რა არის სკოლის სამეურვეო საბჭო; რატომ შეიქმნა; რა ფუნქცია აკისრია და რა ხდება იმ სკოლებში, სადაც სამეურვეო საბჭო ფუნქციებს კარგად ასრულებს.
“სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არა უმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითთმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან”, - საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 37.
სკოლაში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 500-ს აღემატება, სამეურვეო საბჭოში 12 წევრი ირჩევა (6 მშობელი, 6 მასწავლებელი), ხოლო სადაც 500-ზე ნაკლებია – 6 წევრი (3/3).
საქართველოს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს პირველი არჩევნები 2006 წლის ივნისში ჩატარდა. პედაგოგთა ნაწილი ამბობს, რომ მაშინ სამეურვეო საბჭოები სათანადოდ არ ამოქმედდა. რეალურად, სამეურვეო საბჭო სკოლის მართვაში საზოგადოების მონაწილეობაა და აქტიურმა და ორგანიზებულმა სამეურვეო საბჭომ სკოლებში არსებული მდგომარეობა სასიკეთოდ უნდა შეცვალოს.
სამეურვეო საბჭო სამი წლის ვადით ირჩევა. მეორე არჩევნები მიმდინარე წლის 14 ივნისს გაიმართა.
“სამეურვეო საბჭო თუ დაკომპლექტდა ისე, რომ კარგად იმუშაოს დიდი როლი აკისრია. ეს საზოგადოების ჩართულობაა სკოლის ცხოვრებაში. ამიტომ სამეურვეო საბჭოს წევრები თვითონაც აქტიური პედაგოგები უნდა იყვნენ, ისეთი აქტიურები რომ მშობლებიც გაააქტიურონ და გონივრული წინადადებები ჰქონდეთ. ის პირველი იყო, ვნახოთ, მეორე არჩევნები რას მოგვიტანს”, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ციური სუთიაშვილი.
იგი მიიჩნევს, რომ მშობლები სკოლას ჩამოშორდნენ. სამეურვეო საბჭომ კი მათი როლი უნდა წამოსწიოს: “ყველა თუ არ ჩაერთო სკოლის მუშაობაში, სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ”.
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი ზეინაბ დათიაშვილი ამბობს, სამეურვეო საბჭოს საშუალებით რეალურად ყველას აქვს საშუალებას ჩაერთოს სკოლის ცხოვრებაში: “მშობელმა თუ არ მიიღო მონაწილეობა, არაფერი გამოვა, ხშირად დავდივარ სკოლაში და ვიცი რა პრობლემებია”.
სამეურვეო საბჭო სკოლის მართვის უკეთესი მოდელი რომაა, ამის შესახებ საუბრობს მეექვსე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ეკა დალალიშვილიც: “სკოლა გადავიდა არა ერთპიროვნულ მართვაზე, არამედ მასში ჩართულია მასწავლებელიც, მშობელიც, მოსწავლეც და ყველა მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში”.
ამავე სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი ამბობს, რომ სამეურვეო საბჭოს ალტერნატივა მათ სკოლაში 2006 წლამდეც არსებობდა: “სკოლაში ჩამოვაყალიბეთYმასწავლებელთა და მოსწავლეთა ასოციაცია, რომელსაც დაახლოებით იგივე ფუნქციები ჰქონდა, რაც სამეურვეო საბჭოს. მთავარი პრობლემატური საკითხები მათი მონაწილეობით წყდებოდა და ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც სასიცოცხლო იყო სკოლისთვის სამართლიანად იქნა მიღებული”.
მისი თქმით, მართვის ამ მოდელს ამერიკაში სტაჟირებაზე ყოფნისას გაეცვნენ. რადგან სკოლაში სამეურვეო საბჭოების შექმნისთვის ნიადაგი უკვე მომზადებული იყო, ამდენად პირველმა სამეურვეო საბჭომაც წარმატებით იმუშავა: “იყო ასეთი შემთხვევა, არასამთავრობო ორგანიზაცია “ქეას” ჰქონდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სკოლის სიცოცხლისუნარიანობის ფონდის შექმნას. თუმცა პროექტის თანახმად გარკვეული თანხა სკოლას უნდა დაედო, მინიმალური, დანარჩენს “ქეა” დებდა. იმ პერიოდში სახსრების მოძიება ძალიან რთული იყო და სწორედ სამეურვეო საბჭომ მოიძია საჭირო სახსრები. ამ თანხებით სასიცოცხლო პრობლემები მოგვარდა სკოლაში”.
სამეურვეო საბჭოს როლი კარგად აქვთ გაცნობიერებული სკოლების მოსწავლეებსაც.
“სამეურვეო საბჭოს ორგანიზებით ხშირად ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, ხორციელდება პროექტები”, - ამბობს ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ანანო გოგიძე. მისი თანაკლასელი ზურაბ ანდღულაძე, რომელიც სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრია, ამბობს, რომ სამეურვეო საბჭომ სკოლაში დისციპლინა უფრო მეტად უნდა აკონტროლოს.
“სამეურვეო საბჭოები შეიქმნა იმიტომ, რომ საზოგადოების მონაწილეობითა და მოსაზრებების გათვალისწინებით სკოლა გახდეს უკეთესი”, - ამბობს მეექვსე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე თამთა კაპანაძე.
“ჩვენ ვართ მშობლების ხმა სკოლაში. მასწავლებლები პროფესიულ პრობლემებს განიხილავენ, მშობლები მშობლების ხმას გადასცემენ და ასე სკოლის მუშაობა უფრო ეფექტური ხდება”, - ამბობს მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი და სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი თეა გავაშელი.
ზაზა თამარაშვილი სამეურვეო საბჭოების ხარვეზებზეც საუბრობს და ვარაუდობს, რომ მართვის ეს მოდელი თანდათან დაიხვეწება:
“სტაბილური შემადგენლობა არ გვყავს. ყოველ საფეხურზე ხომ უნდა გყავდეს წევრი, როცა ბავშვი გადადის საფეხურიდან საფეხურზე, იმ მშობელს ავტომატურად უწყდება უფლებამოსილება და მერე ახალი წევრები ემატებიან”.
სამეურვეო საბჭოებისადმი ნიჰილისტურადაა განწყობილი მეექვსე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ციალა ბერიძე: “არაფრის გამკეთებელი არ არის სამეურვეო საბჭო, პასიურობს. სკოლამაც დაკარგა ფუნქცია და მშობლებშიც იმედგაცრუებაა”.
თუმცა, მას არ ეთანხმება ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელი და სამეურვეო საბჭოს წევრი ალინა ლირნიკი: “ამ სკოლის პედაგოგი ვარ, და ძალიან კარგად ვიცი რა პრობლემები აქვს სკოლას. არის რაღაცეები დასახვეწი, ამაზე გავამახვილებ ყურადღებას. უამრავი კონკურსია, გრანტების მოძიებაც შეიძლება”.
მეექვსე საჯარო სკოლაში 217 მოსწავლეა. არჩევნებში 57-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. მასწავლებლების აზრით, ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ საზოგადოებამ სამეურვეო საბჭოების როლი კარგად გააცნობიერა.
“მართვის საბჭოური სტილი, ვერტიკალური დამოკიდებულება შტოებს შორის: დირექტორი-განათლების განყოფილება-სამინისტრო ჰორიზონტალურით იცვლება, დირექტორი ანგარიშვალდებული და პასუხსიმგებელია არა ზემდგომი ორგანოს მიმართ, არამედ სამეურვეო საბჭოს მიმართ, რომელიც დაკომპლექტებულია მასწავლებლებისა და მშობლებისაგან”, - დასძენს მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი.
სამეურვეო საბჭოს მეორე არჩევნები ყველა სკოლაში ჩატარდა. რამდენად ეფექტურად იმუშავებენ და როგორ შეცვლიან სკოლის ცხოვრებას გარკვეულწილად ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე გამოჩნდება. პრაქტიკულად, სამეურვეო საბჭოს ძალიან ბევრი ფუნქცია აკისრია.
სამეურვეო საბჭოს ფუნქციები:
სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს; სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუუნველყოფს მის საჯაროობას; ასევე სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანის პირობებს; გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ რეკომენდებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის თაობაზე; აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას; უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს; ასევე სამეურვეო საბჭოს შეუძლია მოითხოვოს სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდა და დაავალოს დირექტორს მიმართოს გამოცდების ეროვნულ ცენტრს; უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში დირექტორს მოსთხოვოს ვადამდე შეუწყვიტოს ხელშეკრულება პედაგოგს და ა.შ.
2 comments:
xom ar gakvt kidev damatebiti inpormacia rezoluciaze; "sameurveo sabchoebis wvlili unda iyos gaaktiurebuli" anu dges mainc da mainc araa gaaktiurebuli rom momawodot
სამწუხაროდ, ამ სტატიის მერე ამ თემასთან არ დავბრუნებულვარ, ეს სტატია კი საკმაოდ დიდი ხნის წინაა მომზადებული. ნებისმიერ ინფორმაციას, რასაც ამ თემაზე გავიგებ, ან მოსაზრების, ან სტატიის სახით ისევ აქ, ბლოგზე დავდებ.
მადლობა კომენტარისთვის. იქნებ, მიაწეროთ ხოლმე თქვენი სახელი, ან რაიმე საკონტაქტო. ასე უფრო ადვილად შევძლებ მოგაწოდოთ სასურველი ინფორმაცია.
Post a Comment