როგორ ვმუშაობდით და როგორია ჩვენი პრინციპები
ჩვენთვის, ანუ ჟურნალისტებისთვის, უფრო ზუსტად კი “სამხრეთის კარიბჭის” რედაქციის თანამშრომლებისთვის, არ არსებობს სამუშაო საათები 9-დან 6-მდე, დასვენება შაბათ-კვირას თუ სხვადასხვა დღესასწაულზე, ქორწილი, დაბადების დღე და დაკრძალვა. ჩვენ არ გვაქვს სქესი, ასაკი, რწმენა, ორიენტაცია, ვერვინ ხედავს ვატარებთ თუ არა ჯვარს...
ჩვენი ყველა დილაც ერთნაირად იწყება, სახლში “ვტოვებთ” ყველაფერს და სამსახურში გავრბივართ.
სამსახურამდე რომ ავიდე, სადგურის სკვერს უნდა ჩავუარო. ყოველ გავლაზე ვფიქრობ, რითი ჰგავს ეს ადგილი ნამდვილ სკვერს, შადრევანი დამშრალია, ოღონდ როდის დაშრა არ ვიცი, რადგან არც არასოდეს მინახავს მასში წყალი, იქაურობა ნაგვითაა სავსე, ახალგაზრდა წყვილები სკამების საზურგეებზე სხედან, (ბიჭები საუბრის დროს იფურთხებიან), დედები პატარებს ასეირნებენ, პრეტენზია არავის არაფერზე უჩნდება...
ჩუმად, მაგრამ თვალებად და სმენადქცეული ვაგრძელებ გზას რედაქციამდე, სადაც არაერთი ღამე გაგვითენებია გაყინულებს, სველებს თუ მშივრებს. ჩვენც ჯარისკაცები ვართ, ოღონდ ჩვენი “ფრონტი” გვაქვს...
მთელი წელი ვცდილობდით მოვლენების ეპიცენტრში ვყოფილიყავით. მაშინაც, ოპერატიულობას ვცდილობდით, დედაქალქში აქციები და გამოსვლები რომ იყო. ვცდილობდით შეძლებისდაგვარად მოგვეტანა თქვენამდე ყველა მოსაზრება. ამ ერთი წლის განმავლობაში იყო შიშიც, რისკიც, მუქარაც, წყენაც, გაბრაზებაც და ფიქრიც, ბევრი ფიქრი, რა უფრო ჯობდა... “ჯარისკაცები” რომ ვიყავით ეს არასდროს დაგვიწყებია...
ჩვენი სამუშაო ოთახის ფანჯრიდან საბავშვო ბაღი მოსჩანს. დილით ვუყურებთ როგორ მოჰყავთ მამიკოებს და დედიკოებს შვილები, მთელი დღე ვისმენთ გაბრაზებული მასწავლებლის ხმამღალ ფრაზებს: “დაიბანეთ ხელები!”, “დადექით რიგში!” “ნუ დარბიხართ!” “ნუ ჩამოიქციე საჭმელი!” მერე ისევ იწყება მამიკოების და დედიკოების მოსვლა... პრეტენზია არც აქ უჩნდება არავის...
მარტინ ნიიმიოლერის ცნობილ გამოთქმა მახსენდება, არც კომუნისტი ვარ, არც ებრაელი, არც პროფკავშირელი და არც კათოლიკე. მაგრამ არ მინდა, ჩემ ქვეყანაშიც ისე მოხდეს, როგორც ნიიმიოლერს და, ზოგადად, გერმანელ ერს მოუვიდა: “შემდეგ მე მომადგნენ... და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო...” ჰო და ამიტომაც მგონია, ეს რომ არ მოხდეს, არ უნდა გავჩერდე, უნდა განვითარდე, მეც, ჩემს ირგვლივ მყოფებიც, მთლიანად საზოგადოებაც. ძალიან მინდა მოკლე დროში გავაცნობიეროთ, რის შესახებაც გერმანელმა პასტორმა გასულ საუკუნეში გააფრთხილა ადამიანები. ასე მგონია, რომ დღეს ამის გაგება ძალიან გვჭირდება საქართველოში.
4 დეკემბერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მოვაწერეთ ხელი. ამით მკითხველთან ერთგულებისა და სანდოობის უსიტყვო პირობა დავდეთ. ალბათ არ ვიქნები სუბიექტური, თუ ვიტყვი, რომ ეს არც გვჭირდებოდა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, როცა ოფიციალურად აწერ ხელს რაღაც პრინციპებზე, პასუხისმგებლობაც “ოფიციალურად” გეკისრება.
მომავალი წელი გამოცდაა, გამოცდაა თითოეული ჩვენგანისთვის და მთლიანად გაზეთისთვის. მაგრამ ბევრი გეგმები გვაქვს, გეგმებიც და იმედიც, რომ ყოველ ორშაბათს ისევ შემოვაბიჯებთ ყველას ოჯახში.
ნინო ნარიმანიშვილი