მეორე სამუშაო შაბათი

შაბათია, ღამე, სადაცაა კვირა დაიწყება...
ახლა ერთდროულად ვარ ძალიან დაღლილი და ძალიან დასვენებული; ვგრძნობ, რომ ძალიან მეძინება და არც მეძინება; შემიძლია დილამდე ვიჯდე და ჩემმა მეორე მე-მ  ყოველწუთში არ გამახსენოს, რომ ხვალ ვეღარ ავდგები!
         შაბათი ყველაზე რთული სამუშაო დღეა და ყველაზე განსხვავებული.  არანაირი სოციალური ქსელები, სკაიპი და ბლოგები! რედაქციაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ვართ, დილიდან მხოლოდ  „ტექსტ 2“ მაქვს გახსნილი, სადაც ახალი ნომრის ყველა სტატიაა და თავაუღებლად ვკითხულობ წერილებს. მერე  ერთდროულად ვფიქრობ ყველა სტატიაზე, სათაურზე, ფოტოზე, ფოტოს მინაწერზე და გონებაში ვაწყობ გაზეთს.
       დღეს აღმოვაჩინე, რომ შაბათს მორბენალი სტრიქონივით ვარ. ყოველ წუთში შევრბივარ ჩემი ოთახიდან ლელას ოთახში: ლელა, ესეც ნახე რა! ერთიც და მორჩა! გაუგზავნე რა თარჯიმანს სტატიები! (გაზეთი ორენოვანია, ქართულ-სომხური და ყველა მასალას სომხურად ვთარგმნით).მოიფიქრე კარგი სათაური, გთხოვ!
       ყველაზე რთული სათაურების მოფიქრებაა. ისეთი სათაური უნდა მოიფიქრო, სტატიას რომ წაგაკითხებს. ასეთ დროს მინდა, რომ  ერთი ჩვენი ტრენერის სათაურების წილი ტვინი მქონდეს. წამში მოიფიქრებს ისეთ მოქნილ სათაურს, მე მთელი კვირა რომ ვიფიქრო, აზრად არ მომივა.
     შაბათი  კვირის ერთადერთი დღეა, როცა ყველაზე ხშირად ვბრაზდები. ოღონდ არავის  ვეჩხუბები, ჩემთვის ვბუზღუნებ, ვიმუქრები და  მერე ორშაბათამდე მავიწყდება.  
       შაბათს ყავასაც მე ვადუღებ, იმიტომ რომ სხვა დღეებში ვინც მიდუღებს, ის ამ დღეს ისვენებს. 
       მერე ვიწყებთ: პირველი გვერდი, მეორე, მესამე... მეთორმეტე. რუბრიკები, ფოტოები, ფოტოების წარწერები. ყველაზე მეტად ბოლო ნაბიჯები მიყვარს, აწყობილი გაზეთს ა4-ზე რომ ვბეჭდავთ, ასეთი სახითაც რომ შევამოწმოთ, სადმე რამე არ გაიპაროს...
       ახლა 2010 წლის მეორე სამუშაო შაბათია და ყველაფერი კარგადაა. ამ წელს გამოსული ორივე ნომერი მომწონს. ისეთი არაა მე რომ მინდა, მაგრამ ამ პერიოდის კვალობაზე კარგია. სხვაგან არ ვიცი, მაგრამ ჩვენს რეგიონში იანვარი ყველაზე მკვდარი თვეა. 
       ერთი სტატიის სათაურზე მეფიქრება, არ ვიცი რამდენად მოქნილია... საერთოდ სათაურები ჩემი სუსტი წერტილია, ალბათ ამიტომაა, ყველგან ყველაზე დიდხანს სათაურებს რომ ვუკირკიტებ. ოღონდ იშვიათად მომწონს რამე. არ მიყვარს სათაური ლიდზე დიდი რომაა.... 
       ხვალ ვისვენებ! კინოს დღე მაქვს! ოთარ ჭელიძესაც უნდა დავაყენო საშველი, რაღაც ძალიან გამიჯანჯლდა...



შუაგულ თოვლში

თოვლის ხალიჩაზე
ვიღაცის მარტოხელა ნაფეხურს ვხედავ
და
ჩემს გულს ეცნობა
ნუთუ შენ!
ამდენი ხნის დავიწყების შემდეგ
უკვალავ თოვლში
იმისთვის ამოხვედი, რომ
ჩემთვის
ჩემი გულისთვის
ჩემი თვალისთვის
და ჩემი ფეხის დასადგმელად
ობოლი ნაკვალევი დაგეტოვებინა...


მარიამ რატიანი

ეს ძალიან მიყვარს!

მამშვიდებს:)



დღეს იმდენი ვიარეეეე! სამი სოფელი, საშინელი გზა... დავიღალე:( ეს მჭირდებოდა ზუსტად.

თაზოს ბებიის ”ლავ სთორი'', ჩემი ბებია და შემწვარი ვაშლი

'' ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის ბალანსზე 7 შვილი და 18 შვილიშვილი ირიცხება''- ო. სულ რამდენიმე წუთის წინ ”თავისუფალი სიტყვის ბლოგზე” წავიკითხე, მომეწონა, დამთბა, კარგი პოსტია, რაღაცნაირი თბილი, გემრიელი. მაგრამ, არ გეგონოთ ბლოგის მიმოხილვას ვაპირებდე :)) ამ ჩანაწერმა ჩემი ბებია გამახსენა. ოღონდ, ბებიის გახსენებაზე, პირველი, რაც თვალწინ დამიდგა, დიდ, ლურჯ ბარხატის ალბომში სათუთად ჩაკრული მისი შავ-თეთრი ფოტოებია: ლამაზი თვალებით, კოხტად გამოწყობილი ქალი გიყურებს. ”უყვარდა ბებიაშენს ლამაზად ჩაცმა, პატარები რომ იყავით ახალ და ლამაზ ტანსაცმელს თუ არ ჩაგაცმევდათ, ეზოში არ გაჰყავდით; ავად იყო, უჭირდა, მაგრამ მაინც ყველაფერი ეხალისებოდა; არ ეზარებოდა ქალაქში წაეყვანეთ იმ ხნის ქალს ფოტოების გადასაღებადო”, - იხსენებს ხოლმე დედა.

5 წლის ვიყავი ბებია რომ დაიღუპა და ბუნდოვნად მახსოვს. ფოტოებითა და სხვისი მონაყოლით ვიცი მის შესახებ.

ბებიასა და ბაბუას ”ბალანსზე” (თაზოს დავესესხები, მომეწონა ეს სიტყვა) 3 შვილი, 9 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილია (მალე მესამე შვილთაშვილიც გაჩნდება). ოღონდ შვილთაშვილებს ვერც ბებია მოესწრო და ვერც ბაბუა, ის კი არა და, ბებია მე-8 და მე-9 შვილიშვილსაც ვერ მოესწრო.

ჩემი ძმა რომ დაიბადა (ოჯახის გვარის გამგრძელებელი, რომელსაც წლები ელოდებოდნენ) 9 წლის ვიყავი და მახსოვს, ყველა ამბობდა ამას ქეთო (ბებია) რომ მოსწრებოდა, აღარ მოკვდებოდა, ახლა ალბათ ”საფლავში ტრიალებსო” (ასეთი თქმა იცოდნენ ჩემს სოფელში).

ბაბუა მესიზმრება ხოლმე, ხშირად და ყოველთვის კარგის მომასწავლებელია მისი დასიზმრება. აბიტურიენტობისას და სტუნდტობისას ყველა გამოცდის წინ მესიზმრებოდა და ვიცოდი, რომ კარგად ჩავაბარებდი. ახლაც, რთული დღე რომ მაქვს, ღამით თუ დამესიზმრა, ვიცი, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. ბებია არასოდეს არ დამსიზმრებია, არ ვიცი რატომ, ზოგჯერ სანთელს რომ დავანთებ და ველაპარაკები, ვეუბნები, ერთხელ მაინც დამესიზმრე-თქო, მენატრება, მაგრამ არ მესიზმრება. იქნებ იმიტომ, რომ მისი სახე კარგად არც მახსოვს, არ ვიცი...

მშურს, ოღონდ თეთრი შურით თაზოსი (რომელსაც არ ვიცნობ), მარტვილში ჩასულს უამრავ საინტერესო ამბავს რომ უყვება ბებია და კიდევ სხვებისაც, ბებია და ბაბუა რომ ცოცხალი ჰყავთ, ან ბევრი კარგი მოგონება აქვთ .

სულ ვფიქრობ, როგორ ვიცხოვრებდი ახლა ცოცხლები რომ იყვნენ.... არ ვიცი... არც ის ვიცი, რა საჭმელებს გააკეთებდა ბებია, რას მასწავლიდა, რას მომიყვებოდა... მაგრამ ერთი ვიცი: არ იქნებოდა გამოკეტილი და მიტოვებული ჩემი სოფლის სახლი, რომელიც ძალიან მიყვარს, არ იქნებოდა მორყეული ღობე, ჩამოშლილი კედელი, გაყინული ოთახები.... გვეყოლებოდა პატარა ძაღლი ეზოში და მე ყოველ დასვენების დღეს წავიდოდი მათთან, ბებიის შემწვარი ვაშლები რომ მეჭამა (ახლა გამახსენდა, ვაშლს ყუნწთან ამოჭრიდა, შაქარს ჩაყრიდა, ან თაფლს ჩაასხამდა და ღუმელში გემრიელად წვავდა ხოლმე)....

რაღაც სენტიმენტალური ჩანაწერი გამომივიდა, მაგრამ ბლოგერები ხომ რაღაცნაირი სენტიმენტალურები ვართ, ასე მგონია სხვაგვარად ვერც დაწერ...

ახლა არ მაქვს, მაგრამ ოდესმე ბებიის ფოტოს დავდებ :) ამ თბილ პოსტში შემწვარი ვაშლის ფოტოს ჩასმა არ მინდა:))

დამეხმარეეეეეთ!

ვისაც შეგიძლიათ გეხვეწებით დამეხმარეთ, ვერ ვდებ ვიდეოფაილებს ბლოგზე!ალბათ გამოვრთე ეგ ფუნქცია, არ ვიცი! ვერაფერს ვხვდები:(( როგორ გავასწორო მასწავლეთ რა:)))

ნატვრისმაგვარი

მე მინდა რაღაც ახალი
და რაღაც უფრო სხვა...
ცა მინდა უფრო მაღალი
და უფრო ვრცელი _ ზღვა...

ნურც ცა იქნება მაღალი,
ნურც უფრო ვრცელი _ ზღვა,
ოღონდ რაიმე ახალი,
ოღონდ რაიმე სხვა.

ვ.კოტეტიშვილი

განწყობისთვის...

შავ ასფალტზე
თეთრი ცარცით
დახატული კონტურები...
ქუჩის პირზე გადმოსული
სახლები და ქონგურები
ჩამოფანტელფიფქთოვდება
და ამ ღამით ბლომად დადებს
თეთრი თოვლი მოვა ისევ
და ისევ გაგვიფერადებს
განწყობას და მონატრებას
შენს კაბას და ქვედა ბოლოს
ვიღაც ბუხარს მიუჯდება
ჩიბუხი რომ გააბოლოს
ვიღაც ციგას გამოიტანს
ვიღაც მორთავს ნაძვის ტოტებს
ვიღაცა კი მოიგონებს
დრო რა დინჯად მიაბოტებს

მე კი მოგიყვები ამ ლექს...
მოგიყვები როგორ დადო
გაკოცებ და შევეცდები
ცხოვრება გაგიფერადო


მიყვარს! http://www. lasharela.blogspot.com - ამ ბლოგიდან მოვიპარე:) 
იმედია ამ ქურდობისთვის არ დამსჯიან:(

თოვლი

თეთრი დათვივით მოვიდა თოვლი
და მხარზე უხმოდ დაგვადო თათი.
თეთრი ფიფქები ცვიოდნენ თრთოლით,
ჩვენ არ გვესმოდა ჩურჩული მათი.

ჩვენ შინ დავბრუნდით შორ გზაზე მოვლით,
ჩვენ თვითონ თოვლის ფანტელებს ვგავდით.
თეთრი დათვივით გამოგვყვა თოვლი
და აივანზეც შემოჰყო თათი


ვახუშტი კოტეტიშვილი

წვიმა, ძილი, სამსახური და პომპიერო


4 თუ 5 დღეა წვიმის ხმაზე ვიძინებ და ვიღვიძებ. :(( ჩემთვის ეს ქრონიკულ დეპრესიას ნიშნავს! საშინლად არ მიყვარს წვიმა, მითუმეტეს როცა გასასვლელი ვარ.(აბა რა საყვარელია წვიმა?! ძლივს დალივლივებული თმა წამში აგეხვევა, ქუჩა უნდა გადაცურო, მანქანა გამოივლის და კედელს უნდა აეკრა, ქოლგა თუ არ ჩამოგეცვა თავზე, ე.ი. გაგიმართლა . პ.ს. ქოლგა არ მიყვარს! ძირს ქოლგა!

მოკლედ, ერთი მიზეზი მითხარით და გპირდებით შევიყვარებ:)))

იანვარი რომაა და გადაუღებლად რომ წვიმს, გარეთ თოვლის, სითეთრისა და სილამაზის ნაცვლად მუხლამდე ტალახი რომაა და ქუდისა და ხელთათმნების ნაცვლად ქოლგით რომ უნდა იარო, ეს ხომ მთლად უბედურებად მეჩვენება.((((

თუ წასასვლელი არსად ვარ, კაი, იწვიმოს! (პ.ს. სულ მე მეკითხებიან ზეცაში გავწვიმდე თუ სადმე ხარ გასასვლელიო:)))) ასეთ დროს უნდა დაჯდე სადმე თბილად, ვთქვათ, ბუხართან, პლუს:  ბლომად სასუსნავი, დედის მოხარშული ვაშლის კომპოტი, თბილი ფაჩუჩები, მუხლებზე ლეპტოპი, (ინტერნეტი რა თქმა უნდა) და .... ნეტარებაა რააა. მიეთბე ბუხარს და გადაეშვი ვირტუალურ სამყაროში, წერე და იკითხე რამდენიც გინდა. მერე რა, რომ წვიმს, პირიქით, განგაწყობს წვიმის წვეთების მონოტონური წკაპა-წკუპი წერისთვის და წავიდა: წკაპ-წკუპ ფანჯარაზე, წკაპ-წკუპ კლავიატურაზე.....

კარგია, მაგრამ შორია :(((((

დღეს სამსახურში გავედი, 20-დღიანი დასვენება დასრულდა. დღეს დილითაც წვიმდა, თუმცა დილით რა, მთელი ღამე წვიმდა ისევ. ასე მგონია, წვიმის პლანეტაზე ვცხოვრობ და მთელი ცხოვრებაა წვიმს :)

ცოტა არ იყოს გამიჭირდა.:( დილით ძლივს გამაღვიძეს, ხუმრობა ხომ არაა ამდენი ხნის დილისძილს უცებ გამოემშვიდობო და 9 სააათზე გაიღვიძო. ისევ ჩვეულებრივად, ერთი საათი მაღვიძებდნენ და ერთი საათი ვიმეორებდი აი ვდგები, ხო, ვდგები! ავდექი უკვე! და 10 საათზე ძლივს ავდექი:)

მერე ისევ ჩვეულებრივად, ჩაცმა სირბილით (არ ვაჭარბებ:))) , მდუღარე ყავა, გზადაგზა შეკვრა თმის და მანტოს ბოლო ღილის ))) მობილურის ზარი: თამო! გამოვედი, პარკთან გელოდები! შეხვედრა შეხვედრის უცვლელ ადგილზე, გაქცევა სამსახურში და შემხვედრი ნაცნობებისთვის ჩაქროლებით მიძახებული ღიმილიანი გამარჯობა (ოღონდ ღიმილს ვერ ამჩნევენ) :)))) მერე  სირბილის რიტმს  აყოლილი ქრონიკული მესიჯები: ადგააა! გემზადააა! წამოვიდაააა! სად ხართ! გელოდებით! დროზე! აგვიანებთ! ძილისგუდებო! ზარმაცებო! და ა.შ.

მერე მოკითხვები, თათბირები, დაგეგმვა, სირბილი, წერა და წუწუნი რესპონდენტების მისამართით: მემალება! არ მპასუხობს ტელეფონზე! არ დამხვდა! მესამედ ავასკდი მეხუთე სართულს და კიდევ არ იყო! არ მომცა კომენტარი და ასე შემდეგ! (ოღონდ ეს სულ ასე არ არის, საბედნიეროდ! :))))

მოკლედ, მუშაობა განვაახლეთ დღეს და მივხვდი, მომნატრებია. მივხვდი, როგორ მოვდუნებულვარ ამ 20 დღეში, როგორ ჩამოვრჩენილვარ მოვლენებს:))) რამდენი რამ მომხდარა და მე არ ვიცოდი! მიხარია, მიხარია, რომ ხვალ ადრე უნდა ავდგე, მიხრია რომ ისევ უნდა გავვარდე ქუჩაში, მიხარია, რომ ყველაფერი მეცოდნიება რაც ხდება და რაც უნდა მოხდეს ისიც! არადა, მეგონა რომ ისევ სახლში მინდოდა.

ისეთი ენერგიული და აჟიტირებული დავბრუნდი სახლში, ალბათ პირველი ერთი საათი გაუჩერებლად ვყვებოდი რაღაცეებს, მონოლოგი მქონდა:)). მომდევნო ერთი საათი მამაჩემთან ერთად ვარჩევდი: უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს,  იუშენკო-ტიმოშენკოს პოზიციებს, 2000 ქართველი ``დამკვირვებლის`` საკითხს, ქართული სოდისა და კუდის ``მოგზაურობის`` ამბებს, ფეისბუკის დისკუსიებს ამ საკითხზე, რეგიონში ბოლო დროს მომხდარ საკადრო ცვლილებებს, მწვანეშარვლიანი პრეზიდენტის გამოსვლას ბაკურიანში და ა.შ. იქამდე,  ვიდრე დედაჩემის სახეზე არ წავიკითხე: ნეტა გაჩუმდებოდე! :)))

მერეღა გამახსენდა, რომ ლამის ისევ მანტოთი ვიჯექი და მთელი დღის მშიერი ვიყავი.

სამსახურის გავლენა მაშინაც ვიგრძენი, კომპიუტერთან მისულმა ერთდროულად რომ გავხსენი რამდენიმე საინფორმაციო ვებ-გვერდი. მრცხვენია, მაგარამ ცოდვა გამხელილი სჯობს და... არცერთი მათგანი არ გამიხსნია (წაკითხვაზე ლაპარაკიც ზედმეტია) დასვენების პერიოდში :(((

მაშ ასე, ხვალიდან ისევ ფორმაში ვარ, აგვისტომდე. ვგრძნობ, როგორ ამიჩქროლდა ძარღვებში სისხლი, დამიგრძელდა ყურები და ცხვირი. მაპატიეთ, ზოგჯერ ისევ ``მომესმინება``  სხვისი საუბარი ქუჩაში და ისევ ჩავყოფ ცხვირს სხვის საქმეშიც, თუ ეს საქმე ჩემი საკბილო იქნება და ჩემს ჩარევას მოითხოვს.

ხვალ (უკვე დღეს, რადგან 1:59 აჩვენებს კომპიტერი) უკვე პირველი გასვლა მაქვს,  ნათლისღებაა! დილით სოფელ ივლიტაში, ღვთისმშობლის სახლეობის ეკლესიაში დავესწრებით წირვას და მდინარე ფოცხოვზე წყლის კურთხევას.

გილოცავთ ყველას ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს. ღმერთი გფარავდეთ!

``ღამე შორენასთან``

ამ ბოლო დროს იმდენს წერენ და ლაპარაკობენ გადაცემაზე ``ღამე შორენესთან``, რომ დღეს გადავწყვიტე მენახა. მაინტერსებდა რა იყო ასეთი, ამდენი ყურადღება და აღშფოთება რომ დაიმსახურა. თუმცა რა, ეს არც მიკვირს, შავი პიარი ხომ ყველაზე მაგარი პიარია.



მოკლედ, კარგად მოვეწყვე ტელევიზორთან და სმენად და თვალებადქცეული მივაჩერდი ცისფერ ეკრანს და ნახევრად შიშველ შორენას.

დღეს ალბათ გამეორება იყო, იმიტომ,რომ ამას წინათ ჩემი მეგობარი მიყვებოდა ზუსტად ამ გადაცემაზე რაღაცას. თუმცა რა, პირველად ვუყურებდი და მაინც ბოლომდე ვუყურე.

არ მინდა ზერელე კრიტიკა გამომივიდეს, არ მაქვს პრეტენზია, რამეზე, უბრალოდ ჩემს მოსაზრებებს დავწერ. პირველი, რა,აც ძალიან გამაღიზიანა, შორენას ყალბი ხმა, ყალბი და უადგილო, ძალით სექსუალური ღიმილი და დაძაბულობაა. ძალიან დაძაბული მომეჩვენა ეკრანზე, არადა ასეთ თამამ განცხადებას რომ აკეთებ (გადაცემას ვგულისხმობ), მინიმუმ კომლექსები მოხსნილი უნდა გქონდეს.

თემა სექსუალური პროფესიები იყო. გადაცემის წამყვანი თავადვე ატარებდა ქუჩაში გამოკითხვას, კითხვა ასე ჟღერდა: ``რომელი პროფესიის ქალი უფრო სექსუალურია`` (ისე, მე მგონი ''რა პროფესიის'' უფრო მართებული იქნებოდა). გამოკითხვისას შორენამ დაასკვნა, რომ ქართველი მამაკაცები სექსუალურ ქალებად მსახიობებს მიიჩნევენ და შესაბამისად, ყველაზე მეტად მსახიობი ქალები მოწონთ.


სექსუალური პროფესიოების ხუთეული ასეთი გამოვიდა:

5 ადგილი  -  ამინდის პროგნოზის წამყვანი ქალი.  
და აქვე, შორენას განმარტება: ``მათი ჰაეროვანი მოძრაობა მამაკაცებს ყველაფერს ავიწყებს და მათთვის სულერთია, როგორი ამინდი ელით``?!
4 - პოლიციელი ქალი; ამაკაცსაც უჩნდება სურვილი უსიტყვოდ დაემორჩილოს ქალს და მის მოთხოვნაზე (ეს სიტყვა ხაზგასმით) ამოიღოს (აქაც აქცენტი და პაუზა) საბუთები .... (აღარ გავაგრძელებ)
3 - მასაჯისტი ქალი; კბილებით მასაჯის სიამოვნება და რაღაც ამდაგვარ ბოდვა
2 - მდივანი ქალი; აგერ! ესეც სტერეოტიპი, რომ ყველა მდივანი უფროსის პოტენციური საყვარელია .
1 - მედდა; თეთრი ხალათის ქვეშ დამალული და ასე შემდეგ...


მოკლედ, გიხაროდეთ მედდებო, თქვენ ყველაზე სექსუალურებად გაღიარეს ქართველმა მამაკაცებმა შორენას დასკვნით :))) ჩვენც ამიტომ გვირჩია ალბათ, ზოგჯერ მედდებად ვიქცეთ ლოგინში: ``ეს არ ისე მტკივენული პროცედურაა!! ჩაიწიე შარვალი!`` :))
 

ახლა წარმოიდგინეთ დაღლილი და განერვიულებული ქმარი რომ მივა სახლში, ერთი სული აქვს, როდის დაიძინებს და ამ დროს ცოლი ეუბნება: პაციენტო!. ჩაიწიე შარვალი!``..:)))))

 
მოკლედ, არ ვიცი, ეს არის გადაცემა სექსზე, რომელშიც არცერთი კომპეტენტური პირი არ მონაწილეობს და სადაც ავტორიც, წამყვანიც, ჟურნალისტიც, მოქმედი გმირიც და ზოგჯერ ექსპერტიც  შორენა ბეგაშვილია (ხუთივე პროფესია მოირგო გადაცემაში) . ერთი სექსოლოგისთვის მაინც ეკითხა აზრი და მისი პირით მოეცა რჩევები, ეკრანიდან რომ გვმოძღვრავდა, როგორ გავიმრავალფეროვნოთ სექსუალური ცხოვრება.

რაღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რაც უნდა იმას აკეთებს და ნაკლებად ფიქრობს იმაზე, გადაცემა სასარგებლო იყოს.

აი მაგალითად, სჯობდა მასაჯების შესახებ სხვა კუთხით მოეწოდებინა ინფორმაცია, ვიდრე მისი მასაჯებისთვის გვეყურებინა და მისი კვნესა გვესმინა...

მე არც კრიტიკოსი ვარ და არც კომპეტენტური, შენიშვნები რომ მივაწოდო გადაცემის პრდიუსერს. არც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი ვარ და რომც ვიყო მაინც არ გამოვიდოდი ქუჩაში ლოზუნგებით: გაირყვნა ხალხი!  რას გავს ეს შორენა! რას უშვრებით ჩვენს ბავშვებს! და ასე შემდეგ, მაგრამ უბრალოდ პროტესტს იმით გამოვხატავ, რომ ამ გადაცემას აღარ ვუყურებ და თუ ვინმე აზრს მკითხავს, დაახლოებით იმას ვეტყვი, რაც აქ დავწერე. მსგავსი ქმედება საბოლოოდ დასცემს გადაცემის რეიტინგს და ალბათ არხის ხელმძღვანელობაც დაფიქრდება, ღირს თუ არა საეთერო დროის დაკარგვა მსგავსი გადაცემებისთვის.

იმედია, არავინ დამწამებს, რომ ხალხს ბოიკოტისკენ მოუწოდებსო:))) უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი.

მე და სხვა



16 იანვარია, ღამის 4 საათი....ყველას სძინავს... ოთახში მშვიდი ფშვინვა ისმის, გარედან წვიმის ხმა შემოდის.... არ მეძინება....  ვზივარ და ვწერ....

საერთოდ ამ ბოლო დროს უძილობა დამჩემდა. ეს ალბათ ფიქრების ბრალია, იმ ფიქრების, დაწოლისთანავე რომ ამეკვიატებიან და მოსვენებას არ მაძლევენ... იწყება, იწყება და აღარ მთავრდება, ვიქექები წარსულში, ჩემი და სხვისი; ვეძებ შეცდომებს, ჩემსას და სხვისას; ვცვლი რაღაცეებს, ჩემთან და სხვასთან; ვგეგმავ ხვალინდელ დღეს, ჩემსას და სხვისას; მერე ფიქრებით ვბრაზდები, ჩემზე და სხვაზე; ფიქრი არ მეშვება და მერე უფრო ვბრაზდები... მერე ისევ ვფიქრობ, ოღონდ უკვე სიზმარში, ხან ფერადად, ხან შავ-თეთრად და არასოდეს მხოლოდ თეთრად.... პერსონაჟი იქაც ორია.... სიზმარშიც ვბრაზდები...

16 იანვარია და წვიმს! უჩვეულო ზამთარია, რაღაცნაირი თბილი, წვიმიანი, გამაბრაზებელი... შარშან ამ დროს თოვლი იყო, შარშნწინაც , იმისწინაც და საერთოდ ამ დროს ყოველთვის თოვლი იყო.....

მინდა მოთოვოს! მიყვარს თოვლი, ყველაფერი თეთრია, თეთრი და ლამაზი.... ფიქრებიც თეთრდება და პერსონაჟების რაოდენობაც ნახევრდება.....

მინდა, ხვალ რომ გავიღვიძებ თოვლი იყოს... თოვლი და მხოლოდ ერთი, თეთრი ნაკვალევი.....

ბედობაც ასეთი უნდა!



ბედობაც მიილია :))) დღეს დამებედააააააა, უკეთესს ვერ ინატრებდა კაცი! ჯერ იყო და პირდაპირ ლოგინზე დამადგნენ სტუმრები და მერე მთელი დღე ჭურჭელი ვრეცხე!

სტუმრები კარგია, სტუმრების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მთელი დღე წყალში რომ უნდა გქონდეს ხელები და ათასი თეფში, ქვაბი და ტაფა გარეცხო, გაამშრალო, თავის ადგილზე დაალაგო, ეს უკვე აღარ მომწონს!

არადა ისე ტკბილად მეძინა, ვიფიქრე ორი დღეღა დამრჩა , დავტკბები ამ თავისუფლებით, გვიან ავდგები და ბოლოსდაბოლოს დავწერ ამდენ დასაწერებს მეთქი! მაგრამ....

მე მგონი მართლა კარგია, როცა სტუმრები წინასწარ გირეკავენ. არა, არ ვამბობ მოსვლის ნებართვა გვთხოვონ და თავისი საჭმელი წამოიყოლონ, მაგრამ რომ დაერეკათ, პიჟამოსამარა ნამდვილად აღარ დავხვდებოდი:)))

მაგრამ ქართველები ხომ სტუმართმოყვარე ერი ვართ. არ გვაქვს? სტუმრისთვის უნდა გავაჩინოთ! არ გვცალია? სტუმრისთვისუნდა მოვიცალოთ! არ ვართ ხასიათზე? სტუმრისთვის უნდა გავხალისდეთ და ასე:))) მოკლედ ყველაფერი ვიცით, საკუთარი თავის დაფასების და საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრების გარდა!

რაღაც ძალიან გაბრაზებული პოსტი გამომივიდა, მაგრამ მართლა დავიღალე დღეს, თან ამ ბედობას ჭურჭლის რეცხვა რომ დაგებედება, ვერ იქნები კარგ ხასიათზე!

ისე, ვითომ მართალია ეს ბედობა? თქვენ როგორ გგონიათ? ჭურჭლის მრეცხავობას, ოფიციანტობას, ან რამე მსგავსს  ხომ არ მიმზადებს ბედი?

 დედაჩემმი კი ამბობს, დიასახლისობა და ოჯახი დაგებედაო, მაგრამ მე ჩემი ვარაუდი უფრო მგონია :)))

2009 წელი - შეფასება

30-ში დავამთავრე სამსახური და 18-მდე თავისუფალი ვარ! აღარც დილით ადრე ადგომა, აღარც სირბილი სართულიდან სართულზე... კაია, მაგრამ ვხვდები, რომ ძალიან გამაზარმაცა. ბლოგზე წერაც მეზარება... არადა დასაწერი ბევრია...

მინდა გასული წელი შევაჯამო, მაგრამ პრობლემა ისიცაა, რომ ბევრი არაფერი მახსენდება. ვზივარ ახლა და ვფიქრობ, ნუთუ არაფერი მოხდა 2009-ში ისეთი, ახლა უცებ რომ გამახსენდება და გაბრწყინებული თვალებით დავწერ.

ალბათ გზადაგზა გამახსენდება, ზოგი პირადი, ზოგიც სამსახურეობრივი ცხოვრებიდან. თუმცა რა, ზოგჯერ ვეღარც ვარჩევ  სად იწყება პირადი და სად სამსახურობრივი. ისეთ კავშირშია ყველაფერი, ისე გამომდინარეობს ერთმანეთიდან, არც ღირს დაყოფა ალბათ.

პირველი და ყველაზე კარგი რაც გამახსენდა, ეს ბლოგია. სულ მინდოდა ბლოგი მქონოდა (მაქვს და ახლა რაღაც ალღო ვერ ავუღე, მაგრამ...). რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ რაღაც არ მომწონდა. მეგობარმა გამიკეთა პერსონალური გვერდი და ისეთიპირადული გამოვიდა, ისეთი რამეები მეწერებოდა, რომ უუუუ! აზრზე რომ მოვედი წავშალე ყველაფერი. ხშირად შეიძლება არ დავწერო, მაგრამ აქ რომ შემოვდივარ ვმშვიდდები, რაღც სხვა სამყაროში ვარ:)) პრინციპში ეს ხომ მინი სამყაროა, ერთი მთავარი მცხოვრებით და სტუმრებით :)) მოკლედ, მიყვარს! ძალიან!

ხო, აი კიდევ, ზაფხულში მეორე სამსახური დავიწყე. დოკუმენტური ფილმების გადაღება. პირველი ფილმის გადაღების ემოციებს ვერასოდეს დავივიწყებ. (იმ ფილმს აუცილებად დავდებ აქ). იმ სამსახურის დამსახურებაა, ცოტა უფრო სერიოზუულად რომ მოვეკიდე ბლოგებს.

მქონდა უმაგრესი ზაფხული. ერთი თვე, კარგი დასვენებით, სიფლებიან-ქობულეთიან-ბერვ კარგ ნაცნობ-მეგობრებიანად!

გასულ წელს კარგი ადამიანების გაცნობის წელიც იყო. უუ! ამაზე აქამდე არ დავფიქრებულვარ (აი ბლოგის ერთ-ერთი პლიუსი, სხვა უამრავთან ერთად).

ხო, კიდევ იყო ბევრი კარგი სემინარი, მასტერკლასი, კონფერენცია, ბევრი წასვლა-მოსვლა და ზოგჯერ გულისწასვლამდე მგზავრობა ახალციხე-თბილისი-ახალციხის მიმართულებით.

იყო ბევრი დაბადებისდღე და რამდენიმე ქორწილი. ხო, ვისურვებდი, რომ წელს უფრო მეტი ქორწილი იყოს, ვიდრე შარშან.

მოკლედ კარგი წელი იყო, თან ჩემი წელი იყო. წლის დასაწყისშივე გავითვისე ასტროლოგების ნათქვამი, აბა თქვენ იცით ხარებო და მითუმეტეს მერწყულო ხარებოო და ცოტა არ იყოს გაამართლა.

ცოტა წლის ბოლო აღმოჩნდა ცუდი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩემი საყვარელი მობილური გამიფუჭდა. (იმდენად მიყვარს რომ ორი თვე ვერ გავიმეტე ხელოსნისთვის ჩამებარებინა მიზერულ ფასად. ორი დღის წინ გავყიდე და მენატრება. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ნივთი იყო. ოდესმე ერთ პოსტს დავწერ საყვარელ ნივთბზეც). და ყველაზე ცუდი, რაც მოხდა ის იყო, რომ მეგობარს მამა დაეღუპა. ამაზე დავწერე კიდეც ``საშინელი ზარი``

მოკლედ, წლის ბოლო თვეებმა არ გამიმართლა. არ მინდა სევდიან ნოტაზე დავამთავრო... მჯერა, რომ მომავალი წელი უფრო კარგი იქნება, ვეფხვივთ ძლიერი (მომწონს ეს პატარა ფრაზა) და ბევრ კარგ რამეს ჩამოვწერ ერთი წლის შემდეგ!

მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა ამის! თქვენ?

გილოცავთ!


 სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! ხოდა, მეც ცოტა
  ( 11 დღის :)) დაგვიანებით 

გილოცავთ ყველას შობა - ახალწელს! 

(რატომ ასე გვიან, ამაზე მერე დავწერ)

დიდებო, პატარებო, ქალებო, კაცებო,
გულშემატკივრებო, შემთხვევით შემოსულებო,
მოკლედ ყველას, ვინც ერთხელ, თუნდაც წამიერად
``დამხედა`` ყველაფერი საუკეთესო მინდა გისურვოთ!...

არ მინდა ვიყო ბანალური, მაგრამ ორიგინალურიც არაფერი მომდის ახლა თავში. უბრალოდ, ისეთი წელი იყოს 2010, როგორიც თქვენ გინდათ! აგსრულებოდეთ ყველაფერი, რაც გინდათ! შეგეძინოთ ყველაფერი, რაც აქამდე ვერ შეიძინეთ, მიგეღწიოთ ყველაფრისთვის, რაც ჩაფიქრებული გაქვთ!

მოკლედ, დაგბედებოდეთ ვეფხვის სიძლიერე, ბრძოლისნარიანობა, მტაცებლობაც (ყოველთვის ცუდი არაა)!


და ყველაფერი, ყველაფერი საუკეთესო!!!!

****

ფიქრმა როგორ შეძლოს გადარჩენა ჩემი,
იძირება ზღვაში მტრედისფერი გემი.
აღარაფერს ვნანობ, აღარავის ველი..
კი არ ვტირი, ისე... ჩემებურად ვმღერი.
ბილიკ-ბილიკ ნავალს ამერია გზები..
იქნებ მომატყუეს, იქნებ ისევ ვცდები..
აღარ შემრჩა ძალა, აღარაფერს ვდარდობ,
არ გეძახი, ისე... ჩემებურად გნატრობ..
ღამისფერი ნისლი დაეფარა თვალებს
და მიხურავს ქარი ჯერ არ გახსნილ კარებს..
ხანაც ვეგუები, ხან კი ვებრძვი იღბალს..
სხვანაირად არა, ჩემებურად მიყვარს

სახლი



ჩემს სახლს
სიცილის კედლებს ამოვუშენებ,


მყუდროების ჭერს დავახურავ და
სიმშვიდის იატაკს გავუფენ ფეხქვეშ.
თაროებზე ორ ლარად
ან ლამაზ თვალებად შეძენილ
ძველ წიგნებს

გემოს მიხედვით ჩამოვალაგებ.
ოღონდ კი იდგას სადმე
თუნდაც სახურავზე...  

მარი რატიანი

წერილი ნინოს





ჩემი დარდია ის,რომ დარდი საერთოდ არ მაქვს.
ჩემი ფიქრია ის, რომ ფიქრი ზღვისკენ გამირბის.
სახლში რომ ვიყო, დავკიდებდი ეზოში ჰამაკს,
არ ვიქნებოდი იმ ჰამაკში ასე ღარიბი,
სახლში რომ ვიყო, პარმაღის წინ დამღლიდა ჯდომა,
იმ სახლში კიდევ შენც რომ მყავდე, მაშინ რა მიჭირს,
მაგრამ სხვაგან ვარ უშენოდ და სიბნელეს ვზომავ
და ჩემს მხრებს უკან ქრება ყველა ჩემი ნაბიჯი.
ახლა ღამეა და ვერაფერს ვუხერხებ ნატვრებს,
არც ძალა მყოფნის, რომ ეს გული ისევ ჩავრაზო,
მინდა გიყვარდე ,ისე როგორც გიყვარდი ადრე,
მინდა მიყვარდე ისე როგორც...როგორც არასდროს


(დილა)ადრიანო დოშკვენცი





****

მერე რაა,რომ გარეთ ქარი თმებს უწეწავს შემოდგომას?
მერე რაა,რომ მე და ლექსი ერთად ვებრძვით უშენობას?
მერე რაა,რომ მალე თოვლი ზაფხულისას მოშლის ხვატებს?
მერე რაა,რომ იანვარი კიდევ ერთ წელს მომიმატებს?
მერე რაა,რომ შემეჩვია ცოტა ცრემლი,სევდაც ცოტა?
მერე რაა,რომ ჩემი თავი ერთი წუთით შემეცოდა?
მერე რაა,რომ კიდე დავწერ შენს თავს იქაც დაგანახებ,
მერე რაა,რომ მეშინია ნაპოვნიდან -დაკარგვამდე.

დე

- დე...
- მეთამაშე, დე...
- მეძინება, დე...
- ზღაპარი მომიყევი, დე...
- მაკოცე ,დე..
- მომეფერე, დე...
- მიყვარხარ, დე...
- მშია, დე...
- წავალ რა, დე...
- მომწონს, დე...
- მგონი მიყვარს, დე...
- პატარა აღარ ვარ, დე...
- გავთხოვდი, დე...
- მივდივარ, დე...
- რომ მოვიცლი გნახავ, დე...
- მეც მენატრები, დე...
- რა გჭირს, დე...
- გეხვეწები, დე...
- არ მოკვდე, დე...
- არ დამტოვო, დე...
- მშვიდობით, დე...

ყველაზე ერთგული მეგობარი

კვირა დღე მიყვარს - მობილური ქრონიკულად, ყოველ ხუთ წუთში, არ რეკავს და ხელის ცეცებით არ დაეძებ ბალიშის ქვეშ, რომ გათიშო და კიდევ ხუთი წუთი "მოიპარო" ძილისთვის; აბაზანაში ნახევრადმძინარი არ შედიხარ, ცივმა წყალმა რომ მაინც მოგიყვანოს აზრზე; არც მდუღარე ყავით იფუფქავ პირს (არც სარკესთან დგას ჭიქა, შესაბამისად არც სუნამოს სუნი გადადის ჯერ ჭიქაზე და მერე შენს პირში)...

მოკლედ, მთელი დღე შენს განკარგულებაშია და არაფერი გიშლის ხელს, რომ სასიამოვნოდ და სასარგებლოდ გაატარო...

როგორი იყო წინა კვირა დღე არ მახსოვს:)) ეტყობა განსაკუთრებული არ ყოფილა, თორემ სულ რაღაც 7 დღის წინანდელი ამბავი, კი უნდა გახსოვდეს, თუ მაინცდამაინც მეხსიერების პრობლემები არ გაქვს ... პრინციპში არც მიკვირს :)) საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრება ალბათ ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე(თ):(

განსაკუთრებული არც ამ კვირას გამიკეთებია რამე. უბრალოდ, მეგობრის რჩევით, ერთი ძალიან კარგ ფილმს ვუყურე და ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, არ შემიძლია არ დავწერო.

”ჰაჩიკო-ყველაზე ერთგული მეგობარი” - ასე ჰქვია ფილმს. დრამაა, 2009 წელს გადაღებული. ლასე ჰალსტრემის რეჟისორობით. მთავარ როლში რიჩარდ გირია.

ფილმის შინაარსი

ფილმი რეალურ ამბავზეა გადაღებული, რომელიც 20-იან წლებში იაპონიაში მოხდა. მატარებლის სადგურზე პროფესორი პატარა ძაღლს იპოვის და რადგან პატრონი არ გამოუჩნდება, თავადვე ზრდის. ჰაჩიკო (ასე ქვია ძაღლს) ყოველდღე აცილებს პატრონს სამსახურში და საღამოს, 5 საათზე, სადგურზე ხვდება. პროფესორი ცდილობს ნივთების მოტანა ასწავლოს ძაღლს, ზოგჯერ თვითონ დადის ოთხფეხზე და გადაგდებული ნივთები პირით მიაქვს ძაღლთან, მაგრამ არაფერი გამოდის. ბოლოს იფიქრებს, რომ ამ ჯიშის ძაღლებისთვის ეს ჩვევა უცხოა და თავს დაანებებს. ერთ დილას ჰაჩიკო სამსახურში არ გაყვება პროფესორს. უკვე მატარებლის სადგურს მიახლოვებული პროფესორი დაინახავს რომ ძაღლი მორბის და პირით ის პატარა ბურთი მოაქვს, რომლის მოტანაც ვერაფრით ვერ ასწავლა. იმავე დღეს, მოულოდნელად, პროფესორი გულის შეტევით იღუპება. ძაღლს მისი ქალიშვილი წაიყვანს სახლში, მაგრამ არ ჩერდება. ყოველ დღე ხუთ საათზე იმ სადგურზე მიდის, სადაც პატრინს ხვდებოდა ხოლმე. ასე გაგრძელდება 9 წლის განმავლობაში. განსაკუთრებით სევდიანი ფილმის ბოლო კადრია, პროფესორის ცოლი იმ სადგურზე გაივლის და უკვე ძალიან დაბერებულ ძაღლს დაინახავს, რომელიც ზუსტად იმ ადგილას ზის, სადაც ყოველდღე ხვდებოდა პატრონს და სადაც ელოდა მთელი 9 წელი. იცით როგორი სცენაა, ცოლიც ტირის, თითქოს ძაღლიც და უნებურად შენც გეტირება :(((
მოკლედ, ძალიან თბილი ფილმია და არარსებობს უყურო და არ იტირო.

ფილმმა ისე დამაინტერესა, როგორც კი დამთავრდა ინტერნეტში ინფორმაციების მოძებნა დავიწყე. აღმოვაჩინე, რომ ამ ისტორიაზე უამრავი ინფორმაცია დევს.ზოგან ჰაჩიკო ქვია ძაღლს, ზოგან ხატიკო.

”ხატიკო დაიბადა 1923 წელს იაპონიაში ფერმერის სახლში, ფერმერმა ლეკვი აჩუქა იაპონელ პროფესორს, მან დაარქვა ლეკვს სახელი ხატიკო რომელიც იაპონურად ნიშნავს 8-იანს. ეს არის სიმშვიდის და ერთგულების სიმბოლო. როცა პატრონი გარდაიცვალა, ხატიკო 18 თვის იყო. 1932 წელს ძაღლი შეამჩნია უენოს ყოფილმა სტუდენტმა. მასზე შეაგროვა ინფორმაციები და რამდენიმე სტატია მიუძღვნა. სტატიის გამოსვლის შემდეგ ძაღლი მთელი იაპონიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ის იქცა ერთგულების სიმბოლოდ იაპონიაში. ცნობილმა იაპონელმა მოქანდაკემ 1934 წელს შექმნა ჰაჩიკოს ქანდაკება , რომელიც დაიდგა სიბუიას სადგურზე. ქანდაკების დადგმიდან სულ რამოდენიმე თვეში, 1935 წლის 8 მარტს, ჰაჩიკო გარდაიცვალა”. (სხვადასხვა საიტებიდან ამოვკრიბე ეს ინფორმაცია).

მე-2 მსოფლიო ომის დროს ქანდაკება დაზიანებულა. 1948 წელს, პირველი ქანდაკების ავტორის შვილს, ტაკეში ანდოს გადაუწყვეტია მისი აღდგენა. ახალი ქანდაკება დღემდე დგას სადგურის ტერიტორიაზე. ეს ადგილი თურმე ტურისტებისა და მთლიანად იაპონელებისთვის ყველაზე საყვარელი ადგილია.

რაც შეეხება ფილმე, პირველად 1987 წელს იაპონიაში გადაიღს ფილმი Hachiko / ჰაჩიკოს თავგადასავალი , ფილმი გახდა პოპულარული არამარტო იაპონიაში არამედ მთელ მსოფლიოში. 2009 წელს კი ჰოლივუდმაც მიუძღვნა ბიოგრაფიული ფილმი ძაღლს, რომელიც მთელი ცხოვრება პატრონის ერთგული იყო.

ძაღლის ჯიშის ისტორია

როგორც გავიგე, ჯიში სავარაუდოდ მე-17 საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა კუნძულ ხონსიუზე. საჯიშე გადარჩევის შედეგად მიიღეს უშიშარი ხასიათის ძაღლი, რომელიც საუკეთესო სამუშაო და სანადირო თვისებებით გამოირჩეოდა.
ჯიშის შესანარჩუნებლად 1927 წელს შეიქმნა საზოგადოება ”აკიტა-ინუ ხოზანკაი”. 1931 წლის ივლისში კი იაპონიის მთავრობამ აკიტა-ინუ ეროვნულ სიმდიდრედ გამოცხადდა. 1956 წელს დაფუძნებულ იქნა აკიტა-ინუს ამერიკული კლუბი. ამერიკაში ჯიში ძალიან პოპულარულია და 30 ყველაზე პოპულარული ჯისის სიაში შედის.
საკმაოდ ბევრი კამათის და დისკუსიის შემდეგ, ჯიში 1999 წელს საბოლოოდ გაიყო ორ ტიპად: იაპონური და ამერიკული. დიდი ზომის აკიტა-ინუ (ამერიკული) გადაყვანილ იქნა მოლოსების ჯგუფში, ხოლო იაპონური აკიტა-ინუ კი მეხუთე ჯგუფშია.

ჯიშის დახასიათება: ენერგიული, ხალისიანი და გულადი ძაღლი, დამოუკიდებელი და ამაყი, მაგრამ გაწონასწორებული. ძალიან გონიერია, უცხოების მიმართ სიფხიზლეს იჩენს, მაგრამ იშვიათად უყეფს.
ცდილობს მოიპოვის დომინანტური პოზიცია, აღზრდისას პატრონისგან საჭიროებს მოთმინებას და რეგულარულ მუშაობას.
საჭიროებს რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას და ენერგიის დახარჯვას.
გამოიყენება როგორც დარაჯი, სამომსახურეო (პოლიციელი, მეგზური) ძაღლი, და როგორც კომპანიონი.


********


ბავშვობაში, სოფელში ყოველთვის გვყავდა ძაღლი. ვეფერებოდი და ვეთამაშებოდი კიდეც, მაგრამ ძაღლები განსაკუთრებულად მიყვარს-თქო ვერ ვიტყვი. უბრალოდ, ერთი სურათი მახსენდება. ეს ალბათ 5-6 წლის წინ იყო. სოფლის სახლს სამუდამოდ ვტოვებდით. მაშინ პატარა, მოყავისფრო ძაღლი გვყავდა, მახსოვს როგორ ჩავალაგეთ ბარგი მანქანქანაში და როგორ ვკეტავდით ყველა კარებს, სახლის, სარდაფების, ბეღელის... ძაღლი თან დაგვყვებოდა... ჩემი ეზო დიდი რკინის კარით მთავრდება (იწყება), იმ კარს ბოქლომი დავადეთ და მანქანაში ჩავსხედით ყველანი... ფანჯრიდან დავინახე ჩემი პატარა ძაღლი, კარების წინ ჩაცუცქული იყო და ძალიან, ძალიან სევდიანი თვალებით გვაცილებდა. მახსოვს, ისე შემეცოდა, რომ ავტირდი... მაგრამ არ მინდოდა ჩემებს დავენახე და ჩუმად ვტიროდი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ძაღლი უკან არ გამოგვყოლია (არადა უყვარდა მანქანაზე გამოდევნება). ჩვენ წამოვედით, ის კი დარჩა და დიდი ხნის განმავლობაში ერთგულად იცავდა ჩვენგან მიტოვებულ სახლს...

ამდენი წლის შემდეგ პირველად გამახსენდა ჩემი ძაღლი, ახლა ისიც კი არ ვიცი სადაა და როგორაა. მახსოვს, რომ დიდი ხნის განმავლობაში სოფელში იყო, მერე შეგვეცოდა და გავუშვით... ვინ იცის, იქნებ აღარც კი იყოს ცოცხალი.

პირველად მომინდა, ვცხოვრობდე კერძო სახლში, რომელსაც ექნება დიდი ეზო და მყავდეს ძაღლი...


აღარაფერს დავწერ ფილმზე :)))) უბრალოდ, ვისაც დაგაინტერესებთ ამ ლინკზე ნახავთ ფილმს. http://gol.ge/index.php?cat=movies&details...&search=hachiko

საშინელი ზარი


 ერთი წამი, სულ ერთი წამია საკმარისი იმისთვის,რომ ყველაფერი დაინგრეს.... ერთი წამი და ერთი ზარი....

არ ვიცი გქონიათ თუ არა ისეთი შემთხვევა, ნუგეშისცემა რომ გინდა და სიტყვებს ვერ პოულობ, მოფერება რომ გინდა და ხელის შეხების გეშინია, გამხნევება რომ გინდა, მაგრამ აზრებს ვერ უყრი თავს...

მე ასე ვარ ახლა...

მინდა დავამშიდო, ვანუგეშო, მაგრამ არ გამომდის. მის ნაცვლად მეშინია და რისი მეშინია, ისიც არ ვიცი... მეცოდება, მეცოდება, ისე მეცოდება, რომ . . . 

დღეს ჩემმა მეგობარმა მამის დაღუპვის ამბავი გაიგო ტელეფონით... მამის, რომელიც 10 თუ 12 წელია არ უნახავს. ასეთი საშინელი დღე არასოდეს გვქონია სამსახურში...

უცნაური სიზმარი უნახავს წუხელ, გვიყვებოდა, მაგრამ არ მოვუსმინეთ, ეს რა საშინელებააო გავაჩუმეთ.... ჩვეულებრივად იყო, მხიარული, საახალწლო ამბებზე ვლაპარაკობდით.... ვიდრე მისმა ტელეფონმა არ დარეკა... .

ბევრი არაფერი მახსოვს, მხოლოდ მისი ხმა ჩამესმის ყურებში: ``ღმერთო, ნეტა ტყუილი იყოს, ტყუილი! მითხარით რომ ტყუილია, მითხარით რომ მატყუებთ!``.... შენ კი უძლური ხარ... უძლური და უსუსური, იმიტომ რომ იცი ტყუილი არ არის....

არ მინდა ვიყო ბანალური და არ გამომდის, არ მინდა ამაზე ვიფიქრო და არც ეს გამომდის.....

ერთი თვის წინ, ჩვენს ერთ-ერთ მეგობარს უცნაური რაღაც დაუწერია. ``არ წაგიკითხეთ, არ მინდოდა შემეშინებინეთო``.... დღეს წაგვიკითხა, წაგვიკითხა და .... დამბურძგლა...

                                                                                  ******
დღეს თუ ხვალ რაღაც მოხდება. არვიცი რა, მაგრამ რაღაც ისეთი, რას ყოველდღე არ ხდება და არც უნდა ხდებოდეს...

მერე იქნება შეცბუნებული, შეწუხებული სახეები: ``რაა?!!!``, ``ვინ თქვა?!``, ``ღმერთო!``

დაზაფრული სამუშაო დღე იქნება, მერე ძალიან გაგრძელდება ეს დღე. სახლშიც რომ არავის ენდომება წასვლა. სიჩუმის დარღვევაც რომ არავის ენდომება...

თაკო ჩუმად მოადუღებს ყავას და ჩამოგვირიგებს, ისე რომ არც გვკითხავს გვინდა თუ არა. ცხელი ყავა წამიერად დაგვავიწყებს განცდილს, ნაწყენი ჩავხედავ ფსკერზე დარჩენილ ნალექს....

გულოს გავხედავ ჩუმად, ალბათ მინდა, რომ რამე თქვას თავისებურად, სიცილს თუ არა, ღიმილს მაინც რომ მოგგვგვრის... მაგრამ გაყინული სახე აქვს, არაფის თქმას აპირებს ...
უაზროდ ვსხედვართ კომპიუტერებთან...
მანანა უხალისოდ ათვალიერებს ``დესკტოპს``, მაუსს აწვალებს ხელით ...
თამუნას წუწუნი აღარ ისმის....
ნინოს ზურგს ვხედავ, ჩუმია, ისეთი ჩუმი, როგორიც არ უხდება მუდამ ლაპარაკით დაუღალავს....

თვალებს ვერცერთისას ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი რომ ყველას ისეთი სევდიანი თვალები აქვთ, ისეთი, რომ აღარასდროს მომინდება მათი ასეთი თვალების დანახვა ...

საათს ვუყურებ, ექვსამდე მინდა სახლში მივიდე. ყველაზე ადრე მე ვტოვებ სამსახურს, ასეა მუდამ. არც ამ დღეს შეიცვლება..
5 საათზე ჩუმად ვდგები, უაზროდ მიმოფანტულ ნივთებს ჩანთაში ვყრი, ``ხვალამდე ბავშვებო``- ვამბობ და კარს ვაღებ...
პასუხს არავინ მცემს. სხვა დროს ალბათ მეწყინებოდა, სხვა დროს სხვანაირადაც დავემშვიდობებოდი, ``წავედი, უჩემოდ არ მოიწყინოთ``, გამიღიმებდნენ და მეც ღიმილით წავიდოდი....

მაგრამ ეს სხვა დღეს.... დღეს არა``

.. არ ვიცი ეს რატომ დაწერა, უცებ ვიგრძენი რაღაც და დავწერეო... მაგრამ რომ წაგვიკითხა, მართლა დაგვბურძგლა...