მეორე სამუშაო შაბათი

შაბათია, ღამე, სადაცაა კვირა დაიწყება...
ახლა ერთდროულად ვარ ძალიან დაღლილი და ძალიან დასვენებული; ვგრძნობ, რომ ძალიან მეძინება და არც მეძინება; შემიძლია დილამდე ვიჯდე და ჩემმა მეორე მე-მ  ყოველწუთში არ გამახსენოს, რომ ხვალ ვეღარ ავდგები!
         შაბათი ყველაზე რთული სამუშაო დღეა და ყველაზე განსხვავებული.  არანაირი სოციალური ქსელები, სკაიპი და ბლოგები! რედაქციაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ვართ, დილიდან მხოლოდ  „ტექსტ 2“ მაქვს გახსნილი, სადაც ახალი ნომრის ყველა სტატიაა და თავაუღებლად ვკითხულობ წერილებს. მერე  ერთდროულად ვფიქრობ ყველა სტატიაზე, სათაურზე, ფოტოზე, ფოტოს მინაწერზე და გონებაში ვაწყობ გაზეთს.
       დღეს აღმოვაჩინე, რომ შაბათს მორბენალი სტრიქონივით ვარ. ყოველ წუთში შევრბივარ ჩემი ოთახიდან ლელას ოთახში: ლელა, ესეც ნახე რა! ერთიც და მორჩა! გაუგზავნე რა თარჯიმანს სტატიები! (გაზეთი ორენოვანია, ქართულ-სომხური და ყველა მასალას სომხურად ვთარგმნით).მოიფიქრე კარგი სათაური, გთხოვ!
       ყველაზე რთული სათაურების მოფიქრებაა. ისეთი სათაური უნდა მოიფიქრო, სტატიას რომ წაგაკითხებს. ასეთ დროს მინდა, რომ  ერთი ჩვენი ტრენერის სათაურების წილი ტვინი მქონდეს. წამში მოიფიქრებს ისეთ მოქნილ სათაურს, მე მთელი კვირა რომ ვიფიქრო, აზრად არ მომივა.
     შაბათი  კვირის ერთადერთი დღეა, როცა ყველაზე ხშირად ვბრაზდები. ოღონდ არავის  ვეჩხუბები, ჩემთვის ვბუზღუნებ, ვიმუქრები და  მერე ორშაბათამდე მავიწყდება.  
       შაბათს ყავასაც მე ვადუღებ, იმიტომ რომ სხვა დღეებში ვინც მიდუღებს, ის ამ დღეს ისვენებს. 
       მერე ვიწყებთ: პირველი გვერდი, მეორე, მესამე... მეთორმეტე. რუბრიკები, ფოტოები, ფოტოების წარწერები. ყველაზე მეტად ბოლო ნაბიჯები მიყვარს, აწყობილი გაზეთს ა4-ზე რომ ვბეჭდავთ, ასეთი სახითაც რომ შევამოწმოთ, სადმე რამე არ გაიპაროს...
       ახლა 2010 წლის მეორე სამუშაო შაბათია და ყველაფერი კარგადაა. ამ წელს გამოსული ორივე ნომერი მომწონს. ისეთი არაა მე რომ მინდა, მაგრამ ამ პერიოდის კვალობაზე კარგია. სხვაგან არ ვიცი, მაგრამ ჩვენს რეგიონში იანვარი ყველაზე მკვდარი თვეა. 
       ერთი სტატიის სათაურზე მეფიქრება, არ ვიცი რამდენად მოქნილია... საერთოდ სათაურები ჩემი სუსტი წერტილია, ალბათ ამიტომაა, ყველგან ყველაზე დიდხანს სათაურებს რომ ვუკირკიტებ. ოღონდ იშვიათად მომწონს რამე. არ მიყვარს სათაური ლიდზე დიდი რომაა.... 
       ხვალ ვისვენებ! კინოს დღე მაქვს! ოთარ ჭელიძესაც უნდა დავაყენო საშველი, რაღაც ძალიან გამიჯანჯლდა...