გაქცევა

 ახლა ყველაზე მეტად მინდა ჩავალაგო ჩანთა და ერთი კვირით სადმე ძალიან შორს და უცხო ადგილას წავიდე. მთელი დილა ქუჩებში ვიხეტიალო, შუადღეს სადმე მყუდრო კაფეში ჩაი დავლიო და წიგნი ვიკითხო, საღამოს კინოში წავიდე, პოპკორნები მოვიმარაგო და მყუდროდ მოკალათებულმა გულიანად ვიცინო ან ვიტირო. 

ჩავიცვა ისე, რომ არ ვიფიქრო რას იტყვიან ასე რომ დამინახავენ. არ ავიღო ხელში საძულველი თმის საშრობი ფენი და თავი არ ავიტკივო მისი გრიალით, იმიტომ, რომ გაწეწილი თმითაც უპრომლებოდ ვივლი ქუჩაში. 

 იქ, სადაც ქუჩაში არ გამაჩერებენ და თავიანთ პრობლემებზე არ მომიყვებიან, იმიტომ რომ არ მიცნობენ. სადაც იძულებული არ ვიქნები სიტყვები ვეძებო თანაგრძნობისათვის და სევდიან ღიმილად ვაქციო სახის გამომეტყველება, რომელიც აშკარად არ არის თანაგრძნობის გამომხატველი, იმიტომ რომ სულელური წვრილმანია ის, რის გამოც თანაგრძნობას გთხოვენ... 

 იქ, სადაც სხვისი ისტორიებით არ ვიცხოვრებ, იმიტომ რომ არავინ მაიძულებს მისი შეხვედრებისა და პაემნების ამბები ვისმინო... 

იქ, სადაც არ შემაწუხებენ კითხვებით რატომ ვიღიმები, ან რატომ ვარ მოწყენილი. რატომ მძინავს ბოლო დღეებია ასე ქრონიკულად ძალიან დიდხანს და რატომ ვერ ვდგები დილით ადრე....

 იქ, სადაც არ მომიწევს მთელი საათი მოთმინებით ვისმინო სრულიად არასასარგებლო და უინტერესო საუბარი, უბრალოდ იმიტომ რომ თანამოსაუბრეს ვერ ვეტყვი რომ თავს მაბეზრებს...

 გაქცევა მინდა.... ოღონდ განსაზღვრული დროით და ვიცი მერე აუცილებლად მომინდება დაბრუნება. არა, უბრალოდ კი არ მომინდება, მომენატრება ყველაფერი და თავიდან შევიგრძნობ იმას, ახლა ასე ძალიან რომ მაქვს დაკარგული.... 


  
მერე დავბრუნდები და თავიდან დავიწყებ ყველაფერს!


No comments: