„მიტოვებულობები“

მიტოვებული ბლოგი... აი რაღაც ისეთია, მიტოვებული სახლივით... …
ასე მგონია, აქაც ზუსტად ისეთი სუნია, ჩემი სოფლის გამოკეტილ სახლში შესვლისას ცხვირში რომ მეცემა ხოლმე, რაღაც უპატრონობის, მიტოვებულობის, ნაწყენობის... 

აქ რომ შემოვდივარ მერე ვხვდები, რომ ხანდახან ცუდად ვექცევით ბევრ რამეს და კიდევ უფრო ბევრ ვინმეს და სისულელეა მერე დაჯდე და რაღაცების ახსნები დაიწყო...

მოკლედ ასეა... რაც უფრო ახლოვდება ზამთარი, მით უფრო უარესდება ჩემი განწყობა; მით უფრო მტკივნეულად აღვიქვამ ისეთ რაღაცეებს, რასაც წესით მარტივად უნდა ვუყურებდე და მით უფრო მინდება დათვი ვიყო და დასაძინებლად ვემზადებოდე...

ვაჭრობა ქუჩაში

ფოტოამბები ახალქალაქის ქუჩებიდან

ახალქალაქის ბაზარში ხორცი ღია ცის ქვეშ, ყვავილების, ხილის და სხვა უამრავი პროდუქტის გვერდით იყიდება. გამყიდველი გვარწმუნებს, რომ ეს ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის, რადგან არც მტვერია ირგვლივ და არც ბუზები არიან (?!). როგორც ჩანს, ეს ამბავი არც
მყიდველებს აწუხებთ, იმიტომ რომ მოდიან და უპრობლემოდ ყიდულობენ და არც სანიტარიის სამსახურს.

***

ერთადერთი ადგილი ჩემს ქალაქში,  რომელიც ძალიან მიყვარს

ამაღლების ეკლესია და თამარ მეფის ძეგლი 

ქვემო ქართლი , ნაწილი II

ტალავერი, ხედი მინარეთიდან .
          
       ქვემო ქართლში ვიზიტის მეორე დღე გაცილებით უფრო საინტერესო და ნაყოფიერი გამოვიდა, ვიდრე პირველი.
          მეორე დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერს ვესტუმრეთ, რომელიც საქართველოს დიდი სოფლების სიაში შედის და იქ დაწყებული მეჩეთის მშენებლობის გამო, ბოლო პერიოდში, რამდენჯერმე მოხვდა ყურადღების ცენტრში.




გზა სოფლამდე
      ტალავერში მარნეულის გავლით მივდივართ. მარნეულამდე გზა ასფალტირებულია. მერე, რაც უფრო წინ მივიწევთ, ასფალტს ჯერ ადგილ-ადგილ გაჩენილი ორმოები, შემდეგ ხრეში და სულ ბოლოს დიდი, წყლით სავსე გუბეები ცვლის.
            თითქმის მთელ გზაზე გვხვდება მინდორს შეფენილი ცხვრის ახლადგაკრეჭილი ფარა. გზის ორივე მხარეს მიწის ნაკვეთებია, ზოგი სულ მთლად გაშავებული - ახალდამუშავებული, ზოგიც მოუვლელი.
           გზა ტალავერამდე ბოლნისის სოფლებზე გადის. გზის პირას ჩარიგებული სახლებს ორ კატეგორიად ვყოფ, ძალიან კარგები და ძალიან ცუდები და ჩემს აზრს მანქანაში მსხდომ ბიჭებს ვუზიარებ. ეცინებათ და ამბობენ, რომ ზოგადად სოფლებში ასეა, ან კარგად ცხოვრობენ, ან ცუდად.

ამბები ქვემო ქართლიდან

შეცვლილი ტოპონომები; განათლების პრობლემები; ფარულად გაყიდული მიწები; ინფორმაციული ვაკუუმი; სოფელი ორი სახელწოდებით; ძველებური თეთრი ავტობუსი რუსული წარწერით;  გუბეებით დაფარული, დანგრეული გზა; ქალები - ზურგზე წყლის კასრებით და მხოლოდ შორიდან მაყურებლის ფუნქციით; „დამუნჯებული“ ბავშვები;  ერთადერთი ქართული წარწერა მხოლოდ სკოლაზე და ისიც შეცდომით; სანახევროდ აშენებული მეჩეთი და ძველებურ სამოვარში მოდუღებული ძალიან გემრიელი ჩაი....  - მოკლედ,  ამბები ქვემო ქართლიდან ... 

დღე პირველი, მარნეული

         ორდღიანი ჟურნალისტური მისია ქვემო ქართლში ორგანიზაცია „გოუ ჯგუფის“  ინიციატივით ეწყობა. მიზანი ადგილობრივების პრობლემების ადგილზე გაცნობაა. დაახლოებით ათი ჟურნალისტი ვართ, ყველა სერიოზული მედიასაშუალებიდანაა (თანაც, ჩემს გარდა ყველა ცენტრალურიდან). 
          ქვემო ქართლში პირველად მივდივარ, მაგრამ ამის გამხელის მრცხვენია და ვცდილობ საუბარში ნაკლებად ჩავერთო. მერე ვიგებ, რომ უმრავლესობა ჩემსავით არასოდეს ყოფილა მარნეულში და ვთამამდები. 

წვიმის ქალაქი და ქრონიკული სიარულები

  ბოლო დღეებია ვფიქრობ, რომ ადამიანის ცხოვრებაში რაღაც დროის მერე რაღაც ეტაპები ქრონიკულად ერთნაირი თანამიმდევრობით მეორდება. უბრალოდ, მთავარი გმირები იცვლებიან და ისინი ხან კარგები არიან, ხან კიდევ უფრო კარგები და ხანაც ცუდები.... 
      ასეთ დროს სულ მგონია რომ წრეზე დავდივარ და მერე რაღაც ადგილებს, რომ გავივლი ერთი, ორი, ან სამი წლის წინ გავლილი იგივე ადგილი მახსენდება.
     მერე ვხვდები, რომ ადგილებიც ისევ ისეთია და შეგრძნებებიც და მგონია, რომ ბევრი წლებიც რომ გავიდეს ის ადგილები ისევ ისეთ შეგრძნებებს დამიტოვებს და იქ რამე შეცვლილიც, რომ დამხვდეს, ვიფიქრებ, რომ მეჩვენება....

ნაცრისფერი განწყობა

    ნაცრისფერი დღე, ნაცრისფერი პეიზაჟი ჩემი ფანჯრიდან, ნაცრისფერი საბავშვო ბაღი ჩემი სამსახურის წინ, ნაცრისფერი მე და ნაცრისფერი ჟაკეტი, რომელიც დღეს ვიყიდე... ყველაფერი ნაცრისფერია.... ხოდა, რაღა გასაკვირია, მთელი დღეა წუწუნის ხასიათზე რომ ვარ ....


..  ზუსტად ისეთი ამინდები დაიწყო მე რომ საშინლად მინდა ჩიტი ვიყო და  თბილ ქვეყანაში მივფრინავდე, ან დათვი ვიყო და ხანგრძლივი ძილისთვის ვემზადებოდე... 


 მაგრამ ცუდი ისაა, რომ არც ერთი ვარ და არც მეორე.... 
 და კიდევ,  ვერაფრით ვეგუები შემოდგომის ჭირვეულობებს, ისე ვიცვამ ფანჯარაში არ ვიხედები, მერე მთელი დღე გაყინულს არაფრის გაკეთების უნარი არ მაქვს და ‘’ჩემს გარემოს’’ დავეძებ...  ჩემი  გარემო კიდევ არსად არაა, იმიტომ რომ რეალურად მხოლოდ ჩემ წარმოსახვაში არსებობს და არასდროს არსად ყოფილა...

ხევსურეთი

შატილი. 
      ესეც ასე, 18 საათიანი მგზავრობა დასრულდა; უკან ხევსურეთი, უზარმაზარი ემოცია და ბევრი ფოტოა, წინ სურვილი, რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ნახო, ისევ გაათიო კოშკში ღამე და მერე, დილით ადრე კოშკის აივნიდან მზის ამოსვლას უყურო, იმიტომ, რომ  შატილის დილა განსაკუთრებით ლამაზია და არსად არ თენდება ისე ოქროსფრად, როგორც ხევსურეთში.
      იმიტომ, რომ მუცო-არდოტის ხეობა ყველაზე შთამბეჭდავია იმ ხეობებს შორის, რაც ოდესმე გინახავს და მდინარეც არსად არაა ისეთი კამკამა და თეთრ-ცისფერი, როგორც ხევსურეთში.

ჯავახეთი, ხევსურეთი და თავისუფალი შაბათები

ფარავნის უზარმაზარი ტბა და საშინელი სიცივე აგვისტოში.
ხომ სულ ვამბობ, რომ ხანდახან რაღაც განცდებს, შეგრძნებებს, მოლენებს, ადგილებს, მუსიკასა და წიგნებსაც კი უნდა დაუბრუნდე, რომ მერე შენს ცხოვრებაში რაღაცეები შეცვალო; რაღაც დაამთავრო; რაღაც თავიდან დაიწყო; რაღაცები დააფასო და გადააფასო, ან უბრალოდ მიხვდე, რომ ეს ისაა რაც ძალიან მოგენატრა…
       მაგალითად ძალიან მაგარია, როცა ბევრი ხნის (სამი წელი არც ისე ცოტაა ალბათ) მძიმე სამუშაო შაბათების მერე აღმოჩნდება რომ აწი შაბათები სახლში ხარ. მაგარია იმიტომ, რომ  შენ შეგიძლია უბრალოდ ბევრი იბოდიალო  და არავინ არაფერზე მოგთხოვს პასუხს;






ძალიან აჩქარებული დრო და რიტმს ჩამორჩენილი ადამიანები

        ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მიჩნდება შეგრძნება, რომ დრო სულ უფრო და უფრო სწრაფად გადის, ირგვლივ ყველაფერი ძალიან აჩქარდა და ადამიანების უმრავლესობა ამ აჩქარებულ რიტმს ფეხს ვერ უწყობს.... რომ როგორც კი რაიმე იდეა გაგიჩნდება, მაშინვე თუ არ განახორციელებ, მერე ვეღარ მოასწრებ... რომ არაფერი არ უნდა გადადო ხვალისთვის, რადგან ეს უკვე დაკარგულს ნიშნავს და რომ საერთოდ, სჯობია არცერთი წუთი არ დაკარგო უქმად, მერე სანანებლად რომ არ გაგიხდეს.... 
         ხანდახან ყველაფერი ისე მეჩქარება, რომ მეშინია და მერე ფიქრებს რომ გავყვები კიდევ უფრო მიპყრობს შიში.... ცრუმორწმუნე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მაინც გამკრავს ხოლმე ფიქრი, რომ იმ ადამიანებმა სულსწრაფები რომ იყვნენ დიდხანს ვერ იცოცხლეს და ცუდია მე ყოველთვის ყველაფერი რომ მეჩქარება....

მიტოვებული სოფელი და ბედნიერება

მე და ჩემი სოფელი
       მე სულ ვამბობ, რომ არ არსებობს კუთხე, სადაც თავს ცუდად იგრძნობ, თუ იქ შენთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად ხარ და სულ არ მესმის იმ ადამიანების აუცილებლად დიდ და ხმაურიან ქალაქებში რომ უნდათ ცხოვრება და სადმე, პატარა, მწვანეში ჩაფლულ სოფელზე გაფიქრებაც არ უნდათ.... კიდევ სულ ვამბობ, რომ იმ ადგილებში დაბრუნებას, სადაც ბავშვობა გაატარე, რაღაც სხვა ენერგია მოჰყვება და ამიტომ კარგი კი არა აუცილებელია, წელიწადში ერთხელ ცოტა ხნით ბავშვობაში დაბრუნდე....
        იქ, სადაც ბავშვობისდროინდელი ყველა ნივთი უცვლელადაა შემონახული, ცოტა დამტვერილი, მაგრამ მაინც ისევ ისეთი, მაშინ წლების წინ რომ იყო...
        იქ, სადაც ყოველ დილით, 6 საათზე, ეკლესიის ზარი გაღვიძებს და მერე ძალიანაც რომ გინდოდეს ვერ დაიძინებ, იმიტომ რომ ამ დროს მთელი სოფელი იღვიძებს და ყველა ოჯახი ეზოში, ხმამაღლა გეგმავს დღეს..  მერე ასე უნებურად ხდები ყველას ცხოვრების მოწმე და ხანდახან ბრაზდები, შენს ცხოვრებაშიც რომ უნდათ შემოჭყეტვა....



საზღვრამდე და საზღვრის შიგნით

საზღვარი, საგუშაგო. 
    ... საზღვრის შიგნით მოლაპარაკების მერე გვიშვებენ, მესაზღვრეები ჩვენს მონაცემებს იწერენ, ვისაც პირადობის მოწმობა გვაქვს იტოვებენ, გვაფრთხილებენ, რომ უკან მალე უნდა დავბრუნდეთ... ვთანხმდებით და  გზას ვაგრძელებთ.
       ოღროჩოღრო აღმართი სულ უფრო ცუდი ხდება და მანქანა გაჭირვებით მიიწევს წინ... ისეთი ჰაერია გინდა ყველაფრით ისუნთქო, ტყის სუნი მთელ სხეულს ედება და ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ სადაცაა ცაში აფრინდები... ცა კი ისეთი კამკამაა,  კარგად თუ დააკვირდები, საკუთარ ანარეკლს დაინახავ...

ხანდახან ...

ხანდახან ადამიანებს გვგონია, რომ ყველა უბედურებამ ჩვენთვის მოიცალა, ყველაფერი ერთდროულად ცუდად აეწყო და საერთოდ, საშინელი, აუტანელი და ბოროტია ყველა და ყველაფერი ჩვენს ირგვლივ;

რომ ჩვენ ყველაზე ცუდ პერიოდში მოგვიწია ცხოვრება; რომ ჩვენი ქალაქი ყველაზე მოსაწყენი და ჩვენი სახლი ყველაზე არაკომფორტულია;

რომ სამსახურში ყველაფერი ამოვწურეთ და ახლის გაკეთება აღარ შეგვიძლია; რომ ჩვენს შრომას მაინც არავინ აფასებს; რომ ვერავინ ხვდება რა სარგებლობა მოგვაქვს მათთვის და რომ ზედმეტი ვალდებულებები დავიკისრეთ; რომ ირგვლივ საშინელი ერთფეროვნებაა და

10 დღეც და...

10 დღეც და სწავლას დავამთავრებ, ორთვიანი განშორების შემდეგ ისევ დავბრუნდები ახალციხეში და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება....

„მეძველმანობა“ და წერილები

ასე მგონია, უცნაური ახირებები ყველა ბავშვს სჭირს, მეც მჭირდა, თანაც არაერთი.... მაგალითად, ვაგროვებდი ათას უსარგებლო ბრჭყვიალა და ბრდღვიალა ნივთს, ყუთს, გაფუჭებულ სამკაულს, მისალოც ბარათებს, ე.წ. „ატრეტკებს“, კონვერტებს, გაზეთებიდან ვჭრიდი რაღაცეებს, რაც მომეწონებოდა, ვინახავდი შოკოლადის გარეკანს, რომელზეც მაშინდელი სერიალების გმირები და რუსული ესტრადის მომღერლები იყვნენ გამოსახული...

თავისუფალი დღე, ბევრი ფიქრი და სიახლეების შიში

ოთხშაბათს ლექცია (თუ ტრენინგი) არ მაქვს და შემიძლია მთელი დღე ისე გავატარო, როგორც მინდა. სანამ აქ ვარ, მაქსიმალურად მინდა გამოვიყენო დრო და ის გაავკეთო, რაც სასიამოვნოც იქნება და სასარგებლოც. 

დღეს გარეთ გასვლა რომ დავაპირე, მაშინ აღმოვაჩნე, რომ წყალი აღარ მოდიოდა. ამ უსიამოვნო ამბის გამო  უარი ვუთხარი ნასტასიას ძალიან სასიამოვნო მიპატიჟებაზე და კიდევ ერთი ვიზიტის გადადებაც მომიწია. მერე ძალიან გავბრაზდი იმაზე, რომ მთელი დღით შეგვიწყვიტეს წყალი ამ სიცხეში და ამის შესახებ არავინ არ გაგვაფრთხილა. ოღონდ მერე, საღამოს, გავიგე, რომ საინფორმაციო გამოშვებიდან გავუფრთხილებივართ და პირის დასაბანი წყლის გარეშე მხოლოდ იმიტომ დავრჩი, რომ დიდი ხანია ტელევიზორის არსებობა აღარ მახსოვს.

ისევ დავიწყებთ თავიდან

ერთ რაღაცაში ძალიან, ძალიან რომ გიმართლებს, მეორე ზუსტად იმ დროს რატომ ირევა, თან ისე გახარების უნარსაც რომ გაკარგვინებს.... ეს ის კითხვაა, მთელი ორი კვირაა რომ მაწვალებს და მოსვენების საშუალებას არ მაძლევს.

მითხრეს, ეს ალბათ იმიტომ, რომ წონასწორობა შეინარჩუნოო... ოღონდ, არ ვიცი მაშინ რა უნდ ქნა, არეული გაცილებით მძიმე რომაა....

არეულობა

ეს რა სათაურია,  მაგრამ მოფიქრების უნარი აღარ მაქვს....აქაც ყველაფერი არეულია, ისე როგორ ჩემში და ამიტომ დავარქვი ასე ალბათ....

მარიკა გათხოვდა, მე მეჯვარე ვიყავი! პირველად ქორწილის მეჯვარე, თორემ ისე ნათლული კი მყავს და მალე კიდევ მეყოლება.
   
დაღლილი და ემოციებისგან დაწრეტილი ვარ. ერთ კვირაში ორი სრულიად განსხვავებული და საპირისპირო ემოციის გამკლავება მომიწია... დეიდის სიკვდილი და მეგობრის ქორწილი.... ზოგჯერ ვფიქრობ, რომ არცერთი არ გამიცნობიერებია ბოლომდე და ჩემს ნაცვლად ვიღაც სხვა მოქმედებდა...

დავიღალე

ირგვლივ ყველაფერი ისე დუღს, ხანდახან მგონია, რომ ერთ დღეს მიწიდან რაღაც ამოსკდება, გარშემო ყველას და ყველაფერს წალეკავს, სადღაც სიღრმეში ჩაიტანს და წამებში ისევ ყველაფერი დამშვიდდება. ოღონდ მერე ირგვლივ ყველაფერი ძალიან თეთრი იქნება, ადამიანებს შავი ფერი აღარ ეცმებათ, არავინ არავის გალანძღავს და ერთმანეთის განსხვავებულ აზრებს მშვიდად მოისმენენ.

გადათელილი გაზონები და დანაგვიანებული ქალაქი - წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

       სულ რამდენიმე საათის წინ, დღის 12 საათზე, ნაციონალურმა მოძრაობამ რეგიონის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.  ალბათ 15-20-წუთიანი  ცერემონიისთვის (კანდიდატების ვინაობები დაასახელა პეტრე ცისკარიშვილმა და დამთავრდა შეხვედრა) გუშინ დაიწყეს მზადება.
 სახლში რომ მივდიოდი, თამარ მეფის ძეგლთან, რომელიც  ყველაზე კარგი ადგილია ქალაქში, პატარა სცენას აკეთებდნენ, მეგონა რაიმე კონცერტისთვის ამზადებდნენ. არჩევნებს კი დავუკავშირე, ჩემს დას ვუთხარი, ამ ორ თვეში ხშირად გვექნება კონცერტების  ''ბედნიერება''-თქო, ოღონდ კანდიდატების წარსადგენად თუ სჭირდებოდათ, რატომღაც არ მეგონა. აქამდე წინასაარჩევნოდ მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა დარბაზში იმართებოდა ხოლმე, ძირითადად მესხეთის სახელმწიფო დრამატაული თეატრის შენობაში.      


ისევ ვეჩვევი...

 ხანდახან ვფიქრობ რომ ჩემი ცხოვრება შეჩვევისა და გადაჩვევის ეტაპებისგან შედგება. რაც უფრო ხანგრძლივია შეჩვევა, მერე მით უფრო მტკივნეულია გადაჩვევა და ისიც ისეთივე ხანგრძლივი გამოდის ხოლმე.
ყოველი მორიგი გადაჩვევის შემდეგ ახალი შეჩვევა იწყება და როგორც არ უნდა კარგად ვიყო, სადღაც, სიღრმეში, შიგნიდან სულ ვგრძნობ რომ ერთ დღეს ისევ გადაჩვევა დამეწყება...
ხანდახან მგონია, რომ შიში დამჩემდა და ახალი ეტაპის დაწყებაც აღარ მინდა, ან, უფრო მეშინია, ვიდრე აღარ მინდა, მაგრამ მაინც იწყება... თავისთავად, უნებურად, გაუცნობიერებლად, ან იქნებ გაცნობიერებულადაც, ოღონდ აღიარება რომ არ გინდა ისე....    
ახლა იმ ეტაპზე ვარ, საბოლოოდ რომ გადავეჩვიე და ახალი შეჩვევა მეწყება. ჯერ არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, სადღაც გულის სიღრმეში რაღაცის მეშინია კიდეც, მაგრამ წინააღმდეგობას მაინც ვერ ვუწევ.

ხარები გაქირავებით

ჩემი მეორე ფილმი ))

 ფილმის ნახვა და კომენტარის დატოვება შეგიძლიათ ამ საიტზეც

ნახევრად სავსე თუ ნახევრად ცარიელი?

        ახლა ზუსტად ისეთი კვირაა, ყველაზე მეტად რომ ხარ დროში შეზღუდული, ყველაზე მეტი საქმე რომ გაქვს და ყველაზე მეტად რომ კარგავ დროს უქმად.
        საერთოდ ასე მჭირს, რაც უფრო ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი, მით უფრო ვერ ვაკეთებ; რაც უფრო ადრე გამოვალ სახლიდან, მით უფრო ირევა იმ დღის გეგმები ვერაფერს ვასწრებმერე ვბრაზდები, შიგნიდან ვიღაც გამუდმებით მიჯუჯღუნებს, რომ ამქვეყნად ყველაზე ზარმაცი და მეხვალიე ადამიანი ვარცუდი განწყობა თუ ამოვიჩემე (ესეც ხშირად მჭირს ამ ბოლოსმერე აუტანელი ვხდები ან არ ვლაპარაკობ, ან ვყვირი და ვტუქსავ ვინმეს, ყველაზე მომთხოვნი ვხდები და საერთოდ, დღეს პირველად კატეგორიულად მოვითხოვე რაღაც თანამშრომლებისგან, თან მაგიდაზე თითიც დამეკაკუნა.       

ჩემი სოფელი

ჩემი სახლი სოფელში, რომელიც ახლა ძალიან ლამაზია...

ახლა იქ ყველაფერი მწვანეა და ბალახებისა და ყვავილების დამათრობელი სუნია... ძალიან მომინდა ისევ მქონდეს ეზოში ჰამაკი, მთელი დღეები ვიწვე და ვკითხულობდე.... ხანდახან ვფიქრობ, რომ მატერიალური რაღაცეების გამო ზოგჯერ ადამიანებს ბევრი რამის დათმობა გვიწევს, შეიძლება ეს უბრალო ახირებაც იყოს, ან რაღაცეების არასწორი შეფასება)) არ ვიცი, ოღონდ ვხვდები, რომ რაც დრო გადის მით უფრო მენატრება სოფელი, სიმყუდროვე, მიწის სუნი წვიმის შემდეგ და ვგრძნობ როგორ ძალიან მიყვარს იქაურობა...











პ.ს. ჩემი დის, ქეთის გადაღებულია ეს ფოტოები, მობილურით )) მე რაც გადავიღე აპარატით, წამეშალა ((


ესეც აღდგომამდე ორი კვირით ადრეა გადაღებული :)) ხედი, ჩემი სახლიდან და ეკლესია, რომლის ზარების ხმაც მაღვიძებდა ყოველ დილით. (კომენტარმა გამახსენა ეს ფოტოები)))







აღდგომა

      დამთავრდა აღდგომა და ეს გაუთავებელი ზარები და მესიჯებიც დამთავრდა.  არ მიყვარს ყველა დღესასწაულზე მესიჯებით რომ იციან აკლება, რაღაცნაირი სიყალბე მგონია.  განსაკუთრებით რელიგიურ დღესასწაულებზე იციან თავის გამოდება, არადა, რომ ჩაეიკითხო , განმიმარტე რა დღესასწაულიაო, შეიძლება ვერც გითხრან.
      საერთოდ, მოსაჩვენებლად გაკეთებული არაფერი მიყვარს. ხანდახან მგონია, რომ წესების, რიტუალების, დღესასწაულების მთავარი არსი სადღაც მივმალეთ და ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ, რომ ვიღაცას წინაშე ჩვენი უპირატესობა დავამტკიცოთ. ერთი ასეთი დღე გუშინ იყო, იქ, ეკლესიაში. ყველა იყო,  ისინიც,  ვინც ადრე ერთხელაც არ შემიმჩნევია და ყველა ბოლომდე დარჩა, ოღონდ ზოგი მესიჯობდა, ზოგი სხვებს ათვალიერებდა და ზოგს ეკლესიის კუთხეში მიმჯდარს ეძინა... ჩემს გვერდით დედა-შვილი იდგნენ, 3-ის ნახევარზე ზიარება დაიწყო, ორივე ჩადგა რიგში, ოღონდ დედამ შვილი გააფრთხილა, როგორც კი ვეზიარებით მაშინვე წავიდეთო. შვილის სიტყვებზე, ერთი საათიღა დარჩება მერე და დავრჩეთ ბოლომდეო, ისეთი ტონით უთხრა უარი, შემეშინდა... სულაც არ ჰქონდა ამ ქალს ისეთი სახე,  მორწმუნე და ეკლესიური ცხოვრებით მცხოვრებ ხალხს რომ აქვთ ჩემს წარმოდგენაში... 
     დაახლოებით ასეთივე დღე იქნება ხვალაც. წავლენ საფლავებზე საუკეთესოდ გამოწყობილები,  გაშლიან საუკეთესო სუფრებს, დალევენ ბევრ ღვინოს და უფრო მეტს საფლავებზე დაასხამენ; ქალები ნამცხვრის რეცეპტებზე ილაპარაკებენ, კაცები ქალებზე, მერე ვიღაცას ვიღაცის ნათქვამი არ მოეწონება და ჩხუბს აუტეხავს.... საღამოს დაიცლება იქაურობა ნელ-ნელა და კვერცხის, ფორთოხლის, მანდარინის, კიტრის, მწნილის, ხელსახოცების, პარკებისა და ათასი უბედურების გროვებად იქცევა.... უკან ყველა ბედნიერი წამოვა და იფიქრებს, რომ საუკეთესო პატივი სცა თავის მიცვალებულს....                      
ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული, რომ არ წავიდოდი ხვალ სოფელში, ბებიას და ბაბუას საფლავზე, მაგრამ დედაჩემმა გადამარწმუნა.    მივდივარ, ოღონდ იმ პირობით, რომ სანთლებს დავანთებ და მერე სახლში ჩავალ.  ვინმეს საფლავზე სიმშვიდეში მიყვარს მისვლა, ზედმეტი აურზაურის გარეშე.  ათასი თვალი რომ არ მიყურებს და რომ შემიძლია დავჯდე და ქვებს ველაპარაკო. ეკლესიაშიც მაშინ მირჩევნია მისვლა, არავინ რომ არაა, მხოლოდ მაშინ ვლოცულობ ყველაზე გულმხურვალედ, მაშინ ველაპარაკები ღმერთს და მაშინ ვგრძნობ, რომ მიუხედავად ჩემი ცხოვრებისა, ჩემი რწმენა ყველაზე ძლიერია, უფალი ჩემშია და მე უფალთან ვარ. 

ასეთი მინდა იყოს ყველა სასაფლაო, სადა, მშვიდი და უბრალო...



ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს!

ცოტა სიბრაზე და ბევრი ფიქრები

              ხანდახან ხომ ხდება, რაღაც დღეს რომ ამოიჩემებ და შენთვის განსაკუთრებულ დატვირთვას აძლევ. ამ დღიდან ამ დღემდე ეტაპებად ყოფ ცხოვრებას და ათვლის სათავე და ბოლოც ეს დღე ხდება.                    
        მე შაბათიდან-შაბათამდე მონაკვეთებად ვცხოვრობ... ყოველ შაბათ საღამოს რაღაც მთავრდება ჩემ ცხოვრებაში, დაფიქრებისა და შეჯამების სურვილი მიჩნდება და სადღაც ქვეცნობიერში რაღაც დასკვნებიც ილექება....             
         ერთი საათია რაც სახლში მოვედი.  უმძიმესი შაბათი მქონდა, მაგრამ არც დაღლილობის შეგრძნება მაქვს და ნერვებიც მწყობრში მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ყველაზე მეტად გავწამდი სტატიებისთვის ფოტოების ძებნით და მერე გაზეთის კორექტურაც მე მომიწია, იმიტომ, რომ კორექტორმა ბოლო წუთებში დამიმესიჯა, ბოდიში, მოსვლას ვერ ვახერხებო... 
             დღეს  საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ შაბათს ჩემი სახლში ყოფნა წარმოუდგენელი და აუხდენელი ამბავია. პარასკევს ორმაგ საქმეს რომ გავაკეთებ და თითქმის გარანტირებული მაქვს შაბათი შუადღე სახლში, ზუსტად მაშინ გამოჩნდება და გართულდება ხოლმე ყველაფერი...
          დღეს კიდევ იმაში დავრწმუნდი, რომ ცოტა სიმკაცრე ხანდახან საჭიროა, არა, საჭირო კი  არა, უფრო აუცილებელი; გაგება-დახმარება-ხელშეწყობა და ა.შ. ცალმხრივი კი არა ორმხრივი უნდა იყოს;   და კიდევ, მივხვდი, რომ, რომ მეგონა იმაზე მეტად ვერ ვიტან უპასუხისმგებლო ადამიანებს და ისეთებს, ზერელედ რომ ეკიდებიან თავის საქმეს.                       
      მივხვდი, რომ ამ ბოლოს ჩემი შაბათები ძალიან აღარ ჰგავს ერთმანეთს და საერთოდ, ჩემი ცხოვრებაც აღარ ჰგავს ჩემს ცხოვრებას.                
ამ ბოლოს სულ უფრო ხშირად, თითქმის გამუდმებით  ვფიქრობ ბლოგზე და იმ ადამიანებზე ვინც თავადაც წერენ ბლოგებს, ან დარაბებს მიღმა შემოდიან. ბოლო დღეებია აღმოვაჩინე, რომ ქართული ბლოგოსფეროს იმ ნაწილიდან, რასაც მე ვიცნობ, ორი ბლოგი ყველაზე მეტად მიყვარს და სულმოუთქმელად ველოდები  ახალ პოსტებს. ეს ორი ისეთი ბლოგებია, წიგნივით რომ იკითხება, ხანდახან წარმოვიდგენ კიდეც როგორი იქნება წიგნებად აკინძული...  
          მგონია, რომ ამ ბლოგების დიასახლისებს ვიცნობ, ვიცი როგორ დადიან ქუჩაში, იღიმიან, იცვამენ; როგორ კამათობენ, ცეკვავენ, მღერიან; როგორ უხარიათ, როგორ სწყინთ და როგორ ტირიან. ხანდახან მათი ხელების მოძრაობასაც წარმოვიდგენ ხოლმე, ვიღაცას რაღაცას რომ უხსნიან და უცნაურობის დამნახავ მათ გაოცებულ თვალებსაც ვხედავ.  
               ამ ბოლოს კიდევ იმაზე ვფიქრობ ხშირად, რომ რაღაცნაირად გაწონასწორებული გავხდი, გაწონასწორებული და მშვიდი. აღარ ვებრძვი უფლის ნებას და დარწმუნებული ვარ, რომ რაც ხდება იმიტომ ხდება, რომ ჩემთვის ასე ჯობია. კიდევ იმაში დავრწმუნდი, რომ ყველაფერი კარგი მოულოდნელად ხდება და რაც უფრო მოულოდნელია, მით უფრო კარგია.  მე მგონი ყველაფრისთვის სახელების დასაწყისშივე  დარქმევასაც გადავეჩვიე და მშვიდად ველოდები იმ დროს, ჩემი ჩარევის გარეშე რომ დაერქმევა სახელი....
       ერთი საათიც  და აღდგომის დღესასწაულია. ერთ-ერთი ''ყველაზე  ყველაზე დღესასწაული'' ჩემთვის დღესასწაულებს შორის.  რაც მარხვა დაიწყო, ყოველ საღამოს ფსალმუნებს ვკითხულობ და ვიცი, რომ ჩემი ტიტანური სიმშვიდე ყველა სიტუაციაში , ამის დამსახურებაა. 
     აღდგომის დღესასწაულის ემოციებზე დილით დავწერ, ეკლესიიდან რომ დავბრუნდები ახლა ამ გალობას დაგიტოვებთ, ყველაზე სულისშემძვრელი და დამაფიქრებელია.

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!


დედები

    ``ღამეა, ორი დაიწყო, სახლში ყველას სძინავს, ოთახებიდან მშვიდი ფშვინვა ისმის, გარედან ძაღლის ყმუილი``- დაახლოებით ასე იწყებოდა  ჩემი დღიურების ყველა ჩანაწერი ბავშვობისას. ყოველთვის ღამე ვწერდი, ყველას რომ ეძინა. ჩემს ოთახში თეთრი სკოლის მერხი გვედგა. იმ სკოლიდან მოგვიტანა მამაჩემმა, სადაც მასწავლებლად მუშაობდა. ძალიან პრიალა ზედაპირი ჰქონდა, მიყვარდა სწავლისას ცივ მერხს ხელს რომ ვუსვამდი, ხელის გული მიპრიალდებოდა და მეყინებოდა.
       ჩემი და ჩემი დის, ქეთის მერხი იყო, ჩვენ-ჩვენი ადგილი გვქონდა, ქეთის მხარე მუდამ დალაგებული იყო, ჩემი მუდამ არეული.
       თეთრი მერხი (რა უცნაური სიტვაა მ ე რ ხ ი) ისევ იმ ადგილას დგას, ოღონდ სკოლის წიგნების ნაცვლად ახლა მასზე ჟურნალ-გაზეთები აწყვია. სოფელში რომ ავდივარ, ჩემს ნივთებს ისევ იმ მერხზე ვდებ, ისევ უწესრიგოდ, დაყრა უფრო რომ ჰქვია, ვიდრე დადება.
    მახსოვს, ღამეც იმ მერხთან ვიჯექი, წინ გაბერილმუცლიანი „ლამპა“ მედგა და ვწერდი ხოლმე. ყველაზე კარგად იმ დროს შემეძლო ფიქრი. ხანდახან დედაჩემს ეღვიძებოდა, რითი ვეღარ მორჩი სწავლასო მეუბნებოდა და იძინებდა. არასოდეს მითქვამს, რომ სწავლა დიდი ხანია დავამთავრე, ახლა ვზივარ და ვწერ-თქო. ასე მგონია, დღიურებს რომ ვწერდი სულ იცოდა, ოღონდ არასოდეს არაფერი უთქვამს და არც უგრძნობინებია. არც მერე უკითხავს რამე, უკვე სტუდენტი და სტუდენოტობა დამთავრებული, ამ სახლში, ღუმელთან მოკალათებული რომ ვწერდი ხოლმე ჩაფიქრებული სახით. მხოლოდ ერთხელ, 2008 წლის აგვისტოს მერე, წავუკითხე ჩემი ნაწერი, ომის პერიოდში დაწერილი დღიურები იყო, რატომ მომინდა რომ წამეკითხა არ ვიცი, მაგრამ მახსოვს, რომ წავუკითხე, იტირა.
      დედაჩემი ისეთია არასოდეს არაფერს რომ არ გეკითხება, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი იცის. არც ახლა იცის ჩემი ბლოგის არსებობის შესახებ, უფრო სწორად, მე არაფერი მითქვამს. არ ვიცი როგორ დავწერდი, რომ ვიცოდე, რომ დედა კითხულობს, დარწმუნებული ვარ ზუსტად იმას დაინახავს ჩემს ნაწერებში, რაც ძალიან შიგნიდან მოდის და სხვებისთვის შეუმჩნეველია...
      გუშინ ჩემი მეგობარი 14 წლის გოგონაზე გვიყვებოდა, რომელიც მეცადინეობებზე სიარულის ნაცვლად მეგობარ ბიჭს ხვდება და ახლა აღმოაჩინა რომ ორსულადაა, ოღონდ სავარაუდოდ გარე ორსულობა აქვს. მშობლებმა არაფერი იციან, მათ ჰგონიათ, რომ ამქვეყნად საუკეთესო შვილი ჰყავთ, რომელიც ძალიან მოწესრიგებული და მიზანდსახულია და ძალიან ბევრს მეცადინეობს იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს. ორი დღეა ამ ამბავზე ვფიქრობ, მესმის, რთულია ამ ამბის გამხელა, მაგრამ არ მესმის, რატომ ვერ უნდა ხვდებოდეს დედა, რომ მისი 14 წლის შვილი პატარა გოგო უკვე აღარ არის და არც ისეთი მოწესრიგებულია როგორც ერთი შეხედვით ჩანს...
         დედაჩემმა უთქმელად, ზედმეტი შეკითხვებისა და შემოწმების გარეშე, ყოველთვის იცის რა ხდება ჩემ ცხოვრებაში. იმასაც ყოველთვის ხვდება, რა სტატუსის ადამიანს ვწერ მესიჯს. ისიც ყოველთვის იცის, რომ ჩემი გარეგანი საშინელი და ქრონიკული მოუწესრიგებლობის შიგნით ძალიან დიდი შინაგანი მოწესრიგებულობა იმალება და ხანდახან შენიშვნას მხოლოდ იმიტომ მაძლევს, რომ უჯრა აღარ იკეტება ზედმეტი უწესრიგობის გამო. მეც ზუსტად ვიცი, რომ ვერასოდეს ვერაფერს გავაკეთებ ისეთს, რაც ვიცი რომ მას არ მოეწონება, იმიტომ რომ ყოველთვის ყველაფერს ხვდება და სულერთია, ვერ დავმალავ.
      რა მოუვა 14 წლის ბავშვს, რომლის ბედი ექიმებმა კონსილიუმით უნდა გადაწყვიტონ, არავინ იცის. თამუნა ამბობს, რომ ცნობილი ოჯახის შვილია და სახლში რომ გაიგებენ, რაღაც უბედურება დატრიალდება. წარმომიდგენია, როგორ ასწევს მისი ცნობილი დედა წარბებს, ამ ამბავს რომ გაიგებს, ოღონდ ვერაფრით ვხვდები, რატომ მივიდა მდგომარეობა აქამდე და რატომ არ არიან დედები შვილებისთვის მეგობრები.... რატომ უნდა ჰქონდეს სექსი 14 წლის ბავშვს მესამეკურსელ ბიჭთან, რომელიც ეუბნება, რომ არ უყვარს, უბრალოდ ერთობა და აიძულებს აბორტი გაიკეთოს. რატომ უნდა მიყვებოდეს აბორტის გასაკეთებლად 14 წლის ბავშვს ექიმთან მეგობარი და არა დედა და საერთოდ, რატომ არ შეიძლება, რომ დღეში თუნდაც ერთ საათს, საღამოს, ჩაისთან ერთად დედა-შვილები ისხდნენ და გულახდილად ლაპარაკობდნენ ყველა თემაზე...



პ.ს. ზედმეტად პირადულია. ვიცი, დილით აღარ მომეწონება, მაგრამ მაინც ვაქვეყნებ))

ჭიაკოკონა

სულ ახალი,ცხელ-ცხელი, რამდენიმე საათის წინ გადაღებული ფოტოებია, სამსახურიდან წამოსული გზაზე გადავაწყდი )) ვნების ოთხშაბათია და ჭიაკოკონა ანთია ქალაქის ცენტრში, თეატრის შენობასთან. 
...ბავშვობა გამახსენდა, ჩემს სოფელში ცეცხლს თუ ზუსტად მახსოვს, ხუთშაბათ საღამოს ვანთებდით. მანამდე მთელი დღე დავრბოდით, ძველ საბურავებს ვაგროვებდით, ზეპირად ვიცოდით უბანში ვინ სად ინახავდა ძველ და გამოუსადგებარ "პაკრიშკებს". ვთხოვდით, ვეხვეწებოდით, თუ არ გვაძლევდნენ, ვიპარავდით. მერე მთელი ღამე ცეცხლის გარშემო დავრბოდით, ვახტებოდით და მთლად გაჭვარტლულები ვბრუნდებოდით სახლებში. ამ დღიდან იწყებოდა ჩემთვის აღდგომის დღესასწაული...
ხშირად კამათობენ, რა არის ჭიაკოკონა, წარმართულია ეს თუ არა, რატომ ანთებენ კოცონს და ასე შემდეგ. ამასთან დაკაშირებით რამდენიმე საინტერესო ვერსია ვიპოვე ინტერნეტში.
ერთი ვერსიის თნახმად, ჭიაკოკონის დროს ვაზის წალამს წვავდენენ. ამ პერიოდში ვაზი ყველგან გასხლულია, რადგან ვაზი, ისევე როგორც ბზა წმინდა მცენარეა, მისი დაწვა არ შეიძლება ყველგან, ამიტომ ყველა სოფელში ჰქონდათ გამოყოფილი ერთი ადგილი, სადაც მას წვავდნენ. ამ ადილზე არ შეიძლებოდა საქონლის მიშვება და დაბინძურება. ჭიაკოკონობისას დანთებული ცეცხლი წმინდა ცეცხლად ითვლებოდა და აქედან გამომდინარეობს წმინდა ცეცხლზე გადახტომა, რომლის დროსაც ამბობენ: ალილუია კუდიანებს! წალამი საბურავს საბჭოთა პერიოდში შეუცვლია.
  მეორე ვერსიის თანახმად, ჭიაკოკონობა წარმართული ტრადიციაა და იმ პერიოდს უკავშირდება, როცა საქართველოში მაზდეანობა იყო გავრცელებული. მაზდეანებისათვის ცეცხლი ღვთაება იყო და ადამიანი ღმერთისთვის მისაღები რომ გამხდარიყო, ცეცხლით უნდა განწმენდილიყო. ეს კი ცეცხლში გავლით - კოცონზე გადაბიჯებით, გადახტომით - აღესრულებოდა. ამიტომ, რწმენა, თითქოს ჭიაკოკონობის ღამეს ის ადგილები, სადაც კოცონია დანთებული, კუდიანებისგან იწმინდება, მხოლოდ სახეცვლილი, ქრისტიანული ელემენტებით გამდიდრებული გვიანდელი ვარიანტია.

შემთხვევითი ფოტოები ქუჩიდან

აღარ მეგონა, ასე კიდევ ვინმე თუ ეზიდებოდა შეშას.


                            სავარაუდოდ, დედის მოლოდინში

       


ეს არის ტროტუარი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, სადაც ყველაზე ხშირი მოძრაობაა.

დავბრუნდი

   მორიგი ფილმი გადავიღე, ხმა მაქვს დასადები, მთელი საღამოა ვცდილობ ტექსტი დავწერო და არ გამომდის. მოკლე და გასაგები ტექსი უნდა იყოს წესით, არადა მიგრძელდება სტატიასავით და ფილმიც სიუჟეტს ემსგავსება... მგონია, რომ ჩემი ხმის გარეშე არ გამოვა, ძირითად ხაზს დაკარგავს. კიდევ მგონია, რომ ცუდი კადრები მაქვს, არასაკმარისი, არამეტყველი,არაფრისმთქმელი.... მოკლედ, არ ვიცი, ან მართალი ვარ და ეს თვითკრიტიკა სრულიად დამსახურებულია, ან გულოა მართალი და „წიკი“ ავიკიდე.... თუმცა რა, ნაწილობრივ მართალია, ამ ბოლო დროს ყველაფერში ცუდს, არასასიამოვნოს, არასაკმარისს ვხედავ.... ასე მგონია არაფერი აღარ გამომდის.... (ტავტოლოგიების გარდა :)))
      
 ერთი კვირაა ბლოგზეარაფერი დამიწერია. რთული პერიოდი მქონდა,- შეფასება-გადაფასების, გააზრების, დაკვირვების...   ზოგჯერ მგონია, რომ დროს ტყუილად ვკარგავ და აქ შემომსვლელ ადამიანებსაც ტყუილად ვაკარგვინებ. თვითგვემას და თვითკრიტიკას არ ვეწევი, მართლა ასე მგონია...
     ამ საღამოს ბლოგზე კომენტარი დამხვდა - რატომ აღარაფერს წერო, ანონიმი ავტორი ყავს. ვინ არის ვერ ვხვდები, მაგრამ ძალიან გამიხარდა. ალბათ მისი დამსახურებაა, ახლა რაღაცის დაწერას რომ ვცდილობ. ჩემთვის ყველა კომენტარი ერთგვარი სტიმულია წერისთვის და ხანდახან ახალი თემის წყაროცაა
     ამასობაში დასაწერიც ბევრი დაგროვდა, პირადშიც და საზოგადოშიც (არ მიყვარს ასე დაყოფა, მაგრამ ახლა სხვა ვერაფერს ვფიქრობ)... ისევ არ ცხრება ''იმიტირებული ქრონიკის ირგვლივ ამტყდარი აჟიოტაჟი; უკვე ოფიცილურად დასახელდა არჩევნების თარიღად 30 მაისი და ჩვენთან სრული დუმილია; ეთიკის ქარტიის საბჭოში პირველი საჩივარი შევიდა; ადგილობრივი ტელევიზიის სარემონტო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ამოწმებს დიდი მონდომებით... ჩემი დღის განრიგიც გადაიტვირთა, როგორც იქნა დავიწყე ინგლისურის სწავლა, კვირაში სამი დღე, ორი საათი ვმეცადინეობთ (გაზეთისა და ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები). ბავშვობა და სკოლის პერიოდი მახსენდება.)) მასწავლებელო, იმას არ აქვს დავალება, ამან სამსახურში იმეცადინა)) წამოძახებები, დასწრებები, პირველმა დავამთავრე დავალება და ასე ))  ამ თემას ერთ პოსტს აუცილებლად მივუძღვნი. (სწავლა სიბერემდეო კი უთქვამთ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ დაგვიანებული არაფერი ვარგა...) ახლა შაბათი დღე მხოლოდ გაზეთის აღარ არის, დილის ორ საათს ინგლისური იპარავს.... 
 
      გასული ორი დღე სოფელში მომიწია ყოფნა, ფილმის გამო. საგაზაფხულო სამოუშაოები, რითი და როგორ ამუშავებენ გლეხები მიწებს, რატომ შეცვალა ტრაქტორების გუგუნი ხარების ხმამ და მეურმის გადაძახილმა - მიდი კვალი! რატომ იზრდება ყოველწლიურად დაუმუშავებელი სავარგულების რაოდენობა - ესაა ფილმის  მთავარი თემა. რა და როგორ გამოვა ჯერ არ ვიცი. მაინც ვერ დავწერე ტექსტი და გადავწყვიტე დილით დავწერო, პირველი რასაც დავწერ ის იქნება, რაღაც რომ არ მომწონს და ვცვლი მერე ყველაფერი ირევა და უარესი გამოდის. ახლა მთავარია რედაქტორს კადრები მოეწონოს და ისევ არ მომიწიოს სოფლებში წასვლამ. ორი დღე საქონლის სადგომებში და ყანებში დავდიოდი, თან ძუნწად მოსაუბრე გმირები მყავდა, ეს ყველაზე ცუდია, ყველა სიტყვის მერე რომ უნდა უჯიკო რაიმეს სათქმელად....  ფილმი რომ დასრულდება, ბლოგზეც აუცილებლად დავდებ.
 მოკლედ ეს დღეებია ჩემი ცხოვრება ფილმის ირგვლივ ტრიალებს, აქაც ფილმის თემას ვერ გავცდი.... არადა სათქმელ-დასაწერი სხვაც ბევრია... იმედია, რომ ახალი პოსტისთვის ჩემი გმირებივით მეც ვინმესგან ჯიკება არ დამჭირდება....