ახლა ზუსტად ისეთი კვირაა, ყველაზე მეტად რომ ხარ დროში შეზღუდული, ყველაზე მეტი საქმე რომ გაქვს და ყველაზე მეტად რომ კარგავ დროს უქმად.
საერთოდ ასე მჭირს, რაც უფრო ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი, მით უფრო ვერ ვაკეთებ; რაც უფრო ადრე გამოვალ სახლიდან, მით უფრო ირევა იმ დღის გეგმები დ ვერაფერს ვასწრებ; მერე ვბრაზდები, შიგნიდან ვიღაც გამუდმებით მიჯუჯღუნებს, რომ ამქვეყნად ყველაზე ზარმაცი და მეხვალიე ადამიანი ვარ. ცუდი განწყობა თუ ამოვიჩემე (ესეც ხშირად მჭირს ამ ბოლოს) მერე აუტანელი ვხდები ან არ ვლაპარაკობ, ან ვყვირი და ვტუქსავ ვინმეს, ყველაზე მომთხოვნი ვხდები და საერთოდ, დღეს პირველად კატეგორიულად მოვითხოვე რაღაც თანამშრომლებისგან, თან მაგიდაზე თითიც დამეკაკუნა.
დედაჩემი ამბობს, რომ ასეთ დროს ჩემ შუბლზე უკვე კარგად მოკალათებული ორი ვერტიკალური ხაზი, (მუდამ გაბრაზებული ადამიანის იერს რომ მაძლევს ისეც) ისე ღრმავდება, ვინმემ დალაპარაკება რომც გამიბედოს, იმ ნაოჭებში ჩაიკარგება.
რაღაც რომ არ გამოდის, ან ისე არ გამოდის, როგორც საჭიროა, საშინელი არასრულფასოვნების შეგრძნება მეუფლება; მაშინ ყველაზე მეტად მგონია, რომ ერთი ამბიციური გოგო ვარ, გამოგონილ სამყაროში, ილუზიებით ვცხოვრობ და არასოდეს არაფერი გამომივა. ასეთ დროს დედაჩემი ფიქრობს, რომ მე მსოფლიოში ყველაზე წუწუნა ადამიანი ვარ, ოღონდ ზუსტად იცის, რომ ყველაფრისთვის თავის გართმევა შემიძლია და ამიტომ რაზეც არ უნდა ვწუწუნებდე და ვდარდობდე არაფერს ამბობს, მხოლოდ იღიმება. ხანდახან მეც მგონია, რომ კარგით გახარებაზე მეტად ცუდით დამწუხრება მჩვევია და ამქვეყნად ყველაზე უმადური ვარ, რომელიც არასოდეს არაფრით არაა კმაყოფილი.
ამ დასკვნამდე ამ საღამოს მერე მივედი, ინგლისურის გაკვეთილის მერე გუნებაში კვირის კარგ და ცუდ ამბებს რომ ვაჯამებდი. კარგი ამბებია ბევრია: 1. ზეგ-მაზეგ ახალი მედიის ვორკშოპზე ვარ მიწვეული, რომელზე წასვლაც იმ დღიდან ავიკვიატე, მედია.გე-ზე განცხადება რომ ვნახე (ერთი თვის წინ). ეს ყველაზე კარგი ფაქტია მათ შორის, რაც იანვრიდან დღემდე მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ( თან მართლა გამიმართლა, 31 მარტს საღამოს გავიგე, რომ გადაიდო 11 აპრილს დაგეგმილი მეგობრის ნიშნობა, სადაც მეჯვარის რანგში უნდა ვყოფილიყავი და განაცხადების მიღებამდე ბოლო 15 წუთი იყო დარჩენილი სივი და ნაჩქარევად დაწერილი სამოტივაციო წერილი რომ გავაგზავნე ვორკშოპში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე) ; 2. როგორც კი თბილისიდან დავბრუნდები, უცხოელი ტრენერი ტრენინგს ჩაგვიტარებს ფოტოჟურნალისტიკაში (ესეც ჩემი დიდი ხნის ოცნება, რომელიც არ სრულდება იმიტომ, რომ ფულს, დროს და რაღაც პერიოდით თბილისში ცხოვრებას მოითხოვს); 3. დაგვიფინანსდა საარჩევნო პროექტი და იმ კვირას მივდივარ ქუთაისში (რაც ქუთაისის კარგად გაცნობის საშუალებას მომცემს და დამატებითი შემოსავალიცაა); 4. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ცოტა ეკონომიურად ვიცხოვრო და ვიყიდო, ან განვადებით გამოვიტანო ლეპტოპი (ახლა სახლის გარდა, სადაც წავალ ყველგან თან მექნება კომპიუტერი და ინტერნეტი. ესეც ჩემი ოცნების ნაწილი); 5. ამ საღამოს გავიგე, რომ ბოლოს და ბოლოს გამოვიდა ჩემი ნაწვალებ-ნატანჯი ფილმი (უხარისხო კადრები აღმოჩნდა და დიდი შანსი იყო საერთოდ არ გამოსულიყო. აი, აქ ვგრძნობდი იმ არასრულფასოვნებას, ზემოთ რომ ვამბობდი. ოღონდ, ეს ფილმი რედაქტორის დიდი, დიიიდი შრომის შედეგი უფრო იქნება); 6. კვირის ბოლოს, 17-ში ნიშნობაა, პირველად ვარ მეჯვარე და რაღაც კარგი შეგრძნებაა (მიხარია, იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს კარგად მთავრდება ჩემი მეგობრის დაუსრულებელ-ჩხუბიან-დარდიანი რომანი და თან დიდი ხანია გემრიელად არ მიხალისია).... კიდევაა რაღაც კარგი ამბები, ოღონდ ძალიან პირადული და ჯერ არაფერს ვიტყვი))
ბევრი კარგია ხოოო?:) ნამდვილად! გუშინ დედაჩემს ვუთხარი: დე, მგონი ჩემი ოცნებები სრულდება - თქო! მაგრამ, იმის გამო რომ დღეს რაღაც არ გამომივიდა, ისევ მთელი დღე ვწუწუნებდი . არადა, ისიც ზუსტად ვიცი, ჩემს მდგომარეობაში მყოფი ვინმე რომ შემხვდეს, ცხვირაბზუებული ვიტყვი, რომ აუტანელი და უმადური ადამიანია და არაფრის ღირსი არაა....
და, საერთოდ, ახლა ვფიქრობ, რას ვხედავ პირველს ამ ფოტოზე... წაქცეულ ჭიქას თუ ფეხზემდგომს; ნახევრად სავსეს თუ ნახევრად ცარიელს....
2 comments:
ძალიან ბერი და საინტერესო რამ ხდება შენს ცხოვრებაში და სულაც არ ღირს რამეზე წუწუნი და ''შუბლზე უკვე კარგად მოკალათებული ორი ვერტიკალური ხაზის'' კიდევ უფრო ჩაღრმავება....
წარმატებებს გისურვებ...
თაკო...
:))) ჩემი დაც ამას მეუბნება ხოლმე და დედაჩემიც :) ეტყობა ტიპი ვარ ასეთი, ზედმეტად ჩაღრმავება და გულტან მიტანა მჩვევია... ხო, ამოჩემებაც ვიცი, ეს ჩემი ყველაზე დიდი მინუსია ))))
მადლობა თაკო
Post a Comment