თაზოს ბებიის ”ლავ სთორი'', ჩემი ბებია და შემწვარი ვაშლი

'' ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის ბალანსზე 7 შვილი და 18 შვილიშვილი ირიცხება''- ო. სულ რამდენიმე წუთის წინ ”თავისუფალი სიტყვის ბლოგზე” წავიკითხე, მომეწონა, დამთბა, კარგი პოსტია, რაღაცნაირი თბილი, გემრიელი. მაგრამ, არ გეგონოთ ბლოგის მიმოხილვას ვაპირებდე :)) ამ ჩანაწერმა ჩემი ბებია გამახსენა. ოღონდ, ბებიის გახსენებაზე, პირველი, რაც თვალწინ დამიდგა, დიდ, ლურჯ ბარხატის ალბომში სათუთად ჩაკრული მისი შავ-თეთრი ფოტოებია: ლამაზი თვალებით, კოხტად გამოწყობილი ქალი გიყურებს. ”უყვარდა ბებიაშენს ლამაზად ჩაცმა, პატარები რომ იყავით ახალ და ლამაზ ტანსაცმელს თუ არ ჩაგაცმევდათ, ეზოში არ გაჰყავდით; ავად იყო, უჭირდა, მაგრამ მაინც ყველაფერი ეხალისებოდა; არ ეზარებოდა ქალაქში წაეყვანეთ იმ ხნის ქალს ფოტოების გადასაღებადო”, - იხსენებს ხოლმე დედა.

5 წლის ვიყავი ბებია რომ დაიღუპა და ბუნდოვნად მახსოვს. ფოტოებითა და სხვისი მონაყოლით ვიცი მის შესახებ.

ბებიასა და ბაბუას ”ბალანსზე” (თაზოს დავესესხები, მომეწონა ეს სიტყვა) 3 შვილი, 9 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილია (მალე მესამე შვილთაშვილიც გაჩნდება). ოღონდ შვილთაშვილებს ვერც ბებია მოესწრო და ვერც ბაბუა, ის კი არა და, ბებია მე-8 და მე-9 შვილიშვილსაც ვერ მოესწრო.

ჩემი ძმა რომ დაიბადა (ოჯახის გვარის გამგრძელებელი, რომელსაც წლები ელოდებოდნენ) 9 წლის ვიყავი და მახსოვს, ყველა ამბობდა ამას ქეთო (ბებია) რომ მოსწრებოდა, აღარ მოკვდებოდა, ახლა ალბათ ”საფლავში ტრიალებსო” (ასეთი თქმა იცოდნენ ჩემს სოფელში).

ბაბუა მესიზმრება ხოლმე, ხშირად და ყოველთვის კარგის მომასწავლებელია მისი დასიზმრება. აბიტურიენტობისას და სტუნდტობისას ყველა გამოცდის წინ მესიზმრებოდა და ვიცოდი, რომ კარგად ჩავაბარებდი. ახლაც, რთული დღე რომ მაქვს, ღამით თუ დამესიზმრა, ვიცი, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. ბებია არასოდეს არ დამსიზმრებია, არ ვიცი რატომ, ზოგჯერ სანთელს რომ დავანთებ და ველაპარაკები, ვეუბნები, ერთხელ მაინც დამესიზმრე-თქო, მენატრება, მაგრამ არ მესიზმრება. იქნებ იმიტომ, რომ მისი სახე კარგად არც მახსოვს, არ ვიცი...

მშურს, ოღონდ თეთრი შურით თაზოსი (რომელსაც არ ვიცნობ), მარტვილში ჩასულს უამრავ საინტერესო ამბავს რომ უყვება ბებია და კიდევ სხვებისაც, ბებია და ბაბუა რომ ცოცხალი ჰყავთ, ან ბევრი კარგი მოგონება აქვთ .

სულ ვფიქრობ, როგორ ვიცხოვრებდი ახლა ცოცხლები რომ იყვნენ.... არ ვიცი... არც ის ვიცი, რა საჭმელებს გააკეთებდა ბებია, რას მასწავლიდა, რას მომიყვებოდა... მაგრამ ერთი ვიცი: არ იქნებოდა გამოკეტილი და მიტოვებული ჩემი სოფლის სახლი, რომელიც ძალიან მიყვარს, არ იქნებოდა მორყეული ღობე, ჩამოშლილი კედელი, გაყინული ოთახები.... გვეყოლებოდა პატარა ძაღლი ეზოში და მე ყოველ დასვენების დღეს წავიდოდი მათთან, ბებიის შემწვარი ვაშლები რომ მეჭამა (ახლა გამახსენდა, ვაშლს ყუნწთან ამოჭრიდა, შაქარს ჩაყრიდა, ან თაფლს ჩაასხამდა და ღუმელში გემრიელად წვავდა ხოლმე)....

რაღაც სენტიმენტალური ჩანაწერი გამომივიდა, მაგრამ ბლოგერები ხომ რაღაცნაირი სენტიმენტალურები ვართ, ასე მგონია სხვაგვარად ვერც დაწერ...

ახლა არ მაქვს, მაგრამ ოდესმე ბებიის ფოტოს დავდებ :) ამ თბილ პოსტში შემწვარი ვაშლის ფოტოს ჩასმა არ მინდა:))

4 comments:

თინი said...

რა სენტიმეტალურ ხასიათზე დამაყენა პოსტმა:))თბილი იყო ზაან..
მე ორივე ბებია და ორივე პაპა ცოცხალი მყავს,მადლობა ღმერთს.. ხშირად ვურეკავ და ველაპარაკები. სხვანაირი სითბოა, როცა იცი, რომ სოფელში ჩახვალ და დაგხვდებიან ისინი. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვა ნათესავი ცხოვრობს იქ,ესენი სხვანაირად მელოდებიან ყოველთვის,ვიცი:))

nino-n said...

:)) მადლობა თინი :) თბილი მოგონებები მაქვს და :) ხოოო, მინდა,სოფელში რომ ჩავალ ეზოში დამჭკნარსახიანი, თვალზეხელმოჩრდილული ბებია მხვდებოდეს, მერე ჩუმად გამოჰქონდეს საკუჭნაოდან ჩემთვის გადამალული ვაშლის ჩირი და ტყლაპი და თბილ ღუმელთან მიყვებოდეს თავისი ახალგაზრდობის ამბებს :)))

ეეე, მინდა, მაგრამ სადაა....

ჯორჯ პაიკი said...

დღეს ბებიამ სოფლიდან სპეციალურად ჩემთვის გამომცხვარი პატარა შოთის პური გამომიგზავნა... ძალიან გემრიელი იყო. :)

nino-n said...

ჯორჯ პაიკი: :))))))))))))