ცოტა სიბრაზე და ბევრი ფიქრები

              ხანდახან ხომ ხდება, რაღაც დღეს რომ ამოიჩემებ და შენთვის განსაკუთრებულ დატვირთვას აძლევ. ამ დღიდან ამ დღემდე ეტაპებად ყოფ ცხოვრებას და ათვლის სათავე და ბოლოც ეს დღე ხდება.                    
        მე შაბათიდან-შაბათამდე მონაკვეთებად ვცხოვრობ... ყოველ შაბათ საღამოს რაღაც მთავრდება ჩემ ცხოვრებაში, დაფიქრებისა და შეჯამების სურვილი მიჩნდება და სადღაც ქვეცნობიერში რაღაც დასკვნებიც ილექება....             
         ერთი საათია რაც სახლში მოვედი.  უმძიმესი შაბათი მქონდა, მაგრამ არც დაღლილობის შეგრძნება მაქვს და ნერვებიც მწყობრში მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ყველაზე მეტად გავწამდი სტატიებისთვის ფოტოების ძებნით და მერე გაზეთის კორექტურაც მე მომიწია, იმიტომ, რომ კორექტორმა ბოლო წუთებში დამიმესიჯა, ბოდიში, მოსვლას ვერ ვახერხებო... 
             დღეს  საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ შაბათს ჩემი სახლში ყოფნა წარმოუდგენელი და აუხდენელი ამბავია. პარასკევს ორმაგ საქმეს რომ გავაკეთებ და თითქმის გარანტირებული მაქვს შაბათი შუადღე სახლში, ზუსტად მაშინ გამოჩნდება და გართულდება ხოლმე ყველაფერი...
          დღეს კიდევ იმაში დავრწმუნდი, რომ ცოტა სიმკაცრე ხანდახან საჭიროა, არა, საჭირო კი  არა, უფრო აუცილებელი; გაგება-დახმარება-ხელშეწყობა და ა.შ. ცალმხრივი კი არა ორმხრივი უნდა იყოს;   და კიდევ, მივხვდი, რომ, რომ მეგონა იმაზე მეტად ვერ ვიტან უპასუხისმგებლო ადამიანებს და ისეთებს, ზერელედ რომ ეკიდებიან თავის საქმეს.                       
      მივხვდი, რომ ამ ბოლოს ჩემი შაბათები ძალიან აღარ ჰგავს ერთმანეთს და საერთოდ, ჩემი ცხოვრებაც აღარ ჰგავს ჩემს ცხოვრებას.                
ამ ბოლოს სულ უფრო ხშირად, თითქმის გამუდმებით  ვფიქრობ ბლოგზე და იმ ადამიანებზე ვინც თავადაც წერენ ბლოგებს, ან დარაბებს მიღმა შემოდიან. ბოლო დღეებია აღმოვაჩინე, რომ ქართული ბლოგოსფეროს იმ ნაწილიდან, რასაც მე ვიცნობ, ორი ბლოგი ყველაზე მეტად მიყვარს და სულმოუთქმელად ველოდები  ახალ პოსტებს. ეს ორი ისეთი ბლოგებია, წიგნივით რომ იკითხება, ხანდახან წარმოვიდგენ კიდეც როგორი იქნება წიგნებად აკინძული...  
          მგონია, რომ ამ ბლოგების დიასახლისებს ვიცნობ, ვიცი როგორ დადიან ქუჩაში, იღიმიან, იცვამენ; როგორ კამათობენ, ცეკვავენ, მღერიან; როგორ უხარიათ, როგორ სწყინთ და როგორ ტირიან. ხანდახან მათი ხელების მოძრაობასაც წარმოვიდგენ ხოლმე, ვიღაცას რაღაცას რომ უხსნიან და უცნაურობის დამნახავ მათ გაოცებულ თვალებსაც ვხედავ.  
               ამ ბოლოს კიდევ იმაზე ვფიქრობ ხშირად, რომ რაღაცნაირად გაწონასწორებული გავხდი, გაწონასწორებული და მშვიდი. აღარ ვებრძვი უფლის ნებას და დარწმუნებული ვარ, რომ რაც ხდება იმიტომ ხდება, რომ ჩემთვის ასე ჯობია. კიდევ იმაში დავრწმუნდი, რომ ყველაფერი კარგი მოულოდნელად ხდება და რაც უფრო მოულოდნელია, მით უფრო კარგია.  მე მგონი ყველაფრისთვის სახელების დასაწყისშივე  დარქმევასაც გადავეჩვიე და მშვიდად ველოდები იმ დროს, ჩემი ჩარევის გარეშე რომ დაერქმევა სახელი....
       ერთი საათიც  და აღდგომის დღესასწაულია. ერთ-ერთი ''ყველაზე  ყველაზე დღესასწაული'' ჩემთვის დღესასწაულებს შორის.  რაც მარხვა დაიწყო, ყოველ საღამოს ფსალმუნებს ვკითხულობ და ვიცი, რომ ჩემი ტიტანური სიმშვიდე ყველა სიტუაციაში , ამის დამსახურებაა. 
     აღდგომის დღესასწაულის ემოციებზე დილით დავწერ, ეკლესიიდან რომ დავბრუნდები ახლა ამ გალობას დაგიტოვებთ, ყველაზე სულისშემძვრელი და დამაფიქრებელია.

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!


2 comments:

Anonymous said...

მინდა რაღაც დავწერო, მაგრამ არ ვიცი რა დავწერო....რაღაცნაირად კარგია..)))

ხო მართლა სულ მავიწყდება ხოლმე ჩემი სახელის მიწერა მანჩო ვარ..)

ნინო said...

ნაწერით ვხვდები შენ რომ ხარ ხოლმე მანჩო :)) დიდი მადლობა :*