ბავშვები საკვირაო სკოლიდან

რატომ ამბობენ, რომ ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვს?! არსებობს ვინმე, ვისი შესაძლებლობებიც შეუზღუდავია?!’’  - ეს ფრაზა (ზუსტი ციტირება არაა) საკმაოდ დიდი ხნის წინ ჟურნალ „სოლიდარობაში“ წავიკითხე და მას შემდეგ არაერთხელ დამიმოწმებია საუბარში. კვირას არლის საკვირაო სკოლაში ვიყავი, სადაც ათი უნარშეზღუდული ბავშვი სწავლობს და კიდევ ერთხელ გამახსენდა.
 
 მაგალითად, მე ვერასოდეს გავხდები მოდელი, იმიტომ რომ ამისთვის არანაირი მონაცემი არ მაქვს და პირიქით, გაცილებით დაბალი ვარ ვიდრე ჩემს ასაკს შეეფერება, ანუ შეზღუდული ვარ. ახლა მითხარით, რით განვსხვავდები მე მათგან?!  (შეიძლება სულელური შედარებაა, მაგრამ ...).

ბავშვები

ადიგენის რაიონის სამი სოფლის ათი ბავშვი კვირაში სამი დღე, შაბათს, კვირას და ორშაბათს რამდენიმე საათით ერთად იკრიბება. სწავლობენ განსხვავებული მეთოდით. ჯერ წრეზე სხდებიან და ვარჯიშობენ ხელებითა და ფეხებით, მერე თექის ბურთით თამაშობენ; ჭრიან, აფერადებენ, ხატავენ და თაბაშირის ყელსაბამებს აკეთებენ,-  ასე მათი სახსრები და კუნთები უფრო მოქნილი უნდა გახდეს.  
სწავლობენ დათვლას, წელიწადის დროებს, შინაურ და გარეულ ცხოველებს, ლექსებს, სიმღერებს  და ზღაპრებს.
          ყველას ძალიან მეტყველი, ფართო და ცნობისმოყვარე თვალები აქვს... სტუმრების მისვლა განსაკუთრებით უხარიათ, გეფერებიან ხელებზე და თვალს არ გაცილებენ, მაშინაც კი, როცა აუცილებელი ვარჯიში აქვთ შესასრულებელი... უხარიათ, როცა მათთან ერთად ვარჯიშობ და თამაშობ „ბეკეკინა თხაო“-ს, ფერადი ფურცლებისგან სხვადასხვა ფუგურებს ჭრი დათაბახის ფურცლებისგან გაკეთებულ რვეულებს აფორმებ....
 
   
  ყოველ წუთში ამბობენ: მიყვარხარ მასწავლებელო! მაგიდასთან ხელჩაჭიდებულები სხედან და განსაკუთრებით შექება უხარიათ, მითუმეტეს თუ  დამოუკიდბელი მუშაობისთვის დაიმსახურეს....
      
ასე მგონია ყველაზე, ყველაზე მეტად მამა იოსები უყვართ.

აქ ყველას თავისი ისტორია აქვს. მათი ამბები ძალიან მსგავსი და ამავე დროს ძალიან განსხვავებულია.  ერთმანეთი ძალიან უყვართ და კვირაში სამი დღე ერთი დიდი ოჯახივით ცხოვრობენ.
მათთან ორი დღის წინ ვიყავი, მაშინ სკოლაში ექვსი მოსწავლე იყო. მეგონა როგორც კი დავბრუნდები, მათზე თბილ პოსტს დავწერდი, მაგრამ ვერ შევძელი და გუშინ მხოლოდ ფოტოები დავდე.

ნატო  ყველაზე უფროსია. წითელი "მანიკური" უსვია და ძალიან უხარია ჩემს თითებზეც იგივე ფერის ლაქს რომ ხედავს. ცნობისმოყვარეა, კეთილი და ცოტა ზარმაცი. თუ გაჩერდა, მერე დამოუკიდებლად აღარფერს აკეთებს . ყოველთვის აფიქსირებს ობიექტივს და შეუმჩნევლად პოზირებს. 

  
ნიკა 18 წლისაა. გამუდმებით თვალებში გიყურებს და მუდამ ყურადღებას ითხოვს. ეკა მასწავლებელი განსაკუთრებით  უყვარს,  „მიყვარხარ მასწავლებელო“ - უმეორებს ყოველ წუთში და უნდა, რომ მუდამ მის გვერდით იყოს.. გაყინულ ხელებს თბილ ხელზე გადებს და გთხოვს, რომ გაუთბო.... საჯარო სკოლაშიც დადის, მაგრამ საკვირაო სკოლა განსაკუთრებით უყვარს. ორი კვირაა მისი ეტლი ავტოფარეხშია, დამოუკიდებლად სიარული უჭირს, მაგრამ ამბობს, რომ ეტლით სიარული ლამაზი არ არის და მას აღარასოდეს დაუბრუნდება.
სოფო ყველაზე ჩუმი და უპრეტენზიოა. ზედმეტად არავის აწუხებს, დიდი და ცნობისმოყვარე თვალებით გიყურებს და ასე მგონია იმაზე გაცილებით მეტს ხვდება, ვიდრე შენ გინდა რომ უთხრა. ნიკას მისი ეტლი არ მოსწონს, სთხოვს,რომ ადგეს, მერე ბრაზდება კიდეც და გამუდმებით უმეროებს, რომ ასე ლამაზი არ არის. ეს მას შემდეგ დაეწყო, რაც თავისი ეტლი „გარაჟში“ გამოჰკეტა. მაგრამ, სოფოს ჯერ ეშინია, სკამზე მხოლოდ ორი წუთით ჯდება, ნიკას დაჟინებული თხოვნის შემდეგ, ოღონდ მასწავლებლებს ხელს არ უშვებს.

გიორგის არ ესმის, მაგრამ ისეთი თვალები 
აქვს, ხვდები რომ მას ყველაზე მეტად ესმის ამ სკოლის მოსწავლეებში: დიდი, შავი, ბრიალა , ეშმაკური და ციმციმა.  თვალებით გესაუბრება და იმაზე გაცილებით მეტს გიყვება, ვიდრე მაშინ მოგიყვებოდა, საუბარი რომ შეეძლოს.... დედაც ამ სკოლაში მუშაობს, ლოგოედის კურსებიც აქვს და გავლილი და ისინი ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ. 


მაიკო  ძალიან მზრუნველია, ყველაზე დამოუკიდებელი და დაფიქრებული. მას რომ უყურებ, ძნელიც კია მიხვდე, რატომაა ამ სკოლის მოსწავე. 




 ელზა  ისეთი ჩუმი, შეუმჩნეველი, მაგრამ ამავე დროს  მეტყველი და შესამჩნევია, რომ ძნელია სკოლაში შესვლისთნავე თვალში არ მოგხვდეს.
სკოლაში ზღპრების ინსცენირება ხდება, ელზა ამ ზღაპრების გმირებს ფურცელზე ლამაზად ხატავს და როცა მათ კამერით
გადაღებას აპირებ, უხმოდ დგება თავის ნახატებთან.

რატი ყველაზე აქტიური, ცელქი, მოუსვენარი და სხარტია. რვეულებს სახლებითა და უცნაური ფიგურებით აფორმებს და უნდა, რომ როცა გაიზრდება ინჟინერ-მშენებელი გახდეს. რატი ხატავს, ეკლესიებს, ზუსტად ისეთებს, როგორიც მის სოფელშია.
 

        კედლებზე მათი ნახატებია: ხეები, სახლები და ეკლესიები. ნახატები ეხმარებათ სწავლაში და ყველაზე მეტად ხატვის გაკვეთილეი მოსწონთ.
        ყველაზე დიდი ხე წელიწადს აღნიშნავს. ახლა თებერვალია, ზამთრის ბოლო თვე, სოფელში თოვლი არაა, ძალიან თბილა და მალე ხეებიც დაიკვირტება. დღის მორიგე ხეზე კვირტს ამაგრებს და თან ითვლის, ზუსტად იმდენი კვირტი უნდა იყოს ხეზე, რა რიცხვიცაა იმ დღეს. ასე დათვლასაც სწავლობენ და წელიწადის დროებსაც...  

სულ რამდენიმე თვეა, რაც სკოლა არსებობს, მაგრამ მასწავლებლები ამბობენ, რომ შედეგები უკვე სახეზეა. ყველაზე მთავარი მიღწევა ალბათ ისაა, რომ ეს ბავშვები სახლებიდან გამოვიდნენ და ცდილობენ დამოუკიდებლობას შეეჩვივნონ. 


 ზოგადად

"მთავარი საქმე
არ უნდა იყოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანთა მიმართ ფილანტროპიის წახალისება. მათ არ სჭირდებათ “უნარიანი” ხალხის მფარველობა. ჩვენ გვმართებს კაცობრიობის უნივერსალური ღირებულებების გაცნობიერება; გააზრება თუ რამდენად სხვადასხვანაირია ადამიანური ცხოვრება; აღიარება, რომ ჩვენ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა არსებობა ჩვენი მრავალფეროვნების კიდევ ერთი სიმდიდრეა"
(ნელსონ მანდელა).

ემოციებსაც ვერაფერს ვუხერხებ, მაგრამ ახლა ძალიან ვცდილობ ისე დავწერო, რომ  სიბრალული არ გამოიწვიოს ჩემმა ნაწერმა.

„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არ შეიცავს განსაკუთრებულ დებულებებს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების შესახებ. ამის საჭიროება არ არსებობს, რადგან ინვალიდები, როგორც საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები ისევე სარგებლობენ კონვენციით უზრუნველყოფილი თითოეული უფლებით, როგორც სხვა ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირები“ („სოლიდარობა“, #5(32)

          პრობლემა ჩვენშია, საზოგადოებაში და იმ სტერეოტიპებში ჩვენვე რომ ვქმნით და მერე ხელს ვუწყობთ მათ დამკვიდრებას. მაგრამ არ მგონია, რომ მხოლოდ ეს იყოს დიკრიმინაციის მიზეზი. ჩვენთან არაა მათთვის ადაპტირებული გარემო, იშვიათია შენობა, რომელსაც  პანდუსები აქვს. რა მნიშვნელობა აქვს, არ მიგიღებენ სკოლაში, თუ ვერ შეხვალ მასში, იმიტომ, რომ კიბეებია და არავითარი პანდუსის მსგავსი...
        ასე მგონია, ჩემს გმირებში არ ხედავენ რაღაც უნარს, თუნდაც ხატვის ნიჭს. მათში მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ხედავენ, არადა ეს არანაირ გავლენას არ ახდენს  ხატვაზე
    ცოტა ჩემი წარსულიდან

        შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანს პირველად დაახლოებით სამი წლის წინ შევხვდი, მაშინ დამწყები ჟურნალისტი ვიყავი.  ქეთი (მგონი ასე ერქვა) სოფელ ლელოვანში ცხოვრობს, ცერებრალური დამბლის დიაგნოზით, მუდმივი მკურნალობის ქვეშ.  ახლა ალბათ 10 წლის იქნება.
        ძალიან გამხდარი იყო, ქერა და ცისფერთვალება. თავიდან დაფრთხა, არ მოგვეკარა, მერე გაიხსნა, კონტაქტში შემოვიდა... მასწავლებელი ჩვენთან ერთად წამოვიდა მაშინ მასთან და პირველკლასელთათვის განკუთვნილი საჩუქარი, ჩანთა სა წიგნები მიუანა. გაეხარდა, ბოლოს გვეთამაშა კიდეც... მახსოვს, რომ წამოვედით, გზაში გვეტირებოდა და მაშინ ამეკვიატა ფოქრი, ოდესმე, ფული თუ მექნება, ქეთისა და სხვა მსგავსი ბავშვებისთვის სკოლას გავხსნი და ამ ჩაკეტილი ოტახებიდან გარეთ გამოვიყვან-თქო. მას მერეც არაერთხელ მიფიქრია... 

მამა იოსები

        ქეთის ისტორიის გახსნების მერე ვხვდები, ასე ძალიან რატომ უყვართ არლის საკვირაო სკოლის მოსწავლეებს მამა იოსები... მისი დახმარებით გაარღვიეს ჩაკეტილი წრე... ახლა ითხოვენ, რომ მეცადინეობა კვირაში სამი დღე კი არა, მთელი კვირა ჰქონდეთ.... მასწავლებლებიც ამბობენ, რომ უკვე იმაზე დიდი შედეგი აქვთ, ვიდრე ელოდნენ.... მხოლოდ ნიკას „გარაჟში“ გამოკეტილი ეტლი კმარა ამის დასტურად....     კარგია, რომ ინკლუზიური სწავლების დანერგვა ჩვენთანაც დაიწყო. არავის სჭირდება  სიბრალული და სანახაობისთვის მიტანილი ეტლი, ისინი ჩვენნაირი მოქალაქეები არიან და  სრულფასოვანი განათლების მიღების უფლება აქვთ. ამისთვის პირველ რიგში საზოგადოების მზაობაა საჭირო, ეს კი ალბათ, ისევ განათლებამ უნდა მოიტანოს.

პ.ს.
სკოლის გახსნის დეტალებზე და სწავლების მეთოდებზე არაფერს ვწერ. უბრალოდ ბავშვებზე მინდოდა დამეწერა. ამ მისამართზე შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია ამ თემაზე, რომელიც ჩემს გაზეთში დაიბეჭდა. 

აქვე, გოგი გვახარიას სტატიის ლინკს დავდებ ”ადამიანები, რომელთა შესაძლებლობები შეზღუდულია”  . ძალიან საინტერესოა, ვისაც ეს თემა გაინტერესებთ.

ესეც ფოტო ინტერნეტიდან, რომელიც უკვე უნებლიე სიმბოლოა!!!სადაა არ ვიცი(

პ.ს. ესეც ვიდეო საკვირაო სკოლიდან. 






No comments: