათი უმეტესობა საცხოვრებელ ადგილს დაუბრუნდა.

ცხელი აგვისტო საქართველოსთვის პოლიტიკურადაც ცხელი აღმოჩნდა. ჰაერში მოულოდნელად დენთის სუნი დატრიალდა. ბებიების მონაყოლი “სამამულო ომის საშინელი დღეები, ცეცხლი, ტყვიები, ტანკები, გაძვირებული პროდუქტები და ცხოვრება სარდაფებში” სამწუხარო რეალობად იქცა. საბედნიეროდ, სამცხე-ჯავახეთი ის რეგიონი აღმოჩნდა, სადაც არცერთი რუსული ჭურვი არ ჩამოვარდნილა, თუმცა ომის სისასტიკე რეგიონის მცხოვრებლებმა ბომბების გარეშეც გამოსცადეს. ომი იქცა სალაპარაკო თემად მოზრდილებში და თამაშის საგნად ბავშვებში. ქუჩაში მიმავალს დაღონებული და სწრაფად მიმავალი მოქალაქეების სიმრავლე გხვდებოდა თვალში, თითქოს ყველა შინ მისწრებას ცდილობდა. თვალშისაცემი იყო –დაცარიელებული სურსათის მაღაზიებიც.

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები 7 აგვისტოს დაიწყო. მას შემდეგ, რაც რუსულმა ავიაციამ საჰაერო თავდასხმა დაიწყო, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ ტერიტორიების დატოვება დაიწყო. იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაკადმა განსაკუთრებით მას შემდეგ იმატა, როცა საომარი მოქმედებები კონფლიტქის ზონას გასცდა.

სამცხე-ჯავახეთში დევნილთა ნაკადმა 8 აგვისტოდან დაიწყო შემოსვლა. რეგიონში 10 207 დევნილი იმყოფებოდა - 1174 ოჯახი. მათ შორის: 1604 - არასრულწლოვანი (0-დან 15 წლამდე); 152 კი მცირეწლოვანი (0-დან 1 წლამდე).

იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაწილი სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ახლობლებთან იყო შეკედლებული, ნაწილი კი სხვადასხვა დაწესებულებებში ცხოვრობდა.

1147 ადამიანი სხვადასხვა დაწესებულებებში კომპაქტურად იყო ჩასახლებული, 9580 კი ახლობლებთან აფარებდა თავს.

“შევასახლეთ ბორჯომში სასტუმროებში, სანატორიუმებსა და კომპოზიტორთა სახლში. კურორტ აბასთუმანში სანატორიუმ “აღობილში”, ქალაქ ახალციხეში სკოლა-პანსიონის შენობაში” - განმარტავს ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ივანე გელაშვილი.

ამ პერიოდისთვის დევნილთა უმეტესობა საკუთარ სახლებს დაუბრუნდა. დარჩენილნი არიან იმ ტერიტორიების მცხოვრებნი, სადაც ქართული მხარე შესვლას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს. მათი რიცხვი 1221-ით განისაზღვრება.

“206 არასრულწლოვანია (0-დან 15 წლამდე); 25 მცირწლოვანი (0-დან 1 წლამდე); 1 – ობოლი; 2 - უდედმამო; 15 – ფეხმძიმე. კომპაქტურად მხოლოდ ბორჯომში ცხოვრობენ, სტაციონარებში 95 ადამიანი ცხოვრობს”, - ამბობს რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე.

ქალაქ ახალციხეში იძულებით გადაადგილებული პირები კომპაქტურად მხოლოდ ახალციხის სკოლა-პანსიონის შენობაში ცხოვრობდნენ. ამჟამად ყველა მათგანი საკუთარ სახლებს დაუბრუნდა. “სამხრეთის კარიბჭე” მათ 15 აგვისტოს ესტუმრა. დევნილებმა გვიამბეს, რომ გადარჩენის მიზნით უმისამართოდ ტოვებდნენ საცხოვრებელ სახლებს.

“მდგომარეობა რომ გართულდა, ყველა გარბოდა. მე, მეუღლე და შვილი ახალციხისკენ წამოვედით, დღემდე არ ვიცოდით სად იყვნენ ორი რძალი და ორი შვილიშვილი. ახლა გავარკვიეთ, თბილისში წასულან და კარგად არიან”, - გვიამბო გორის რაიონის სოფელ კარალეთის მკვიდრმა 42 წლის თინა ზაალიშვილმა.

აქვე აფარებდნენ თავს ქარელის რაიონის სოფელ დირბის მცხოვრები ძმები - 20 წლის სოსო და 15 წლის გიორგი ქოთუაშვილები. მათი თქმით, მშობლები სოფელში დარჩნენ.

“ქარელამდე ჩამოვედით და თბილისიდან მომავალ მარშუტკას გამოვყევით”, - ამბობს სოსო.

დევნილთა დასახმარებლად სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის პროდუქტები გროვდებოდა. გამგეობის შენობებშივე მიმდინარეობდა დევნილთა რეგისტრაცია. იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასოდ უტარდებოდათ პირველადი სამედიცინო შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში საჭირო მედიკამენტებიც ურიგდებოდათ.

“შტაბში, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში იყო გახსნილი, პედიატრი და თერაპევტი მუშაობდნენ. ადგილზე ხდებოდა დევნილების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება”, - გვითხრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ფატი ხაბულიანმა.
 
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაჟა ჩიტაშვილის განმარტებით, დევნილთათვის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 23 ათასი ლარი გამოიყო.

იძულებით გადაადგილებულ პირებს ადგილობრივი მოსახლეობა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებოდნენ.

“მობილიზებული იყო რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტი და ხდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების, ტანსაცმლის, ჰიგიენური საშუალებების და ა.შ შეგროვება”, - ამბობს ივანე გელაშვლი.

იმის შესახებ, შემოვიდა თუ არა რეგიონში სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული ჰუმანიტარული ტვირთი ივანე გელაშვილი ინფორმაციას არ ფლობს.

მას შემდეგ, რაც რუსულმა ავიაციამ ქალაქ გორის დაბომბვა დაიწყო შეწყდა მიმოსვლა საქართველოს ცენტრალურ (აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ) მაგისტრალზე. დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა დაკავშირება დედაქალაქთან, შემდგომ კი დაიწო მიმოსვლა შემოვლითი (ნინოწმინდა-წალკის), საკმაოდ შორი და ამორტიზებული გზით. გართულებულმა მიმოსვლამ სასურსათო მაღაზიებში სხვადასხვა პროდუქტის დეფიციტი გამოიწვია.

გარდა ამისა, დეფიციტი შექმნა იმ ფაქტმაც, რომ მოსახლეობამ საკვები პროდუქტების მომარაგება დაიწყო.
ამ დროისათვის ქალაქი ნორმალური ცხოვრების რიტმს დაუბრუნდა. გახსნილია დედაქალაქთან დამაკავშირებელი გზაც.

No comments: