გავხდებით ოდესმე ნამდვილი ტოლერანტები? შემწყნარებლები?
არადისკრიმინაციულები?
მე მგონია, რომ ძალიან გვიან...
ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლა, - ა ხლა ასე ჰქვია, ადრე ახალციხის სკოლა-პანსიონი ერქვა. მაგრამ არც ადრე მოიხსენიებდნენ ისე, როგორც ერქვა და მითუმეტეს, ახლა არავინ ეძახის მეშვიდე საჯარო სკოლას. ცოტა ხნის წინ ჩემთვისაც რომ გეკითხათ, სად არის ქალაქის მეშვიდე საჯარო სკოლაო, დავიბნეოდი და ალბათ დაუფიქრებლად გიპასუხებდით, რომ თქვენ რაღაც გეშლებათ, იმიტომ, რომ ქალაქში მხოლოდ 6 საჯარო სკოლაა....
- აა! დებილების ინტერნატში? და,რა გინდა? - ეს ერთმა ჩემმა ნაცნობმა მკითხა ამ რამდენიმე დღის წინ, ერთ წვიმიან ამიინდში მეშვიდე საჯარო სკოლაში ფოტოების გადასაღებად რომ მივდიოდი...
- დებილების ინტერნატი არ არის, იქ უბრალოდ უდედმამო ბავშვები, გაჭირვებული ოჯახის შვილები და გონებრივი შეზღუდვების მქონე ბავშვები ცხოვრობენ და სწავლობენ , - ვეცადე ამეხსნა.
-მოიცა რა! რა ენას იტეხ! მარტივად მითხარი და მივხვდები....
მარტივად თქმაში რაც იგულისხმა, ცხადია. აღარაფერი მითქვამს, გამეღიმა, ან იქნებ ჩამეცინა, არ ვიცი რა დავარქვა და გზა გავაგრძელე.... არადა ჭკვიანია, გონიერი, განათლებული... ოღონდ არ ვიცი, ეტყობა რაღაც მაინც აკლია, იმ რაღაცასაც ბევრი რამ შეიძლება ერქვას, თუნდაც განათლება, ან შემწყნარებლობა, ტოლერანტობა, მზაობა, არადისკრიმინაციული აზროვნება.... კედლის დანგრევაა საჭირო, ერთნაირობასა და განსხვავებულობას შორის რომაა აღმართული უხილავად და მყარად და თავისთავად ქმნის უნებლიე სიმბოლოებს....
მეშვიდე სკოლა დიდი, შავი რკინის კარით იწყება. ამ კარის გარეთ გამოსვლის უფლება არავის აქვს. ეს უკვე ხილული კედელია სკოლის ბავშვებსა და გარესამყაროს შორის, ხილული კედელი და ჩაკეტილობის, გარიყულობის სიმბოლო.... მალე ეს სკოლა გაუქმდება. ალბათ უკვე სექტემბრიდან დაინერგება ინკლუზიური სწავლება და რკინის კარს მიღმა მცხოვრებ ბავშვებს სხვა სკოლებში გადაანაწილებენ. ერთი წუთით წარმოვიდგინე, იმ ჩემი ნაცნობის შვილის კლასში რომ მოხვდეს ერთ-ერთი ბავშვი ამ სკოლიდან, რა რეაქცია ექნება დედას და რა სიტყვებით აუხსნის შვილს, ვინაა და საიდანაა მისი ახალი თანაკლასელი.
როცა ასეთ თემებზე ვწერ (არლის საკვირაო სკოლა გამახსენდა), სულ ვცდილობ სინანული არ აღძრას ნაწერმა, მაგრამ უცებ, ამ სიტუაციის წარმოდგენისას, მეშვიდე სკოლის ბავშვები შემეცოდნენ....
პ.ს. იცით, რკინის კარს მიღმა ყველაზე თვალშისაცემი რა იყო? ფოტოს გადაღება არავის არ უნდოდა, კამერას ემალებოდნენ. მიზეზი მასწავლებლებმა ამიხსნეს, - სხვა სკოლებში გვყავადა ბავშვები, იქ დასცინეს და უნდობლობა გაუჩნდათო....
ბევრი ფოტოებია, მაგრამ მინდოდა ფოტოებითაც მომეყოლა მათი ამბავი
რკინის კარს მიღმა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
სიამოვნებით გავატარებდი ამ ბავშვებთან რამდენიმე დღეს......
არაა ეგ პრობლემა, მთავარი მონდომებაა:)
Post a Comment