ტურისტული ტრაბზონის უცნაურობები

სასტუმრო ქალაქის დასაწყისშივეა, მთავარი ტრასიდან მარჯვენა მხარეს. რამდენიმესართულიანი, დიდი თეთრი შენობის ფანჯრები ერთი მხრიდან ქალაქ, მეორე მხრიდან კი ზღვას გადაჰყურებს. თურქეთის დროით დილის 11 საათია, ბარგს იქვე ვინახავთ და ვიდრე ნომრები გათავისუფლდება სასადილო ოთახში ჩავდივართ...

სასადილო ოთახში დიდი, ყავისფერი  მაგიდები და სკამები დგას. იატაკიდანვე დაწყებული დიდი ფანჯრებიდან ხედი ზღვაზე იშლება, დაღლილ მზერას სასტუმროს ეზოში არსებული აუზი, ღია კაფე, ფრენბურთის სათამაშო მოედანი და პლაჟი ხვდება... სასდილოს კუთხეში სამოვარს ორთქლი ასდის, მთელი ღამის ნამგზავრებზე გარემო და თურქული ჩაი დამამშვიდებლად მოქმედებს...
  
... 2011 წლის 31 ივლისი, ქალაქი ტრაბზონი...  კავკასიელ ავტორთა კურსის  ფარგლებში ეს ჯგუფის მეორე სამუშაო გასვლაა. დანიშნულების ადგილას პირველები ამჯერადაც ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ჩავდივართ. აფხაზი და ოსი მეგობრები საღამოს შემოგვიერთდებიან.


ტრაბზონის ცენტრი, პარკი. (ვასილ გულეურის ფოტო)
პირველი დღე თავისუფალია, გაკვეთილები 1 აგვისტოდან იწყება. ჯგუფი ქალაქის დასათვალიერებლად მიდის, სტამბულისგან განსხვავებით (სადაც მთელი ღამის ნამგზავრებმა მერე მთელი დღე ქალაქში ვიხეტიალეთ) ამჯერად ქალაქში გასვლის ძალა არ მაქვს და სასტუმროში ვრჩები...

...უცნაურია, მაგრამ ტურისტული ქალაქის (არც თუ ისე პრესტიჟულ, მაგრამ ნორმალურ) სასტუმროში თურქულის გარდა არცერთი ენა არ იციან. თუმცა, სტამბულისგან განსხვავებით აქ წყალში ფულს არ გვახდევინებენ, საკმარისია ადმინისტრატორს თითებით ბოთლის რაოდენობა აჩვენო დასუ” (წყალი, თურქ.) უთხრა და დღეში რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ მოგცემენ წყალს. სხვა შემთხვევაში რაიმე თუ გინდა გააგებინო, ყველა უნარ-ჩვევა უნდა გამოიყენო. ამიტომაცაა ჩვენ ყველანი სათითაოდერთი მსახიობის თეატრისმსახიობებს რომ ვგავართ, რეჟისორმა ყველას დაახლოებით ერთნაირი როლი რომ მისცა.
აია-სოფია.
ჩვენი ხსნა სტამბულიდან ჩვენს დასახმარებლად ჩამოსული ტურისტული სააგენტოს მენეჯერი ილმაზია. ენერგიულმა, თვითგანათლებულმა ილმაზმა ინგლისური გადასარევად იცის, მისი სააგენტო სტამბულშია, მაგრამ ტრაბზონში გადმოფრინდა და ვიდრე ჩვენ იქ ვართ, თავადაც სასტუმროში რჩება. სასტუმროს ცუდი მენეჯმენტის მერე, მისი მენეჯერული უნარ-ჩვევებით საბოლოოდ ვიხიბლები და ზუსტად ვიცი, ოდესმე ჯგუფის რომელიმე წევრის ცხოვრებაში თურქეთი რაიმე ფორმით თუ გამოჩნდება, დასახმარებლად ყველა ილმაზს დაუკავშირდება.

 ხანდახან სასტუმროში გაოცებული გვიყურებენ... გვაკვირდებიან კინოდოკუმენტალისტიკის ტრენინგზე გადაღებისას, ჩვენი არცერთი სიტყვა არ ესმით, ამიტომ უბრალოდ მოდიან და კამერაში იხედებიან; უკვირთ ისიც, რატომ დავდივართ მთელი დღე და ყველგან ფოტოაპარატებით, რატომ ვიღებთ ყველაფერს (უბრალო თეფშიდან და ჭიქიდან დაწყებული, ზღვის ხედებით დამთავრებული) და მერე ამ ყველაფერს ყველა ერთ ადამიანს (ფოტოტრენერს) რატომ ვაჩვენებთ. უკვირთ რისთვის გვინდა მარკერები და მერე ვერაფრით ვაგებინებთ მოგვიტანონ სველი ტილო, იმიტომ რომ შეცდომით ნაყიდი მარკერები დაფიდან აღარ იშლება...

დაგვცქერიან ფეხებზე, როცა ხანდახან ნომრიდან ზღვამდე ფეხშიშველები ჩავდივართ; უჩვეულოა საღამოს სილაში მოწყობილი დისკოთეკაც; გვიან ხვდებიან, რომ დისკოკლუბი გაგვიღონ და მერე რამდენიმე ახალგაზრდა ჩვენს ცეკვას მობილურებით  იღებს.

...''როგორც ჩანს არ არიან მიჩვეული ასეთ ვორკშოფებს''ამბობს რიტა, სკოლის სულისჩამდგმელი და დირექტორი და თან გვაფრთხილებს საღამოობით მარტო სიარულს მოვერიდოთ.

იქ ყოფნის განმავლობაში სასტუმროში მომუშავე სამ ქართველს ვხვდებით. ერთი მათგანი საღამოს მოდის, დილამდე მუშაობს სამზარეულოში და მხოლოდ საღამოს, სამზარეულოს ფანჯრიდან გველაპარაკება. მეორე დამლაგებელია, მთელი დღე ჯოხითა და ტილოთი დადის და ოთახებს ალაგებს, რაღაცნაირია, თითქოს სევდიანი, თითქოს გაბრაზებული, თითქოს ტრაგიკული, ასე მგონია, რომ იძულებით მუშაობს. ერთ დღეს ზღვაზე გასასვლელად შიდა კარს გვიღებს, მერე მესმის როგორ აძლევენ საყვედურს ჩვენს გამო და სინდისი მქენჯნის, ეზოდან ჩასვლა რომ დაგვეზარა. მესამე ახალგაზრდა კაციასასტუმროში რა ფუნქცია აქვს არ ვიცი, მეუბნება რომ თბილისიდანაა და აქ მუშაობს. მეორე დღესაც გვხვდება ეზოში და ამბობს რომ ზესტაფონიდანაა. ისინი წლებია ტრაბზონში ცხოვრობენ და კონტაქტში შემოსვლას თითქოსდა ერიდებიან. მხოლოდ გვეკითხებიან როდემდე ვრჩებით.


...სტამბულის მსგავსად აქაც  ვიწრო, ქვაფენილიანი მაღალშენობებიანი ქუჩებია; აქაც თავსაბურავებითა და ჩადრებით დადიან. უცნაურად გვიყურებენ ქალაქის ცენტრში, პარკში არსებულ ღია კაფეში ნაყინის საჭმელად დამსხდარებს. მიზეზს გვიან ვხვდებით, ჩვენს გარდა ამ კაფეში მხოლოდ კაცები სხედან...

ჭრელი, მოთუხთუხე, ხმაურიანი და კონტრასტული სტამბულის მერე ტრაბზონი უჩვეულოდ წყნარი მეჩვენება. მითუმეტეს ქალაქის ცენტრიდან მოშორებით ვცხოვრობთ და ახლომახლო რამდენიმე მინიმარკეტის გარდა სხვა არაფერია... უჩვეულო სიჩუმეა სასტუმროს ეზოს აუზზე, ღია კაფესა და დისკოკლუბშიც. მოგვიანებით ვიგებთ, რომ ეს ყველაფერი იმის გამოა, რომ ახლა რამაზანია.

მიუხედავად იმისა, რომ ზღვისპირა ქალაქია და არც ტურისტების ნაკლებობაა (ამას სასტუმროში მცხვრები ხალხის რაოდენობაც ადასტურებს), საღამოს საათებში ლუდს და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს არათუ მცირე მარკეტებში, დიდ სავაჭრო ცენტრებშიც აღარ ჰყიდიან. საღამოებისთვის წინასწარ მომარაგებულ ლუდს ილმაზიც არ სვამს... ''რამაზანი მათთვის განსაკუთრებული დღესასწაულია, მთელი დღე  მარხულობენ, მხოლოდ მზის ჩასვლი შემდეგ ჭამენ; ალკოჰოლს საერთოდ არ სვამენ'', - გვიხსნის კერიმი, ჩვენი აზერბაიჯანელი კურსელი.

სტამბულის მსგავსად ისევ ვერ ვჭამ უცნაურ წვნიანებს, სალათებიც ისევ ისეთია, უგემური და ბევრი ძმრით. მათგან განსხვავებით, მომწონს სხვადასხვაგვარი პიცა, რომელსაც ჩვენი ორგანიზატორები საღამოებისთვის ყიდულობენ და რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს.

სტამბულის მსგავსად, ტრაბზონიც ძვირი ქალაქია, როგორც კი ხვდებიან რომ ტურისტი ხარ, ფასები ავტომატურად იწევს მაღლა. არასოდეს დასთანხმდე პირველივე შემოთავაზებას და ფასსეს ოქროს წესია, რომელიც ყოველთვის უნდა გახსოვდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება 30 ლირა გადაგახდევინონ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, როცა 15 ლირაც კი საკმარისია; ან უბრალოდ, გითხრან, რომ აია-სოფიადან უკვე მხოლოდ ერთი კილომეტრით ხარ დაშორებული და ფეხით მისვლაც შეგიძლია, ეს მაშინ როცა ტრანსპორტის ფული უკვე აღებული აქვთ და მერე შენ დაახლოებით 6 კილომეტრის გავლა მოგიწევს ფეხით... 

უნდა ვისწავლო თურქული, საჭიროა, დავრწმუნდი” – ასეთია ჩვენი სომეხი მეგობრის ქრისტინას დასკვნა ტრაბზონიდან უკანა გზაზე წამოსვლისას...

2 comments:

cartwheel said...

ტრაბზონში მხოლოდ გავლით ვარ ნამყოფი, კაპადოკიიდან უკან გზაზე, მაგრამ მე მანდვე 20 კმ-ში სუმელას დიდებული მონასტერი მოვინახულე. ბევრი დაგიკარგავს თუ არ ყოფილხარ, ფიშტი უთხარი ორგანიზატორებს.
”ჩემი” თურქეთი აქაა.
http://cartveli.blogspot.com/search/label/თურქეთი

ნინო said...

:))არა, არ ეკუთვნით საყვედური, იმიტომ რომ ერთი დღე ექსკურსიებს დაეთმო, სუმელას მონასტერიც მოვინახულეთ და აია-სოფიაც. ნამდვილად დიდებულია ნისლსა და ტყეში ჩაფლული სუმელას მონასტერი. ისეთი ნისლი იყო მე რომ ვიყავი... ნისლიანი სუმელა, ასე ჩამრჩა მეხსიერებაში.

სხვათაშორის ჩემი დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში (12 აგვისტოს) აღდგა ღვთისმსახურება სუმელას მონასტერში. და რაღაც ისე გამიხარდა რომ წავიკითხე ეს ინფორმაცია. ასეა, როცა რაღაც გაკავშირებს, უფრო ემოციურად ხვდები ამბავს და უფრო გრძნობ)

მადლობა კომენტარისთვის. :)