დამთავრდა აღდგომა და ეს გაუთავებელი ზარები და მესიჯებიც დამთავრდა. არ მიყვარს ყველა დღესასწაულზე მესიჯებით რომ იციან აკლება, რაღაცნაირი სიყალბე მგონია. განსაკუთრებით რელიგიურ დღესასწაულებზე იციან თავის გამოდება, არადა, რომ ჩაეიკითხო , განმიმარტე რა დღესასწაულიაო, შეიძლება ვერც გითხრან.
საერთოდ, მოსაჩვენებლად გაკეთებული არაფერი მიყვარს. ხანდახან მგონია, რომ წესების, რიტუალების, დღესასწაულების მთავარი არსი სადღაც მივმალეთ და ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ, რომ ვიღაცას წინაშე ჩვენი უპირატესობა დავამტკიცოთ. ერთი ასეთი დღე გუშინ იყო, იქ, ეკლესიაში. ყველა იყო, ისინიც, ვინც ადრე ერთხელაც არ შემიმჩნევია და ყველა ბოლომდე დარჩა, ოღონდ ზოგი მესიჯობდა, ზოგი სხვებს ათვალიერებდა და ზოგს ეკლესიის კუთხეში მიმჯდარს ეძინა... ჩემს გვერდით დედა-შვილი იდგნენ, 3-ის ნახევარზე ზიარება დაიწყო, ორივე ჩადგა რიგში, ოღონდ დედამ შვილი გააფრთხილა, როგორც კი ვეზიარებით მაშინვე წავიდეთო. შვილის სიტყვებზე, ერთი საათიღა დარჩება მერე და დავრჩეთ ბოლომდეო, ისეთი ტონით უთხრა უარი, შემეშინდა... სულაც არ ჰქონდა ამ ქალს ისეთი სახე, მორწმუნე და ეკლესიური ცხოვრებით მცხოვრებ ხალხს რომ აქვთ ჩემს წარმოდგენაში...
დაახლოებით ასეთივე დღე იქნება ხვალაც. წავლენ საფლავებზე საუკეთესოდ გამოწყობილები, გაშლიან საუკეთესო სუფრებს, დალევენ ბევრ ღვინოს და უფრო მეტს საფლავებზე დაასხამენ; ქალები ნამცხვრის რეცეპტებზე ილაპარაკებენ, კაცები ქალებზე, მერე ვიღაცას ვიღაცის ნათქვამი არ მოეწონება და ჩხუბს აუტეხავს.... საღამოს დაიცლება იქაურობა ნელ-ნელა და კვერცხის, ფორთოხლის, მანდარინის, კიტრის, მწნილის, ხელსახოცების, პარკებისა და ათასი უბედურების გროვებად იქცევა.... უკან ყველა ბედნიერი წამოვა და იფიქრებს, რომ საუკეთესო პატივი სცა თავის მიცვალებულს....
ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული, რომ არ წავიდოდი ხვალ სოფელში, ბებიას და ბაბუას საფლავზე, მაგრამ დედაჩემმა გადამარწმუნა. მივდივარ, ოღონდ იმ პირობით, რომ სანთლებს დავანთებ და მერე სახლში ჩავალ. ვინმეს საფლავზე სიმშვიდეში მიყვარს მისვლა, ზედმეტი აურზაურის გარეშე. ათასი თვალი რომ არ მიყურებს და რომ შემიძლია დავჯდე და ქვებს ველაპარაკო. ეკლესიაშიც მაშინ მირჩევნია მისვლა, არავინ რომ არაა, მხოლოდ მაშინ ვლოცულობ ყველაზე გულმხურვალედ, მაშინ ველაპარაკები ღმერთს და მაშინ ვგრძნობ, რომ მიუხედავად ჩემი ცხოვრებისა, ჩემი რწმენა ყველაზე ძლიერია, უფალი ჩემშია და მე უფალთან ვარ.
ასეთი მინდა იყოს ყველა სასაფლაო, სადა, მშვიდი და უბრალო...
ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს!
2 comments:
მე არც ეგ სასაფლაოები მომწონს ბოლო სურათზე :|
არ ვიცი.
მგონია, რომ ჯობია ძველებური ქვები იდოს.
ჩემი დიდი პაპის პაპის უძველესი საფლავია ასეთი - მხოლოდ პატარა ქვა ადევს და მისი სახელი აწერია, ადრე როცა მივდიოდი ხოლმე, ვიჯექი და მიხაროდა ამ ქვის დანახვა.
სოფ, იცი ახლა რა გამახსენდა? ჩემს სოფელში ორი სასაფლაოა ძალიან ძველი, ზუსტად ეგეთი შენ რომ ამბობ, მხოლოდ ქვები დევს. აქედან ერთი ეკლესიის ეზოშია, წლობით მიუხედავი იყო, ამ ბოლოს ეკლესიასთან დედათა მონასტერი გაკეთდა და იქაურობასაც მიხედეს, თორემ სოფლის ლოთების თავშესაყარი იყო.
ამ ფოტოზე უკეთესიც შეიძლება იყოს. უბრალოდ მთავარია მშვიდი, სადა, უბრალო, უპრეტენზო ყოველგვარ პომპეზურობას მოკლებული იყოს.
პ.ს. როცა სოფელში მოვხვდები, აუცილებლად გადავიღებ ფოტოებს იმ სასაფლაოებზე და დავდებ.
Post a Comment