``ღამეა, ორი დაიწყო, სახლში ყველას სძინავს, ოთახებიდან მშვიდი ფშვინვა ისმის, გარედან ძაღლის ყმუილი``- დაახლოებით ასე იწყებოდა ჩემი დღიურების ყველა ჩანაწერი ბავშვობისას. ყოველთვის ღამე ვწერდი, ყველას რომ ეძინა. ჩემს ოთახში თეთრი სკოლის მერხი გვედგა. იმ სკოლიდან მოგვიტანა მამაჩემმა, სადაც მასწავლებლად მუშაობდა. ძალიან პრიალა ზედაპირი ჰქონდა, მიყვარდა სწავლისას ცივ მერხს ხელს რომ ვუსვამდი, ხელის გული მიპრიალდებოდა და მეყინებოდა.
ჩემი და ჩემი დის, ქეთის მერხი იყო, ჩვენ-ჩვენი ადგილი გვქონდა, ქეთის მხარე მუდამ დალაგებული იყო, ჩემი მუდამ არეული.
თეთრი მერხი (რა უცნაური სიტვაა მ ე რ ხ ი) ისევ იმ ადგილას დგას, ოღონდ სკოლის წიგნების ნაცვლად ახლა მასზე ჟურნალ-გაზეთები აწყვია. სოფელში რომ ავდივარ, ჩემს ნივთებს ისევ იმ მერხზე ვდებ, ისევ უწესრიგოდ, დაყრა უფრო რომ ჰქვია, ვიდრე დადება.
მახსოვს, ღამეც იმ მერხთან ვიჯექი, წინ გაბერილმუცლიანი „ლამპა“ მედგა და ვწერდი ხოლმე. ყველაზე კარგად იმ დროს შემეძლო ფიქრი. ხანდახან დედაჩემს ეღვიძებოდა, რითი ვეღარ მორჩი სწავლასო მეუბნებოდა და იძინებდა. არასოდეს მითქვამს, რომ სწავლა დიდი ხანია დავამთავრე, ახლა ვზივარ და ვწერ-თქო. ასე მგონია, დღიურებს რომ ვწერდი სულ იცოდა, ოღონდ არასოდეს არაფერი უთქვამს და არც უგრძნობინებია. არც მერე უკითხავს რამე, უკვე სტუდენტი და სტუდენოტობა დამთავრებული, ამ სახლში, ღუმელთან მოკალათებული რომ ვწერდი ხოლმე ჩაფიქრებული სახით. მხოლოდ ერთხელ, 2008 წლის აგვისტოს მერე, წავუკითხე ჩემი ნაწერი, ომის პერიოდში დაწერილი დღიურები იყო, რატომ მომინდა რომ წამეკითხა არ ვიცი, მაგრამ მახსოვს, რომ წავუკითხე, იტირა.
დედაჩემი ისეთია არასოდეს არაფერს რომ არ გეკითხება, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი იცის. არც ახლა იცის ჩემი ბლოგის არსებობის შესახებ, უფრო სწორად, მე არაფერი მითქვამს. არ ვიცი როგორ დავწერდი, რომ ვიცოდე, რომ დედა კითხულობს, დარწმუნებული ვარ ზუსტად იმას დაინახავს ჩემს ნაწერებში, რაც ძალიან შიგნიდან მოდის და სხვებისთვის შეუმჩნეველია...
გუშინ ჩემი მეგობარი 14 წლის გოგონაზე გვიყვებოდა, რომელიც მეცადინეობებზე სიარულის ნაცვლად მეგობარ ბიჭს ხვდება და ახლა აღმოაჩინა რომ ორსულადაა, ოღონდ სავარაუდოდ გარე ორსულობა აქვს. მშობლებმა არაფერი იციან, მათ ჰგონიათ, რომ ამქვეყნად საუკეთესო შვილი ჰყავთ, რომელიც ძალიან მოწესრიგებული და მიზანდსახულია და ძალიან ბევრს მეცადინეობს იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს. ორი დღეა ამ ამბავზე ვფიქრობ, მესმის, რთულია ამ ამბის გამხელა, მაგრამ არ მესმის, რატომ ვერ უნდა ხვდებოდეს დედა, რომ მისი 14 წლის შვილი პატარა გოგო უკვე აღარ არის და არც ისეთი მოწესრიგებულია როგორც ერთი შეხედვით ჩანს...
დედაჩემმა უთქმელად, ზედმეტი შეკითხვებისა და შემოწმების გარეშე, ყოველთვის იცის რა ხდება ჩემ ცხოვრებაში. იმასაც ყოველთვის ხვდება, რა სტატუსის ადამიანს ვწერ მესიჯს. ისიც ყოველთვის იცის, რომ ჩემი გარეგანი საშინელი და ქრონიკული მოუწესრიგებლობის შიგნით ძალიან დიდი შინაგანი მოწესრიგებულობა იმალება და ხანდახან შენიშვნას მხოლოდ იმიტომ მაძლევს, რომ უჯრა აღარ იკეტება ზედმეტი უწესრიგობის გამო. მეც ზუსტად ვიცი, რომ ვერასოდეს ვერაფერს გავაკეთებ ისეთს, რაც ვიცი რომ მას არ მოეწონება, იმიტომ რომ ყოველთვის ყველაფერს ხვდება და სულერთია, ვერ დავმალავ.
რა მოუვა 14 წლის ბავშვს, რომლის ბედი ექიმებმა კონსილიუმით უნდა გადაწყვიტონ, არავინ იცის. თამუნა ამბობს, რომ ცნობილი ოჯახის შვილია და სახლში რომ გაიგებენ, რაღაც უბედურება დატრიალდება. წარმომიდგენია, როგორ ასწევს მისი ცნობილი დედა წარბებს, ამ ამბავს რომ გაიგებს, ოღონდ ვერაფრით ვხვდები, რატომ მივიდა მდგომარეობა აქამდე და რატომ არ არიან დედები შვილებისთვის მეგობრები.... რატომ უნდა ჰქონდეს სექსი 14 წლის ბავშვს მესამეკურსელ ბიჭთან, რომელიც ეუბნება, რომ არ უყვარს, უბრალოდ ერთობა და აიძულებს აბორტი გაიკეთოს. რატომ უნდა მიყვებოდეს აბორტის გასაკეთებლად 14 წლის ბავშვს ექიმთან მეგობარი და არა დედა და საერთოდ, რატომ არ შეიძლება, რომ დღეში თუნდაც ერთ საათს, საღამოს, ჩაისთან ერთად დედა-შვილები ისხდნენ და გულახდილად ლაპარაკობდნენ ყველა თემაზე...
პ.ს. ზედმეტად პირადულია. ვიცი, დილით აღარ მომეწონება, მაგრამ მაინც ვაქვეყნებ))
7 comments:
დედაჩემმაც ყოველთვის ყველაფერი იცოდა ჩემს შესახებ, ოღონდ მე არ ვუყვებოდი ხოლმე, ხვდებოდა. ახლა ვნანობ, სჯობდა მომეყოლა და ბევრი მელაპარაკა დედასთან. უსიტყვო ურთიერთობას მართლა სჯობდა, ახლა სულ ველაპარაკები, ოღონდ მხოლოდ მისმენს და ვერაფერს მეუბნება, მარტო მისი სურათი მიყურებს საფლავის ქვიდან მზიანი თვალებით...
დედაჩემი მენატრება!
პ.ს. დაწერე რა მოუვა იმ 14 წლის ბავშვს. ძალიან შემეცოდა.
ძალიან დავუთრგუნე(( ვწუხვარ შენს გამო.
ხო, ხანდახან არ გვიყვარს დედასთან საუბარი, პირიქით, გადამეტებულ მზრუნველობას და მისი მხრიდან ლაპარაკის სურვილსაც ჩავკლავთ ხოლმე. გვიან ვხვდებით ამით რას ვკარგავთ.
პ.ს. ძალიან მინდა, სახელები ვიცოდე ხოლმე ანონიმი კომენტატორების ))
ყველაფერი ნორმის ფარგლებს არ უნდა გასცდეს, მაგრამ დედებმა ხომ საზღვრები არ ვიცით სიყვარულის?-ისეთი მომაბეზრებელი ვარ ჩემი ყურადღებით, რომ მე თვითონ ვეღარ ვიტან ჩემს თავს-":ბოლომდე ჭამე"! "ეს ჩაიცვი"" "სწორად გაიარე"! კომპიუტერთან.- ნუ იკუზები...და ათასნაირი შენიშვნები."შენი ფერი არ მომწონს!" :" "დაღონებული ხარ? "ვისთან მესიჯობ?" სად მიდიხარ? როდის მოხვალ? თუ შეაგვიანდათ ტელეფონზე ვარ ჩამოკიდული.
დედაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, მთელი ცხოვრება მინდოდა ყველაფერში დედისთვის მიმებაძა,არაფერი გამომივიდა...ახლა, როცა პოტენციალური სადედამთილო ვარ ვფიქრობ,შევძლებ ვიყო ჩემი დედამთილისავით ბრძენი?-ვიცი ვერც ამას შევძლებ...საკუთარი არაფერი გამაჩნია,მხოლოდ შვილების ცხოვრებით ვცხოვრობ,ვიცი უჭირთ ჩემს შვილებს ასეთი დედის ატანა, მაგრამ დედებმა ხომ არაფერში საზღვარი არ ვიცით,თვით სიყვარულიც შვილებისადმი უ ს ა ზ ღ ვ რ ო ააააააა!
@tina, აი, მეც მგონია, რომ ვერასოდეს ვიქნები დედაჩემისნაირი...
დედაჩემიც ჩვენი, შვილების ცხოვრებით ცხოვრობს და სულაც არ სჭირს არაფერი ასატანი))ასე რომ მაგაში პრობლემას ვერ ვხედავ.
ისე,ყოველთვის ისაა კარგი ხოლმე, ვინც ეგეთ ამპლუაში ვერ წარმოგვიდგენია...
რატომ არ შეიძლება, რომ დღეში თუნდაც ერთ საათს, საღამოს, ჩაისთან ერთად დედა-შვილები ისხდნენ და გულახდილად ლაპარაკობდნენ ყველა თემაზე...
-ძალიან მომეწონა ეს ფრაზა,მართლაც რატომ არ შეგვიძლია დედასთან უფრო ახლოს ვიყოთ,სანამ ამის შესაძლებლობა არსებობს?
ძირითადად მე ვესაუბრები შვილებს,ისინი არასდროს მიყვებიან თუ რა აწუხებთ,მხოლოდ როცა წარმატებას ახწევენ,სწავლასა თუ სამსახურში პირველად ყოველთვის პირველს მე მახარებენ!-შენ კი ძალიან კარგი გოგო ხარ ნინო!
@netochka, ეგ ალბათ ყველგან ეგრე ხდება. ხანდახან არ გინდა შენი პრობლემებით დედა დატვირთო და ამიტომ არაფერს ამბობ)) ოღონდ, ზუსტად ვიცი, რომ დედები ამ დროს უთქმელადაც ყველაფერს ხვდებიან.
და კიდევ, სიხარულის გაზიარება ხომ უფრო მაგარი რამეა, ვიდრე დარდის, ხოდა დედა რომ გაიზირებს შენს კარგს, ისე ალბათ ვერავინ. იქნებ ამიტომაცაა კარგი ამბით პირველივე დედასთან რომ გავრბივართ.
მადლობა, რომ კითხულობთ ჩემს ბლოგს))
Post a Comment