ხევსურეთი

შატილი. 
      ესეც ასე, 18 საათიანი მგზავრობა დასრულდა; უკან ხევსურეთი, უზარმაზარი ემოცია და ბევრი ფოტოა, წინ სურვილი, რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ნახო, ისევ გაათიო კოშკში ღამე და მერე, დილით ადრე კოშკის აივნიდან მზის ამოსვლას უყურო, იმიტომ, რომ  შატილის დილა განსაკუთრებით ლამაზია და არსად არ თენდება ისე ოქროსფრად, როგორც ხევსურეთში.
      იმიტომ, რომ მუცო-არდოტის ხეობა ყველაზე შთამბეჭდავია იმ ხეობებს შორის, რაც ოდესმე გინახავს და მდინარეც არსად არაა ისეთი კამკამა და თეთრ-ცისფერი, როგორც ხევსურეთში.

2 700მ. დათვის ჯვარი, უღელტეხილი. 
       იმიტომ, რომ მხოლოდ აქ კარგავ შიშის, სიცივისა და შიმშილის შეგრძნებას, მხოლოდ აქ არ გაწუხებს წვიმა და ქარი, არ გეშინია მუცოს კოშკებიდან ჩამოვარდნის და ყველაზე მაგარი ადრენალინია მუცოს ბოლო წერტილზე, ციხეზე რომ ადიხარ.
        იმიტომ, რომ მხოლოდ აქ არ გეშინია ციცაბო ვიწრო გზებზე მანქანის გადავარდნის და არ გიჭრს სუნთქვა 2 700 მეტრზე ასულს;
          იმიტომ, რომ მხოლოდ აქაა ცა ერთი ხელის გაწვდენაზე და ფიქრობ, რომ ახლა ყველაზე მაღალ კოშკზე რომ ახვიდე, ღრუბელზე ჩამოჯდები.
      იმიტომ, რომ მხოლოდ აქ გრძნობ რა ლამაზია შენი ქვეყანა და ამავე დროს რა დაუცველი; მერე ბრაზი გიპყრობს, რომ მისი ფასი არ იცი არც შენ, არც ბევრმა სხვამ და წიგნებში წაკითხული ამბები ხევსურეთზე მონაგონი გგონია, აი ისეთი, ბოლოს ყველაფერი ან ცუდად რომ მთავრდება და ან კარგად.
       არადა, ცუდად თუ არა, ყველაფერი კარგად მართლა არაა, არც მთიდან აყრა და ბარში გადასახლება მხოლოდ წიგნებში ამოკითხული ამბავი და არც ის, რომ სახადით შეპყრობილი ადამიანები ქვის აკლდამაში შედიოდნენ, ქვის მერხზე წვებოდნენ და მორჩილად ელოდნენ სიკვდილს. მერე მეორე სნეული რომ შევიდოდა, იმ მკვდარს ძირს აგდებდა და იკავებდა მის ადგილს.... 
ანატორიის აკლდამა. 
     .... მახსოვს ნაირა გელაშვილის „ამბრნი, უმბრნი და არაბნი“ რომ წავიკითხე, მთელი ღამე არ მეძინა. მეორე დღეს კიდევ ერთხელ წავიკითხე და პირველად მაშინ მომინდა ხევსურეთში წასვლა. ოღონდ მაშინ აღათოს კოშკის ნახვა მინდოდა, სადაც მთავარი გმირები ათევდნენ ღამეს და სულ მეგონა, რომ ანატორიის აკლდამები მხოლოდ მწერლის ფანტაზიის ნაყოფი იყო.
სასტუმრო კოშკის შესასვლელი. 
       არადა ყველაფერი ზუსტად ეგრეა: ხევსურეთში მიმავალს ბევრჯერ გხვდება ცხვრის ფარა და გზა ისეთი ვიწროა, რომ იძულებული ხარ ელოდო, ვიდრე ბოლო ცხვარი არ მიეფარება თვალს; კოშკებიც ზუსტად ისეთია, როგორც წიგნიდან გეჩვენება, პატარა სარკმელითა და ისეთი დაბალი კარით, რომ შესვლისას აუცილებლად კარგად უნდა დაიხარო; 
       ანატორიის აკლდამებიც სინამდვილეა და სარკმლიდან რომ იხედები, შიგნით დღემდეა შემორჩენილი ადამიანის ძვლების გროვები. ნამდვილი ამბავია ისიც, რომ სახადს მთელი სოფელი გაუწყვეტია და მხოლოდ ერთი ბავშვი გადარჩენილა, რომელიც მერე შატილში ჭინჭარაულებს შეუკედლებიათ. (არადა ერთ სოფელში მხოლოდ ერთი გვარის ხალხი ცხოვრობს და სხვა გვარებს არ ასახლებენ).
მუცო, დაიაურების საგვარეულო კოშკი. 
          ოღონდ აღარ გხვდებიან აღათოსნაირი ქალები და სოფლების უმრავლესობაც დაცლილია. შუა საუკუნეების მუცოს კოშკები ინგრევა და რომ დადიხარ, სულ გგონია, რომ სადაცაა კედელი შუაზე გაიყოფა; ქვები დაბერებული გეჩვენება და ფიქრობ, რომ ძირს დაცემისას დაიმსხვრევა და მერე ამ კოშკების ადგილას მხოლოდ ქვიანი ფერდობი დარჩება, არაფრის მთქმელი და არაფრის გამომხატველი. მერე უფრო ბრაზდები, რომ ამ სიმდიდრის შენარჩუნებაზე არავინ ფიქრობს და არც იმაზე ზრუნავენ, რომ ის რამდენიმე ოჯახი მაინც დარჩეს სოფელში, დღემდე რომ არიან შემორჩენილი და ქვეყნის საზღვრისპირა მხარეს იცავენ...
       არადა, აქაურები ყველაზე უპრეტენზიო ხალხია, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ; ყველაზე მეტად უყვართ სამშობლო; ყველაზე მეტად უფრთხილდებიან საკუთარ კერას; მხოლოდ მათ შეუძლიათ ცხოვრება თვეების განმავლობაში გარესამყაროსთნ კავშირის გარეშე და მხოლოდ მათ შეუძლიათ აიტანონ 7 თვის განმავლობაში ჩაკეტილი გზა (ხევსურეთში არცერთი მობილური ოპერსტორი არ მუშაობს, გზა კი ოქტომბრის ბოლოს რომ ჩაიკეტება ბარისახოსთან, მხოლოდ მაისის ბოლოს იხსნება).
არდოტი, ნიკო არდოტელის სახლი, რომელმაც 19 სექტემბერს
ოჯახი საცხოვრებლად გამარჯვებაში წაიყვანა.
   ხოდა კიდევ, მათი ემოცია ყველაზე გადამდებია და შენც ზუსტად ისევე მტკივნეულად განიცდი თითოეული ადამიანის მთიდან ბარში გადასახლებას, როგორც ისინი, იმიტომ რომ იქ ყველაზე კარგად ხვდები სოფლიდან წასული ყოველი ერთი ადამიანი ერთ დაცლილ სოფელს რომ ნიშნავს და ძალიან ცუდია საზღვრისპირა სოფლებში მხოლოდ ცარელი კედლები რომ რჩება... არადა ხევსურები ბევრს არაფერს ითხოვენ, მათ მხოლოდ სკოლის მასწავლებლები უნდათ, შვილებს ნორმალური განათლება რომ მისცენ და იძულებული არ გახდნენ მთიდან აიყარონ, დანარჩენ პრობლემებს როგორმე თავადაც მოაგვარებენ, მთელი პირიქითა ხევსურეთის კაცები შეიკრიბებიან რომელიმე ადიდებული მდინარე რომელიმე ხიდს რომ დაანგრევს და შიშელი ხელებით შეაკეთებენ, დამეწყრილ გზებსაც უშველიან რამეს, საზღვარსაც დაიცავენ და ტურისტებსაც საკადრისად უმასპინძლებენ.

პ.ს. ეს მე მგონი პირველი ამბავია, რომლის მოყოლაც მიჭირს და სიტყვებს ვერ ვპოულობ. უბრალოდ ხევსურეთი ზღაპარია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო, თანაც არაერთხელ....                                 
  


10 comments:

gulo said...

ნინო, გავიბზარე და დავიშალე იმ ქვებივით.
თან ისე ძლიერ გიგრძვნია იქაურობა, რომ, ნიკო არდოტელის ბიძაშვილი ხომ მარტო დარჩა იქ და ააკითხეე რაა. მგონი ჩემი თქმა არ გინდოდა:))

nastasia said...

აი, ცივი რომ მანდ ყველას ერთი და იგივე რამე ემართება და სათაური რომ წავიკითხე, უკვე ვიცოდი, პოსტში რაც ეწერებოდა...

ხოოდა, ყველანაირი სუბიექტივიზმის გარეშე, ხევსურეთი ის ადგილია, სადაც დრო უბრალოდ არ არსებობს და სადაც შეგიძლია ყველა სხვა პარალელური და არაპარალელური სამყაროები დაივიწყო...
ხოოოდა, სულ მიხარია, რომ კიდე ვინმე ახალი პოულობს მაგ სამყაროს...

ნინო said...

@გულო, გაიხარე, მართლა ისეთი ემოციაა იქ რომ ხარ რომ...

მე მართლა შემეცოდა ის ბიჭი, დაბლა რომ ჩამოვდიოდით ჩვენ იდგა ციხესთან და გვიყურებდა, სუულ, სულ დაბლიდან დავინახე. წარმოვიდგინე რა განცდაა თითქმის მარტო რომ რჩები სოფელში და არ იცი კიდევ როდის ვინ მოგაკითხავს, ან მოგაკითხავს თუ არა ვინმე საერთოდ :))

ხოდა ისე, ძალიან სიმპატიური ბიჭია ნიკოს ბიძაშვილი :))))

@ნასტასია, ეს პირველი შემთხვევა იყო მართლა, რომ ვერაფერი მოვყევი რომ ჩამოვედი, უბრალოდ ვამბობ რომ ზღაპარია, მაგარია, ულამაზესია და უნდა ნახო რომ იგრძნო.

ქეთი said...

ისევ აქ მოვედი :)
არ მინახავს და უკვე ვგრძნობ... რომ ვნახავ, არ ვიცი...

სინამდვილეში, მიუხედავად ყველა სირთულისა, ისინი ჩვენზე ბედნიერები არიან, თავიანთი სამყარო აქვთ...

მუსიკა როგორ უხდება... :)

ნინო said...

@ქეთი, ხო, თავიანთი სამყარო აქვთ და ძალიან მარტივი და კარგი და მაგარი ისაა, რომ იქ რომ ხარ შენც სხვა სამყაროში ხვდები და შენც ბედნიერი ხარ.

ამიტომ ვამბობ, რომ უნდა ნახო და განიცადო.

გიორგი said...

ხევსურულ კოშკებზე არასწორი წარმოდგენაა ზოგიერთის ეთნოგრაფიულ კვლევებში და ინტერნეტ-ფორუმელებში. კოშკებში გვირგვინული გადახურვაა ისეთი როგორიც ქართული დარბაზებს ჰქონდათ.ხევსურებიც უძველესი ქართველები არიან და არა გაქართველებული ვაინახები.ჩემი აზრით, საკითხს უნდა შეხედოთ შორიდან და დაკვირვებით.ინგუშეთ-ჩეჩნეთში არსებობს არსებობს ქართულ დასახელებიანი ადგილები.ბამუტში შემორჩენილია მოსახლეობა ურზე, დაბოლოებოიანი გვარებით. ეს ხალხი ადგილობრივია, სხვაგნიდან არაა მისული და უძველესი ქართველური ეთნოსია. საინტერესოა მათი გვარების ქვეგვარები და მითოლოგია. ეთნოგრაფებს ასეთი ადგილები გამორჩათ, სიღრმისეულად არა გამოკვლეული. ჩეჩნეთშიც გადმოცემით (19 საუკუნის აღწერებით) თავდაპირველად ქართველების აშენებულია კოშკები. კრიპტოგრამებიც მიუთითებს დამწერლობის კულტურაზე, რომელიც შემდგომ ასომთავრულის წარმოქმნაში გადმოვიდა. კრიპტები (ფარული ნიშნები) ჩეჩნეთში პერიფერიულ დონეზეა, მთიანეთშია მხოლოდ. იქ კოშკებზე სტუმრების მიერ დანატოვარი დამღების სახითაა კრიპტები, როცა ხევსურეთში და თუშეთში კრიპტების კერებია თითქმის. უამრავი დასაფიქსირებელი ნიშნებია ხევსურეთის ჯვარ-სალოცავებში, რომელიც მორიდების გამო რჩება კედლებში აღუნიშნავი. კრიპტებში ჩართულია ასომთავრულის მსგავსი ფიგურები როგორც ჩეჩნეთში ისე ხევსურეთში და თუშეთში. კოშკების აგებას მარტო სტრატეგიული მნიშვნელობა არ ჰქონდათ, მას ნაყოფიერების და ბარაქის სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა. თუშეთში დღესაც შემორჩენილია დღეობებში რიტუალური ცოცხალი,,კოშკის" გაკეთება და მას დიდი სიმბოლური შინაარსიც აქვს. კოშკებთან, კრიპტებთან და ხევსურულ მითოლოგიასთან დაკავშირებით სწორად მსჯელობაა საჭირო.კრიპტები სამხრეთ,(დასავლეთ) საქართველოს რეგიონშიც შემორჩენილია და უძველეს ტაო-კლარჯეთის მიწაზეც.დედაბოძებზეც სიმბოლოები გვქონდა ანალოგიური კრიპტული ნიშნებისა.დედაბოძის ასტრალური სიმბოლოები დახვეწილი კომპოზიციით ჩრდილოეთ კავკასიაში არ ფიქსირდება. ხევს.სოფ. ბლოს სალოცავის ფარულ ნიშნიანი ქვა მტკიცებულებაა რომ ქართულად დაწერილი იდეოგრამებია აღმოსავლეთ საქართველოს სალოცავებში. ჩემი აზრით, სხვას არ უნდა მივაწეროთ ჩვენი კულტურა. გ.გიგაური

ნინო said...

გიორგი, დიდი მადლობა ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის. ასე ღრმად ნამდვილად არ მიფიქრია ამ საკითხზე და ძალიან დამაინტერესა.

Nina Gorecki said...

ანატორიის აკლდამები და აღათოს კოშკი :)) მეც მაქვს წაკითხული, ეხლა გამახსენდა

ხომ არ იცი, ათენგენობას კიდევ აღნიშნავენ ხევსურეთში?

ნინო said...

(არ ვიცი სამწუხაროდ))

ისე, სხვა დღეობებზე რომ ჩამოვარდა ლაპარაკი, ასე თქვენ არ გვიყვარსო, ჩამოვლენ ქალაქელები, უამრავ ნაგავს გვიტოვებენ და წავლენ. ისე მტკივნეულად აღიქვამენ ყველა უწესრიგოდ დაგდებულ ნივთს და დაბინძურებულ გარემოს...მესმის მათი

ნინო said...

@ნინა, შენს შეკითხვას ჩემზე კომპეტენტურმა უპასუხა ფეისბუქზე და აქ გადმომაქვს, შენთვის.

''რაც შეეხება ნინას შეკითხვას, კი, ათენგენობები დღემდე აღინიშნება ფშავშიც, ხევსურეთშიც და თუშეთშიც.
ტრადიციულად, ივლისის ბოლოს არის ხოლმე, წელს შატილში 24-25 ივლისს იყო, სხვა სოფლებში ცოტა უფრო ადრე, ზოგან ცოტა გვიანაც.

დათომ დღეობებზე კი არ თქვა, არ გვიყვარსო, მოგონილ შატილობაზე, რომელმაც ბევრი ნაგავი დატოვაოოოო...''

თინათინ მოსიაშვილი