რად გვინდა მასწავლებელთა სერტიფიცირება

     გუშინ, ანუ 1 თებერვალს, სერტიფიცირების გავლის მსურველი პედაგოგების რეგისტრაცია დაიწყო. დღეს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების დირექტორი მანანა ღურჭუმალიძე ჩამოვიდა ახალციხეში და რეგიონის პედაგოგებს შეხვდა. ამბობს, რომ ბევრი მიუღებელი მუხლია სასერტიფიკაციო დებულებაში და თუ არ შეიცვლება, საქართველოს მასშტაბით აქციები დაიწყება.
       არ ვიცი რა ხდება იმ დებულებაში, არ ჩამიხედავს და ახლა მის გარჩევას არც ვაპირებ. უბრალოდ რამდენიმე ფაქტი მახსენდება სულ, სულ ბოლო დღეების ჩემი ცხოვრებიდან და მეფიქრება...
       გაზეთში სასოფლო-სამეურნეო ჩანართის გაკეთებას ვგეგმავთ. ახლა კვლევის ეტაპზე ვართ, სოფლებში ვატარებთ გამოკითხვას, საჭიროა თუ არა ასეთი ჩანართი.
       ანკეტის ყველა კითხვა სოფლის მეურნეობას ეხება, ვიდრე შევსებას დავიწყებთ, რესპონდენტს ვარკვევთ საქმის არსში, ასე რომ, იციან, რომ ამ თემის ირგვლივ ვტრიალებთ.
ერთი კითხვა ეხება იმას, რა თემების წაკითხვა სურთ ასეთ ჩანართში. ოღონდ აქვს სავარაუდო პასუხები, რომლებიც უნდა შეაფასონ 1-დან 5-მდე ციფრებით (მნიშვნელობის მიხედვით, მაგალითად რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ ჩანართში ამინდის პროგნოზი, ან აგრო კალენდარი და .).
     ერთ-ერთი სოფლის სკოლაში ვარ, მასწავლებელს დეტალურად ავუხსენი ყველაფერი და გადავედი ზუსტად ზემოდასახელებულ კითხვაზე, ანუ რა ტიპის ინფორმაცია უნდა იყოს ამ ჩანართში და ვიდრე ვარიანტებს წავიკითხავ, მესმის  პასუხი: ჰოროსკოპი! ჰოროსკოპი!...:)
        მეორე შემთხვევა: რესპონდენტი ახალგაზრდა კაცი მასწავლებელია (უფრო ბიჭი რომ ეთქმის, ვიდრე კაცი). კითხვაზე რამდენად მნიშვნელოვანია აგრო-კალენდარი ამ ჩანართში, ჯერ იბნევა, მაგრამ არ იმჩნევს და მპასუხობს, რომ არაა მნიშვნელოვანი, ამიტომ შემოვხაზო ერთიანი.
       მის შემდეგ იგივე კითხვაზე ერთი ქალბატონი განმარტებას მთხოვს და როცა ვუხსნი რა არის აგრო-კალენდარი, მესმის ამ ბიჭის ხმა: “ჩემთვისაც რომ ეგრე აგეხსნა, ხომ სხვანაირად გიპასუხებდი:))
       მეორე სოფელში ერთმა პედაგოგმა მითხრა, რომ არ მოსწონს სამხრეთის კარიბჭე რადგან მასშიინტერნეტის ინფორმაციებია” (12-გვერდიან გაზეთში ერთი გვერდი სეთ ამბებს ეთმობა, რასაც სხვაგან ვერც წაიკითხავს და ვერც მოისმენს ის, ვისაც ინტერნეტი არ აქვს. სოფლებში კი ინტერნეტი ჯერ ისევ ფუფუნებაა) . გაზეთის ერთი ეგზემპლარი იმ დროს თან მქონდა და ვთხოვე, კიდევ ერთხელ გადახედეთ-თქო. დახედა ბოლო გვერდზე ჰოროსკოპებს და დადო მაგიდაზე. მერე რამდენიმე პედაგოგი მივიდა და ყველამ იგივე გააკეთა. (არ ვამბობ გამადიდებელი ლუპით წაიკითხონ-თქო, მაგრამ რეგიონში ერთაერთ გაზეთ ინტერესის გამო მაინც გადავშლი, მითუმეტეს, როცა მასწავლებელი ვარ და ასობით ბავშვი შემომცქერის, რამე ახალი გვითხრასო).
       რამდენიმე დღის წინ ერთი ჟურნალისტის სტატიას ვკითხულობდი სერტიფიცირებაზე. ერთ-ერთი მასწავლებელი ამბობს, სკოლიდან რომ მოვდივარ მარტო იმაზე ვფიქრობ ჩემი ეკონომიკური პრობლემები როგორ მოვაგვაროო. სად მაქვს მეცადინეობის განწყობაო. მესმის, მაგრამ უცებ დავფიქრდი, რა განწყობა მექნებოდა ამის წაკითხვის მერე, შვილი რომ მყავდეს და ამ სიტყვებს ემი შვილის მასწავლებელი ამბობდეს.
         დღეს ქალაქის არაქართულ სკოლაში შეხვედრას ვესწრებოდი. არაქართველი აბიტურიენტებისთვის ეროვნულ გამოცდებზე დაშვებულ შეღავათებზე იყო საუბარი. ერთმა მასწავლებელმა იკითხა, აი მაგალითად სომეხი ეროვნების ბავშვი ქართულ სასწავლებელში რომ დაამთავრებს პედაგოგიურს, ვთქვათ ფიზიკის მასწავლებლობა უნდა, ( სტილს ვიცავ), მერე ქართულ სკოლაში უნდა იმუშაოს თუ სომხურშიო….
       მოკლედ, ეს სულ ბოლო რამდენიმე დღის ფაქტებია. მსგავსი კიდევ ბევრი შემთხვევა მქონდა, მაგრამ ისეც გამიგრძლდა სიტყვა...
        მართლა არ ვიცი რა წერია სერტიფიცირების დებულებაში და რა საფრთხეებს შეიცავს. მე არ წამიკითხავს, მაგრამ ღურჭუმელიძემ დღეს დეტალურად განიხილა, მეგობარი იყო იმ შეხვედრაზე და მითხრა, რომ მთალდ ასეთ ამბად რომ ღირდეს, ისეთიც არაფერია.
         დებულებაზე სხვა დროს დავწერ. ახლა რაც მაფიქრებს ისაა, რომ რაიონის 1200-მდე პედაგოგიდან მხოლოდ 160-ს აქვს  ”საკუთარი თავის გამოცდის” სურვილი. და კიდევ, ის ფაქტები მაფიქრებს, ზემოთ ასე ბევრი რომ ვილაპარაკე.



No comments: