ისევ ვეჩვევი...

 ხანდახან ვფიქრობ რომ ჩემი ცხოვრება შეჩვევისა და გადაჩვევის ეტაპებისგან შედგება. რაც უფრო ხანგრძლივია შეჩვევა, მერე მით უფრო მტკივნეულია გადაჩვევა და ისიც ისეთივე ხანგრძლივი გამოდის ხოლმე.
ყოველი მორიგი გადაჩვევის შემდეგ ახალი შეჩვევა იწყება და როგორც არ უნდა კარგად ვიყო, სადღაც, სიღრმეში, შიგნიდან სულ ვგრძნობ რომ ერთ დღეს ისევ გადაჩვევა დამეწყება...
ხანდახან მგონია, რომ შიში დამჩემდა და ახალი ეტაპის დაწყებაც აღარ მინდა, ან, უფრო მეშინია, ვიდრე აღარ მინდა, მაგრამ მაინც იწყება... თავისთავად, უნებურად, გაუცნობიერებლად, ან იქნებ გაცნობიერებულადაც, ოღონდ აღიარება რომ არ გინდა ისე....    
ახლა იმ ეტაპზე ვარ, საბოლოოდ რომ გადავეჩვიე და ახალი შეჩვევა მეწყება. ჯერ არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, სადღაც გულის სიღრმეში რაღაცის მეშინია კიდეც, მაგრამ წინააღმდეგობას მაინც ვერ ვუწევ.



ხანდახან მგონია, რომ ეს შიშები ბავშვობიდან გამომყვა. მაშინაც მეშინოდა ყველაფერი ახლის და უცხოსი.  ზოგჯერ დედაჩემს ვსაყვედურობ რომ ჩემი "ასეთობა"მისი ბრალია და ვამტკიცებ, რომ ოდესმე შვილები თუ მეყოლება, სხვანაირად გავზრდი, უფრო თავისუფლებად, დამოუკიდებლებად... ასეთ დროს დედაჩემი არაფერს მსაყვედურობს,  ჩუმდება, ან ამბობს, რომ შეიძლება მე მართალიც ვარ, მაგრამ არც ისეთი ადვილია შვილების გაზრდა, მე რომ წარმომიდგენია.  ახლა ვფიქრობ, რომ მე მსოფლიოში ყველაზე კარგი დედა მყავს და მე ვერასოდეს ვიქნები მისნაირი....   
...იმდენი ხანია აღარაფერი დამიწერია ბლოგზე, რომ აღარც ვიცი რა დავწერო. ამ ბოლოს უკვე ისიც აღარ ვიცი როგორი მინდა რომ იყოს ჩემი ბლოგი და იმასაც ვფიქრობ, აქაც გადაჩვევა ხომ არ დამეწყო. ვიცი, ახლა დედაჩემს რომ ვკითხო რჩევა, არაფერს მირჩევს, უბრალოდ მეტყვის, რომ მე ასეთი ვარ, ერთი თუ მივატოვე რაღაც, მერე იმას არასოდეს დავუბრუნდები და სულერთია ბოლომდე ვერ მივიყვან. ეს რჩევაზე უფრო მაგარია ხოლმე, ასეთ დროს სურვილი მიჩნდება ერთ წამში გავაკეთო ყველაფერი....

ხვალიდან ისევ მინდა შევეჩვიო ბლოგს და ყველაფერი დავწერო, რაც ბოლო 10 დღეში მოხდა ჩემს ცხოვრებაში: 11-12 აპრილის ახალი მედიის ვორკშოფის შთაბეჭდილებები; გაზეთის დიზაინზე მუშაობა ჰოლანდიელ კონსულტანტთან ერთად (ხო, მომავალი ნომერი უკვე ახალი დიზაინით გამოვა) , მეგობრის ნიშნობა და ჩემი პირველი მეჯვარეობა; ორდღიანი ვიზიტი იმერეთში, მათ შორის ჯაზის საღამო  ``სულიკოში`` და სეირნობა ღამის წვიმიან ქუთაისში და ახალი ბლოგი, რომელიც სავარაუდოდ ხვალ უნდა გავაკეთო და რომელსაც  "არჩევანი -  თავისუფლება და პასუხისმგებლობა"  ერქმევა....

მე მგონია, რომ მალე შიშებსაც დავძლევ და ახალი გზისაც აღარ შემეშინდება, ისეთისაც კი, ბოლო რომ არ უჩანს ....

2 comments:

თორნიკე თევზაძე said...

გამარჯობა!საინტერესო ბლოგია!მეც მასე ვიცი.თუ რაღაცაზე გული ავიცურე მერე ვეღარ ვუბრუნდები.ჩემს ბლოგზე გული ავიცრუე და მას შემდეგ აღარ ვწერ.თუმცა მინდა როდესმე დავწერო.ისე შენს ბლოგს როცა ვკითხულობ ამის სურვილი მაშინ მიჩნდება.ძალიან მყუდრო და თბილი ბლოგი გაქვს!

ნინო said...

მადლობა რომ კითხულობ ჩემს ბლოგს.)) ძალიან მიხარია, მისი კითხვისას შენი ბლოგის გამოცოცხლების სურვილი რომ გიჩნდება. ერთხელ უნდა დაწერო და მერე თავისთავად გაგიჩნდება წერის მოთხოვნილება.