ყველაზე ერთგული მეგობარი

კვირა დღე მიყვარს - მობილური ქრონიკულად, ყოველ ხუთ წუთში, არ რეკავს და ხელის ცეცებით არ დაეძებ ბალიშის ქვეშ, რომ გათიშო და კიდევ ხუთი წუთი "მოიპარო" ძილისთვის; აბაზანაში ნახევრადმძინარი არ შედიხარ, ცივმა წყალმა რომ მაინც მოგიყვანოს აზრზე; არც მდუღარე ყავით იფუფქავ პირს (არც სარკესთან დგას ჭიქა, შესაბამისად არც სუნამოს სუნი გადადის ჯერ ჭიქაზე და მერე შენს პირში)...

მოკლედ, მთელი დღე შენს განკარგულებაშია და არაფერი გიშლის ხელს, რომ სასიამოვნოდ და სასარგებლოდ გაატარო...

როგორი იყო წინა კვირა დღე არ მახსოვს:)) ეტყობა განსაკუთრებული არ ყოფილა, თორემ სულ რაღაც 7 დღის წინანდელი ამბავი, კი უნდა გახსოვდეს, თუ მაინცდამაინც მეხსიერების პრობლემები არ გაქვს ... პრინციპში არც მიკვირს :)) საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრება ალბათ ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე(თ):(

განსაკუთრებული არც ამ კვირას გამიკეთებია რამე. უბრალოდ, მეგობრის რჩევით, ერთი ძალიან კარგ ფილმს ვუყურე და ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, არ შემიძლია არ დავწერო.

”ჰაჩიკო-ყველაზე ერთგული მეგობარი” - ასე ჰქვია ფილმს. დრამაა, 2009 წელს გადაღებული. ლასე ჰალსტრემის რეჟისორობით. მთავარ როლში რიჩარდ გირია.

ფილმის შინაარსი

ფილმი რეალურ ამბავზეა გადაღებული, რომელიც 20-იან წლებში იაპონიაში მოხდა. მატარებლის სადგურზე პროფესორი პატარა ძაღლს იპოვის და რადგან პატრონი არ გამოუჩნდება, თავადვე ზრდის. ჰაჩიკო (ასე ქვია ძაღლს) ყოველდღე აცილებს პატრონს სამსახურში და საღამოს, 5 საათზე, სადგურზე ხვდება. პროფესორი ცდილობს ნივთების მოტანა ასწავლოს ძაღლს, ზოგჯერ თვითონ დადის ოთხფეხზე და გადაგდებული ნივთები პირით მიაქვს ძაღლთან, მაგრამ არაფერი გამოდის. ბოლოს იფიქრებს, რომ ამ ჯიშის ძაღლებისთვის ეს ჩვევა უცხოა და თავს დაანებებს. ერთ დილას ჰაჩიკო სამსახურში არ გაყვება პროფესორს. უკვე მატარებლის სადგურს მიახლოვებული პროფესორი დაინახავს რომ ძაღლი მორბის და პირით ის პატარა ბურთი მოაქვს, რომლის მოტანაც ვერაფრით ვერ ასწავლა. იმავე დღეს, მოულოდნელად, პროფესორი გულის შეტევით იღუპება. ძაღლს მისი ქალიშვილი წაიყვანს სახლში, მაგრამ არ ჩერდება. ყოველ დღე ხუთ საათზე იმ სადგურზე მიდის, სადაც პატრინს ხვდებოდა ხოლმე. ასე გაგრძელდება 9 წლის განმავლობაში. განსაკუთრებით სევდიანი ფილმის ბოლო კადრია, პროფესორის ცოლი იმ სადგურზე გაივლის და უკვე ძალიან დაბერებულ ძაღლს დაინახავს, რომელიც ზუსტად იმ ადგილას ზის, სადაც ყოველდღე ხვდებოდა პატრონს და სადაც ელოდა მთელი 9 წელი. იცით როგორი სცენაა, ცოლიც ტირის, თითქოს ძაღლიც და უნებურად შენც გეტირება :(((
მოკლედ, ძალიან თბილი ფილმია და არარსებობს უყურო და არ იტირო.

ფილმმა ისე დამაინტერესა, როგორც კი დამთავრდა ინტერნეტში ინფორმაციების მოძებნა დავიწყე. აღმოვაჩინე, რომ ამ ისტორიაზე უამრავი ინფორმაცია დევს.ზოგან ჰაჩიკო ქვია ძაღლს, ზოგან ხატიკო.

”ხატიკო დაიბადა 1923 წელს იაპონიაში ფერმერის სახლში, ფერმერმა ლეკვი აჩუქა იაპონელ პროფესორს, მან დაარქვა ლეკვს სახელი ხატიკო რომელიც იაპონურად ნიშნავს 8-იანს. ეს არის სიმშვიდის და ერთგულების სიმბოლო. როცა პატრონი გარდაიცვალა, ხატიკო 18 თვის იყო. 1932 წელს ძაღლი შეამჩნია უენოს ყოფილმა სტუდენტმა. მასზე შეაგროვა ინფორმაციები და რამდენიმე სტატია მიუძღვნა. სტატიის გამოსვლის შემდეგ ძაღლი მთელი იაპონიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ის იქცა ერთგულების სიმბოლოდ იაპონიაში. ცნობილმა იაპონელმა მოქანდაკემ 1934 წელს შექმნა ჰაჩიკოს ქანდაკება , რომელიც დაიდგა სიბუიას სადგურზე. ქანდაკების დადგმიდან სულ რამოდენიმე თვეში, 1935 წლის 8 მარტს, ჰაჩიკო გარდაიცვალა”. (სხვადასხვა საიტებიდან ამოვკრიბე ეს ინფორმაცია).

მე-2 მსოფლიო ომის დროს ქანდაკება დაზიანებულა. 1948 წელს, პირველი ქანდაკების ავტორის შვილს, ტაკეში ანდოს გადაუწყვეტია მისი აღდგენა. ახალი ქანდაკება დღემდე დგას სადგურის ტერიტორიაზე. ეს ადგილი თურმე ტურისტებისა და მთლიანად იაპონელებისთვის ყველაზე საყვარელი ადგილია.

რაც შეეხება ფილმე, პირველად 1987 წელს იაპონიაში გადაიღს ფილმი Hachiko / ჰაჩიკოს თავგადასავალი , ფილმი გახდა პოპულარული არამარტო იაპონიაში არამედ მთელ მსოფლიოში. 2009 წელს კი ჰოლივუდმაც მიუძღვნა ბიოგრაფიული ფილმი ძაღლს, რომელიც მთელი ცხოვრება პატრონის ერთგული იყო.

ძაღლის ჯიშის ისტორია

როგორც გავიგე, ჯიში სავარაუდოდ მე-17 საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა კუნძულ ხონსიუზე. საჯიშე გადარჩევის შედეგად მიიღეს უშიშარი ხასიათის ძაღლი, რომელიც საუკეთესო სამუშაო და სანადირო თვისებებით გამოირჩეოდა.
ჯიშის შესანარჩუნებლად 1927 წელს შეიქმნა საზოგადოება ”აკიტა-ინუ ხოზანკაი”. 1931 წლის ივლისში კი იაპონიის მთავრობამ აკიტა-ინუ ეროვნულ სიმდიდრედ გამოცხადდა. 1956 წელს დაფუძნებულ იქნა აკიტა-ინუს ამერიკული კლუბი. ამერიკაში ჯიში ძალიან პოპულარულია და 30 ყველაზე პოპულარული ჯისის სიაში შედის.
საკმაოდ ბევრი კამათის და დისკუსიის შემდეგ, ჯიში 1999 წელს საბოლოოდ გაიყო ორ ტიპად: იაპონური და ამერიკული. დიდი ზომის აკიტა-ინუ (ამერიკული) გადაყვანილ იქნა მოლოსების ჯგუფში, ხოლო იაპონური აკიტა-ინუ კი მეხუთე ჯგუფშია.

ჯიშის დახასიათება: ენერგიული, ხალისიანი და გულადი ძაღლი, დამოუკიდებელი და ამაყი, მაგრამ გაწონასწორებული. ძალიან გონიერია, უცხოების მიმართ სიფხიზლეს იჩენს, მაგრამ იშვიათად უყეფს.
ცდილობს მოიპოვის დომინანტური პოზიცია, აღზრდისას პატრონისგან საჭიროებს მოთმინებას და რეგულარულ მუშაობას.
საჭიროებს რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას და ენერგიის დახარჯვას.
გამოიყენება როგორც დარაჯი, სამომსახურეო (პოლიციელი, მეგზური) ძაღლი, და როგორც კომპანიონი.


********


ბავშვობაში, სოფელში ყოველთვის გვყავდა ძაღლი. ვეფერებოდი და ვეთამაშებოდი კიდეც, მაგრამ ძაღლები განსაკუთრებულად მიყვარს-თქო ვერ ვიტყვი. უბრალოდ, ერთი სურათი მახსენდება. ეს ალბათ 5-6 წლის წინ იყო. სოფლის სახლს სამუდამოდ ვტოვებდით. მაშინ პატარა, მოყავისფრო ძაღლი გვყავდა, მახსოვს როგორ ჩავალაგეთ ბარგი მანქანქანაში და როგორ ვკეტავდით ყველა კარებს, სახლის, სარდაფების, ბეღელის... ძაღლი თან დაგვყვებოდა... ჩემი ეზო დიდი რკინის კარით მთავრდება (იწყება), იმ კარს ბოქლომი დავადეთ და მანქანაში ჩავსხედით ყველანი... ფანჯრიდან დავინახე ჩემი პატარა ძაღლი, კარების წინ ჩაცუცქული იყო და ძალიან, ძალიან სევდიანი თვალებით გვაცილებდა. მახსოვს, ისე შემეცოდა, რომ ავტირდი... მაგრამ არ მინდოდა ჩემებს დავენახე და ჩუმად ვტიროდი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ძაღლი უკან არ გამოგვყოლია (არადა უყვარდა მანქანაზე გამოდევნება). ჩვენ წამოვედით, ის კი დარჩა და დიდი ხნის განმავლობაში ერთგულად იცავდა ჩვენგან მიტოვებულ სახლს...

ამდენი წლის შემდეგ პირველად გამახსენდა ჩემი ძაღლი, ახლა ისიც კი არ ვიცი სადაა და როგორაა. მახსოვს, რომ დიდი ხნის განმავლობაში სოფელში იყო, მერე შეგვეცოდა და გავუშვით... ვინ იცის, იქნებ აღარც კი იყოს ცოცხალი.

პირველად მომინდა, ვცხოვრობდე კერძო სახლში, რომელსაც ექნება დიდი ეზო და მყავდეს ძაღლი...


აღარაფერს დავწერ ფილმზე :)))) უბრალოდ, ვისაც დაგაინტერესებთ ამ ლინკზე ნახავთ ფილმს. http://gol.ge/index.php?cat=movies&details...&search=hachiko

1 comment:

anuna said...

ramdeni vitire am filmis naxvis shemdeg:(((me mgoni dzagltan dakavshirebuli yvelaze cnobili da amachuyebeli istoriaa