სოფლის ბიბლიოთეკების ბედი გაირკვა

სამწლიანი ლოდინის შემდეგ სოფლის ბიბლიოთეკების ბედი გაირკვა - წიგნადი ფონდი და ინვენტარი სკოლების ბიბლიოთეკებს გადაეცემა.

არსებული მდგომარეობა

ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული 42 ბიბლიოთეკიდან ამჟამად მხოლოდ ხუთი ფუნქციონირებს. გამოკეტილი ბიბლიოთეკები იძარცვება, შენობები ინგრევა, ათასობით წიგნი კი მოუვლელობით დღითიდღე ნადგურდება.

ავარიული შენობა დახეთქილი კედლებით, ჩამსხვრეულმინებიანი ფანჯრებითა და მორყეული კიბით; აბალახებული ეზო; დამტვერილი თაროები ნესტისა და უჰაერობისგან გაფუჭებული ათი ათასობით წიგნითა და ჟურნალით; ამოტეხილი იატაკი და წვიმისგან გაყვითლებული ჭერი – გამოკეტილი 37 ბიბლიოთეკიდან უმრავლესობა ასეთ მდგომარეობაშია.

2006 წლიდან დღემდე

ქალაქ ახალციხის მთავარი ბიბლიოთეკა და მისი 41 ფილიალი ოფიციალურად ლიკვიდირებულად 2006 წლის პირველი ოქტომბრიდან გამოცხადდა. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 2007 წლის გაზაფხულზე, მუშაობა მხოლოდ ქალაქის მთავარმა ბიბლიოთეკამ გააგრძელა - განახლებული ინვენტარითა და წიგნადი ფონდით და შემცირებული საშტატო ერთეულით.

2008 წლის გაზაფხულზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, ყველა მუნიციპალიტეტის ორ-ორ სოფელში ბიბლიოთეკები კვლავ გაიხსნა. ასამოქმედებელ ბიბლიოთეკათა სიაში ახალციხის მუნიციპალიტეტიდან სოფელ აწყურისა და ქალაქ ვალის ბიბლიოთეკები მოხვდა. დაწესებულებები განახლებული ინტერიერით, თანამედროვე აპარატურითა და გაზრდილი წიგნადი ფონდით დაუბრუნდა მკითხველს. “ეს სოფლები მოსახლეობის სიმრავლითა და წიგნადი ფონდის რაოდენობით შეირჩა”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი იური ზარიძე.
მიმდინარე წელს კიდევ ორი ბიბლიოთეკა გაიხსნა, ორივე ქალაქ ახალციხეში. დანარჩენ სოფლებში კი წიგნების მეთვალყურეობა ბიბლიოთეკების ყოფილი გამგეების კეთილსინდისიერების იმედად დარჩა.

ამჟამად მუნიციპალიტეტში მოქმედი ხუთი ბიბლიოთეკა გამგეობის მიერ ჩამოყალიბებულ ააიპ ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში შედის, რომელშიც კულტურის სხვა დაწესებულებებიცაა გაერთიანებული. კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას ადგილობრივი ბიუჯეტი მიმდინარე წელს 62 500 ლარით აფინანსებს.

ბიბლიოთეკების მდგომარეობა სოფლებში

“ბიბლიოთეკა დაკეტილია, არავინ პატრონობს, არადა, ძალიან კარგი წიგნებია. დავდიოდით, ვკითხულობდით, იქვე იყო სამკითხველო დარბაზი და სახლშიც მიგვქონდა”, - გვეუბნება სოფელ ურაველში მცხოვრები 60 წლის ლუიზა ხაჭაპურიძე. ამავე სოფლის მკვიდრმა 58 წლის გივი მოდებაძემ კი ბიბლიოთეკის შესახებ არაფერი იცის: “შენობა კი დგას, მაგრამ არის თუ არა წიგნები, არ ვიცი”.

ურავლის ბიბლიოთეკა გამონაკლისი არ არის. მესამე წელია, ყოფილი ბიბლიოთეკარები ენთუზიაზმით მუშაობენ, ხელფასი არ აქვთ, სამაგიეროდ, პასუხისმგებლობა ისევ აკისრიათ; გამგის ფუნქციასაც ასრულებენ, დარაჯისაც, დამლაგებლისაც და ზოგჯერ შენობის გატეხილ კარ-ფანჯრებსა და სახურავსაც საკუთარი ძალითა და სახსრებით აკეთებენ.

“წვიმა ჩამოდიოდა, ხან კრამიტი ვთხოვე მეზობელს და სახურავის შეკეთება ვცადე, ხან ჭერში თასები დავდგი”, - გვიხსნის სოფელ გიორგიწმინდის ბიბლიოთეკის ყოფილი გამგე, 42 წლის მარინა ბლიაძე, რომელსაც მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. მისი თქმით,
გიორგიწმინდის ბიბლიოთეკა დაკეტვამდეც და მას მერეც რამდენჯერმე გატეხეს. ამის შესახებ სოფლის მაშინდელ გამგეობაში განცხადებაც შეიტანა, მაგრამ მოპარული წიგნების ბედით არავინ დაინტერესებულა.

გაცილებით რთული მდგომარეობაა სოფელ წყორძაში. ბიბლიოთეკა სოფლის კლუბის ქვეშ, ორ ოთახშია განთავსებული, იატაკი არ აქვს და წიგნებს მღრღნელები აფუჭებენ.

საჭიროა თუ არა ბიბლიოთეკები სოფლებში

ბოლო აღწერის მიხედვით, რომელიც დახურვამდე რამდენიმე ხნით ადრე ჩატარდა, გიორგიწმინდის ბიბლიოთეკაში 8 000-მდე წიგნი ინახება. დაწესებულებას წელიწადში 200 მუდმივი მკითხველი ჰყავდა, რასაც სეზონზე სოფელში დასასვენებლად ჩამოსული ახალგაზრდების რიცხვიც ემატებოდა. ბიბლიოთეკარი წიგნებს დახურვის შემდეგაც გასცემდა, თუმცა კარგა ხანია, ბიბლიოთეკა აღარ გაღებულა: “წიგნები ალბათ მტვრისგან იქნება შეჭმული. ოთახის კარები ავჭედე, ფანჯრებს კი კარადები მივადგი, რომ გავაღო, ვეღარ დავკეტავ და ისევ გაძარცვავენ. პასუხისმგებლობა მე დამეკისრება, დანაკლისი კი ისედაც არის”.

გამგის ენთუზიაზმის წყალობით მუშაობს დღემდე სოფელ ჭაჭარაქის ბიბლიოთეკაც, სადაც 3000-მდე ქართული, რუსული და სომხური წიგნი ინახება. ადგილობრივი სომხურენოვანი მოსახლეობის გარდა სამკითხველოს ახალციხის რუსული და სომხური სკოლის მოსწავლეები და ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის სომეხი ეროვნების სტუდენტებიც აკითხავენ. ბიბლიოთეკაში ასვლისას ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ ხის მორყეული კიბე სადაცაა ფეხქვეშ ჩაგიტყდება, შენობაში სიბნელეა, ელექტროენერგია დიდი ხანია, აღარ აქვთ.
“თვეში 30-მდე მკითხველი მოდის. შემოსასვლელი დამპალია და კლუბის მხრიდან შემოდის ხალხი. ყოველდღე აქ არ ვზივარ, სახლში მაკითხავენ წიგნების გატანა რომ უნდათ”, - ამბობს ჭაჭარაქის ბიბლიოთეკის ყოფილი გამგე ლენა ამბარიანი.

ამავე სოფლის მცხოვრები გევორქ ამბარიანი ამბობს, რომ 100-კომლიანი სოფლისთვის 30 მკითხველი არ ნიშნავს, რომ წიგნისადმი ინტერესი დაიკარგა: “ბიბლიოთეკების დახურვით სოფლებში კულტურული ცხოვრება შეწყდა. ადრე ყოველთვის რაღაც ღონისძიება ტარდებოდა”.

სოფლებში, სადაც ახალგაზრდობა გასართობ საშუალებებს მოკლებულია, წიგნზე მოთხოვნილება ნამდვილად არის.

“ამ ბოლოს მარგარიტა მიტჩელის “ქარწაღებულნი” წავიკითხე. ზაფხულის არდადეგებისთვისაც წიგნები წინასწარ მქონდა გამოტანილი”, - გვეუბნება სოფელ კლდის მცხოვრები 17 წლის თამუნა ზუმბაძე. ბიბლიოთეკის საჭიროებაზე საუბრობს მისი მეგობარი რეზო ზუმბაძეც: “კომპიუტერი კარგია, მაგრამ წიგნს ვერ შეცვლის”.

იმედი

2009 წლის 5 მარტს, ქუთაისში, საქართველოს მთავრობის გასვლით სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფლის ბიბლიოთეკებზეც ისაუბრა: “ჩვენთან სოფლებში საოცრად ჭკვიანი ხალხი ცხოვრობს. მათ ხელი არ მიუწვდებათ ინფორმაციაზე. მე გთხოვთ, უზრუნველყოთ, რომ ყველა ახალი წიგნი, ასევე მასალა, რაც არსებობს, მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს”.

ბიბლიოთეკების დაიმედებულმა ყოფილმა გამგეებმა იფიქრეს, რომ გამოკეტილი ბიბლიოთეკები გაიხსნებოდა. თუმცა მათი ოპტიმიზმი საფუძველს მოკლებული აღმოჩნდა.

მოულოდნელი განაჩენი  

რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ ბიბლიოთეკების ბედი გაირკვა. განათლების სამინისტროსგან მიღებული წერილის თანახმად, ბიბლიოთეკების ინვენტარი და წიგნადი ფონდი სკოლებს უნდა გადაეცეს, უზურფრუქტის წესით. ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს - აღწერა ბიბლიოთკებში და ფართის გამოთავისუფლება სკოლებში.

“ზოგიერთი თემის გაერთიანებაში არის რამდენიმე სკოლა და ერთი ბიბლიოთეკა. გავაკეთეთ განრიგი, გავაგზავნეთ განათლების სამინისტროში, ველოდებით ნებართვას. ამის მერე დაიწერება გამგებლის ბრძანება, შეიქმნება კომისია, ეს გრაფიკი იქნება დადებული და ამის მიხედვით გადაეცემა სკოლებს ინვენტარი და წიგნადი ფონდი”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი იური ზარიძე.

შეფასებები

გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

“ვიცი, რომ მდიდარი წიგნადი ფონდი გვქონდა ბიბლითეკაში. თუკი სკოლას გადმოეცემა, ძალიან კარგი იქნება, ოთახი გვაქვს”, - ამბობს ზიკილიის საბაზო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნათია ღარიშვილი.

ფართი წნისის საბაზო სკოლაში გამზადებულია. “სოფლის ბიბლიოთეკა ძალიან ავარიულია, წვიმა ჩადის. რაც ჩამოსაწერი იქნება წიგნადი ფონდიდან, ჩამოიწერება. დანარჩენ წიგნებს მივიღებთ, დავაბინავებთ. თუ ჩენს შემოსავალში ავიღებთ ამ წიგნად ფონდს, ეს კიდევ უფრო უკეთესი იქნება”, - ამბობს სკოლის დირექტორი ვალენტინა გოგოლაძე. იგი არ ეთანხმება სხვა სკოლების პედაგოგთა მოსაზრებას, რომ ამან შესაძლოა, სკოლაში მუდმივი ხალხმრავლობა და ქაოსი გამოიწვიოს: “დიდი სოფელი არ არის, ყველა კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. გვექნება განრიგი - ვინ როდის მოვიდეს. სასწავლო დროს თავს შეიკავებენ ალბათ და ჩვენც ვეცდებით, რომ ამ დროს არ მივიღოთ მკითხველი”.

“ჰაერში დარჩენილი” ყოფილი ბიბლიოთეკარები


შენობებისა და წიგნების ბედი გაირკვა, მაგრამ გაურკვეველია, რა ბედი ელით ყოფილ ბიბლიოთეკარებს. იური ზარიძე ამბობს, რომ იმ სკოლებში, სადაც უკვე ჰყავთ ბიბლიოთეკარი, ისინი გააგრძელებენ მუშაობას.

წნისის სკოლა დეფიციტურია. ბიბლიოთეკარი ჰყავთ, მაგრამ ანაზღაურების გარეშე მუშაობს. დირექტორი ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ სოფლის ბიბლიოთეკის ყოფილი გამგე გადავა სკოლაში, რადგან უკეთ იცის საქმე და მას ადგილობრივი ბიუჯეტი დაუნიშნავს ანაზღაურებას. იური ზარიძის თქმით, კი ბიბლიოთეკარების ხელფასზე სკოლებმა უნდა იფიქრონ.
მაშინ, როცა ბიბლიოთეკა ფუქნციონირებდა, ანდის ყოფილ ბიბლიოთეკარს დალი ინასარიძეს ანაზღაურება 70 ლარი ჰქონდა. შემდეგ ხელფასი გაუნახევრდა. იგი ფიქრობს, რომ მინიმალური ანაზღაურებაც რომ იყოს, სიამოვნებით გააგრძელებდა მუშაობას. იმავეს ამბობს წნისის ყოფილი ბიბლიოთეკის გამგეც.

“ბილიოთეკების წიგნად ფონდს სკოლას უზურფრუქტით ვაძლევთ, რაც ნიშნავს თხოვებას, დროებით სარგებლობაში მიცემას. ხვალ შეიძლება გაიზარდოს ბიუჯეტი და ისევ ცალკე იყოს ბიბლიოთეკები. იქამდე ბიუჯეტში არც ბიბლიოთეკარების ხელფასებისთვისაა სახსრები”, - ამბობს იური ზარიძე.

პრობლემა


სოფლის ბიბლიოთეკებს არსებობის დიდი ხნის ისტორია აქვთ და თუმცა წიგნადი ფონდი დიდ ხანია, არ განახლებულა. შესაბამისად, ბევრია მოძველებული წიგნი. როგორც აღმოჩნდა, აღწერების შემდეგ სოფლის ბიბლიოთეკებიდან გარკვეული წიგნები საქალაქო ბიბლიოთეკას უნდა გადმოეცეს. განაწყენებული პედაგოგები ამბობენ, რომ მათ მხოლოდ ძველ წიგნებს უტოვებენ, “ენციკლოპედიები და სხვა კარგი ლიტერატურა ქალაქს მიაქვს”. მათ კი უსარგებლო წიგნებზე ეკისრებათ პასუხისმგებლობა.

“თუ ჩვენ სოფლის გამოკეტილ ბიბლიოთეკებში შევინახეთ და გაძარცვას გადავარჩინეთ ძვირფასი ლიტერატურა, ქალაქს რატომ არ აქვს?! არ შეიძლება, რომ არ ჰქონოდა. ან იქნებ აქვს კიდეც? სად წავა ეს წიგნები მაშინ”, - ასეთი კითხვები უჩნდებათ პედაგოგებს.

იური ზარიძე გავრცელებულ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფს: “არის ისეთი წიგნები, რომლებსაც ქალაქში მეტი მკითხველი ეყოლება”. გარა ამისა, იგი ამბობს, რომ ახალციხეს ის წიგნები გადმოეცემა, რომელიც სოფლის ბიბლიოთეკაში რამდენიმე ეგზემპლარია: “ერთს დატოვებ სკოლაში, რომ მკითხველი წიგნის გარეშე არ დარჩეს. სამაგიეროდ, აქ ერთი წიგნი რომაა და ათი მკითხველი, მეტი წიგნი მოიყრის თავს”.

და დასძენს, რომ ეს ყველაფერი დროებითია: “როცა სახსრები გამოჩნდება, ბიბლიოთეკები აუცილებლად აღდგება, შესაბამისი შენობით, ინვენტარით, კომპიუტერითა და ინტერნეტით”.

ეს კი, სავარაუდოდ, ძალიან შორეული პერსპექტივაა. ბევრ სოფელში შენობა ხელახლა ასაშენებელია. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი მუშავდეაბ. პრიორიტეტი კი კვლავ ინფრასტრუქტურა, გზა და წყალია.

No comments: