მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!
ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი.
რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს...
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.
ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს...
მთელი დედამიწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...
და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -
ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით
გიორგი საჯაია
No comments:
Post a Comment