ცვლილებები დაიწყო

რა ცვლილებებია მოსალოდნელი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში? გაგრძელდება თუ არა ყოფილი გამგებლის მიერ აღებული კურსი და რას ჰპირდება მოსახლეობას ახალი გამგებელი.

მიმდინარე წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ორჯერ შეიცვალა.
44 წლის იურისტის ვაჟა ჩიტაშვილის მუშაობა გამგებლის პოსტზე მხოლოდ რამდენიმე თვეს გაგრძელდა. ძალოვანი უწყებიდან მოსული გამგებელი კვლავ ძალოვან სტრუქტურას დაუბრუნდა. მისი ადგილი კი 32 წლის დავით ათუნაშვილმა დაიკავა. ორივე გამგებელი, დანიშვნისას, აცხადებდა, რომ აპოლიტიკური პირები არიან. ორივე მათგანის შემთხვევაში ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი განცხადება იყო შესული. 



დავით პავლეს ძე ათუნაშვილი დაიბადა 1976 წელს, ქალაქ ახალციხეში. 1993 წელს დაამთავრა ვალის N1 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თსუ ახალციხის ფილიალში ეკონომიურ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ, 2000-2005 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი, სპეციალობით სამართალმცოდნეობა. 2002-2004 წლებში მუშაობდა ახალციხის მიწის მართვის სამმართველოში წამყვან სპეციალისტად, 2004-2005 წლებში
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მოადგილეა. 2005 წლიდან კი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური კოორდინატორი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


ახალი გამგებელი მუშაობას ორ კვირაზე მეტია რაც შეუდგა. როგორც თავად ამბობს, პირველი ნაბიჯები ჯერ არ დასრულებულა, - პრობლემების ადგილზე გაცნობის მიზნით იგი მუნიციპალიტეტის სოფლებს სტუმრობს.

ეამაყება, რომ მისი მუშაობის პერიოდში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დიდ წარმატებებს მიაღწია. გაუმჯობესდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მოსახლეობის მომსახურება. ამბობს, რომ ახალ სამსახურშიც მთლიანად მოქალაქეებზე იქნება ორიენტირებული.


-- ახალი თანამდებობა შემოთავაზებაა თუ თქვენი არჩევანი?

  - ეს ჩემი არჩევანია. მინდა მოსახლეობისთვის უფრო მეტი გავაკეთო. საჯარო რეესტრში კონკრეტულად ერთი სამსახურისთვის ვაკეთებდი ყველაფერს. გამგებელს კი მოქმედების ფართო არეალი აქვს.

 - რით ახსნით იმ ფაქტს, რომ გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი განცხადება იყო შესული? 


- არ ვიცი, ვერ გეტყვით.

- საკრებულოს ბიუროს სხდომაზე თქვენ ერთსულოვნად აგირჩიეს. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

- ერთხმად არჩევას მართლა არ ველოდი. ვფიქრობდი, რომ მაინც იქნებოდა წინააღმდეგობა. შესაძლოა ეს წინა სამსახურის გავლენა იყოს. ასეთი მხარდაჭერა ნიშნავს, რომ დიდი პასუხისმგებლობა დამაკისრეს.

- რა შემოსავლის მფლობელია დავით ათუნაშვილი?

_მეუღლე არ მუშაობს. ოჯახის შემოსავალი მხოლოდ ჩემი ხელფასია. გარდა ამისა, გაქირავებული მაქვს კუთვნილი მიწის ნაკვეთები სოფელ ვალეში.

- გეგმავთ თუ არა საკადრო ცვლილებებს და რა კრიტერიუმებით შეარჩევთ ახალ თანამშრომლებს?

- რამდენიმე თანამშრომელი გავათავისუფლეთ, მოხდა მცირე გადანაცვლებებიც. შემდგომში რა იქნება, ამას მუშაობა გვიჩვენებს. ჩემთვის მთავარია საქმისადმი ერთგულება.

- კონკრეტულად რა ცვლილებები განხორციელდა?


- განთავისუფლებულია გამგეობის აპარატის უფროსი ირა გელაშვილი, მისი ადგილი დაიკავა მაკა სამსონიძემ. საფინანსო სამსახურის უფროსად ზურაბ ჯინიოზაშვილი დაინიშნა, ყოფილი უფროსი ლია ხმალაძე კი გადაყვანილია ამავე სამსახურში სპეციალისტად ბიუჯეტის საკითხებში.

- ყოფილი გამგებლის პირველი და მოკლევადიანი დაპირება იყო ის, რომ მაისის თვეში ახალციხის მისადგომებთან ბუნებრივი გაზის ფაკელი აინთებოდა. რა ეტაპზეა ამჟამად სამშენებლო სამუშაოები?

- ამჟამად ცენტრალური მილის გამოყვანა ხდება. გარდა ამისა, იმ სოფლებში სადაც მილმა უნდა გაიაროს, მოსახლეობასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. სავარაუდოდ მათ კომპენსაციებს მისცემენ. კონკრეტულად როდის გვექნება გაზი ამის თქმა არ შემიძლია. ალბათ სამუშაოებს ზამთარიც შეაფერხებს.

- თქვენი პირველი დაპირება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის...

_ისევ და ისევ ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება. იმედი მაქვს, რომ რაბათსა და საბარგო სადგურის დასახლებას ვუშველით.

გამგებლის კაბინეტზე წარწერა გვამცნობს, რომ მოქალაქეთა მიღება ყოველდღე 10:00-დან 18:00 საათამდე გრძელდება. თუმცა გამგებელი განმარტავს, რომ ეს დღეები შეიცვლება: “ყოველდღე კაბინეტში ვერ ვიჯდები, უამრავი საქმეა გასაკეთებელი. სოფლიდან ჩამოსული ადამიანს კი ვერ ვალოდინებ, ამიტომ მოქალაქეთა მისაღებად კონკრეტულ დღეებს გამოვყოფ”.

მოქალაქეებმა გამგეობის რამდენიმესართულიან შენობაში ამა თუ იმ პირის ძებნაში უქმად რომ არ დაკარგონ დრო, პირველ სართულზე მოქალაქეთა მისაღები კეთდება.

“ნებისმიერ საკითხზე იქ მიიღებენ პასუხს. აუხსნიან ვის უნდა მიმართონ ამა თუ იმ პრობლემის მოსაგვარებლად, - ამბობს დავით ათუნაშვილი და საუბარს სოციალურად დაუცველი ფენებისათვის სასიამოვნო ამბით ამთავრებს:
ძირითადად შეშის მომრაგების პრობლემებით მომმართავენ. ამიტომ, ვგეგმავთ სახერხებიდან შეგროვილი ნარჩენი მასალით სოციალურად დაუცველ ფენებს მაინც დავეხმაროთ. თუმცა, კონკრეტულად რა როგორ მოხდება, ამ ეტაპზე დაზუსტებული არაა”.

 

No comments: