გადათელილი გაზონები და დანაგვიანებული ქალაქი - წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

       სულ რამდენიმე საათის წინ, დღის 12 საათზე, ნაციონალურმა მოძრაობამ რეგიონის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.  ალბათ 15-20-წუთიანი  ცერემონიისთვის (კანდიდატების ვინაობები დაასახელა პეტრე ცისკარიშვილმა და დამთავრდა შეხვედრა) გუშინ დაიწყეს მზადება.
 სახლში რომ მივდიოდი, თამარ მეფის ძეგლთან, რომელიც  ყველაზე კარგი ადგილია ქალაქში, პატარა სცენას აკეთებდნენ, მეგონა რაიმე კონცერტისთვის ამზადებდნენ. არჩევნებს კი დავუკავშირე, ჩემს დას ვუთხარი, ამ ორ თვეში ხშირად გვექნება კონცერტების  ''ბედნიერება''-თქო, ოღონდ კანდიდატების წარსადგენად თუ სჭირდებოდათ, რატომღაც არ მეგონა. აქამდე წინასაარჩევნოდ მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა დარბაზში იმართებოდა ხოლმე, ძირითადად მესხეთის სახელმწიფო დრამატაული თეატრის შენობაში.      


ისევ ვეჩვევი...

 ხანდახან ვფიქრობ რომ ჩემი ცხოვრება შეჩვევისა და გადაჩვევის ეტაპებისგან შედგება. რაც უფრო ხანგრძლივია შეჩვევა, მერე მით უფრო მტკივნეულია გადაჩვევა და ისიც ისეთივე ხანგრძლივი გამოდის ხოლმე.
ყოველი მორიგი გადაჩვევის შემდეგ ახალი შეჩვევა იწყება და როგორც არ უნდა კარგად ვიყო, სადღაც, სიღრმეში, შიგნიდან სულ ვგრძნობ რომ ერთ დღეს ისევ გადაჩვევა დამეწყება...
ხანდახან მგონია, რომ შიში დამჩემდა და ახალი ეტაპის დაწყებაც აღარ მინდა, ან, უფრო მეშინია, ვიდრე აღარ მინდა, მაგრამ მაინც იწყება... თავისთავად, უნებურად, გაუცნობიერებლად, ან იქნებ გაცნობიერებულადაც, ოღონდ აღიარება რომ არ გინდა ისე....    
ახლა იმ ეტაპზე ვარ, საბოლოოდ რომ გადავეჩვიე და ახალი შეჩვევა მეწყება. ჯერ არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, სადღაც გულის სიღრმეში რაღაცის მეშინია კიდეც, მაგრამ წინააღმდეგობას მაინც ვერ ვუწევ.

ხარები გაქირავებით

ჩემი მეორე ფილმი ))

 ფილმის ნახვა და კომენტარის დატოვება შეგიძლიათ ამ საიტზეც

ნახევრად სავსე თუ ნახევრად ცარიელი?

        ახლა ზუსტად ისეთი კვირაა, ყველაზე მეტად რომ ხარ დროში შეზღუდული, ყველაზე მეტი საქმე რომ გაქვს და ყველაზე მეტად რომ კარგავ დროს უქმად.
        საერთოდ ასე მჭირს, რაც უფრო ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი, მით უფრო ვერ ვაკეთებ; რაც უფრო ადრე გამოვალ სახლიდან, მით უფრო ირევა იმ დღის გეგმები ვერაფერს ვასწრებმერე ვბრაზდები, შიგნიდან ვიღაც გამუდმებით მიჯუჯღუნებს, რომ ამქვეყნად ყველაზე ზარმაცი და მეხვალიე ადამიანი ვარცუდი განწყობა თუ ამოვიჩემე (ესეც ხშირად მჭირს ამ ბოლოსმერე აუტანელი ვხდები ან არ ვლაპარაკობ, ან ვყვირი და ვტუქსავ ვინმეს, ყველაზე მომთხოვნი ვხდები და საერთოდ, დღეს პირველად კატეგორიულად მოვითხოვე რაღაც თანამშრომლებისგან, თან მაგიდაზე თითიც დამეკაკუნა.       

ჩემი სოფელი

ჩემი სახლი სოფელში, რომელიც ახლა ძალიან ლამაზია...

ახლა იქ ყველაფერი მწვანეა და ბალახებისა და ყვავილების დამათრობელი სუნია... ძალიან მომინდა ისევ მქონდეს ეზოში ჰამაკი, მთელი დღეები ვიწვე და ვკითხულობდე.... ხანდახან ვფიქრობ, რომ მატერიალური რაღაცეების გამო ზოგჯერ ადამიანებს ბევრი რამის დათმობა გვიწევს, შეიძლება ეს უბრალო ახირებაც იყოს, ან რაღაცეების არასწორი შეფასება)) არ ვიცი, ოღონდ ვხვდები, რომ რაც დრო გადის მით უფრო მენატრება სოფელი, სიმყუდროვე, მიწის სუნი წვიმის შემდეგ და ვგრძნობ როგორ ძალიან მიყვარს იქაურობა...











პ.ს. ჩემი დის, ქეთის გადაღებულია ეს ფოტოები, მობილურით )) მე რაც გადავიღე აპარატით, წამეშალა ((


ესეც აღდგომამდე ორი კვირით ადრეა გადაღებული :)) ხედი, ჩემი სახლიდან და ეკლესია, რომლის ზარების ხმაც მაღვიძებდა ყოველ დილით. (კომენტარმა გამახსენა ეს ფოტოები)))







აღდგომა

      დამთავრდა აღდგომა და ეს გაუთავებელი ზარები და მესიჯებიც დამთავრდა.  არ მიყვარს ყველა დღესასწაულზე მესიჯებით რომ იციან აკლება, რაღაცნაირი სიყალბე მგონია.  განსაკუთრებით რელიგიურ დღესასწაულებზე იციან თავის გამოდება, არადა, რომ ჩაეიკითხო , განმიმარტე რა დღესასწაულიაო, შეიძლება ვერც გითხრან.
      საერთოდ, მოსაჩვენებლად გაკეთებული არაფერი მიყვარს. ხანდახან მგონია, რომ წესების, რიტუალების, დღესასწაულების მთავარი არსი სადღაც მივმალეთ და ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ, რომ ვიღაცას წინაშე ჩვენი უპირატესობა დავამტკიცოთ. ერთი ასეთი დღე გუშინ იყო, იქ, ეკლესიაში. ყველა იყო,  ისინიც,  ვინც ადრე ერთხელაც არ შემიმჩნევია და ყველა ბოლომდე დარჩა, ოღონდ ზოგი მესიჯობდა, ზოგი სხვებს ათვალიერებდა და ზოგს ეკლესიის კუთხეში მიმჯდარს ეძინა... ჩემს გვერდით დედა-შვილი იდგნენ, 3-ის ნახევარზე ზიარება დაიწყო, ორივე ჩადგა რიგში, ოღონდ დედამ შვილი გააფრთხილა, როგორც კი ვეზიარებით მაშინვე წავიდეთო. შვილის სიტყვებზე, ერთი საათიღა დარჩება მერე და დავრჩეთ ბოლომდეო, ისეთი ტონით უთხრა უარი, შემეშინდა... სულაც არ ჰქონდა ამ ქალს ისეთი სახე,  მორწმუნე და ეკლესიური ცხოვრებით მცხოვრებ ხალხს რომ აქვთ ჩემს წარმოდგენაში... 
     დაახლოებით ასეთივე დღე იქნება ხვალაც. წავლენ საფლავებზე საუკეთესოდ გამოწყობილები,  გაშლიან საუკეთესო სუფრებს, დალევენ ბევრ ღვინოს და უფრო მეტს საფლავებზე დაასხამენ; ქალები ნამცხვრის რეცეპტებზე ილაპარაკებენ, კაცები ქალებზე, მერე ვიღაცას ვიღაცის ნათქვამი არ მოეწონება და ჩხუბს აუტეხავს.... საღამოს დაიცლება იქაურობა ნელ-ნელა და კვერცხის, ფორთოხლის, მანდარინის, კიტრის, მწნილის, ხელსახოცების, პარკებისა და ათასი უბედურების გროვებად იქცევა.... უკან ყველა ბედნიერი წამოვა და იფიქრებს, რომ საუკეთესო პატივი სცა თავის მიცვალებულს....                      
ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული, რომ არ წავიდოდი ხვალ სოფელში, ბებიას და ბაბუას საფლავზე, მაგრამ დედაჩემმა გადამარწმუნა.    მივდივარ, ოღონდ იმ პირობით, რომ სანთლებს დავანთებ და მერე სახლში ჩავალ.  ვინმეს საფლავზე სიმშვიდეში მიყვარს მისვლა, ზედმეტი აურზაურის გარეშე.  ათასი თვალი რომ არ მიყურებს და რომ შემიძლია დავჯდე და ქვებს ველაპარაკო. ეკლესიაშიც მაშინ მირჩევნია მისვლა, არავინ რომ არაა, მხოლოდ მაშინ ვლოცულობ ყველაზე გულმხურვალედ, მაშინ ველაპარაკები ღმერთს და მაშინ ვგრძნობ, რომ მიუხედავად ჩემი ცხოვრებისა, ჩემი რწმენა ყველაზე ძლიერია, უფალი ჩემშია და მე უფალთან ვარ. 

ასეთი მინდა იყოს ყველა სასაფლაო, სადა, მშვიდი და უბრალო...



ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს!

ცოტა სიბრაზე და ბევრი ფიქრები

              ხანდახან ხომ ხდება, რაღაც დღეს რომ ამოიჩემებ და შენთვის განსაკუთრებულ დატვირთვას აძლევ. ამ დღიდან ამ დღემდე ეტაპებად ყოფ ცხოვრებას და ათვლის სათავე და ბოლოც ეს დღე ხდება.                    
        მე შაბათიდან-შაბათამდე მონაკვეთებად ვცხოვრობ... ყოველ შაბათ საღამოს რაღაც მთავრდება ჩემ ცხოვრებაში, დაფიქრებისა და შეჯამების სურვილი მიჩნდება და სადღაც ქვეცნობიერში რაღაც დასკვნებიც ილექება....             
         ერთი საათია რაც სახლში მოვედი.  უმძიმესი შაბათი მქონდა, მაგრამ არც დაღლილობის შეგრძნება მაქვს და ნერვებიც მწყობრში მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ყველაზე მეტად გავწამდი სტატიებისთვის ფოტოების ძებნით და მერე გაზეთის კორექტურაც მე მომიწია, იმიტომ, რომ კორექტორმა ბოლო წუთებში დამიმესიჯა, ბოდიში, მოსვლას ვერ ვახერხებო... 
             დღეს  საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ შაბათს ჩემი სახლში ყოფნა წარმოუდგენელი და აუხდენელი ამბავია. პარასკევს ორმაგ საქმეს რომ გავაკეთებ და თითქმის გარანტირებული მაქვს შაბათი შუადღე სახლში, ზუსტად მაშინ გამოჩნდება და გართულდება ხოლმე ყველაფერი...
          დღეს კიდევ იმაში დავრწმუნდი, რომ ცოტა სიმკაცრე ხანდახან საჭიროა, არა, საჭირო კი  არა, უფრო აუცილებელი; გაგება-დახმარება-ხელშეწყობა და ა.შ. ცალმხრივი კი არა ორმხრივი უნდა იყოს;   და კიდევ, მივხვდი, რომ, რომ მეგონა იმაზე მეტად ვერ ვიტან უპასუხისმგებლო ადამიანებს და ისეთებს, ზერელედ რომ ეკიდებიან თავის საქმეს.                       
      მივხვდი, რომ ამ ბოლოს ჩემი შაბათები ძალიან აღარ ჰგავს ერთმანეთს და საერთოდ, ჩემი ცხოვრებაც აღარ ჰგავს ჩემს ცხოვრებას.                
ამ ბოლოს სულ უფრო ხშირად, თითქმის გამუდმებით  ვფიქრობ ბლოგზე და იმ ადამიანებზე ვინც თავადაც წერენ ბლოგებს, ან დარაბებს მიღმა შემოდიან. ბოლო დღეებია აღმოვაჩინე, რომ ქართული ბლოგოსფეროს იმ ნაწილიდან, რასაც მე ვიცნობ, ორი ბლოგი ყველაზე მეტად მიყვარს და სულმოუთქმელად ველოდები  ახალ პოსტებს. ეს ორი ისეთი ბლოგებია, წიგნივით რომ იკითხება, ხანდახან წარმოვიდგენ კიდეც როგორი იქნება წიგნებად აკინძული...  
          მგონია, რომ ამ ბლოგების დიასახლისებს ვიცნობ, ვიცი როგორ დადიან ქუჩაში, იღიმიან, იცვამენ; როგორ კამათობენ, ცეკვავენ, მღერიან; როგორ უხარიათ, როგორ სწყინთ და როგორ ტირიან. ხანდახან მათი ხელების მოძრაობასაც წარმოვიდგენ ხოლმე, ვიღაცას რაღაცას რომ უხსნიან და უცნაურობის დამნახავ მათ გაოცებულ თვალებსაც ვხედავ.  
               ამ ბოლოს კიდევ იმაზე ვფიქრობ ხშირად, რომ რაღაცნაირად გაწონასწორებული გავხდი, გაწონასწორებული და მშვიდი. აღარ ვებრძვი უფლის ნებას და დარწმუნებული ვარ, რომ რაც ხდება იმიტომ ხდება, რომ ჩემთვის ასე ჯობია. კიდევ იმაში დავრწმუნდი, რომ ყველაფერი კარგი მოულოდნელად ხდება და რაც უფრო მოულოდნელია, მით უფრო კარგია.  მე მგონი ყველაფრისთვის სახელების დასაწყისშივე  დარქმევასაც გადავეჩვიე და მშვიდად ველოდები იმ დროს, ჩემი ჩარევის გარეშე რომ დაერქმევა სახელი....
       ერთი საათიც  და აღდგომის დღესასწაულია. ერთ-ერთი ''ყველაზე  ყველაზე დღესასწაული'' ჩემთვის დღესასწაულებს შორის.  რაც მარხვა დაიწყო, ყოველ საღამოს ფსალმუნებს ვკითხულობ და ვიცი, რომ ჩემი ტიტანური სიმშვიდე ყველა სიტუაციაში , ამის დამსახურებაა. 
     აღდგომის დღესასწაულის ემოციებზე დილით დავწერ, ეკლესიიდან რომ დავბრუნდები ახლა ამ გალობას დაგიტოვებთ, ყველაზე სულისშემძვრელი და დამაფიქრებელია.

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!


დედები

    ``ღამეა, ორი დაიწყო, სახლში ყველას სძინავს, ოთახებიდან მშვიდი ფშვინვა ისმის, გარედან ძაღლის ყმუილი``- დაახლოებით ასე იწყებოდა  ჩემი დღიურების ყველა ჩანაწერი ბავშვობისას. ყოველთვის ღამე ვწერდი, ყველას რომ ეძინა. ჩემს ოთახში თეთრი სკოლის მერხი გვედგა. იმ სკოლიდან მოგვიტანა მამაჩემმა, სადაც მასწავლებლად მუშაობდა. ძალიან პრიალა ზედაპირი ჰქონდა, მიყვარდა სწავლისას ცივ მერხს ხელს რომ ვუსვამდი, ხელის გული მიპრიალდებოდა და მეყინებოდა.
       ჩემი და ჩემი დის, ქეთის მერხი იყო, ჩვენ-ჩვენი ადგილი გვქონდა, ქეთის მხარე მუდამ დალაგებული იყო, ჩემი მუდამ არეული.
       თეთრი მერხი (რა უცნაური სიტვაა მ ე რ ხ ი) ისევ იმ ადგილას დგას, ოღონდ სკოლის წიგნების ნაცვლად ახლა მასზე ჟურნალ-გაზეთები აწყვია. სოფელში რომ ავდივარ, ჩემს ნივთებს ისევ იმ მერხზე ვდებ, ისევ უწესრიგოდ, დაყრა უფრო რომ ჰქვია, ვიდრე დადება.
    მახსოვს, ღამეც იმ მერხთან ვიჯექი, წინ გაბერილმუცლიანი „ლამპა“ მედგა და ვწერდი ხოლმე. ყველაზე კარგად იმ დროს შემეძლო ფიქრი. ხანდახან დედაჩემს ეღვიძებოდა, რითი ვეღარ მორჩი სწავლასო მეუბნებოდა და იძინებდა. არასოდეს მითქვამს, რომ სწავლა დიდი ხანია დავამთავრე, ახლა ვზივარ და ვწერ-თქო. ასე მგონია, დღიურებს რომ ვწერდი სულ იცოდა, ოღონდ არასოდეს არაფერი უთქვამს და არც უგრძნობინებია. არც მერე უკითხავს რამე, უკვე სტუდენტი და სტუდენოტობა დამთავრებული, ამ სახლში, ღუმელთან მოკალათებული რომ ვწერდი ხოლმე ჩაფიქრებული სახით. მხოლოდ ერთხელ, 2008 წლის აგვისტოს მერე, წავუკითხე ჩემი ნაწერი, ომის პერიოდში დაწერილი დღიურები იყო, რატომ მომინდა რომ წამეკითხა არ ვიცი, მაგრამ მახსოვს, რომ წავუკითხე, იტირა.
      დედაჩემი ისეთია არასოდეს არაფერს რომ არ გეკითხება, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი იცის. არც ახლა იცის ჩემი ბლოგის არსებობის შესახებ, უფრო სწორად, მე არაფერი მითქვამს. არ ვიცი როგორ დავწერდი, რომ ვიცოდე, რომ დედა კითხულობს, დარწმუნებული ვარ ზუსტად იმას დაინახავს ჩემს ნაწერებში, რაც ძალიან შიგნიდან მოდის და სხვებისთვის შეუმჩნეველია...
      გუშინ ჩემი მეგობარი 14 წლის გოგონაზე გვიყვებოდა, რომელიც მეცადინეობებზე სიარულის ნაცვლად მეგობარ ბიჭს ხვდება და ახლა აღმოაჩინა რომ ორსულადაა, ოღონდ სავარაუდოდ გარე ორსულობა აქვს. მშობლებმა არაფერი იციან, მათ ჰგონიათ, რომ ამქვეყნად საუკეთესო შვილი ჰყავთ, რომელიც ძალიან მოწესრიგებული და მიზანდსახულია და ძალიან ბევრს მეცადინეობს იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს. ორი დღეა ამ ამბავზე ვფიქრობ, მესმის, რთულია ამ ამბის გამხელა, მაგრამ არ მესმის, რატომ ვერ უნდა ხვდებოდეს დედა, რომ მისი 14 წლის შვილი პატარა გოგო უკვე აღარ არის და არც ისეთი მოწესრიგებულია როგორც ერთი შეხედვით ჩანს...
         დედაჩემმა უთქმელად, ზედმეტი შეკითხვებისა და შემოწმების გარეშე, ყოველთვის იცის რა ხდება ჩემ ცხოვრებაში. იმასაც ყოველთვის ხვდება, რა სტატუსის ადამიანს ვწერ მესიჯს. ისიც ყოველთვის იცის, რომ ჩემი გარეგანი საშინელი და ქრონიკული მოუწესრიგებლობის შიგნით ძალიან დიდი შინაგანი მოწესრიგებულობა იმალება და ხანდახან შენიშვნას მხოლოდ იმიტომ მაძლევს, რომ უჯრა აღარ იკეტება ზედმეტი უწესრიგობის გამო. მეც ზუსტად ვიცი, რომ ვერასოდეს ვერაფერს გავაკეთებ ისეთს, რაც ვიცი რომ მას არ მოეწონება, იმიტომ რომ ყოველთვის ყველაფერს ხვდება და სულერთია, ვერ დავმალავ.
      რა მოუვა 14 წლის ბავშვს, რომლის ბედი ექიმებმა კონსილიუმით უნდა გადაწყვიტონ, არავინ იცის. თამუნა ამბობს, რომ ცნობილი ოჯახის შვილია და სახლში რომ გაიგებენ, რაღაც უბედურება დატრიალდება. წარმომიდგენია, როგორ ასწევს მისი ცნობილი დედა წარბებს, ამ ამბავს რომ გაიგებს, ოღონდ ვერაფრით ვხვდები, რატომ მივიდა მდგომარეობა აქამდე და რატომ არ არიან დედები შვილებისთვის მეგობრები.... რატომ უნდა ჰქონდეს სექსი 14 წლის ბავშვს მესამეკურსელ ბიჭთან, რომელიც ეუბნება, რომ არ უყვარს, უბრალოდ ერთობა და აიძულებს აბორტი გაიკეთოს. რატომ უნდა მიყვებოდეს აბორტის გასაკეთებლად 14 წლის ბავშვს ექიმთან მეგობარი და არა დედა და საერთოდ, რატომ არ შეიძლება, რომ დღეში თუნდაც ერთ საათს, საღამოს, ჩაისთან ერთად დედა-შვილები ისხდნენ და გულახდილად ლაპარაკობდნენ ყველა თემაზე...



პ.ს. ზედმეტად პირადულია. ვიცი, დილით აღარ მომეწონება, მაგრამ მაინც ვაქვეყნებ))