ყველაფერი კარგად იქნება

ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ,
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება.
იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ
  ყველაფერი კარგად იქნება!

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას
შენი ცხოვრებაც ისე იქნება.
გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფალის 
  და ყველაფერი კარგად იქნება! 

ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიში
განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება;
ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად
  და ყველაფერი კარგად იქნება! 

როცა ვარდები დეპრესიაში
და შენი ტანჯვა ატყობ იწყება
მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას თქვი,
  ყველაფერი კარგად იქნება! 

რომც დაგარწმუნონ შენ იღუპები
შენი სიცოცხლის წუთი ითვლება
რწმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ
  ყველაფერი კარგად იქნება! 

თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი, 
ღმერთი არ გტოვებს, შენსკენ იხრება;
ის მოწყალეა ყველა ცოდვილის
  და ყველაფერი კარგად იქნება!

როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს
და შენი გული ბოღმით ივსება,
ერთადერთია, რაც გადაგარჩენს, თქვი:
  ყველაფერი კარგად იქნება
 
დიდი ნიჭია თავშეკავება
ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება,
როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ
  ყველაფერი კარგად იქნება! 

როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას
და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა,
სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ 
  ყველაფერი კარგად იქნება! 

როდის იქნება? როგორ იქნება?
როცა კითხვები გულში ისმება,
ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს
ღმერთის წყალობით
  ყველაფერი კარგად იქნება! 

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი
უწმინდესი და უნეტარესი ილია II

გფარავდეთ ღმერთი ამიერიდან უკუნისამდე!!!!!





პირველი პატარა

სახელი  - სანდრო;
გვარი - კიკნაველიძე;
წონა - 3 კილო და 600 გრამი;
სიგრძე - 48 სანტიმეტრი;
დაბადების თარიღი -23 თებერვალი;
წელი -2010;
საათი - დილის 11. 

მამას ჰგავს! 

ჭამს და სძინავს! სხვები ტირიან, ეს მხოლოდ ამოიღნავლებს ხანდახან..... 



გუშინ ჩემს მეგობარს შვილი შეეძინა. მაშ ასე, ახლა რედაქციას პირველი შვილი ჰყავს, -  სანდრო, სანდრინიო!!!... )) ლონდონში უნდა გავუშვათ სასწავლებლად....)) 

ნათია უკვე დედაა!  ჯერ ისევ სამშობიაროშია და გვერდზე პატარა სანდრინიო უწევს. 

გახდა 12 საათი და აჭრელდა ჩვენი სტატუსებიც ფესიბუქში. ასეთი ემოციური იყო პირველი ქორწილიც რედაქციაში. 

 ახლა უცებ ეს ლექსი გამახსენდა 

ვინა თქვა ჩვენზე ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით
ჩვენს სახლს ძვირფასო სამი კარი აქვს
სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი
მე, შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებად
და ოცნებებად დავიხარჯებით,
ჩვენ გავმრავლდებით და გავიზრდებით
მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც...
კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს,
პატიოსნება ურდულად ადევს
და ჩვენს სუფრაზე თუ გვიმღერია,
მეზობლის ბანიც ასულა ცამდე.
ვინა თქვა ჩვენზე ვწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით
ჩვენს სახლს ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა: მე შენ და ბავშვი.


უცნაური ორშაბათი

უცნაური დღე მქონდა, არც რთული და დამღლელი, მაგრამ არც მარტივი, აი ისეთი, შინაგანად რომ დაგღლის. 

შეცდომა აღმოვაჩინე გაზეთში, თანაც სათაურში და ამან ძალიან იმოქმედა. ხო, კიდევ ისევ არაფერი ისმის ხელფასების, ესეც უკვე ძალიან რთული ასატანი ხდება. 

რაღაცნაირი გავხდი, არც კი ვიცი რა დავარქვა, უფრო პრაქტიკული, რაციონალური თუ რაღაც მსგავსი. ამ ბოლოს აღმოვაჩინე, რომ გადაწყვეტილებების მიღების წინ უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე აქამდე მჩვეოდა, აღარც "ავჟიტირდები" ხოლმე უცებ, ადრე რომ ვიცოდი...

არ ვიცი, იქნებ ასაკის ბრალია, შემცვალა 25 წელმაც...  



აი ჩემი თერაპია... ეს მშველის ხოლმე, როცა ასეთ ხასიათზე ვარ

მეხუთე სამუშაო მზიანი შაბათი

        ესეც ასე! მეხუთე სამუშაო შაბათიც მშვენივრად დასრულდა. ნორმალური ნომერი გამოვიდა, კარგი მასალებით, იმდენი სტატია დამრჩა, თავისულად გავაკეთებდი კიდევ ერთ გაზეთს. შაბათის ასეთი დასასრული მიყვარს, ბოლო ფოტოსაც რომ მიაწერ და სიმაყით უყურებ ა4-ზე ამობეჭდილ გაზეთს.  
    ახლა ვფიქრობ რა კარგი იქნება გაზეთის ვებ-გვერდი რომ გვქონდეს, დარჩენილ მასალებსაც ხომ ავტვირთავდი. მენანება ერთი კვირა რომ უნდა ვიცადო, ვიდრე ისინიც დაიბეჭდება. მართალია მის მაგივრობას ახლა ბლოგი გვიწევს, მაგრამ რაღაც უკმაყოფილების გრძნობა მაქვს. ყოველდღე ვამატებ რაღაცას, ვცვლი დიზაინს, ვდებ ვიდეოებს სტატიებში, ვრთავ გამოკითხვას, მაგრამ მაინც არაა ისეთი მე რომ მინდა. მე კი მინდა, რომ ძალიან "ცოცხალი" იყოს.
     ხვალ დავისვენებ, კინოს დღეა. ძალები უნდა მოვიკრიბო იმ კვირისთვის. დასაწერი მაქვს ორი ძალიან კარგი თემა. ეს პერიოდია ვზარმაცობ, არადა სხვამ რომ თქვას ორშაბათის თათბირზე ეგ თემები, გულიც გამისკდება. არა, გადავწყვიტე, რომ იმ კვირაში ორივეს აუცილებლად დავწერ. 
       ბოლოს და ბოლოს უნდა დავაყენო საშველი მორიგი ფილმის გადაღებას. რა ხანია შევათანხმე გოუ გრუპთან თემა. 
       კიდევ მუზეუმში უნდა ავიდე და დირექტორს დაველაპარაკო, ახალი რუბრიკის გაკეთებას ვგეგმავთ გაზეთში. საინტერესო ჩანაფიქრია და უნდა შევთვაზო თანამშრომლობა.  
     ბიბლიოთეკაშც მაქვს საქმე, წიგნი უნდა ჩავაბარო და სხვა გამოვიტანო. 
     რაღაც საშინელმა სიზარმაცემ შემიპყრო, მივდივარ სამსახურში, დავეხეტები ინტერნეტში, ვსვამ უზომოდ ბევრ ყავას და ყელის ჩაწვამდე ვჭამ  მზესუმზირას. ეს ამინდებიც ისეთია, ყველაფრის სურვილი გიჩნდება საქმის გაკეთების გარდა. ან წვიმაა და კოშმარია გარეთ გასვლა, ან ისეთი მზეა, რომანტიკულ განწყობაზე დაგაყენებს, აი ისეთზე გარეთ ხეტიალი, უსაქმურობა, კარგი მუსიკის მოსმენა და სკვერში ჯდომა რომ გინდა.  
      დღეს ასეთი ამინდი იყო. ისეთი მზიანი, ისეთი თბილი, რომ ჩაგძახის, რა გინდა მაგ პატარა და უჰაერო ოთახში, გარეთ გამოდიო)). ოღონდ შაბათი ჩემთვის გამონაკლისია, სისხლსა და ხორცში გამიჯდა უკვე, რომ შაბათს არაფერი დავგეგმო, არავის დავპირდე არაფერს, არანაირი "რამანწიკა" და სენტიმენტალიზმი....  

       სამაგიეროდ ახლა ვარ ამის ხასიათზე

ზამთრის საფარა




ფორმალობა დაგვღუპავს!!

       მოწევა კლავს! - წარწერა სიგარეტის კოლოფზე 

       ფორმალობა დაგვღუპავს - ჩემი ბლოგერული დასკვნა ))

       წვიმის ხმაზე გამეღვიძა, არა, უფრო სწორედ გამაღვიძეს. უცნაურია, სულ  იმ იმედით ვიძინებ, რომ დილით მაინც დამხვდება თოვლი და ყოველ დილას მაინც წვიმის ხმა მაღვიძებს. ვხვდები, არაფერი არ მოქმედებს ისე ცუდად ჩემზე, როგორც წვიმა.
        ისევ დამაგვიანდა. ამ ბოლო დროს სულ მძინავს და მაინც სულ მეძინება. ბოლო სამი ლარიდან ორი ტაქსის მძღოლს გადავუხადე და სირბილით ავირბინე ზრდასრულთა ცენტრის კიბეები, სადაც 12-ის ნახევარზე რაღაც შეხვედრა იყო დანიშნული.
         უხერხულად შევედი ოთახში, ოღონდ აღმოვაჩინე, რომ სულაც არ მომხდარა კატასტროფა, იმიტომ, რომ  მხოლოდ შეხვედრის ორგანიზატორები მელოდებოდნენ.         ცოტა სასაცილოა,  მხოლოდ სამნი დავესწარით უცნაურ შეხვედრას, რომელსაც იდეაში ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დასწრებოდა. აქედან, ერთი  ახალქალაქიდან იყო, რომელიც მოიწვიეს როგორც მედიის წარმომადგენელი, სინამდვილეში კი ბიზნეს-ცენტრის უფროსი აღოჩნდა და ერთიც მოხალისე, რომელიც ყველა შეხვედრას დაესწრება, ოღონდ სახლიდან გამოსვლის მიზეზი ჰქონდეს.             მოკლედ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამართლიანი არჩევნები ახორციელებენ პროექტს "ხალხის მანიფესტი", რომლის მიზანია მოქალაქეებსა და თვითმმართველობებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის გაზრდა.              არ ვიცი როგორ განვეწყო ოპტიმისტურად მათ მიმართ ასეთი დასაწყისის მერე. გორიდან იმისთვის ჩამოვიდნენ, რომ სამი ადამიანისვის (აქედან, ერთი ჩემზე გვიან მოვიდა) აეხსნათ რას ისახავს მიზნად მათი პროექტი, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების გააქტიურება, რატომ უნდა იაროს ხალხმა საკრებულოს სხდომებზე და რა მნიშვნელობა აქვს მათ ჩართულობას ბიუჯეტის შედგენისას...           იდეა რომ კარგია, ამაზე არაფერს ვამბობ, მაგრამ განხორციელების მექანიზმები მაფიქრებს. კარგი, მე შევიტან ჩემს წვლილს, მითუმეტეს, რომ მეც ძალიან მაღლვებს ეს საკითი და დავწერ ამაზე სტატიას თავისი ახსნა-განმარტებებით რისი უფლებები აქვს მოსახლეობას, საერთოდ რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა და რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების გააქტიურება. ბოლოს და ბოლოს, მართლაც ხომ უნდა ჩამოვყალიბდეთ ოდესმე სამოქალაქო საზოგადოებად. მაგრამ მერე?! ამხელა ამბიცია და ასეთი დასაწყისი?? დავუშვათ, მე არ დავწერე სტატია, საიდან გაიგოს ხალხმა, რომ მთავარია სურვილი ჰქონდეს გააქტიურების და შენ ყველაფერში ეხმარები? 

       უკვე სათვალავი ამერია, არ ვიცი ეს მერამდენე ორგანიზაციის მერამდენე პროექტია ამ მიზნით, აი, კონკრეტული შედეგები კი ჯერ არ მინახავს. საკრებულოს ერთი სხდომა არ მახსოვს, სადაც ჩვეულებრივი მოქალაქეებიც იყვნენ.
       გასული წლის ბოლოსაც შეიქმნა რაღაც გაერთიანება, პირობითად "საზოგადოებრივი საბჭო". იდეაში, მის წევრებს (მათ შორის მეც) ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა გვეკონტროლებინა (ყველანაირი გაგებით) და ერთად უნდა გვეფიქრა რაიონის პრობლემების მოგვარების გზებზე. მაგრამ მხოლოდ ფორმალობა გამოგვივიდა, ერთხელ შევიკრიბეთ და მორჩა, ეს იყო და ეს.... 
    ყველას ჩვენი როლი გვაქვს საზოგადოების გააქტიურებაში, მაგრამ ეტყობა ყველა ვპასიურობთ, ან იმდენს არ ვაკეთებთ, რამდენიც საჭიროა, ან მართლაც ალიან ინერტული გახდა ხალხი და ყველაფრის მოგვარება თანამონაწილეობის გარეშ უნდათ. არ ვიცი. ერთი რამ კი ცხადია, მოვალეობის გამო გახსნილ-დაგეგმილ-დაწყებულ-დაპრეზენტაციებული პროექტები და შეხვედრები კარგს არაფერს მოგვიტანს და ისევ ნიჰილიზმი წაგვლეკავს. ეს, მითუმეტეს ახლა, დაუშვებელი და დამღუპველია. 

ძვირფასო კიწი!

16 თებერვალია და გარეთ წვიმს!  აუტანელია ასეთი ამინდი!
   
დილით, წვიმის ხმა რომ მესმის, თავზე საბანს ვიფარებ და ძილს ვაგრძელებ. დედა ათასჯერ შემოდის ოთახში , დამხედავს, ერთს დამელაპარაკება და გადის. იცის, რომ ვაგვიანებ, მაგრამ  არ მაღვიძებს, ვეცოდები. ჩემსავითაა, ორივე ვიპარავთ დროს, აი, ხუთი წუთიც, ხუთიც, ათიც... მოვასწრებ, კიდევ მოვასწრებ!

დედამ იცის, ასეთ დროს გარეთ გამოსვლა რომ არ მიყვარს. შენც ხომ იცი რა მიყვარს ასეთ დროს?!

ხო, უნდა ვიჯდეთ სადმე ძალიან მყუდრო ადგილას, ერთი ჭიქიდან ვწრუპავდეთ ჩაის და ერთი თეფშიდან ვჭამდეთ კომშის მურაბას. ბებიამ გამოგვიგზავნა გუშინ, ვიცი, რომ გიყვართ, ამას რომ შეჭამთ, კიდევ მოგაწვდითო...  მურაბას ბებიის ხელის გემო აქვს ხოლმე, ჩაის მისი ტუჩების. მერე ”ბოდიალა ბატონები” გვეწყება, ჯერ წიგნებში დავბოდიალობთ, მერე მუსიკაში... მერე ფანჯარასთან ვჯდებით და მაღალსართულიან კორპუსებს მიჩერებივართ. შარლ ბოდლერი ხომ გახსოვს? -  ”ის, ვინც ღია ფანჯრებში იყურება ქუჩიდან, ვერასოდეს შეიგრძნობს ყოველივე იმას, რასაც დაინახავთ ჩაკეტილ ფანჯარაში ცქერისას. არაფერია უფრო ღრმა, უფრო იდუმალი და მიმზიდველი, უფრო პირქუში და თვალისმომჭრელი, ვიდრე ფანჯარა, სანთლის შუქით განათებული შიგნიდან”.  

ფანჯრებთან ლანდები ირევიან, ჩვენ ვზივართ და ისტორიებს ვიგონებთ. ყველა ფანჯრის მიღმა ჩვენი გამოგონილი გმირები ცხოვრობენ. წვიმიდან წვიმამდე ისინი იზრდებიან, იცვლებიან, ტირიან, იცინიან, გადიან, ბრუნდებიან, ბერდებიან.... 

დილაა...  წვიმს... ღუმელი გუზგუზებს და  ჩაიდანიც უსტვენს... მაგიდაზე ჩაი, ლიმონი და კომშის მურაბა დევს, ოღონდ არავინ ჭამს... ფარდა გადაწეულია, მაგრამ ფანჯრიდან არავინ იხედება... მუსიკა ჩართულია, არც იმას ყავს მსმენელი.... მაგიდაზე ''ანა ფრანკის დღიური'' დევს, ოღონდ არავინ აშრიალებს ფურცლებს.... 

წვიმს, მაგრამ სამსახურში გავრბივარ... არა, გამახსენდა, ჯერ რაღაც პრეზენტაციაზე, სადაც ზუსტად ვიცი, ჩემს მეტი არავინ იქნება... 


გაქცევა

 ახლა ყველაზე მეტად მინდა ჩავალაგო ჩანთა და ერთი კვირით სადმე ძალიან შორს და უცხო ადგილას წავიდე. მთელი დილა ქუჩებში ვიხეტიალო, შუადღეს სადმე მყუდრო კაფეში ჩაი დავლიო და წიგნი ვიკითხო, საღამოს კინოში წავიდე, პოპკორნები მოვიმარაგო და მყუდროდ მოკალათებულმა გულიანად ვიცინო ან ვიტირო. 

ჩავიცვა ისე, რომ არ ვიფიქრო რას იტყვიან ასე რომ დამინახავენ. არ ავიღო ხელში საძულველი თმის საშრობი ფენი და თავი არ ავიტკივო მისი გრიალით, იმიტომ, რომ გაწეწილი თმითაც უპრომლებოდ ვივლი ქუჩაში. 

 იქ, სადაც ქუჩაში არ გამაჩერებენ და თავიანთ პრობლემებზე არ მომიყვებიან, იმიტომ რომ არ მიცნობენ. სადაც იძულებული არ ვიქნები სიტყვები ვეძებო თანაგრძნობისათვის და სევდიან ღიმილად ვაქციო სახის გამომეტყველება, რომელიც აშკარად არ არის თანაგრძნობის გამომხატველი, იმიტომ რომ სულელური წვრილმანია ის, რის გამოც თანაგრძნობას გთხოვენ... 

 იქ, სადაც სხვისი ისტორიებით არ ვიცხოვრებ, იმიტომ რომ არავინ მაიძულებს მისი შეხვედრებისა და პაემნების ამბები ვისმინო... 

იქ, სადაც არ შემაწუხებენ კითხვებით რატომ ვიღიმები, ან რატომ ვარ მოწყენილი. რატომ მძინავს ბოლო დღეებია ასე ქრონიკულად ძალიან დიდხანს და რატომ ვერ ვდგები დილით ადრე....

 იქ, სადაც არ მომიწევს მთელი საათი მოთმინებით ვისმინო სრულიად არასასარგებლო და უინტერესო საუბარი, უბრალოდ იმიტომ რომ თანამოსაუბრეს ვერ ვეტყვი რომ თავს მაბეზრებს...

 გაქცევა მინდა.... ოღონდ განსაზღვრული დროით და ვიცი მერე აუცილებლად მომინდება დაბრუნება. არა, უბრალოდ კი არ მომინდება, მომენატრება ყველაფერი და თავიდან შევიგრძნობ იმას, ახლა ასე ძალიან რომ მაქვს დაკარგული.... 


  
მერე დავბრუნდები და თავიდან დავიწყებ ყველაფერს!


საღარაძე

ბავშვები საკვირაო სკოლიდან

რატომ ამბობენ, რომ ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვს?! არსებობს ვინმე, ვისი შესაძლებლობებიც შეუზღუდავია?!’’  - ეს ფრაზა (ზუსტი ციტირება არაა) საკმაოდ დიდი ხნის წინ ჟურნალ „სოლიდარობაში“ წავიკითხე და მას შემდეგ არაერთხელ დამიმოწმებია საუბარში. კვირას არლის საკვირაო სკოლაში ვიყავი, სადაც ათი უნარშეზღუდული ბავშვი სწავლობს და კიდევ ერთხელ გამახსენდა.
 
 მაგალითად, მე ვერასოდეს გავხდები მოდელი, იმიტომ რომ ამისთვის არანაირი მონაცემი არ მაქვს და პირიქით, გაცილებით დაბალი ვარ ვიდრე ჩემს ასაკს შეეფერება, ანუ შეზღუდული ვარ. ახლა მითხარით, რით განვსხვავდები მე მათგან?!  (შეიძლება სულელური შედარებაა, მაგრამ ...).

ბავშვები

ადიგენის რაიონის სამი სოფლის ათი ბავშვი კვირაში სამი დღე, შაბათს, კვირას და ორშაბათს რამდენიმე საათით ერთად იკრიბება. სწავლობენ განსხვავებული მეთოდით. ჯერ წრეზე სხდებიან და ვარჯიშობენ ხელებითა და ფეხებით, მერე თექის ბურთით თამაშობენ; ჭრიან, აფერადებენ, ხატავენ და თაბაშირის ყელსაბამებს აკეთებენ,-  ასე მათი სახსრები და კუნთები უფრო მოქნილი უნდა გახდეს.  
სწავლობენ დათვლას, წელიწადის დროებს, შინაურ და გარეულ ცხოველებს, ლექსებს, სიმღერებს  და ზღაპრებს.
          ყველას ძალიან მეტყველი, ფართო და ცნობისმოყვარე თვალები აქვს... სტუმრების მისვლა განსაკუთრებით უხარიათ, გეფერებიან ხელებზე და თვალს არ გაცილებენ, მაშინაც კი, როცა აუცილებელი ვარჯიში აქვთ შესასრულებელი... უხარიათ, როცა მათთან ერთად ვარჯიშობ და თამაშობ „ბეკეკინა თხაო“-ს, ფერადი ფურცლებისგან სხვადასხვა ფუგურებს ჭრი დათაბახის ფურცლებისგან გაკეთებულ რვეულებს აფორმებ....
 
   
  ყოველ წუთში ამბობენ: მიყვარხარ მასწავლებელო! მაგიდასთან ხელჩაჭიდებულები სხედან და განსაკუთრებით შექება უხარიათ, მითუმეტეს თუ  დამოუკიდბელი მუშაობისთვის დაიმსახურეს....
      
ასე მგონია ყველაზე, ყველაზე მეტად მამა იოსები უყვართ.

აქ ყველას თავისი ისტორია აქვს. მათი ამბები ძალიან მსგავსი და ამავე დროს ძალიან განსხვავებულია.  ერთმანეთი ძალიან უყვართ და კვირაში სამი დღე ერთი დიდი ოჯახივით ცხოვრობენ.
მათთან ორი დღის წინ ვიყავი, მაშინ სკოლაში ექვსი მოსწავლე იყო. მეგონა როგორც კი დავბრუნდები, მათზე თბილ პოსტს დავწერდი, მაგრამ ვერ შევძელი და გუშინ მხოლოდ ფოტოები დავდე.

ნატო  ყველაზე უფროსია. წითელი "მანიკური" უსვია და ძალიან უხარია ჩემს თითებზეც იგივე ფერის ლაქს რომ ხედავს. ცნობისმოყვარეა, კეთილი და ცოტა ზარმაცი. თუ გაჩერდა, მერე დამოუკიდებლად აღარფერს აკეთებს . ყოველთვის აფიქსირებს ობიექტივს და შეუმჩნევლად პოზირებს. 

  
ნიკა 18 წლისაა. გამუდმებით თვალებში გიყურებს და მუდამ ყურადღებას ითხოვს. ეკა მასწავლებელი განსაკუთრებით  უყვარს,  „მიყვარხარ მასწავლებელო“ - უმეორებს ყოველ წუთში და უნდა, რომ მუდამ მის გვერდით იყოს.. გაყინულ ხელებს თბილ ხელზე გადებს და გთხოვს, რომ გაუთბო.... საჯარო სკოლაშიც დადის, მაგრამ საკვირაო სკოლა განსაკუთრებით უყვარს. ორი კვირაა მისი ეტლი ავტოფარეხშია, დამოუკიდებლად სიარული უჭირს, მაგრამ ამბობს, რომ ეტლით სიარული ლამაზი არ არის და მას აღარასოდეს დაუბრუნდება.
სოფო ყველაზე ჩუმი და უპრეტენზიოა. ზედმეტად არავის აწუხებს, დიდი და ცნობისმოყვარე თვალებით გიყურებს და ასე მგონია იმაზე გაცილებით მეტს ხვდება, ვიდრე შენ გინდა რომ უთხრა. ნიკას მისი ეტლი არ მოსწონს, სთხოვს,რომ ადგეს, მერე ბრაზდება კიდეც და გამუდმებით უმეროებს, რომ ასე ლამაზი არ არის. ეს მას შემდეგ დაეწყო, რაც თავისი ეტლი „გარაჟში“ გამოჰკეტა. მაგრამ, სოფოს ჯერ ეშინია, სკამზე მხოლოდ ორი წუთით ჯდება, ნიკას დაჟინებული თხოვნის შემდეგ, ოღონდ მასწავლებლებს ხელს არ უშვებს.

გიორგის არ ესმის, მაგრამ ისეთი თვალები 
აქვს, ხვდები რომ მას ყველაზე მეტად ესმის ამ სკოლის მოსწავლეებში: დიდი, შავი, ბრიალა , ეშმაკური და ციმციმა.  თვალებით გესაუბრება და იმაზე გაცილებით მეტს გიყვება, ვიდრე მაშინ მოგიყვებოდა, საუბარი რომ შეეძლოს.... დედაც ამ სკოლაში მუშაობს, ლოგოედის კურსებიც აქვს და გავლილი და ისინი ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ. 


მაიკო  ძალიან მზრუნველია, ყველაზე დამოუკიდებელი და დაფიქრებული. მას რომ უყურებ, ძნელიც კია მიხვდე, რატომაა ამ სკოლის მოსწავე. 




 ელზა  ისეთი ჩუმი, შეუმჩნეველი, მაგრამ ამავე დროს  მეტყველი და შესამჩნევია, რომ ძნელია სკოლაში შესვლისთნავე თვალში არ მოგხვდეს.
სკოლაში ზღპრების ინსცენირება ხდება, ელზა ამ ზღაპრების გმირებს ფურცელზე ლამაზად ხატავს და როცა მათ კამერით
გადაღებას აპირებ, უხმოდ დგება თავის ნახატებთან.

რატი ყველაზე აქტიური, ცელქი, მოუსვენარი და სხარტია. რვეულებს სახლებითა და უცნაური ფიგურებით აფორმებს და უნდა, რომ როცა გაიზრდება ინჟინერ-მშენებელი გახდეს. რატი ხატავს, ეკლესიებს, ზუსტად ისეთებს, როგორიც მის სოფელშია.
 

        კედლებზე მათი ნახატებია: ხეები, სახლები და ეკლესიები. ნახატები ეხმარებათ სწავლაში და ყველაზე მეტად ხატვის გაკვეთილეი მოსწონთ.
        ყველაზე დიდი ხე წელიწადს აღნიშნავს. ახლა თებერვალია, ზამთრის ბოლო თვე, სოფელში თოვლი არაა, ძალიან თბილა და მალე ხეებიც დაიკვირტება. დღის მორიგე ხეზე კვირტს ამაგრებს და თან ითვლის, ზუსტად იმდენი კვირტი უნდა იყოს ხეზე, რა რიცხვიცაა იმ დღეს. ასე დათვლასაც სწავლობენ და წელიწადის დროებსაც...  

სულ რამდენიმე თვეა, რაც სკოლა არსებობს, მაგრამ მასწავლებლები ამბობენ, რომ შედეგები უკვე სახეზეა. ყველაზე მთავარი მიღწევა ალბათ ისაა, რომ ეს ბავშვები სახლებიდან გამოვიდნენ და ცდილობენ დამოუკიდებლობას შეეჩვივნონ. 


 ზოგადად

"მთავარი საქმე
არ უნდა იყოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანთა მიმართ ფილანტროპიის წახალისება. მათ არ სჭირდებათ “უნარიანი” ხალხის მფარველობა. ჩვენ გვმართებს კაცობრიობის უნივერსალური ღირებულებების გაცნობიერება; გააზრება თუ რამდენად სხვადასხვანაირია ადამიანური ცხოვრება; აღიარება, რომ ჩვენ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა არსებობა ჩვენი მრავალფეროვნების კიდევ ერთი სიმდიდრეა"
(ნელსონ მანდელა).

ემოციებსაც ვერაფერს ვუხერხებ, მაგრამ ახლა ძალიან ვცდილობ ისე დავწერო, რომ  სიბრალული არ გამოიწვიოს ჩემმა ნაწერმა.

„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არ შეიცავს განსაკუთრებულ დებულებებს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების შესახებ. ამის საჭიროება არ არსებობს, რადგან ინვალიდები, როგორც საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები ისევე სარგებლობენ კონვენციით უზრუნველყოფილი თითოეული უფლებით, როგორც სხვა ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირები“ („სოლიდარობა“, #5(32)

          პრობლემა ჩვენშია, საზოგადოებაში და იმ სტერეოტიპებში ჩვენვე რომ ვქმნით და მერე ხელს ვუწყობთ მათ დამკვიდრებას. მაგრამ არ მგონია, რომ მხოლოდ ეს იყოს დიკრიმინაციის მიზეზი. ჩვენთან არაა მათთვის ადაპტირებული გარემო, იშვიათია შენობა, რომელსაც  პანდუსები აქვს. რა მნიშვნელობა აქვს, არ მიგიღებენ სკოლაში, თუ ვერ შეხვალ მასში, იმიტომ, რომ კიბეებია და არავითარი პანდუსის მსგავსი...
        ასე მგონია, ჩემს გმირებში არ ხედავენ რაღაც უნარს, თუნდაც ხატვის ნიჭს. მათში მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ხედავენ, არადა ეს არანაირ გავლენას არ ახდენს  ხატვაზე
    ცოტა ჩემი წარსულიდან

        შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანს პირველად დაახლოებით სამი წლის წინ შევხვდი, მაშინ დამწყები ჟურნალისტი ვიყავი.  ქეთი (მგონი ასე ერქვა) სოფელ ლელოვანში ცხოვრობს, ცერებრალური დამბლის დიაგნოზით, მუდმივი მკურნალობის ქვეშ.  ახლა ალბათ 10 წლის იქნება.
        ძალიან გამხდარი იყო, ქერა და ცისფერთვალება. თავიდან დაფრთხა, არ მოგვეკარა, მერე გაიხსნა, კონტაქტში შემოვიდა... მასწავლებელი ჩვენთან ერთად წამოვიდა მაშინ მასთან და პირველკლასელთათვის განკუთვნილი საჩუქარი, ჩანთა სა წიგნები მიუანა. გაეხარდა, ბოლოს გვეთამაშა კიდეც... მახსოვს, რომ წამოვედით, გზაში გვეტირებოდა და მაშინ ამეკვიატა ფოქრი, ოდესმე, ფული თუ მექნება, ქეთისა და სხვა მსგავსი ბავშვებისთვის სკოლას გავხსნი და ამ ჩაკეტილი ოტახებიდან გარეთ გამოვიყვან-თქო. მას მერეც არაერთხელ მიფიქრია... 

მამა იოსები

        ქეთის ისტორიის გახსნების მერე ვხვდები, ასე ძალიან რატომ უყვართ არლის საკვირაო სკოლის მოსწავლეებს მამა იოსები... მისი დახმარებით გაარღვიეს ჩაკეტილი წრე... ახლა ითხოვენ, რომ მეცადინეობა კვირაში სამი დღე კი არა, მთელი კვირა ჰქონდეთ.... მასწავლებლებიც ამბობენ, რომ უკვე იმაზე დიდი შედეგი აქვთ, ვიდრე ელოდნენ.... მხოლოდ ნიკას „გარაჟში“ გამოკეტილი ეტლი კმარა ამის დასტურად....     კარგია, რომ ინკლუზიური სწავლების დანერგვა ჩვენთანაც დაიწყო. არავის სჭირდება  სიბრალული და სანახაობისთვის მიტანილი ეტლი, ისინი ჩვენნაირი მოქალაქეები არიან და  სრულფასოვანი განათლების მიღების უფლება აქვთ. ამისთვის პირველ რიგში საზოგადოების მზაობაა საჭირო, ეს კი ალბათ, ისევ განათლებამ უნდა მოიტანოს.

პ.ს.
სკოლის გახსნის დეტალებზე და სწავლების მეთოდებზე არაფერს ვწერ. უბრალოდ ბავშვებზე მინდოდა დამეწერა. ამ მისამართზე შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია ამ თემაზე, რომელიც ჩემს გაზეთში დაიბეჭდა. 

აქვე, გოგი გვახარიას სტატიის ლინკს დავდებ ”ადამიანები, რომელთა შესაძლებლობები შეზღუდულია”  . ძალიან საინტერესოა, ვისაც ეს თემა გაინტერესებთ.

ესეც ფოტო ინტერნეტიდან, რომელიც უკვე უნებლიე სიმბოლოა!!!სადაა არ ვიცი(

პ.ს. ესეც ვიდეო საკვირაო სკოლიდან. 






მხოლოდ ფოტოები

                                            უკომენტაროდ


















ამ ბავშვებზე მინდა რაღაც ძალიან თბილის დაწერა, მაგრამ უკვე მეორე დღეა ვერ ვწერ..ალბათ ჯობს, ცოტა გამინელდეს ემოციები და საღ გონებაზე დავწერ....    

მშვენიალურია!!

წელიწადის ყველა დროს, დღეღამეში ყოველ წამს. . .
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს. .
ნუ მთხოვ ოღონდ კაცის კვლას. . .
წელიწადის ყველა დროს, დღეღამეში ყოველ წამს. . .
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს. . .
ნუ დამიშლი ოღონდ სმას. . .
წელიწადის ყველა დროს, დღეღამეში ყოველ წამს. . .
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს. . .
ოღონდ დარჩი კიდე ხანს. . .
წელიწადის ყველა დროს,დღეღამეში ყოველ წამს. . .
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს. . .
მერე რა, რომ ჰკოცნი სხვას. . .
წელიწადის ყველა დროს, დღეღამეში ყოველ წამს. . .
რასაც არ მთხოვ გეტყი ხოს. . .
რა მოხდა, რომ ეჭვი მჭამს. . .
წელიწადის არცერთ დროს, დღეღამეში არცერთ წამს. . .
არაფერზე მეტყვი ხოს. . .
შენი მაინც მუდამ მწამს. . .


ნიკო გომელაური

მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა

მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!

ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი.

რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს...
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.

ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს...
მთელი დედამიწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...

და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -
ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით

გიორგი საჯაია

ჩემი პირველი ფილმი

      როგორც იქნა მოვიცალე და ბლოგზე ჩემ გადაღებულ ფილმს დავდებ. ფილმი სოფელ აბასთუმანში მცხოვრებ მაჰმადიან მესხებზეა.
        ერთ-ერთ შეხვედრაზე მკითხეს, რატომ შეაჩერე არჩევანი ამ თემაზეო. ალბათ, ეს შეკითხვა კიდევ ბევრს გაუჩნდება. მე კი მარტივად გიპასუხებთ, რომ უბრალოდ შევეცადე ამ ფილმით მეჩვენებინა, რომ ისინი ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, ძალიან შრომისმოყვარეები, კეთილმეზობლურები და მათი დაბრუნება (და არა ჩამოსახლება)  არანაირ საფრთხეს არ შეიცავს.
            ფილმი აგვისტოში გადავიღე... შვებულებამდე რამდენიმე დღით ადრე.  მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი, მინდოდა კარგი გამოსულიყო.  არც ის დამავიწყდება, როგორ უნდობლად შეგვხვდნენ მე და მეგობარს  ჩემი ფილმის გმირები.  გამოგვკითხეს ვინ ვიყავით, რა გვინდოდა, მერე სადღაც გადარეკეს, რაღაცეები გადაამოწმეს და ბოლოს დაგვთანხმდნენ გადაღებაზე.  ეს არ გამკვირვებია. მაჰმადიან მესხებთან ხშირად მქონია ურთიერთობა, არაერთი სტატია მომიმზადებია და არაერთხელ უთქვამთ, გული გვწყდება თურქ-მესხებს რომ გვეძახიან და ჩვებს შესახებ სტერეოტიპებით საუბრობენო.
       ერთ-ერთ საუბარში ნათესავმა მკითხა, როცა სტატიას წერ, რეპატრიანტებს როგორ მოიხსენიებო, ვუთხარი მაჰმადიან მესხებს,  ან რეპატრიანტებს ვწერ-მეთქი. მერე ინტერნეტში გადავამოწმეთ, თითქმის ყველგან ''თურქი-მესხები'' ეწერა....  
       არ ვუარყოფ, არის ნაწილი, ვინს თავადაც ასე უწოდებს საკუთრ თავს, უფრო მეტიც, მათ ორგანიზაციაც აქვთ, სახელწოდებით ``ვათანი``... მაგრამ ეს მცირე ნაწილია ამ ხალხის, შეიძლება არც თუ ისე მცირე, მაგრამ მაინც გარკვეული ნაწილი ....
     ერთ-ერთ სტატიაში ჩემმა რესპონდენტმა რამდენჯერმე მთხოვა, რეპატრიანტი მესხები თურქ-მესხებად არ მოიხსენიო, ეს ჩვენთვის ძალიან შეურაცხმყოფელი და მტკივნეულიაო....
  სამწუხაროა, რომ პრესაშიც და ტელევიზიაშიც ამ ხალხს მუდამ ``თურქ-მესხებად`` მოიხსენიებენ და ამაზე პრეტენზია მათ გარდა არც არავის უჩნდება.
     

ფილმის ნახვა შეგიძლიათ  ამ მისამართეც. 

25 წელი და პირველი საჩუქარი

დღეს 25 წლის გავხდი! იუბილარობა ზოგადად კარგი შეგრძნებაა, რა ჯობია ყველა რომ გილოცავს, გეფერება, ცდილობს გასიამოვნოს. მაგრამ ეს 25 წელი მაინც რაღაც ძალიან განსაკუთრებული მეჩვენება. ასე მგონია ხვალიდან რაღაც ახალი დაიწყება ჩემს ცხოვრებაში და ის ახალი ძალიან განსხვავებული იქნება იმისგან, რაც დღემდე იყო. 

ასე რატომ მეჩვენება არ ვიცი. ალბათ იმან იმოქმედა რომ ძალიან, ძალიან ბევრი მილოცვა მივიღე. არც კი მეგონა ამდენ ადამიანს თუ ახსოვდა ჩემი დაბადების დღე. 

25 წლის წინ, ამ დღეს, საშინელი ამინდი ყოფილა, ქარბუქი. სავადმყოფომდე ვერ მივდიოდით, თოვლში ჩარჩა მანქანებიო, დღემდე იხსენებს ხოლმე მამაჩემი. ამიტომ იყო ბაბუა ქარბუქში დაბადებულს რომ მეძახდა, მწყინდა, მეგონა ეს ცუდი რამ იყო და სულ ვტიროდი, რატომ ვარ მე ქარბუქში დაბადებული-მეთქი. ახლა მეღიმება, რა მატირებდა ნეტა.

გუშინ გადასარევი ამინდი იყო, გაზაფხულის. ახლა თოვს და ქარია:)) არ არსებობს ამ დღეს ქარი რომ არ ამოვარდეს. მეც ისე ვარ მიჩვეული, რაღაც მშობლირივითაა, ასე მგონია მე და ქარბუქი ტყუპები ვართ. :)))

ხასიათიც ამიტომ მაქვს ალბათ ასეთი ცვალებადი, ამინდივით!

ახლა ისეთი სენტიმენტალური ვარ:) ამდენი მილოცვების ბრალია! 


ეს ჩემი პირველი საჩუქარია, ძალიან საყვარელი თოჯინები არიან. მინდა აქ მქონდეს, რომ ყოველთვის გამახსენოს დღევანდელი დღე. 
მადლობა ქეთი!

რად გვინდა მასწავლებელთა სერტიფიცირება

     გუშინ, ანუ 1 თებერვალს, სერტიფიცირების გავლის მსურველი პედაგოგების რეგისტრაცია დაიწყო. დღეს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების დირექტორი მანანა ღურჭუმალიძე ჩამოვიდა ახალციხეში და რეგიონის პედაგოგებს შეხვდა. ამბობს, რომ ბევრი მიუღებელი მუხლია სასერტიფიკაციო დებულებაში და თუ არ შეიცვლება, საქართველოს მასშტაბით აქციები დაიწყება.
       არ ვიცი რა ხდება იმ დებულებაში, არ ჩამიხედავს და ახლა მის გარჩევას არც ვაპირებ. უბრალოდ რამდენიმე ფაქტი მახსენდება სულ, სულ ბოლო დღეების ჩემი ცხოვრებიდან და მეფიქრება...
       გაზეთში სასოფლო-სამეურნეო ჩანართის გაკეთებას ვგეგმავთ. ახლა კვლევის ეტაპზე ვართ, სოფლებში ვატარებთ გამოკითხვას, საჭიროა თუ არა ასეთი ჩანართი.
       ანკეტის ყველა კითხვა სოფლის მეურნეობას ეხება, ვიდრე შევსებას დავიწყებთ, რესპონდენტს ვარკვევთ საქმის არსში, ასე რომ, იციან, რომ ამ თემის ირგვლივ ვტრიალებთ.
ერთი კითხვა ეხება იმას, რა თემების წაკითხვა სურთ ასეთ ჩანართში. ოღონდ აქვს სავარაუდო პასუხები, რომლებიც უნდა შეაფასონ 1-დან 5-მდე ციფრებით (მნიშვნელობის მიხედვით, მაგალითად რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ ჩანართში ამინდის პროგნოზი, ან აგრო კალენდარი და .).
     ერთ-ერთი სოფლის სკოლაში ვარ, მასწავლებელს დეტალურად ავუხსენი ყველაფერი და გადავედი ზუსტად ზემოდასახელებულ კითხვაზე, ანუ რა ტიპის ინფორმაცია უნდა იყოს ამ ჩანართში და ვიდრე ვარიანტებს წავიკითხავ, მესმის  პასუხი: ჰოროსკოპი! ჰოროსკოპი!...:)
        მეორე შემთხვევა: რესპონდენტი ახალგაზრდა კაცი მასწავლებელია (უფრო ბიჭი რომ ეთქმის, ვიდრე კაცი). კითხვაზე რამდენად მნიშვნელოვანია აგრო-კალენდარი ამ ჩანართში, ჯერ იბნევა, მაგრამ არ იმჩნევს და მპასუხობს, რომ არაა მნიშვნელოვანი, ამიტომ შემოვხაზო ერთიანი.
       მის შემდეგ იგივე კითხვაზე ერთი ქალბატონი განმარტებას მთხოვს და როცა ვუხსნი რა არის აგრო-კალენდარი, მესმის ამ ბიჭის ხმა: “ჩემთვისაც რომ ეგრე აგეხსნა, ხომ სხვანაირად გიპასუხებდი:))
       მეორე სოფელში ერთმა პედაგოგმა მითხრა, რომ არ მოსწონს სამხრეთის კარიბჭე რადგან მასშიინტერნეტის ინფორმაციებია” (12-გვერდიან გაზეთში ერთი გვერდი სეთ ამბებს ეთმობა, რასაც სხვაგან ვერც წაიკითხავს და ვერც მოისმენს ის, ვისაც ინტერნეტი არ აქვს. სოფლებში კი ინტერნეტი ჯერ ისევ ფუფუნებაა) . გაზეთის ერთი ეგზემპლარი იმ დროს თან მქონდა და ვთხოვე, კიდევ ერთხელ გადახედეთ-თქო. დახედა ბოლო გვერდზე ჰოროსკოპებს და დადო მაგიდაზე. მერე რამდენიმე პედაგოგი მივიდა და ყველამ იგივე გააკეთა. (არ ვამბობ გამადიდებელი ლუპით წაიკითხონ-თქო, მაგრამ რეგიონში ერთაერთ გაზეთ ინტერესის გამო მაინც გადავშლი, მითუმეტეს, როცა მასწავლებელი ვარ და ასობით ბავშვი შემომცქერის, რამე ახალი გვითხრასო).
       რამდენიმე დღის წინ ერთი ჟურნალისტის სტატიას ვკითხულობდი სერტიფიცირებაზე. ერთ-ერთი მასწავლებელი ამბობს, სკოლიდან რომ მოვდივარ მარტო იმაზე ვფიქრობ ჩემი ეკონომიკური პრობლემები როგორ მოვაგვაროო. სად მაქვს მეცადინეობის განწყობაო. მესმის, მაგრამ უცებ დავფიქრდი, რა განწყობა მექნებოდა ამის წაკითხვის მერე, შვილი რომ მყავდეს და ამ სიტყვებს ემი შვილის მასწავლებელი ამბობდეს.
         დღეს ქალაქის არაქართულ სკოლაში შეხვედრას ვესწრებოდი. არაქართველი აბიტურიენტებისთვის ეროვნულ გამოცდებზე დაშვებულ შეღავათებზე იყო საუბარი. ერთმა მასწავლებელმა იკითხა, აი მაგალითად სომეხი ეროვნების ბავშვი ქართულ სასწავლებელში რომ დაამთავრებს პედაგოგიურს, ვთქვათ ფიზიკის მასწავლებლობა უნდა, ( სტილს ვიცავ), მერე ქართულ სკოლაში უნდა იმუშაოს თუ სომხურშიო….
       მოკლედ, ეს სულ ბოლო რამდენიმე დღის ფაქტებია. მსგავსი კიდევ ბევრი შემთხვევა მქონდა, მაგრამ ისეც გამიგრძლდა სიტყვა...
        მართლა არ ვიცი რა წერია სერტიფიცირების დებულებაში და რა საფრთხეებს შეიცავს. მე არ წამიკითხავს, მაგრამ ღურჭუმელიძემ დღეს დეტალურად განიხილა, მეგობარი იყო იმ შეხვედრაზე და მითხრა, რომ მთალდ ასეთ ამბად რომ ღირდეს, ისეთიც არაფერია.
         დებულებაზე სხვა დროს დავწერ. ახლა რაც მაფიქრებს ისაა, რომ რაიონის 1200-მდე პედაგოგიდან მხოლოდ 160-ს აქვს  ”საკუთარი თავის გამოცდის” სურვილი. და კიდევ, ის ფაქტები მაფიქრებს, ზემოთ ასე ბევრი რომ ვილაპარაკე.