მოწევა კლავს! - წარწერა სიგარეტის კოლოფზე
ფორმალობა დაგვღუპავს - ჩემი ბლოგერული დასკვნა ))
წვიმის ხმაზე გამეღვიძა, არა, უფრო სწორედ გამაღვიძეს. უცნაურია, სულ იმ იმედით ვიძინებ, რომ დილით მაინც დამხვდება თოვლი და ყოველ დილას მაინც წვიმის ხმა მაღვიძებს. ვხვდები, არაფერი არ მოქმედებს ისე ცუდად ჩემზე, როგორც წვიმა.
ისევ დამაგვიანდა. ამ ბოლო დროს სულ მძინავს და მაინც სულ მეძინება. ბოლო სამი ლარიდან ორი ტაქსის მძღოლს გადავუხადე და სირბილით ავირბინე ზრდასრულთა ცენტრის კიბეები, სადაც 12-ის ნახევარზე რაღაც შეხვედრა იყო დანიშნული.
უხერხულად შევედი ოთახში, ოღონდ აღმოვაჩინე, რომ სულაც არ მომხდარა კატასტროფა, იმიტომ, რომ მხოლოდ შეხვედრის ორგანიზატორები მელოდებოდნენ. ცოტა სასაცილოა, მხოლოდ სამნი დავესწარით უცნაურ შეხვედრას, რომელსაც იდეაში ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დასწრებოდა. აქედან, ერთი ახალქალაქიდან იყო, რომელიც მოიწვიეს როგორც მედიის წარმომადგენელი, სინამდვილეში კი ბიზნეს-ცენტრის უფროსი აღოჩნდა და ერთიც მოხალისე, რომელიც ყველა შეხვედრას დაესწრება, ოღონდ სახლიდან გამოსვლის მიზეზი ჰქონდეს. მოკლედ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამართლიანი არჩევნები ახორციელებენ პროექტს "ხალხის მანიფესტი", რომლის მიზანია მოქალაქეებსა და თვითმმართველობებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის გაზრდა. არ ვიცი როგორ განვეწყო ოპტიმისტურად მათ მიმართ ასეთი დასაწყისის მერე. გორიდან იმისთვის ჩამოვიდნენ, რომ სამი ადამიანისვის (აქედან, ერთი ჩემზე გვიან მოვიდა) აეხსნათ რას ისახავს მიზნად მათი პროექტი, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების გააქტიურება, რატომ უნდა იაროს ხალხმა საკრებულოს სხდომებზე და რა მნიშვნელობა აქვს მათ ჩართულობას ბიუჯეტის შედგენისას... იდეა რომ კარგია, ამაზე არაფერს ვამბობ, მაგრამ განხორციელების მექანიზმები მაფიქრებს. კარგი, მე შევიტან ჩემს წვლილს, მითუმეტეს, რომ მეც ძალიან მაღლვებს ეს საკითი და დავწერ ამაზე სტატიას თავისი ახსნა-განმარტებებით რისი უფლებები აქვს მოსახლეობას, საერთოდ რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა და რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების გააქტიურება. ბოლოს და ბოლოს, მართლაც ხომ უნდა ჩამოვყალიბდეთ ოდესმე სამოქალაქო საზოგადოებად. მაგრამ მერე?! ამხელა ამბიცია და ასეთი დასაწყისი?? დავუშვათ, მე არ დავწერე სტატია, საიდან გაიგოს ხალხმა, რომ მთავარია სურვილი ჰქონდეს გააქტიურების და შენ ყველაფერში ეხმარები?
გასული წლის ბოლოსაც შეიქმნა რაღაც გაერთიანება, პირობითად "საზოგადოებრივი საბჭო". იდეაში, მის წევრებს (მათ შორის მეც) ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა გვეკონტროლებინა (ყველანაირი გაგებით) და ერთად უნდა გვეფიქრა რაიონის პრობლემების მოგვარების გზებზე. მაგრამ მხოლოდ ფორმალობა გამოგვივიდა, ერთხელ შევიკრიბეთ და მორჩა, ეს იყო და ეს....
ყველას ჩვენი როლი გვაქვს საზოგადოების გააქტიურებაში, მაგრამ ეტყობა ყველა ვპასიურობთ, ან იმდენს არ ვაკეთებთ, რამდენიც საჭიროა, ან მართლაც ალიან ინერტული გახდა ხალხი და ყველაფრის მოგვარება თანამონაწილეობის გარეშ უნდათ. არ ვიცი. ერთი რამ კი ცხადია, მოვალეობის გამო გახსნილ-დაგეგმილ-დაწყებულ-დაპრეზენტაციებული პროექტები და შეხვედრები კარგს არაფერს მოგვიტანს და ისევ ნიჰილიზმი წაგვლეკავს. ეს, მითუმეტეს ახლა, დაუშვებელი და დამღუპველია.
No comments:
Post a Comment