სასადილოდ ქცეული კინოთეატრი და რაღაცნაირი კომფორტი

ხუთშაბათია, საღამო, 11-ია დაწყებული. იმედზე ``მოგზაურობა ყარაბაღში`` გადის. ამ ბოლო დროს ყოველ ხუთშაბათს ბოლო პერიოდში გადაღებული ერთი ქართული ფილმის სატელევიზიო პრემიერაა ხოლმე. მომწონს, მერე რა, რომ რაც გვაჩვენეს თითქმის უმრავლესობა ნანახი მქონდა, მაინც სიამოვნებით ვუყურე. ``საპნის ოპერებს`` ნამდვილად ჯობია მათი კიდევ ერთხელ ყურება... თორემ, დღითიდღე ვრწმუნდები, რომ მალე ტელევიზორებს აღარავინ იყიდის...
   ``მოგზაურობა ყარაბაღში`` ჩემი ქალაქის უცნაურ კინოთეატრში ვნახე. ოღონდ კინოთეატრი პირობითად, წამოიდგინეთ ზიხართ თოჯინების თეატრის დარბაზში, სადაც სინათლის ჩაქრობა არ სჭირდებათ, იმიტომ, რომ ნათურები არც არის; ძველი, ალაგ-ალაგ ამოტეხილი, ხის შეუღებავი იატაკიდან ისეთი ქარი უბერავს, ფეხები გეყინება; გათბობაზე ზედმეტია ლაპარაკი; ირგვლივ მტვრისა და სიძველის სუნია და გგონია, რომ ახლა ჭერიდან დიდი ობობა დაეშვება და თმებში გაგებლანდება; ხის პატარა სკამები ჭუჭყისგან  გაშავებული,  მოუხერხებელი და მტვრიანია;  ხმა საშინელი; მერე, ფილმი შუამდე რომ მივა, ფირს თუ აპარატს, არ ვიცი ზუსტად, რაღაც ემართება და ისევ თავიდან უშვებენ (დღემდე ვერ ვხვდები, გადახვევა რატომ ვერ მოახერხეს, გაყინულ დარბაზში ორჯერ რომ გვაჩვენეს ფილმის პირველი ნახევარი). მაგრამ ეს მაინც კომფორტია, ოღონდ რაღაცნაირი, არასასიამოვნო კომფორტი... და კომფორტი იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ გაქვს, სხვა კინოთეატრი არ არსებობს, შენ კი გიყვარს ფილმის კინოთეატრში ყურება მეგობართან ერთდ და არა კომპიუტერში. კინოთეატრი ჩემთვის სხვა ინტიმია... თან სიძველის და სიახლის უცნაური სინთეზი ამ ინტიმს  უფრო აძლიერებს....
        ერთ დროს (არც ისე დიდი ხნის წინ) კი გვქონდა კარგი კინოთეატრი, ``დუბლი``- ასე ერქვა , - დიდი დარბაზით, კომფორტული სავარძლებით, ხელმისაწვდომი ფასებით და კარგი ფილმებით. იყიდე პოპკორნი, მოკალათდი თბილად და მოხერხებულად და უყურე... გვქონდა, მაგრამ წელიწადნახევარში დაიხურა, მაყურებელი არ ჰყავდა. ზოგი ამბობდა ძვირიაო, არადა 4 ლარიდან იწყებოდა ბილეთის ფასი, ზოგი ამბობდა შორიაო, ქალაქის ბოლოს იყო შენობა. თუმცა,  ქალაქის მეორე ბოლოში მდებარე  უნივერსიტეტში გასართობად, სასეირნოდ თუ ვინმეს გასაცნობად ჯერ არავის დაზარებია გადასვლა....
       ახლა იმ დარბაზში სასადილოა. სავარძლები აიღეს, იატაკი გაასწორეს და ხის მაგიდები დადგეს. გაიჟღინთა იქაურობა ზეთის,  ხახვის, გუფთის, ცომის, პილპილის,  ლუდის, არყისა და კიდევ ათასი უბედურების სუნით. როგორც ჩანს აღარც ``ეშორებათ``, მუდამ ხალხმრავლობაა. იმ აბრაზეც, ერთ დროს ახალი ფილმის აფიშას რომ აკრავდნენ,  ახლა თეთრი ცარცით წერია: ``კატლეტი გარნირით 3,5``... მიკვირს, ამდენმა წვიმებმაც რომ არ ჩამორეცხა, ან იქნებ ჩამორეცხა კიდეც, და ყოველი წვიმის მერე თავიდან აწერენ, ვინ იცის...
         ამ გახსენებაზე, დიდი ხანია თოჯინების თეატრის დარბაზშიც არაფერი უჩვენებიათ. მაყურებელი არც იმას ჰყავდა. ყარაბახზე მაგალითად მე და ჩემი 5 მეგობარი ვიყავით მხოლოდ. ეტყობა ისიც წარსულს ჩაბარდა. ამ ქალაქში ერთადერთი ``ნათელი წერტილი`` (ესეც პირობითად) მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრია. სადაც მუდამ იმეორებენ ძველ სპექტაკლებს და სეზონზე 5-6 პრემიერა აქვთ. ოღონდ სულ რამდენიმე მსახიობია და ერთნაირად თამაშობენ დრამასაც, კომედიასაც და ტრაგედიასაც...  მიუხედავად ამისა, რამდენჯერმე ზედიზედაც მინახავს ერთი სპექტაკლი (პრემიერის მერე ორი დღე კიდევაა ხოლმე წარმოდგენა). აი,  ჩემი ერთი მეგობარი კი არასოდეს არ დადის, ასე ამბობს ``ქუდი რომ შემიგდო, გამოსატანად არ შევალო``. გემოვნებას არ იქვეითებს. ალბათ მართალიცაა... მახსოვს, ჯანსუღ კახიძის ფესტივალის მესამე დღეს, სპექტაკლი ``ქაქუცა ჩოლოყაშვილი`` რომ დამთავრდა,  500-კაციან დარბაზში ბოლო 5 წუთი მხოლოდ მე ვუკრავდი ტაშს ხელების დაბუჟებამდე. ვახტანგ კახიძე (და მთელი დარბაზიც) თურმე გაღიმებული სახით მელოდებოდა, როდის ``დავეშვებოდი დედამიწაზე``, რომ ფესტივალის დამთავრება ეცნობებინა და გამოსამშვიდობებელი სიტყვა ეთქვა. მერე ჩემმა დამ შემამჩნია, მიხვდა, ამქვეყანას რომ არ ვიყავი და ისე დამქაჩა სახელოდან, მიკვირს, ხელში რომ არ შერჩა სახელოს ნაგლეჯი.... (მიკვირს, მაშინ როგორ შეიკავა ხარხარი. მერე მთელი გზა ხარხარებდა). ამ ისტორიაზე დღემდე ხალისობენ ჩემი მეგობრები...
     მე კი მრცხვენია, ოღონდ იმის გამო, რომ ფუფუნება და ოცნებაა ჩემთვის ფილმის ნახვა კინოთეატრში და იმის გამოც, ფილმს და სპექტაკლს, ხინკალი და მწვადი რომ ურჩევნია ხალხს. და კიდევ, მშურს იმათი, ახლა თავიანთ ბლოგებზე ემოციებით სავსე პოსტებს რომ წერენ ალისაზე, ავატარზე და ასე შემდეგ....    ახლა მე საკუთარი, პატარა კინოთეატრი მაქვს სახლში, ოღონდ ეკრანის ნაცვლად კომპიუტერის მონიტორია, რბილი სავარძლის ნაცვლად ჩვეულებრივი სკამი და პოპკორნის ნაცვლად შემწვარი ვაშლი... ამ კინოთეატრში ფილმი მხოლოდ კვირას ``გადის``, მისთვის მე ვარ მეპატრონეც, ფილმისა და დროს შემრჩევიც, აფიშის გამომკვრელიც , მაყურებელიც, შემფასებელიც, მომწონებელიც და დამწუნებელიც...      


პ.ს. ვისაც დაგაინტერესებთ ამ ლინკზე ჩემი სტატიაა, მაშინ კინოთეატრის სახინკლედ გადაკეთებაზე რომ დავწერე.

10 comments:

matasi said...

:))))))))))
გემრიელად ვიცინე, თუმცა სატირალი უფროა ეს ჩანაწერი.
კარგია მტკივნეულ ტემას, რომ იუმორით ალამაზებ. ამსუბუქებ და ეს მომწონს:)

ნინო said...

მადლობა მატასი:) ჩემი პირველი მკითხველი და კომენტატორი ხარ:)

ისე მაწუხებს ეგ საკითხი და ხანდახან ისე ვბრაზდები ამ ყველაფრის გამო, რომ....

Anonymous said...

მაინტერესესბ ამ საღამოს რას აკეთებ? გულწრფელად. არ გინდა ჩემს კინოთეატრში უყუროთ ერთად ფილმი?

ნინო said...

:)) სიამოვნებით, ისეთი გარემო თუ იქნება, მე რომ მიყვარს, ანონიმუსო :))

Anonymous said...

გელოდი როდის მიპასუხებდი:)
აბა, მითხარი შენ როგორი გარემო გიყვარს?:)
შენს ნაწერში რა გარემოცაა, იმაზე უკეთეს გპირდები + ჩემი გარემოცვაც :)))))

ნინო said...

მყუდრო გარემო და კარგი კომპანიონი, უკვე კომფორტია, ოღონდ ნამდვილი და არა რაღაცნაირი :)))

პ.ს. იდუმალება კი მიყვარს და მხიბლავს, ოღონდ არა ყველაფერში :)))

კომენტარისთვის მადლობა))

Anonymous said...

იდუმალება ამ შემთხვეაში ისაა, რომ ანონიმუსი ვარ. მაშინ დამთანხმდი, წაგიყვან ჩემს კინოთეტრში და იდულებაც გაიფანტება. გპირდები მარტო ფილმებს უყურებთ:)))))))))))))))))))

ნინო said...

შემწვარი ვაშლიც მინდა :))

და კიდევ, მე მინდა ვიცოდე ვისთან ერთად მომიწევს მისი ჭამა :))

Anonymous said...

ვაშლის ჭამა მარტო მოგიწევს:)) დიდად არ მიყვარს. ჰე, ახლა მოსაღამოვდა და მითხარი რას იზამ, გამოგიარო?:)

Anonymous said...

ვაშლის ჭამა მარტო მოგიწევს:)) დიდად არ მიყვარს. ჰე, ახლა მოსაღამოვდა და მითხარი რას იზამ, გამოგიარო?:)