დავბრუნდი

   მორიგი ფილმი გადავიღე, ხმა მაქვს დასადები, მთელი საღამოა ვცდილობ ტექსტი დავწერო და არ გამომდის. მოკლე და გასაგები ტექსი უნდა იყოს წესით, არადა მიგრძელდება სტატიასავით და ფილმიც სიუჟეტს ემსგავსება... მგონია, რომ ჩემი ხმის გარეშე არ გამოვა, ძირითად ხაზს დაკარგავს. კიდევ მგონია, რომ ცუდი კადრები მაქვს, არასაკმარისი, არამეტყველი,არაფრისმთქმელი.... მოკლედ, არ ვიცი, ან მართალი ვარ და ეს თვითკრიტიკა სრულიად დამსახურებულია, ან გულოა მართალი და „წიკი“ ავიკიდე.... თუმცა რა, ნაწილობრივ მართალია, ამ ბოლო დროს ყველაფერში ცუდს, არასასიამოვნოს, არასაკმარისს ვხედავ.... ასე მგონია არაფერი აღარ გამომდის.... (ტავტოლოგიების გარდა :)))
      
 ერთი კვირაა ბლოგზეარაფერი დამიწერია. რთული პერიოდი მქონდა,- შეფასება-გადაფასების, გააზრების, დაკვირვების...   ზოგჯერ მგონია, რომ დროს ტყუილად ვკარგავ და აქ შემომსვლელ ადამიანებსაც ტყუილად ვაკარგვინებ. თვითგვემას და თვითკრიტიკას არ ვეწევი, მართლა ასე მგონია...
     ამ საღამოს ბლოგზე კომენტარი დამხვდა - რატომ აღარაფერს წერო, ანონიმი ავტორი ყავს. ვინ არის ვერ ვხვდები, მაგრამ ძალიან გამიხარდა. ალბათ მისი დამსახურებაა, ახლა რაღაცის დაწერას რომ ვცდილობ. ჩემთვის ყველა კომენტარი ერთგვარი სტიმულია წერისთვის და ხანდახან ახალი თემის წყაროცაა
     ამასობაში დასაწერიც ბევრი დაგროვდა, პირადშიც და საზოგადოშიც (არ მიყვარს ასე დაყოფა, მაგრამ ახლა სხვა ვერაფერს ვფიქრობ)... ისევ არ ცხრება ''იმიტირებული ქრონიკის ირგვლივ ამტყდარი აჟიოტაჟი; უკვე ოფიცილურად დასახელდა არჩევნების თარიღად 30 მაისი და ჩვენთან სრული დუმილია; ეთიკის ქარტიის საბჭოში პირველი საჩივარი შევიდა; ადგილობრივი ტელევიზიის სარემონტო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ამოწმებს დიდი მონდომებით... ჩემი დღის განრიგიც გადაიტვირთა, როგორც იქნა დავიწყე ინგლისურის სწავლა, კვირაში სამი დღე, ორი საათი ვმეცადინეობთ (გაზეთისა და ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები). ბავშვობა და სკოლის პერიოდი მახსენდება.)) მასწავლებელო, იმას არ აქვს დავალება, ამან სამსახურში იმეცადინა)) წამოძახებები, დასწრებები, პირველმა დავამთავრე დავალება და ასე ))  ამ თემას ერთ პოსტს აუცილებლად მივუძღვნი. (სწავლა სიბერემდეო კი უთქვამთ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ დაგვიანებული არაფერი ვარგა...) ახლა შაბათი დღე მხოლოდ გაზეთის აღარ არის, დილის ორ საათს ინგლისური იპარავს.... 
 
      გასული ორი დღე სოფელში მომიწია ყოფნა, ფილმის გამო. საგაზაფხულო სამოუშაოები, რითი და როგორ ამუშავებენ გლეხები მიწებს, რატომ შეცვალა ტრაქტორების გუგუნი ხარების ხმამ და მეურმის გადაძახილმა - მიდი კვალი! რატომ იზრდება ყოველწლიურად დაუმუშავებელი სავარგულების რაოდენობა - ესაა ფილმის  მთავარი თემა. რა და როგორ გამოვა ჯერ არ ვიცი. მაინც ვერ დავწერე ტექსტი და გადავწყვიტე დილით დავწერო, პირველი რასაც დავწერ ის იქნება, რაღაც რომ არ მომწონს და ვცვლი მერე ყველაფერი ირევა და უარესი გამოდის. ახლა მთავარია რედაქტორს კადრები მოეწონოს და ისევ არ მომიწიოს სოფლებში წასვლამ. ორი დღე საქონლის სადგომებში და ყანებში დავდიოდი, თან ძუნწად მოსაუბრე გმირები მყავდა, ეს ყველაზე ცუდია, ყველა სიტყვის მერე რომ უნდა უჯიკო რაიმეს სათქმელად....  ფილმი რომ დასრულდება, ბლოგზეც აუცილებლად დავდებ.
 მოკლედ ეს დღეებია ჩემი ცხოვრება ფილმის ირგვლივ ტრიალებს, აქაც ფილმის თემას ვერ გავცდი.... არადა სათქმელ-დასაწერი სხვაც ბევრია... იმედია, რომ ახალი პოსტისთვის ჩემი გმირებივით მეც ვინმესგან ჯიკება არ დამჭირდება....     

6 comments:

თორნიკე თევზაძე said...

გამარჯობა!შენს ბლოგს ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ,მაგრამ კომენტარის დაწერა ყოველთვის ხან მავიწყდება,ხან აღარ მახსოვს.დაახლოებით ვიცი რას გრძნობს ადამიანი როცა ბლოგზე კომენტარია:)მეც როცა აქტიურად ვწერდი ჩემს ბლოგზე თითოეული კომენტარი მეძვირფასებოდა და ბავშვივით მიხაროდა.ისე ზოგადად ქართულ ბლოგსფეროში
ბლოგებზე სადაც ცოტა კომენტარია გაცილებით უფრო საინტერესო რაღაცეებს ვკითხულობ,ვიდრე სადაც ბევრი კომენტარია.ასე რომ ამის გამო გულს ნუ გაიტეხ.შენ საკმაოდ საინტერესოდ წერ.ფილმს ველოდები.მეტად საინტერესო თემა ამოგირჩევია.წარმატებებს გისურვებ!(ამის შემდეგ აუცილებელად დავტოვებ კომენტარს)

თორნიკე თევზაძე said...

დღესაც დილამდე შევრჩი ვირტუალურ სამყაროს...პრინციპში
არც ვნანობ,რადგან ბევრი საინტერესო რამ წავიკითხე.მათ შორის შენი ბლოგიც,რომელმაც ძალიან დამაინტერესა და თითქმის ყველაფერი წავიკითხე:)ისე აქამდე ვნანობ რომ უფრო მეტი ყურადღება არ დავუთმე,რადგან ქართულ ბლოგსფეროში ერთერთი ყველაზე გამორჩეული ბლოგი გაქვს.ჩემთვის გამორჩეულია და დღეიდან მისი აქტიური მკითხველი ვიქნები.პიონერიულ სიტყვას გაძლევ:)ისე ყველა პოსტზე კომენტარის დაწერის სურვილი გამიჩნდა:)მოკლედ მგონი შთაბეჭდილებების ტყვეობაში ვარ:)

თორნიკე თევზაძე said...

,,დარაბებს მიღმა''ძალიან კარგი სათაურია(მგონი ამას რაღაც სხვა ჰქვია)სპექტაკლი გამახსენა,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია''
ძალიან მომწონს ეს სპექტაკლი...მას როცა ვუყურებ ფიქრის ხასიათზე ვდეგბი...ახლა დავაკვირდი რომ შენი ბლოგის კითხვისას სწორედ ფიქრი მომინდა...ცხოვრებაზე..
ადამიანებზე...კიდევ ბევრ რაღაცაზე...ხო სულ დამავიწყდა დარაბებს მიღმა ნამდვილად გაზაფხულია:)

ნინო said...

დიდი მადლობა თორნიკე, გაიხარე :)) გამიხარდა შენი კომენტარი და შეფასება)) ”პიონერულ სიტყვაზე” ვიხალისე, კარგი იყო.

ბლოგს რამდენჯერმე შევუცვალე სახელწოდება და ბოლოს ამაზე შევაჩერე არჩევანი. სპექტაკლის გავლენაა, ’’დარაბებს მიღმა გაზაფხულია” მეც ძალიან მომწონს)).

მადლობა რომ მსტუმრობ,კითხულობ და თანაც მოგწონს. არ ვიცოდი თუ კითხულობდი :))

Sophie Golden said...

ძალიან მომწონს ეს ბლოგი, განსაკუთრებით პირადული პოსტები. სტატიები სხვადასხვა თემაზე ყველგან შეიძლება მოიძიო, თითოეული ადამიანი კიდევ ისეთი უნიკალურია, ყოველთვის საინტერესოა, რას ფიქრობს, რა აწუხებს, რა სურს... მიხარია, რომ წერას განაგრძობ.

ნინო said...

ძალიან დიდი მადლობა)) მიხარია, როცა ისეთი ადამიანები წერენ კომენტარებს, რომელთა აზრიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.