ჭიაკოკონა

სულ ახალი,ცხელ-ცხელი, რამდენიმე საათის წინ გადაღებული ფოტოებია, სამსახურიდან წამოსული გზაზე გადავაწყდი )) ვნების ოთხშაბათია და ჭიაკოკონა ანთია ქალაქის ცენტრში, თეატრის შენობასთან. 
...ბავშვობა გამახსენდა, ჩემს სოფელში ცეცხლს თუ ზუსტად მახსოვს, ხუთშაბათ საღამოს ვანთებდით. მანამდე მთელი დღე დავრბოდით, ძველ საბურავებს ვაგროვებდით, ზეპირად ვიცოდით უბანში ვინ სად ინახავდა ძველ და გამოუსადგებარ "პაკრიშკებს". ვთხოვდით, ვეხვეწებოდით, თუ არ გვაძლევდნენ, ვიპარავდით. მერე მთელი ღამე ცეცხლის გარშემო დავრბოდით, ვახტებოდით და მთლად გაჭვარტლულები ვბრუნდებოდით სახლებში. ამ დღიდან იწყებოდა ჩემთვის აღდგომის დღესასწაული...
ხშირად კამათობენ, რა არის ჭიაკოკონა, წარმართულია ეს თუ არა, რატომ ანთებენ კოცონს და ასე შემდეგ. ამასთან დაკაშირებით რამდენიმე საინტერესო ვერსია ვიპოვე ინტერნეტში.
ერთი ვერსიის თნახმად, ჭიაკოკონის დროს ვაზის წალამს წვავდენენ. ამ პერიოდში ვაზი ყველგან გასხლულია, რადგან ვაზი, ისევე როგორც ბზა წმინდა მცენარეა, მისი დაწვა არ შეიძლება ყველგან, ამიტომ ყველა სოფელში ჰქონდათ გამოყოფილი ერთი ადგილი, სადაც მას წვავდნენ. ამ ადილზე არ შეიძლებოდა საქონლის მიშვება და დაბინძურება. ჭიაკოკონობისას დანთებული ცეცხლი წმინდა ცეცხლად ითვლებოდა და აქედან გამომდინარეობს წმინდა ცეცხლზე გადახტომა, რომლის დროსაც ამბობენ: ალილუია კუდიანებს! წალამი საბურავს საბჭოთა პერიოდში შეუცვლია.
  მეორე ვერსიის თანახმად, ჭიაკოკონობა წარმართული ტრადიციაა და იმ პერიოდს უკავშირდება, როცა საქართველოში მაზდეანობა იყო გავრცელებული. მაზდეანებისათვის ცეცხლი ღვთაება იყო და ადამიანი ღმერთისთვის მისაღები რომ გამხდარიყო, ცეცხლით უნდა განწმენდილიყო. ეს კი ცეცხლში გავლით - კოცონზე გადაბიჯებით, გადახტომით - აღესრულებოდა. ამიტომ, რწმენა, თითქოს ჭიაკოკონობის ღამეს ის ადგილები, სადაც კოცონია დანთებული, კუდიანებისგან იწმინდება, მხოლოდ სახეცვლილი, ქრისტიანული ელემენტებით გამდიდრებული გვიანდელი ვარიანტია.

შემთხვევითი ფოტოები ქუჩიდან

აღარ მეგონა, ასე კიდევ ვინმე თუ ეზიდებოდა შეშას.


                            სავარაუდოდ, დედის მოლოდინში

       


ეს არის ტროტუარი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, სადაც ყველაზე ხშირი მოძრაობაა.

დავბრუნდი

   მორიგი ფილმი გადავიღე, ხმა მაქვს დასადები, მთელი საღამოა ვცდილობ ტექსტი დავწერო და არ გამომდის. მოკლე და გასაგები ტექსი უნდა იყოს წესით, არადა მიგრძელდება სტატიასავით და ფილმიც სიუჟეტს ემსგავსება... მგონია, რომ ჩემი ხმის გარეშე არ გამოვა, ძირითად ხაზს დაკარგავს. კიდევ მგონია, რომ ცუდი კადრები მაქვს, არასაკმარისი, არამეტყველი,არაფრისმთქმელი.... მოკლედ, არ ვიცი, ან მართალი ვარ და ეს თვითკრიტიკა სრულიად დამსახურებულია, ან გულოა მართალი და „წიკი“ ავიკიდე.... თუმცა რა, ნაწილობრივ მართალია, ამ ბოლო დროს ყველაფერში ცუდს, არასასიამოვნოს, არასაკმარისს ვხედავ.... ასე მგონია არაფერი აღარ გამომდის.... (ტავტოლოგიების გარდა :)))
      
 ერთი კვირაა ბლოგზეარაფერი დამიწერია. რთული პერიოდი მქონდა,- შეფასება-გადაფასების, გააზრების, დაკვირვების...   ზოგჯერ მგონია, რომ დროს ტყუილად ვკარგავ და აქ შემომსვლელ ადამიანებსაც ტყუილად ვაკარგვინებ. თვითგვემას და თვითკრიტიკას არ ვეწევი, მართლა ასე მგონია...
     ამ საღამოს ბლოგზე კომენტარი დამხვდა - რატომ აღარაფერს წერო, ანონიმი ავტორი ყავს. ვინ არის ვერ ვხვდები, მაგრამ ძალიან გამიხარდა. ალბათ მისი დამსახურებაა, ახლა რაღაცის დაწერას რომ ვცდილობ. ჩემთვის ყველა კომენტარი ერთგვარი სტიმულია წერისთვის და ხანდახან ახალი თემის წყაროცაა
     ამასობაში დასაწერიც ბევრი დაგროვდა, პირადშიც და საზოგადოშიც (არ მიყვარს ასე დაყოფა, მაგრამ ახლა სხვა ვერაფერს ვფიქრობ)... ისევ არ ცხრება ''იმიტირებული ქრონიკის ირგვლივ ამტყდარი აჟიოტაჟი; უკვე ოფიცილურად დასახელდა არჩევნების თარიღად 30 მაისი და ჩვენთან სრული დუმილია; ეთიკის ქარტიის საბჭოში პირველი საჩივარი შევიდა; ადგილობრივი ტელევიზიის სარემონტო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ამოწმებს დიდი მონდომებით... ჩემი დღის განრიგიც გადაიტვირთა, როგორც იქნა დავიწყე ინგლისურის სწავლა, კვირაში სამი დღე, ორი საათი ვმეცადინეობთ (გაზეთისა და ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები). ბავშვობა და სკოლის პერიოდი მახსენდება.)) მასწავლებელო, იმას არ აქვს დავალება, ამან სამსახურში იმეცადინა)) წამოძახებები, დასწრებები, პირველმა დავამთავრე დავალება და ასე ))  ამ თემას ერთ პოსტს აუცილებლად მივუძღვნი. (სწავლა სიბერემდეო კი უთქვამთ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ დაგვიანებული არაფერი ვარგა...) ახლა შაბათი დღე მხოლოდ გაზეთის აღარ არის, დილის ორ საათს ინგლისური იპარავს.... 
 
      გასული ორი დღე სოფელში მომიწია ყოფნა, ფილმის გამო. საგაზაფხულო სამოუშაოები, რითი და როგორ ამუშავებენ გლეხები მიწებს, რატომ შეცვალა ტრაქტორების გუგუნი ხარების ხმამ და მეურმის გადაძახილმა - მიდი კვალი! რატომ იზრდება ყოველწლიურად დაუმუშავებელი სავარგულების რაოდენობა - ესაა ფილმის  მთავარი თემა. რა და როგორ გამოვა ჯერ არ ვიცი. მაინც ვერ დავწერე ტექსტი და გადავწყვიტე დილით დავწერო, პირველი რასაც დავწერ ის იქნება, რაღაც რომ არ მომწონს და ვცვლი მერე ყველაფერი ირევა და უარესი გამოდის. ახლა მთავარია რედაქტორს კადრები მოეწონოს და ისევ არ მომიწიოს სოფლებში წასვლამ. ორი დღე საქონლის სადგომებში და ყანებში დავდიოდი, თან ძუნწად მოსაუბრე გმირები მყავდა, ეს ყველაზე ცუდია, ყველა სიტყვის მერე რომ უნდა უჯიკო რაიმეს სათქმელად....  ფილმი რომ დასრულდება, ბლოგზეც აუცილებლად დავდებ.
 მოკლედ ეს დღეებია ჩემი ცხოვრება ფილმის ირგვლივ ტრიალებს, აქაც ფილმის თემას ვერ გავცდი.... არადა სათქმელ-დასაწერი სხვაც ბევრია... იმედია, რომ ახალი პოსტისთვის ჩემი გმირებივით მეც ვინმესგან ჯიკება არ დამჭირდება....     

ჩემი უსაყვარლესი მულტფილმი



მე ეს მულტფილმი ყველაზე მეტად მიყვარდა ბავშვობაში და დღესასწაული მქონდა, როცა ვუყურებდი.

უყურეთ, განიტვირთეთ, ბავშვობა გაიხსენეთ და გახალისდით :))

ამ ქვეყანაში ყველაფერი მოსულა?!!!

  რომ არ დავწერო შიგნიდან რაღაც დამახრჩობს, არადა თავში ყველაფერი ისეა არეული, არ ვიცი რა დავწერო და როგორ დავწერო!
         როცა ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი და ნეიტრალური ტელევიზია; როცა ცენტრალურ არხებზე მომუშავე ყველა წამყვანი ჟურნალისტი, გავლენიანი პოლიტიკოსის მეუღლეა; როცა სამ ძირითად ტელევიზიას ხელისუფლება პირდაპირ აკონტროლებს (რეალ ტვ-ს არ აღვიქვამ ტელევიზიად); როცა ექსკლუზივები არავის აინტერესებს და მოჭრილ კადრებსაც კი არ უშვებენ, ცხადად რომ არ დავინახოთ როგორ უჭირავს ერთ ჟურნალისტს სამი არხის მიკროფონი; როცა ათასი სისულელით „გიტენიან თავს“, თვალებში ნაცარს გაყრიან და გარწმუნებენ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება მშვენიერია, ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება, ამ ქვეყანაში ყველა ბედნიერია და სამოთხის ვაშლები ხარობენ და ასე შემდეგ, ალბათ არ უნდა გაგვიკვირდეს, ერთ საღამოს სწრაფმოუბარი ნათია კობერიძე „ომობანას“ თამაშს რომ შემოგთავაზებს.

აი მალადეც!  იმედიც ასეთი უნდა! მოსალოცად გვაქვს საქმე, ახალი წინასწარმეტყველი შეემატა საქართველოს, ოღონდ ეს ისეთი მაგარია, პირდაპირ კადრებსაც კი ხედავს, გაწვდის, გიხსნის, გიმარტავს, ეფექტებიც ისეთი აქვს, გადაირევი  და ჩასუნთქვა-ამოსუნთქვით იცის ვინ სად რას განაცხადებს და რა რეაქცია ექნება. რას ვიზამთ, კაკულიების ეპოქაში ვცხოვრობთ  და გომელაურის არ იყოს, ამ ქვეყანაში ყველაფერი მოსულა.
 
ამ ქვეყანაში მოსულა, რომ გაჩვენებენ ``იმიტირებულ ქრონიკას`` უსაშინელესი ომის კადრებით, სადაც წამყვანი წაშლილი სახით გეუბნება, რომ  
რუსეთმა ომი გამოუცხადა საქართველოს, ქვეყანა პარალიზებულია, პრეზიდენტი ლიკვიდირებულია, იარაღი ურიგდებათ მოხალისეებს და ასე შემდეგ. პრეზიდენტის პრეს-სპიკერი მანანა მანჯგალაძე იატაკქვეშეთიდან აკეთებს განცხადებას, ეკრანზე ჩანს პრეზიდენტის საშინელი შავ-თეთრი ფოტო, წამყვანს, ლაშა ხარაზიშვილს ისეთი წაშლილი სახე აქვს, ჯვარი გვწერია და ნამდვილად რომ ხდებოდეს რაღაც მსგავსი, მაშინ არ ექნება ალბათ. და ამ ყველაფერს არსად არანაირი მინიშნება არ აქვს იმის შესახებ, რომ ინსცენირებაა.

 და მერე, ხალხი რომ დაპანიკდება,  ვიღაცას გულის შეტევა რომ მოუვა, ვიღაცას მუცელი მოეშლება, ვიღაც რომ გარდაიცვლება, იმიტომ რომ შვილი ჯარში გყავს, გეტყვიან, რომ ამას არ ელოდნენ, მოგიბოდიშებენ და გადაცემას დაადებენ ტიტრს, რომ ეს ინსცენირება იყო.  მერე  ისევ „მშვენივრად გაგრძელდება ცხოვრება“  „შუა ქალაქით“ და „სამსონაძეებით“ .... რას ვიზამთ! ამ ქვეყანაში ყველაფერი მოსულა!
პ.ს.   ასეთი ზეეეეემოციური დღე არასოდეს მქონია! ასე არასოდეს მინერვიულია, ასე შეურაცხყოფილად, მოტყუებულად, დამცირებულად, აბუჩად აგდებულად, "საექსპერიმენტო თოჯინად" და რავიცი, კიდევ ათას უბედურებად, არასოდეს მიგრძვნია თავი.  შინაგანად ასე განადგურებულიც არასოდეს ვყოფილვარ და ასე არასოდეს დამიკარგავს იმედი! (ტელეკომპანია ``იმედი`` კი დიდი ხნის წინ დავკარგე! თვალებზე ვარდისფერი სათვალე რომ მოირგეს, მაშინ)

აი მალადეც! მესმის მორალური ტერორი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ! ახლა ერთადერთი კითხვა მაწვალებს, რა მოხდება ხვალ (პრინციპში უკვე დღეს), ვინმე სერიოზულად დაფიქრდება იმაზე რა გააკეთეს? ამ ყველაფერზე ვინმე აგებს პასუხს? ვინ აუნაზღაურებს მორალურ ზარალს ამდენ ადამიანს?.... და ყველაზე მთავარი: რა იყო ეს? რისი წინმსწრები და რისი მომასწავებელი? რატომ გავხდით უნებლიედ ყველა დიდი ექსპერიმენტის მონაწილეებიი? და ბოლოს და ბოლოს, რისთვის იყო საჭირო ეს ექსპერიმენტი?....

მე პასუხები არ მაქვს, არც პასუხები და აღარც "იმედი"...

სასადილოდ ქცეული კინოთეატრი და რაღაცნაირი კომფორტი

ხუთშაბათია, საღამო, 11-ია დაწყებული. იმედზე ``მოგზაურობა ყარაბაღში`` გადის. ამ ბოლო დროს ყოველ ხუთშაბათს ბოლო პერიოდში გადაღებული ერთი ქართული ფილმის სატელევიზიო პრემიერაა ხოლმე. მომწონს, მერე რა, რომ რაც გვაჩვენეს თითქმის უმრავლესობა ნანახი მქონდა, მაინც სიამოვნებით ვუყურე. ``საპნის ოპერებს`` ნამდვილად ჯობია მათი კიდევ ერთხელ ყურება... თორემ, დღითიდღე ვრწმუნდები, რომ მალე ტელევიზორებს აღარავინ იყიდის...
   ``მოგზაურობა ყარაბაღში`` ჩემი ქალაქის უცნაურ კინოთეატრში ვნახე. ოღონდ კინოთეატრი პირობითად, წამოიდგინეთ ზიხართ თოჯინების თეატრის დარბაზში, სადაც სინათლის ჩაქრობა არ სჭირდებათ, იმიტომ, რომ ნათურები არც არის; ძველი, ალაგ-ალაგ ამოტეხილი, ხის შეუღებავი იატაკიდან ისეთი ქარი უბერავს, ფეხები გეყინება; გათბობაზე ზედმეტია ლაპარაკი; ირგვლივ მტვრისა და სიძველის სუნია და გგონია, რომ ახლა ჭერიდან დიდი ობობა დაეშვება და თმებში გაგებლანდება; ხის პატარა სკამები ჭუჭყისგან  გაშავებული,  მოუხერხებელი და მტვრიანია;  ხმა საშინელი; მერე, ფილმი შუამდე რომ მივა, ფირს თუ აპარატს, არ ვიცი ზუსტად, რაღაც ემართება და ისევ თავიდან უშვებენ (დღემდე ვერ ვხვდები, გადახვევა რატომ ვერ მოახერხეს, გაყინულ დარბაზში ორჯერ რომ გვაჩვენეს ფილმის პირველი ნახევარი). მაგრამ ეს მაინც კომფორტია, ოღონდ რაღაცნაირი, არასასიამოვნო კომფორტი... და კომფორტი იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ გაქვს, სხვა კინოთეატრი არ არსებობს, შენ კი გიყვარს ფილმის კინოთეატრში ყურება მეგობართან ერთდ და არა კომპიუტერში. კინოთეატრი ჩემთვის სხვა ინტიმია... თან სიძველის და სიახლის უცნაური სინთეზი ამ ინტიმს  უფრო აძლიერებს....
        ერთ დროს (არც ისე დიდი ხნის წინ) კი გვქონდა კარგი კინოთეატრი, ``დუბლი``- ასე ერქვა , - დიდი დარბაზით, კომფორტული სავარძლებით, ხელმისაწვდომი ფასებით და კარგი ფილმებით. იყიდე პოპკორნი, მოკალათდი თბილად და მოხერხებულად და უყურე... გვქონდა, მაგრამ წელიწადნახევარში დაიხურა, მაყურებელი არ ჰყავდა. ზოგი ამბობდა ძვირიაო, არადა 4 ლარიდან იწყებოდა ბილეთის ფასი, ზოგი ამბობდა შორიაო, ქალაქის ბოლოს იყო შენობა. თუმცა,  ქალაქის მეორე ბოლოში მდებარე  უნივერსიტეტში გასართობად, სასეირნოდ თუ ვინმეს გასაცნობად ჯერ არავის დაზარებია გადასვლა....
       ახლა იმ დარბაზში სასადილოა. სავარძლები აიღეს, იატაკი გაასწორეს და ხის მაგიდები დადგეს. გაიჟღინთა იქაურობა ზეთის,  ხახვის, გუფთის, ცომის, პილპილის,  ლუდის, არყისა და კიდევ ათასი უბედურების სუნით. როგორც ჩანს აღარც ``ეშორებათ``, მუდამ ხალხმრავლობაა. იმ აბრაზეც, ერთ დროს ახალი ფილმის აფიშას რომ აკრავდნენ,  ახლა თეთრი ცარცით წერია: ``კატლეტი გარნირით 3,5``... მიკვირს, ამდენმა წვიმებმაც რომ არ ჩამორეცხა, ან იქნებ ჩამორეცხა კიდეც, და ყოველი წვიმის მერე თავიდან აწერენ, ვინ იცის...
         ამ გახსენებაზე, დიდი ხანია თოჯინების თეატრის დარბაზშიც არაფერი უჩვენებიათ. მაყურებელი არც იმას ჰყავდა. ყარაბახზე მაგალითად მე და ჩემი 5 მეგობარი ვიყავით მხოლოდ. ეტყობა ისიც წარსულს ჩაბარდა. ამ ქალაქში ერთადერთი ``ნათელი წერტილი`` (ესეც პირობითად) მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრია. სადაც მუდამ იმეორებენ ძველ სპექტაკლებს და სეზონზე 5-6 პრემიერა აქვთ. ოღონდ სულ რამდენიმე მსახიობია და ერთნაირად თამაშობენ დრამასაც, კომედიასაც და ტრაგედიასაც...  მიუხედავად ამისა, რამდენჯერმე ზედიზედაც მინახავს ერთი სპექტაკლი (პრემიერის მერე ორი დღე კიდევაა ხოლმე წარმოდგენა). აი,  ჩემი ერთი მეგობარი კი არასოდეს არ დადის, ასე ამბობს ``ქუდი რომ შემიგდო, გამოსატანად არ შევალო``. გემოვნებას არ იქვეითებს. ალბათ მართალიცაა... მახსოვს, ჯანსუღ კახიძის ფესტივალის მესამე დღეს, სპექტაკლი ``ქაქუცა ჩოლოყაშვილი`` რომ დამთავრდა,  500-კაციან დარბაზში ბოლო 5 წუთი მხოლოდ მე ვუკრავდი ტაშს ხელების დაბუჟებამდე. ვახტანგ კახიძე (და მთელი დარბაზიც) თურმე გაღიმებული სახით მელოდებოდა, როდის ``დავეშვებოდი დედამიწაზე``, რომ ფესტივალის დამთავრება ეცნობებინა და გამოსამშვიდობებელი სიტყვა ეთქვა. მერე ჩემმა დამ შემამჩნია, მიხვდა, ამქვეყანას რომ არ ვიყავი და ისე დამქაჩა სახელოდან, მიკვირს, ხელში რომ არ შერჩა სახელოს ნაგლეჯი.... (მიკვირს, მაშინ როგორ შეიკავა ხარხარი. მერე მთელი გზა ხარხარებდა). ამ ისტორიაზე დღემდე ხალისობენ ჩემი მეგობრები...
     მე კი მრცხვენია, ოღონდ იმის გამო, რომ ფუფუნება და ოცნებაა ჩემთვის ფილმის ნახვა კინოთეატრში და იმის გამოც, ფილმს და სპექტაკლს, ხინკალი და მწვადი რომ ურჩევნია ხალხს. და კიდევ, მშურს იმათი, ახლა თავიანთ ბლოგებზე ემოციებით სავსე პოსტებს რომ წერენ ალისაზე, ავატარზე და ასე შემდეგ....    ახლა მე საკუთარი, პატარა კინოთეატრი მაქვს სახლში, ოღონდ ეკრანის ნაცვლად კომპიუტერის მონიტორია, რბილი სავარძლის ნაცვლად ჩვეულებრივი სკამი და პოპკორნის ნაცვლად შემწვარი ვაშლი... ამ კინოთეატრში ფილმი მხოლოდ კვირას ``გადის``, მისთვის მე ვარ მეპატრონეც, ფილმისა და დროს შემრჩევიც, აფიშის გამომკვრელიც , მაყურებელიც, შემფასებელიც, მომწონებელიც და დამწუნებელიც...      


პ.ს. ვისაც დაგაინტერესებთ ამ ლინკზე ჩემი სტატიაა, მაშინ კინოთეატრის სახინკლედ გადაკეთებაზე რომ დავწერე.

ბავშვობაში ვბრუნდები!

ესეც ასე, კიდევ ერთი ახალი რაღაც ვისწავლე ბლოგისთვის. მადლობა ტომუშკას და ნან-ს.  დააკლიკეთ ღილაკს და ისე განაგრძეთ კითხვა.

       მეორე დღეა სოფელში ვარ. რკინის კარიდან მოხსნილი ჟანგმოკიდებული დიდი ბოქლომი იქვე ღობეზე კიდია. კარი სანახევროდაა მიხურული, ისე, რომ მეზობლის პატარა ბოჩოლა თავისუფლად ეტევა და ამწვანებულ ეზოში დადის მთელი დღე... შავია, შუბლზე დიდი თეთრი ნიშნით და მშვიდი თვალებით... არ ვაგდებ....
      ოთახებიდან უკვე გავიდა უდაბურობისა და მიტოვებულობის სუნი. მყუდროება დაერღვათ სიმშვიდენაპოვნ ობობებს, ვეღარც თაგვები დაძვრებიან სოროდან სოროში თამამად, სამაგიროდ ყოველ ღამე აქვთ დიდი ფართი ჭერში ...
      დღე და ღამე არ ქრება სახლში შუქი .... აჩრდილივით დავბორიალობ ოთახიდან ოთახში, ყველას და ყველაფერს მოწყვეტილი... მობილური გამორთული მაქვს, ლეპტოპი არ წამომიღია, ტელევიზორს არ ვრთავ, არც აჩვენებს და თან  შავ-თეთრი, ბავშვობის დროინდელი დიდი ყავისფერი ყუთი მხოლოდ სადგამის მოვალეობას ასრულებს.... ახლა მასზე პატარა ლარნაკით ჩემი ეზოს იები დევს....
      ქარია. სახლი ზანზარებს, სახურავზე სანახევროდ მიმაგრებული კრამიტი ხმაურობს, ფანჯრები მაგრადაა დაგმანული, მაგრამ მაინც ირხევა ფარდა...
      ძველი, სიპრიალედაკარგული, გვერდგაბზარული და ფეხმოტეხილი ღუმელი გუზგუზებს. ეზოში წყალი მოჩუხჩუხებს, ნიკელის ჩაიდანს პირთამდე ვავსებ, სველი ძირით ვდგავ და გაავებული ღუმელის გამოცემულ შიშინს ვუსმენ.
       სარდაფში კომშის ძველი მურაბა ვიპოვე, ერთადერთი სავსე ქილა ცარიელებს შორის. სამზარეულოს თეთრ, ძველებურ ხის კარადაში ბავშვობის ჩაის ლამბაქი დევს, თეთრი, მწვანე დათვებით. შემოჩენილი ჭურჭლის ფხვნილით საგულდაგულოდ პრიალდება ბავშვობის ლამბაქი და უფრო მკვეთრდება დათვების კონტურები....
      თბილა, ჩაი ადუღებულია, ლამბაქზე ვასხამ და ბავშვურად ვხვრეპ ლიმნიან და კომშის მურაბიან ჩაის დათვებიანი ლამბაქიდან....
     ...წიგნების თარო სულ მთლად დამტვერილია. ვეძებ, ბავშვობიდან იწყება ‘’ბიძია თომას ქოხიდან’’, ასტრიდ ლინდგრენიდან, შერლოკ ჰოლმსიდან და მიდის და მიდის, სკამზე ვდგები ბოლო თაროებსაც რომ მივწვდე, მაგრამ არა წიგნისთვის. უპატრონობის ნიღაბი უნდა ჩამოვგლიჯო თაროებსაც... მტვერი ცხვირში მიფრინდება და აფცხიიი! მეწყება დაუსრულებლად, თვალებიდან ჩამოგორებულ ცრემლებს მტვერიანი ხელით ვიწმენდ და ახლა ლოყებზე მიჩნდება შავი ნაკვალევები... ორ თითს ვასველებ ონკანის ცივ წყალში და ისე ვიწმენდ შავ ხაზებს სახედან, ბავშვობაში ვბრუნდები, ვერასოდეს ვიბანდი ხელ-პირს ცივი წყლით ...

ასტრიდ ლინდგრენს ვიღებ და ღუმელთან ჩათბილული კითხვას ვიწყებ....

ტომ!

პასუხი არ არის!.....

ბავშვობაში ვბრუნდები...

ვიწყებ შიმშილს და ვაგროვებ ფულს არჩევნებისთვის!

არასოდეს მიფიქრია და მიანგარიშია იმდენი, ახლა რომ ვანგარიშობ. 30 მაისისთვის სასწრაფოდ მჭირდება ასე 5 000 ლარამდე, გაცილებით მეტი და არა ნაკლები. ახლა უნდა გავწერო საკუთარი ბიუჯეტი, საიდან, რა, რამდენი და როგორ დავზოგო, რა მოვიკლო, რა შევზღუდო, როგორ ვიკვებო იაფად და ა.შ. რომ ჩემი მოკრძალებული ხელფასიდან ეს თანხა შევაგროვო. (არადა, ფოტოაპარატზე და ლეპტოპზე ვოცნებობდი. ყველგან თან რომ მქონდეს ინტერნეტი)

პ.ს.
ახლა დავრწმუნდი, რომ ნამდვილად კარგია მობილურს ე.წ. კალკურატორი რომ აქვს. ასე რომ არა, ახლა გამომთვლელის ძებნაში უჯრების ჩხრეკა-ბრახუნით ნეტარი ძილით მძინარ ჩემ  ოჯახს გავაღვიძებდი. აქვე, ვიტყვი, რომ ჩემი ოთხთვიანი უმობილურობის ხანა, უფრო სწორად ცუდმობილურობის ხანა (რომლითაც  მესიჯებს ვერ ვაგზავნიდი) დღეს დასრულდა და ახალი აპარატის შესწავლის პროცესში პირველი სწორედ რომ გამომთვლელი დამჭირდა.

მიზეზი მარტივია. მოკლედ,
``2009 წლის 28 დეკემბერს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი", დამატების სახით მოხვდა 12631 მუხლი, რომლის თანახმად, "დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების მიერ, ამ კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ა"- "დ" ქვეპუნქტებით დაკისრებული მოთხოვნების დარღვევა - გამოიწვევს შესაბამისი პირების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით" . (დაწვრილებით შეგიძლიათ ნახოთ მედიაჯიზე). 

რა იგულისხმება საარჩევნო კომისიის ფუნქციებში ჩარევაში, განმარტებული არაა. ამიტომ, სულ მარტივად დაგაჯარიმებენ იმის გამო, რომ დახედე კომისიის წევრს როგორ წერდა ამომრჩევლის მონაცემებს, რავიცი, იქნებ მზეს ამოეფარე ამ დროს, მაისის მზე მაინც სუსტია, კომისიის წევრს უცებ შესცივდა, ხელი აუკანკალდა და მონაცემი არასწორად შეიყვანა. ან კიდევ: ``თვალი მოსჭრა`` ფოტოაპარატის ციმციმმა და ვერ იცნო ხმის მისაცემად მეორედ შესული ამომრჩეველი; ობიექტივისკენ გაექცა მზერა ფოტოკამერის დანახვაზე და ხელი შეეშალა მუშაობაში; სივრცე შეუვიწროვე საარჩევნო ყუთთან მჯდომს, ამომრჩეველს რომ აკვირდებოდი თავად აგდებდა კონვერტს თუ  იქ მჯდომი იჩენდა კეთილ ნებას და ეხმარებოდა და ასე, უამრავი შეიძლება იყოს, მოფიქრებას რა უნდა... 

მაგალითად, გასულ არჩევნებზე ``მსაყვედურობდნენ`` რომ ვიღებდი ფოტოებს და ვაბნევდი ამომრჩევლებს (?!), არ უნდა მივსულიყავი კონვერტებიან მაგიდასთან, სადაც გამზადებული კონვერტები აღმოვაჩინეთ, არ უნდა გადამეღო ერთ საარჩევნო კაბინაში ერთდროულად შესული ორი ამომრჩეველი და არც ის, კაბინის გარეთ, მაგიდასთან როგორ ხაზავდა ხალხი კოლექტიურად ბიულეტენებს . (პ.ს. ყველა ფოტო მაქვს. სამსახურში, არქივშია. მოვძებნი და აუცილებლად დავდებ. მანამდე ეს იყოს, "ვანგარიშობ" დავგუგლე და ეს ამოვარჩიე. მე მგონი ქეთის ბლოგიდანაა, საავტორო უფლებებს მგონი არ ვარღვევ).



აი, ამიტომ მჭირდება თანხა. რამდენიმე რთული უბანი შემხვდება ვიცი 30-ში, 10 ყველა შემთხვევაში და ასე, რომ სულ, სულ მინიმუმი დავწერე. როგორც ჩემმა გამომთვლელმა მითხრა, 81 დღეში უნდა მოვაგროვო ეს ფული. გამოდის, რომ მინიმუმი, ანუ 5 000 ლარი რომ მოვაგროვო, დღეში 61 ლარი და 70 თეთრი უნდა დავზოგო, რაც თვეში 1851 ლარია. ჩემს ყოველდღიურ ხარჯებს და იმას, ეს რომ შევძლო რამდენი ლარი უნდა მქონდეს ხელფასი, აღარ დავწერ (რა ვიცი, ოცნებებში არ წავიდე. დეპრესია ისეც არ მაკლია).

ამ ყველაფრის მერე იტყვიან, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ტარდება და საქართველოში მედია უზომოდ, უკიდეგანოდ, უსაზღვროდ და უუუუ თავისუფალია... 

რკინის კარს მიღმა

                 გავხდებით ოდესმე ნამდვილი   ტოლერანტები?                                                                                           შემწყნარებლები?   
                                  არადისკრიმინაციულები?

                               მე მგონია, რომ ძალიან გვიან...


ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლა, - ა ხლა ასე ჰქვია, ადრე ახალციხის სკოლა-პანსიონი ერქვა. მაგრამ არც ადრე მოიხსენიებდნენ ისე, როგორც ერქვა და მითუმეტეს, ახლა არავინ ეძახის მეშვიდე საჯარო სკოლას. ცოტა ხნის წინ ჩემთვისაც რომ გეკითხათ, სად არის ქალაქის მეშვიდე საჯარო სკოლაო, დავიბნეოდი და ალბათ დაუფიქრებლად გიპასუხებდით, რომ თქვენ რაღაც გეშლებათ, იმიტომ, რომ ქალაქში მხოლოდ 6 საჯარო სკოლაა....

- აა! დებილების ინტერნატში? და,რა გინდა? - ეს ერთმა ჩემმა ნაცნობმა მკითხა ამ რამდენიმე დღის წინ, ერთ წვიმიან ამიინდში მეშვიდე საჯარო სკოლაში ფოტოების გადასაღებად რომ მივდიოდი...

- დებილების ინტერნატი არ არის, იქ უბრალოდ უდედმამო ბავშვები, გაჭირვებული ოჯახის შვილები და გონებრივი შეზღუდვების მქონე ბავშვები ცხოვრობენ და სწავლობენ , - ვეცადე ამეხსნა.

-მოიცა რა! რა ენას იტეხ! მარტივად მითხარი და მივხვდები....

მარტივად თქმაში რაც იგულისხმა, ცხადია. აღარაფერი მითქვამს, გამეღიმა, ან იქნებ ჩამეცინა, არ ვიცი რა დავარქვა და გზა გავაგრძელე.... არადა ჭკვიანია, გონიერი, განათლებული... ოღონდ არ ვიცი, ეტყობა რაღაც მაინც აკლია, იმ რაღაცასაც ბევრი რამ შეიძლება ერქვას, თუნდაც განათლება, ან შემწყნარებლობა, ტოლერანტობა, მზაობა, არადისკრიმინაციული აზროვნება.... კედლის დანგრევაა საჭირო, ერთნაირობასა და განსხვავებულობას შორის რომაა აღმართული უხილავად და მყარად და თავისთავად ქმნის უნებლიე სიმბოლოებს....
მეშვიდე სკოლა დიდი, შავი რკინის კარით იწყება. ამ კარის გარეთ გამოსვლის უფლება არავის აქვს. ეს უკვე ხილული კედელია სკოლის ბავშვებსა და გარესამყაროს შორის, ხილული კედელი და ჩაკეტილობის, გარიყულობის სიმბოლო....    მალე ეს სკოლა გაუქმდება. ალბათ უკვე სექტემბრიდან დაინერგება ინკლუზიური სწავლება და რკინის კარს მიღმა მცხოვრებ ბავშვებს სხვა სკოლებში გადაანაწილებენ. ერთი წუთით წარმოვიდგინე, იმ ჩემი ნაცნობის შვილის კლასში რომ მოხვდეს ერთ-ერთი ბავშვი ამ სკოლიდან, რა რეაქცია ექნება დედას და რა სიტყვებით აუხსნის შვილს, ვინაა და საიდანაა მისი ახალი თანაკლასელი.
როცა ასეთ თემებზე ვწერ (არლის საკვირაო სკოლა გამახსენდა), სულ ვცდილობ სინანული არ აღძრას ნაწერმა, მაგრამ უცებ, ამ სიტუაციის წარმოდგენისას, მეშვიდე სკოლის ბავშვები შემეცოდნენ....

პ.ს. იცით, რკინის კარს მიღმა ყველაზე თვალშისაცემი რა იყო? ფოტოს გადაღება არავის არ უნდოდა, კამერას ემალებოდნენ. მიზეზი მასწავლებლებმა ამიხსნეს, - სხვა სკოლებში გვყავადა ბავშვები, იქ დასცინეს და უნდობლობა გაუჩნდათო....

ბევრი ფოტოებია, მაგრამ მინდოდა ფოტოებითაც მომეყოლა მათი ამბავი










ნანგრევებად ქცეული ტაძარი

აწყურის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომლითაც ანდრია პირველწოდებულმა საქართველო გააქრისტიანა
სამლოცველო





   აწყურის ღვთისმშობლის ტაძრიდან ახლა მხოლოდ ეს კედლებია დარჩენილი.     უგუმბათო ტაძარში ხალხმრავლობა ხშირადაა. მცირე სამლოცველოში ყოველ შაბათს ლოცვაც აღევლინება. 
    აქ ჯვარსაც არაერთი წყვილი იწერს, -  ღია ცის ქვეშ, უგუმბათო ტაძარში, მტრედების ღუღუნის ფონზე.... 
    როდის დაიწყება ტაძრის აღდგენა-რესტავრაცია არავინ იცის.  არადა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ამდენ წვიმასა და ქარს კედლები ვეღარ გაუძლებს და მალე ისინიც ჩამოიშლება. მერე ტაძარი, რომელიც ერთ დროს  საეპისკოპოსო ცენტრს წარმოადგენდა და საქართველოს ტაძრებს შორის უდიდესი იყო ფართობით, მხოლოდ ისტორიისა და რელიგიის ფურცლებზე, მოგონებად დარჩება...     

მე(გა)ზაფხულება

აღარ მეჯდომება სამსახურში
აღარ მცივა და მეპლიტება…

აღარ მიჩერდება ფიქრი ფეისბუქში,
აღარ მეგუგლება გუგლში…

აღარც ჩაი მინდა, აღარც ყავა, 
აღარც კაშნე ყელზე, დათბილული…

აღარ მინდა კაბა კოჭებამდე,
აღარც დახურული მაისური…

აღარ მეყინება წამწამზე ცრემლი,
ჩექმაში ფეხი და ჯიბეში ხელი …

აღარ მიჩერდება გული საგულეში,
აღარც საფულეში ფული…. 

სარდაფში ჩავყარე ყვითელი ‘’ლიჟები’’ 
სკივრში გამოვკეტე ‘’უშანკა’’ ქუდი….

სხეულს მოენატრა ფერადი ბიუსჰალტერი
ზღვა, მზე, სიშიშვლე და ცივი ლუდი

მე(გა)ზაფხულება!!!

სადმე მიპოვე

სადმე მიპოვე შენს ოთახში
ჩუმად,ალერსით.
იქნებ კედელზე გაელვებად
გადავიარე.
იქნებ მთვარე ვარ
ვარსკვლავებში ამონალესი,
იქნებ ფანჯრიდან შემომძვრალი
სუსტი ნიავი.
კარგად მოძებნე ჩემი თავი
ყველა საგანში,
იქნებ სარკეში დამინახო,
იქნებ თაროზე
და კოცნის გემო მოგივიდეს,
იქნებ მადაში,
თვალებს ფერები გამოსტაცო
საავგაროზე.
მთელი წინა დღის ისტორიას
ყვება მაგიდა
გაშილი ფურცელზე გაფანტული
მშრალი ფრაზებით...
ნუთუ არ მეძებ? ჩემი პოვნა
იქნებ არ გინდა?
მაშინ კარებზე ურდულივით
ჩავირაზები
და არ გაგიშვებ არასოდეს
არცერთ სიზმარში
არცერთ ოცნებას არ დაგაცდი,
რომ იოცნებო.
რომ არ უყურო შენ ჩემს ცეკვას
დილით ცის მარში?
რომ არ მომძებნო?
არა ამას მე ვერ ავიტან.
გადააქოთე მთელი სახლი
მიპოვე სადმე,
იქნებ წამი ვარ
საათზე რომ უკვე გავიდა,
იქნებ სანთელი სადაცაა
რომ უნდა დადნეს.
სადმე მიპოვე სულერთია,
გინდაც უხეში,
ან იქნებ ლაქად ტანსაცმლისად
ამომიყვანო;
მერე ჩამისვი მომეფერე ნაზად უბეში,
იქნებ გაკოცო მოგეხვიო
და შეგიყვარო.


გიორგი ზანგური

გილოცავთ გაზაფხულს!!

გიგრძვნიათ გაზაფხულის მოახლოვება სადღაც შიგნით, ძალიან შიგნით? :) მე კი! და ახლა იცით რა მინდა, ჩემს სოფელში ვიყო, მიწისა და ყვავილების სუნს ვგრძნობდე...

ეს ფოტოები ინტერნეტში ვიპოვე. ასე მოვიყვანე გაზაფხული ჩემს ბლოგზე.))

გილოცავთ გაზაფხულს!!!





დანაშაულის გრძნობა და დიასახლისური week-end

  სიახლეები მიყვარს! ყველგან და ყველაფერში! ერთფეროვნება ისე მბეზრდება, ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დავაყენო, ოღონდ რაღაც შევცვალო...
    რაღაც ისეთი რომ აღარ იყოს, ''აქამდე'' როგორიც იყო...  შევცვალო ყველაგან - სახლში, სამსახურში, ჩემში, სხვაში...  
   მერე ვყოფ ცხოვრებას ''აქამდე'' და ''აქედან'' ეტაპებად! ოღონდ ისევ მალე მოვა ხოლმე ''აქამდე''....
   ყველგან სიახლეს ვეძებ, ყველაფერში... და, საშინლად მიცრუვდება იმედი, თუ ვერ აღმოვაჩენ!
    გეცინებათ არა?! მესმის! ვიცი! და დანაშაულის გრძნობა მიჩნდება... ამდენი დღეა არ შემოვსულვარ, დარაბები არ შემომიღია, ისე, შემოვაგდებდი შორიდან ''ვიღაცის მოწოდებულ რაღაცას'', აი ისე, დარაბებს მიღმა რაღაცის ''შეცვლა შეცვლისთვის''  რომ გინდა და არა სიამოვნებისთვის....
     არ მეპატიება! ორმაგად არ მეპატიება თანაც, იმიტომ, რომ პირველი შემთხვევა იყო ჩემს პრაქტიკაში, როცა შაბათს სახლში ვიყავი... არა, სამსახურისთვის არ მიღალატია! პარასკევს 12 საათზე დავამთავრე გაზეთი, თან სრულიად კმაყოფილმა.  ტენდენცია დამკვიდრა ამ ბოლოს, იმდენი სტატიებია, არჩევანის წინაშე ვდგავარ, ხუთშაბათს ყველაფერი მზადაა და პარასკევს უპრობლემოდ, ნერვების აუშლელად და მშვიდად ვაწყობთ გაზეთს.
    ...მაინც ვერ მოვიცალე! ოღონდ ცოტათი საპატიო მიზეზით. მეც მომინდა დიასახლისობა, დარეცხვა, დალაგება,  ჩემ ჭკუაზე გაკეთება სახლში რაღაცეების, ძალების მოსინჯვა. ხოდა, თინისი არ იყოს, მეც  გამოვცადე საკუთარი თავი სამზარეულოში. მართალია უცნაური და ''რაღაცნაირი'' არაფერი მომიფიქრებია, მაგრამ მაინც. ერთადერთი, ცოტა განსხავვებული მარწყვის მურაბით შემწვარი ვაშლი იყო.



შემწვარი ვაშლი რატომ მიყვარს, ამაზე ადრე დავწერე. უბრალოდ გემრიელი რომ გამოსულიყო,  კარგად ამოვჭერი, მარწყვის მურაბის წვენი ჩავასხი და  კარგად რომ შეიბრაწა, მერე მურაბის მარწყვები დავადე ზემოდან. მართლა გემრიელი იყო, არც ისე ლამაზი, მაგრამ გემრიელი. ( 
     მოკლედ, რთული და გამაოგნებელი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ, შენ რომ აკეთებ,  თან მასში სულსა და გულს ჩადებ, მაინც სხვა გემო აქვს.
     ''მოდიასახლისო'' მივხვდი, რომ  ძალიან რუტინული ცხოვრება აქვს იმას, ვისაც სამსახური არ აქვს. სახლში უფრო მალე გადის დრო და უფრო იღლები, ვიდრე სამსახურში, თუნდაც ძალიან  ბევრი საქმე და სარბენი გქონდეს... მარტო იმაზე ფიქრით იღლები, რა საჭმელი გააკეთო და კიდევ არეული სამზარეულოს ყურებით... 
    აი, მერე, მართლა აღარ გაქვს არაფრის განწყობა და სურვილი... 
    
პ.ს. კვირა დღე მაინც არ ჩავაგდე და ერთი ფილმი ვნახე, ჩემი კინოების  მარაგიდან. ცოტა ძველი, მაგრამ საინტერესო.  
მაშ ასე, საღამო, დათბილული ფეხები (იმიტომ, რომ სითბო ყველაზე კარგი კომფორტია), გვერდზე მარწყვისმურაბიანი შემწვარი ვაშლი და კარგი ფილმი - ესეც ჩემი რეცეპტი week-end-ის სასიამოვნოდ დამთავრებისთვის.