საშინელი ზარი


 ერთი წამი, სულ ერთი წამია საკმარისი იმისთვის,რომ ყველაფერი დაინგრეს.... ერთი წამი და ერთი ზარი....

არ ვიცი გქონიათ თუ არა ისეთი შემთხვევა, ნუგეშისცემა რომ გინდა და სიტყვებს ვერ პოულობ, მოფერება რომ გინდა და ხელის შეხების გეშინია, გამხნევება რომ გინდა, მაგრამ აზრებს ვერ უყრი თავს...

მე ასე ვარ ახლა...

მინდა დავამშიდო, ვანუგეშო, მაგრამ არ გამომდის. მის ნაცვლად მეშინია და რისი მეშინია, ისიც არ ვიცი... მეცოდება, მეცოდება, ისე მეცოდება, რომ . . . 

დღეს ჩემმა მეგობარმა მამის დაღუპვის ამბავი გაიგო ტელეფონით... მამის, რომელიც 10 თუ 12 წელია არ უნახავს. ასეთი საშინელი დღე არასოდეს გვქონია სამსახურში...

უცნაური სიზმარი უნახავს წუხელ, გვიყვებოდა, მაგრამ არ მოვუსმინეთ, ეს რა საშინელებააო გავაჩუმეთ.... ჩვეულებრივად იყო, მხიარული, საახალწლო ამბებზე ვლაპარაკობდით.... ვიდრე მისმა ტელეფონმა არ დარეკა... .

ბევრი არაფერი მახსოვს, მხოლოდ მისი ხმა ჩამესმის ყურებში: ``ღმერთო, ნეტა ტყუილი იყოს, ტყუილი! მითხარით რომ ტყუილია, მითხარით რომ მატყუებთ!``.... შენ კი უძლური ხარ... უძლური და უსუსური, იმიტომ რომ იცი ტყუილი არ არის....

არ მინდა ვიყო ბანალური და არ გამომდის, არ მინდა ამაზე ვიფიქრო და არც ეს გამომდის.....

ერთი თვის წინ, ჩვენს ერთ-ერთ მეგობარს უცნაური რაღაც დაუწერია. ``არ წაგიკითხეთ, არ მინდოდა შემეშინებინეთო``.... დღეს წაგვიკითხა, წაგვიკითხა და .... დამბურძგლა...

                                                                                  ******
დღეს თუ ხვალ რაღაც მოხდება. არვიცი რა, მაგრამ რაღაც ისეთი, რას ყოველდღე არ ხდება და არც უნდა ხდებოდეს...

მერე იქნება შეცბუნებული, შეწუხებული სახეები: ``რაა?!!!``, ``ვინ თქვა?!``, ``ღმერთო!``

დაზაფრული სამუშაო დღე იქნება, მერე ძალიან გაგრძელდება ეს დღე. სახლშიც რომ არავის ენდომება წასვლა. სიჩუმის დარღვევაც რომ არავის ენდომება...

თაკო ჩუმად მოადუღებს ყავას და ჩამოგვირიგებს, ისე რომ არც გვკითხავს გვინდა თუ არა. ცხელი ყავა წამიერად დაგვავიწყებს განცდილს, ნაწყენი ჩავხედავ ფსკერზე დარჩენილ ნალექს....

გულოს გავხედავ ჩუმად, ალბათ მინდა, რომ რამე თქვას თავისებურად, სიცილს თუ არა, ღიმილს მაინც რომ მოგგვგვრის... მაგრამ გაყინული სახე აქვს, არაფის თქმას აპირებს ...
უაზროდ ვსხედვართ კომპიუტერებთან...
მანანა უხალისოდ ათვალიერებს ``დესკტოპს``, მაუსს აწვალებს ხელით ...
თამუნას წუწუნი აღარ ისმის....
ნინოს ზურგს ვხედავ, ჩუმია, ისეთი ჩუმი, როგორიც არ უხდება მუდამ ლაპარაკით დაუღალავს....

თვალებს ვერცერთისას ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი რომ ყველას ისეთი სევდიანი თვალები აქვთ, ისეთი, რომ აღარასდროს მომინდება მათი ასეთი თვალების დანახვა ...

საათს ვუყურებ, ექვსამდე მინდა სახლში მივიდე. ყველაზე ადრე მე ვტოვებ სამსახურს, ასეა მუდამ. არც ამ დღეს შეიცვლება..
5 საათზე ჩუმად ვდგები, უაზროდ მიმოფანტულ ნივთებს ჩანთაში ვყრი, ``ხვალამდე ბავშვებო``- ვამბობ და კარს ვაღებ...
პასუხს არავინ მცემს. სხვა დროს ალბათ მეწყინებოდა, სხვა დროს სხვანაირადაც დავემშვიდობებოდი, ``წავედი, უჩემოდ არ მოიწყინოთ``, გამიღიმებდნენ და მეც ღიმილით წავიდოდი....

მაგრამ ეს სხვა დღეს.... დღეს არა``

.. არ ვიცი ეს რატომ დაწერა, უცებ ვიგრძენი რაღაც და დავწერეო... მაგრამ რომ წაგვიკითხა, მართლა დაგვბურძგლა...

2 comments:

matasi said...

აუუუუუუუუუუ დავმძიმდიიიიიი:((
ცუდი რა მოხდა მერე. ეეეეეეეეეეე

nino-n said...

ცუდიი? თამუნა სწორედ ისაა, ვისაც მამა დაეღუპა და ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ნათიას ჩანაწერში იყო. თამუნა რომ წავიდა, არავის არაფერი გვითქვამს იმ დღეს, არც არაფერი გაგვიკეთებია, ვიჯექით და უაზროდ შევჩერებოდით კომპიუტერებს.

საოცარი დამთხვევა იყო. ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა ცოტა ხნით ადრე ზუსტად აღწერა ის სცენა, რაც მერე მოხდა.