ძვირფასო კიწი!

16 თებერვალია და გარეთ წვიმს!  აუტანელია ასეთი ამინდი!
   
დილით, წვიმის ხმა რომ მესმის, თავზე საბანს ვიფარებ და ძილს ვაგრძელებ. დედა ათასჯერ შემოდის ოთახში , დამხედავს, ერთს დამელაპარაკება და გადის. იცის, რომ ვაგვიანებ, მაგრამ  არ მაღვიძებს, ვეცოდები. ჩემსავითაა, ორივე ვიპარავთ დროს, აი, ხუთი წუთიც, ხუთიც, ათიც... მოვასწრებ, კიდევ მოვასწრებ!

დედამ იცის, ასეთ დროს გარეთ გამოსვლა რომ არ მიყვარს. შენც ხომ იცი რა მიყვარს ასეთ დროს?!

ხო, უნდა ვიჯდეთ სადმე ძალიან მყუდრო ადგილას, ერთი ჭიქიდან ვწრუპავდეთ ჩაის და ერთი თეფშიდან ვჭამდეთ კომშის მურაბას. ბებიამ გამოგვიგზავნა გუშინ, ვიცი, რომ გიყვართ, ამას რომ შეჭამთ, კიდევ მოგაწვდითო...  მურაბას ბებიის ხელის გემო აქვს ხოლმე, ჩაის მისი ტუჩების. მერე ”ბოდიალა ბატონები” გვეწყება, ჯერ წიგნებში დავბოდიალობთ, მერე მუსიკაში... მერე ფანჯარასთან ვჯდებით და მაღალსართულიან კორპუსებს მიჩერებივართ. შარლ ბოდლერი ხომ გახსოვს? -  ”ის, ვინც ღია ფანჯრებში იყურება ქუჩიდან, ვერასოდეს შეიგრძნობს ყოველივე იმას, რასაც დაინახავთ ჩაკეტილ ფანჯარაში ცქერისას. არაფერია უფრო ღრმა, უფრო იდუმალი და მიმზიდველი, უფრო პირქუში და თვალისმომჭრელი, ვიდრე ფანჯარა, სანთლის შუქით განათებული შიგნიდან”.  

ფანჯრებთან ლანდები ირევიან, ჩვენ ვზივართ და ისტორიებს ვიგონებთ. ყველა ფანჯრის მიღმა ჩვენი გამოგონილი გმირები ცხოვრობენ. წვიმიდან წვიმამდე ისინი იზრდებიან, იცვლებიან, ტირიან, იცინიან, გადიან, ბრუნდებიან, ბერდებიან.... 

დილაა...  წვიმს... ღუმელი გუზგუზებს და  ჩაიდანიც უსტვენს... მაგიდაზე ჩაი, ლიმონი და კომშის მურაბა დევს, ოღონდ არავინ ჭამს... ფარდა გადაწეულია, მაგრამ ფანჯრიდან არავინ იხედება... მუსიკა ჩართულია, არც იმას ყავს მსმენელი.... მაგიდაზე ''ანა ფრანკის დღიური'' დევს, ოღონდ არავინ აშრიალებს ფურცლებს.... 

წვიმს, მაგრამ სამსახურში გავრბივარ... არა, გამახსენდა, ჯერ რაღაც პრეზენტაციაზე, სადაც ზუსტად ვიცი, ჩემს მეტი არავინ იქნება... 


2 comments:

matasi said...

მოვა!
მერე ლიმონზე გექნებათ დავა, არ შენ უფრო დიდი ნაჭერი შეგხვდა და არა მეო:)
მერე ფანჯარაც აღარ იქნება ისე საინტერსო, როგორც მარტოობის დროს ხდება:) სხვა საქმე გამოგიჩნდებათ:)

მერე ,,ანა ფრანკის დღიურები” -ს წაკითხვა არა მოგინდება, სხვა ჟანრს მიწვდები:)

მერე, მერე მეც თვალს გადევნებ და მივხვდები რაც მოხდება, რადგან აქ ყველაფერი ჩანს რა ხდება შენთან:))

ნინო said...

:))) ”ანა ფრანკის დღიურები” რამდენიმე დღის წინ ვიყიდე და ახლა ჩემი დღე მისით მთავრდება:)

ახლაც გამახსენდა და...

მადლობა კომენტარისთვის.

ხო, ვიცი, რომ მოვა:)