სცენაზე გაცოცხლებული ისტორია

1 ივლისს მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სეზონის მესამე პრემიერა “შერცხვენილნი” გაიმართა.

ორმოქმედებიანი დრამა მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების პიესაზე რეჟისორმა სოსო ნემსაძემ დადგა. პიესა, რომელიც 20-იანი წლების საქართველოს ისტორიას ასახავს, იმ მოვლენებსაც ესატყვისება, რაც გასული წლის აგვისტოში საქართველოში დატრიალდა და იმ საფრთხესაც გვახსენებს, რის წინაშეც საქართველო დღეს დგას. სპექტაკლში ნაჩვენებია საქართველოს შიდაპოლიტიკური არასტაბილური მდგომარეობა და გასული წლების რუსეთის აგრესია საქართველოზე.

“ჯავახიშვილი გარდა იმისა, რომ მწერალი იყო, იყო წინასწარმეტყველიც. რაც გვიწინასწარმეტყველა ქართველ ხალხს, ყველაფერი აგვიხდა, “ჯაყოს ხიზნებიდან” დაწყებული, “შერცხვენილებით” დამთავრებული. თითქის ერთი-ერთზე გასდევს პარალელი, ხვალ თუ ზეგ შეიძლება იგივე განმეორდეს, ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ გუშინ ხომ გვქონდა”, - ამბობს სპექტაკლის რეჟისორი სოსო ნემსაძე და განგვიმარტავს, რატომ დაიდგა “შერცხვენილნი”, - “კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო მაყურებელს, ნუ ვიქნებით ნიჰილისტები, ნუ დავუჯერებთ სიზმრებს და მითებს, რომ რუსეთი ჩვენ კარგად გვაცხოვრებს! არასაოდეს არ გვაცხოვრებს მტერი კარგად და ჯობია, ჩვენს ქვეყანას ჩვენ თვითონ მივხედოთ. ეს არის ამ სპექტაკლის მთავარი იდეა”.

სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი გმირი ელენე სიმბოლურად საქართველოს სახეა. იგი რუსი ჯარისკაცების ტყვეობაში აღმოჩნდება და დუქანში გამოკეტილი რამდენიმე დღეს ტანჯვა-წამებაში ატარებს. “მარტო დავრჩი, მარტო დამტოვეს და რა მექნა?! იცით როგორ მაწვალეს?! იცით როგორ მტანჯეს?!” - ეუბნება ტანსაცმელშემოხეული და თმებგაწეწილი ელენე საქმროსა და სოფლის იმ ახალგაზრდებს, ვინ თავის გადარჩენას მტერთან დაპირისპირება არჩია. “ელენეს სიტყვები საქართველოს სათქმელია. მისი პირით საქართველო ლაპარაკობს”, - აღნიშნავს მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი და სპექტაკლის მთავარი გმირის, შალვას დედის როლის შემსრულებელი ლია სულუაშვილი.

ნაწამები ელენე სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს. “რაც მე დამემართა, იგივე დაემართა საქართველოს, მე ქვეყნის ტვირთი ვატარე”, - ამბობს ელენეს როლის შემსრულებელი ჯუნა თუმანიშვილი.

ლია სულუაშვილი აქცენტს სპექტაკლის იდეურ დატვირთვაზე აკეთებს: “ჩვენ პატარა ერი ვართ და უნდა გვახსოვდეს, რომ საფრთხე ძლიერისგან ყოველთვის არის. ამიტომ, როდესაც იგრძნობა რომ ქვეყანას ერთი საერთო მტერი ჰყავს, ერთმანეთს არ უნდა ვეკინკლავებოდეთ. ვინ არის დამნაშავე, ეს სხვა თემაა და პოლიტიკოსებმა უნდა იმსჯელონ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ სატკივარს ჩვენ უნდა მოვუაროთ”.

ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელსაც რეალობის შეგრძნება დაკარგული არ აქვს და სიმართლეს ლაპარაკობს, მასწავლებელი სანდროა. თუმცა ხალხი მას არ უჯერებს. “არიან ცხოვრებაში ისეთი ადამიანები, ვინც გვეუბნება: ხალხო, არ შეიძლება ასე! მაგრამ არ ვუჯერებთ, რადგან გვგონია, რომ მასის გადაწყვეტილება ყოველთვის მართალია. მაგრამ ასე არ არის, ნახეთ, რა დაემართა აღტკინებულ მასას”, - ამბობს მასწავლებლის როლის შემსრულებელი მანუჩარ გოგოლაური.

სპექტაკლში სტუდენტებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის მიერ დაფინანსებული “დასაქმების ხელშემწყობი პროექტის” ფარგლებში თეატრში თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გადიან.

სავსე დარბაზში პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა. თუმცა სამარისებურ სიჩუმეს შიგადაშიგ მობილური ზარების ხმა არღვევდა. თეატრის მმართველი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მობილური ტელეფონის გამორთვას მაყურებლის მცირე ნაწილი კიდევ ვერ მიეჩვია.

“როგორც საზოგადოებაში არსებობს კარგი, ცუდი და საშუალო, ისეა მაყურებელიც. სამი გოგონა იჯდა დარბაზში, რომლებიც გაუთავებლად მესიჯობდნენ. ცუდია, თუ ასე ნიჰილისტურად გაგრძელდა ჩვენი ყოფა. ეს იყო გამონაკლისი. ყველაფერზე იგრძნობა, რომ მაყურებელმა სპექტაკლი მიიღო”, - დასძენს რეჟისორი.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრისთვის 50 ათასი ლარია გამოყოფილი. ამ თანხით წელს ხუთი პრემიერა უნდა დაიდგას. მომდევნო პრემიერას მაყურებელი, სავარაუდოდ, ივლისის შუა რიცხვებში იხილავს. მარკ ტვენის ნაწარმოებზე “უფლისწული და მათხოვარი” სოსო ნემსაძე და ლია სულუაშვილი ერთობლივად მუშაობენ.
 

No comments: