როცა ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი და ნეიტრალური ტელევიზია; როცა ცენტრალურ არხებზე მომუშავე ყველა წამყვანი ჟურნალისტი, გავლენიანი პოლიტიკოსის მეუღლეა; როცა სამ ძირითად ტელევიზიას ხელისუფლება პირდაპირ აკონტროლებს (რეალ ტვ-ს არ აღვიქვამ ტელევიზიად); როცა ექსკლუზივები არავის აინტერესებს და მოჭრილ კადრებსაც კი არ უშვებენ, ცხადად რომ არ დავინახოთ როგორ უჭირავს ერთ ჟურნალისტს სამი არხის მიკროფონი; როცა ათასი სისულელით „გიტენიან თავს“, თვალებში ნაცარს გაყრიან და გარწმუნებენ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება მშვენიერია, ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება, ამ ქვეყანაში ყველა ბედნიერია და სამოთხის ვაშლები ხარობენ და ასე შემდეგ, ალბათ არ უნდა გაგვიკვირდეს, ერთ საღამოს სწრაფმოუბარი ნათია კობერიძე „ომობანას“ თამაშს რომ შემოგთავაზებს.
აი მალადეც! იმედიც ასეთი უნდა! მოსალოცად გვაქვს საქმე, ახალი წინასწარმეტყველი შეემატა საქართველოს, ოღონდ ეს ისეთი მაგარია, პირდაპირ კადრებსაც კი ხედავს, გაწვდის, გიხსნის, გიმარტავს, ეფექტებიც ისეთი აქვს, გადაირევი და ჩასუნთქვა-ამოსუნთქვით იცის ვინ სად რას განაცხადებს და რა რეაქცია ექნება. რას ვიზამთ, კაკულიების ეპოქაში ვცხოვრობთ და გომელაურის არ იყოს, ამ ქვეყანაში ყველაფერი მოსულა.
ამ ქვეყანაში მოსულა, რომ გაჩვენებენ ``იმიტირებულ ქრონიკას`` უსაშინელესი ომის კადრებით, სადაც წამყვანი წაშლილი სახით გეუბნება, რომ რუსეთმა ომი გამოუცხადა საქართველოს, ქვეყანა პარალიზებულია, პრეზიდენტი ლიკვიდირებულია, იარაღი ურიგდებათ მოხალისეებს და ასე შემდეგ. პრეზიდენტის პრეს-სპიკერი მანანა მანჯგალაძე იატაკქვეშეთიდან აკეთებს განცხადებას, ეკრანზე ჩანს პრეზიდენტის საშინელი შავ-თეთრი ფოტო, წამყვანს, ლაშა ხარაზიშვილს ისეთი წაშლილი სახე აქვს, ჯვარი გვწერია და ნამდვილად რომ ხდებოდეს რაღაც მსგავსი, მაშინ არ ექნება ალბათ. და ამ ყველაფერს არსად არანაირი მინიშნება არ აქვს იმის შესახებ, რომ ინსცენირებაა.
პ.ს. ასეთი ზეეეეემოციური დღე არასოდეს მქონია! ასე არასოდეს მინერვიულია, ასე შეურაცხყოფილად, მოტყუებულად, დამცირებულად, აბუჩად აგდებულად, "საექსპერიმენტო თოჯინად" და რავიცი, კიდევ ათას უბედურებად, არასოდეს მიგრძვნია თავი. შინაგანად ასე განადგურებულიც არასოდეს ვყოფილვარ და ასე არასოდეს დამიკარგავს იმედი! (ტელეკომპანია ``იმედი`` კი დიდი ხნის წინ დავკარგე! თვალებზე ვარდისფერი სათვალე რომ მოირგეს, მაშინ)
აი მალადეც! მესმის მორალური ტერორი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ! ახლა ერთადერთი კითხვა მაწვალებს, რა მოხდება ხვალ (პრინციპში უკვე დღეს), ვინმე სერიოზულად დაფიქრდება იმაზე რა გააკეთეს? ამ ყველაფერზე ვინმე აგებს პასუხს? ვინ აუნაზღაურებს მორალურ ზარალს ამდენ ადამიანს?.... და ყველაზე მთავარი: რა იყო ეს? რისი წინმსწრები და რისი მომასწავებელი? რატომ გავხდით უნებლიედ ყველა დიდი ექსპერიმენტის მონაწილეებიი? და ბოლოს და ბოლოს, რისთვის იყო საჭირო ეს ექსპერიმენტი?....
მე პასუხები არ მაქვს, არც პასუხები და აღარც "იმედი"...
No comments:
Post a Comment